"მოვეწონე, ჩვენი ურთიერთობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა და ბოლოს ქორწინებით დასრულდა"
მარიამ მამისმედიშვილის წარმატებული ნაბიჯები სცენაზე
2022 წელი მომღერალ მარიამ მამისმედიშვილისთვის წარმატებულად დაიწყო. ერთი სიმღერის პრემიერა უკვე შედგა სატელევიზიო გადაცემაში და მალევე იგეგმება კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა. მარიამი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატი და გრან-პრის მფლობელიც გახლავთ; წერს ლექსებს და სიმღერებს საკუთარ ლექსებზე.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა წარმოშობით თელავიდან ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე. მამაჩემი მსახიობი და მომღერალი იყო, რა საკრავი გინდათ, რომელზეც არ უკრავდა... დედასაც მუსიკალური განათლება ჰქონდა. ბავშვობიდან მიყვარდა კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა, ვუსმენდი ლაღიძის, ცაბაძის, კვერნაძის სიმღერებს, რამაც ჩამოაყალიბა ჩემი მუსიკალური გემოვნება. თუმცა, მამას არ უნდოდა, ამ გზას გავყოლოდი. იცოდა, რა სირთულეები ახლდა ამ პროფესიას, რამხელა ფსიქოლოგიურ წნეხთან და იმედგაცრუებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩემი გავიტანე. დავდიოდი ზაზა მენაბდიშვილთან. სწორედ მისი დამსახურებაა, დღეს როგორც ვმღერი. ის იყო ჩემი მასწავლებელიც და დამრიგებელიც, გავყავდი კონკურსებზე, საიდანაც მეორე ადგილით არასდროს დავბრუნებულვარ. მიხაროდა და მეამაყებოდა წარმატებები, რადგან არავინ მყავდა ამ სფეროში ხელის წამკვრელი. დარწმუნებული ვარ, მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემით იამაყებდა.
- გრან-პრის არაერთგზის მფლობელი და ლაურეატი ხართ, ასევე გაიმარჯვეთ კონკურსებში და მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისოც იყო...
- დიახ, ასეა. ერთ-ერთი კონკურსი ჩატარდა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში. გრან-პრი ავიღე და ვასახელე ჩემი ქვეყანა, რამაც ყველაზე მეტად გამახარა. "მსოფლიო ვარსკვლავი" - ასე ერქვა ამ კონკურსს და 25 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობდა. აშუქებდა სხვადასხვა სატელევიზიო არხი. გადმომცეს ფულადი ჯილდო და ჩემთვის დაიწერა ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელზეც გადამიღეს კლიპი კიევში. ბავშვობისას იყო სხვა კონკურსებიც. დამწყები, პატარა გოგოსთვის ბევრს ნიშნავდა, ვაჟა აზარაშვილი, ეთერ კაკულია, რომა რცხილაძე და სხვა ცნობილი მომღერლები რომ მაფასებდნენ. ისე მოხდა, რომ მალევე გავთხოვდი და ვერ მოვასწარი სწავლის გაგრძელება - პატარამ არ დამაცადა, მაგრამ ჯერ 23 წლის ვარ და უამრავი გეგმა მაქვს. როგორც კი ლუკა წამოიზრდება, ვაპირებ სწავლის გაგრძელებასაც, რა თქმა უნდა, მუსიკალური მიმართულებით, სხვაგან ჩემს თავს ვერსად ვხედავ.
- საუბრისას ახსენეთ, რომ სასცენო ტანსაცმელსაც თვითონ იკერავთ...
- დიახ, ასეა, ხშირად თვითონ ვიკერავ ტანსაცმელს, სასცენო სამოსსაც და მგონია, რომ მშვენივრად გამომდის ეს საქმე. ვწერ სიმღერის ტექსტებსაც. მაგალითად, სიმღერის, რომელზეც უნიჭიერესმა ნესტან შინჯიკაშვილმა კლიპი გადაიღო და რომელიც ერთ-ერთ შოუში პირველად აჟღერდება, ტექსტიც ჩემია და მუსიკაც. მხარში ამომიდგნენ მეგობრები, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. კლიპი თელავში გადავიღეთ, ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი იყო ეს პროცესი.
ასევე, მე მეკუთვნის სიმღერის - "საახალწლო" ტექსტიც, მუსიკა მეგობარმა ლევან ყანდიაშვილმა დამიწერა. ამ სიმღერის პრეზენტაცია უკვე მქონდა. სხვათა შორის, სიმღერას კარგი გამოხმაურება და შეფასება მოჰყვა. პრინციპში, ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია მსმენელის წინაშე ასეთი ფართო მასშტაბით და ბუნებრივია, ვღელავდი. საერთოდ, ხომ იცით, ქართველი მსმენელი ყველაზე გემოვნებიანი და სამართლიანად კრიტიკულია.
- მარიამ, ისეთ პერიოდში გამოჩნდით სცენაზე, როდესაც კონცერტი იშვიათად იმართება და ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ შოუბიზნესი აღარ არსებობს, აღარაფერი ხდება საინტერესო.
- კი, ასე ამბობენ, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანი გვყავს ქვეყანაში და მათ ნელ-ნელა გაიცნობს მსმენელი. ის, რომ არ იმართება კონცერტები, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. პანდემიამ დააზარალა ყველა და განსაკუთრებით, ხელოვანები... ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, თუმცა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, მთავარი მაინც ის არის, რომ მაყურებელს გემოვნებიანი სიმღერა მოასმენინო. ამ ყველაფერში მხარში მიდგას ჩემი მეუღლე, ბექა ხალათაშვილი, რომელსაც არაერთ ქართველ ცნობილ მომღერალთან უთანამშრომლია: საკონცერტო პროდიუსერი გახლავთ.
- ერთმანეთს პროფესიამ შეგახვედრათ?
- ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე მიმიწვიეს. ბექამ სწორედ მაშინ მომისმინა, მოვეწონე და თანამშრომლობა შემომთავაზა. ჩვენი ურთიერთობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა და ბოლოს ქორწინებით დასრულდა. ბექა მართავდა კონცერტებს საქართველოს მასშტაბით და როგორც დამწყებ მომღერალს, ხელს მიწყობდა. თვეების შემდეგ გამომიტყდა გრძნობაში. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიყავი გულგრილი მის მიმართ, რადგან ის ძალიან წესიერი, მშრომელი, თბილი და მზრუნველი ადამიანია. აი, ასე ავმღერდი სცენიდან ახლა უკვე ბექას სახლში. გვყავს 3 წლის ლუკა, რომელიც ბებიას შემდეგ ალბათ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
- ლექსებსაც ვწერ და წიგნად გამოცემასაც ვაპირებო, მითხარით. საუბრის დასასრულს, იქნებ თქვენი ერთი ლექსი წაგვიკითხოთ, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ.
- 7 წლის ვიყავი, როდესაც უბანში პატარა ბიჭი გარდაიცვალა, ჩემი მეზობელი და მეგობარი. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მახსოვს, პირველად მაშინ დავწერე ლექსი. მერე სულ ვწერდი და ვწერდი, როგორც ხდება ხოლმე, ძირითადად სიყვარულზე:
"ბედნიერების წუთებს დავითვლი,/ ყელზე ავისხამ ალმასის მძივებს,/ თუ არ გამოვა, მაინც გავივლი,/ და თუ კი შევძლებ, უფრთებოდ ვიფრენ.../ სხივმა შემოსა დღეს ჩემი ნატვრა,/ დრო მდუმარებით აღვსილი მიმზერს,/ ბედნიერება იმედით ყვავის,/ და სიყვარულის მანტიას ირგებს./ მებაასება ხილული მალვით,/ გული კი რამდენ ოცნებას იტევს,/ გიბრძანებ, რომ არ შეწყვიტო ფეთქვა,/ რადგან მე შენთან სიცოცხლეს ვირჩევ!"
ლექსი ჩემს შვილს, ლუკასაც მივუძღვენი, ვიდრე დაიბადებოდა და ამ ლექსზე სიმღერაც დავწერე. თუ ხელი არაფერმა შემიშალა, მინდა ლექსების კრებულიც გამოვცე, სიმღერების დისკთან ერთად.
ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"