"ფრთხილად, არ გაებათ თაღლითების მახეში! წაიკითხეთ ბოლომდე, რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ!" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად, არ გაებათ თაღლითების მახეში! წაიკითხეთ ბოლომდე, რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ!"

"დღეს გავხდი თაღლითობის მსხვერპლი. სხვების მიკვირდა, როგორ ენდობიან-მეთქი და მე აღმოვჩნდი იგივე სიტუაციაში. გაყიდვების ერთ-ერთ ცნობილ საიტზე მედო ბავშვის 30 ლარიანი ნივთი გასაყიდად. ჩემი ტელეფონის ნომერიც მქონდა მითითებული. "ვოთსაპით" დამიკავშირდა რუსულენოვანი ქალბატონი (იტალიური ნომერი ჰქონდა, პროფილზე კი ინტერნეტიდან აღებული სურათი ედო) ვიფიქრე, როუმინგით სარგებლობს-მეთქი. კასპში თუ შეგიძლია გამოგზავნაო, არა-მეთქი, მხოლოდ ვარკეთილი - როგორც მქონდა მითითებული. მაშინ მე ფოსტის ლინკს გამოგიგზავნი, შეიყვან მონაცემებსო და ფოსტალიონი მოვა და წაიღებსო.

გამომიგზავნა ლინკი, სადაც ეხატა ამანათი და ეწერა 30 ლარი, უნდა მიმეცა თანხმობა. ჩავთვალე, რომ საქართველოს ფოსტას რუსული მენიუც ჰქონდა. გადავედი ლინკზე, სადაც უნდა მომსვლოდა მესიჯი და მერე მთხოვდა ჩემი საბანკო ბარათის მონაცემებს. მე ეს მონაცემები რამდენჯერმე შევიყვანე, იმიტომ, რომ ვიფიქრე, ალბათ, ისე არ მოვლენ ფოსტიდან, თუ ბარათს არ დავაფიქსირებ-მეთქი. რადგან წვალობდა და მესიჯი გვიან მომდიოდა. ცოტა ხანში, შევდივარ ინტერნეტ ბანკში და 350 ლარი აღარ მაქვს. სამწუხაროდ, ბარათი დაზღვეული არ მქონდა, თან აქ მე ვიყავი "დამნაშავე". მერე, მივწერე იმ გოგოს და დაიკარგა. ბარათის დაბლოკვა მოვასწარი, თორემ შეიძლებოდა დარჩენილი 200 ლარიც დამეკარგა", - წერს სოციალურ ქსელში ანა და საზოგადოებას რჩევას აძლევს, რომ არ მოტყუვდნენ.

მის ამ სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, საიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა სქემით ბევრი ადამიანი უკვე დაზარალდა. მართლაც, სიფრთხილეა საჭიროა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ონლაინ ნივთის გამოწერა თუ გაყიდვა დღეს ძალიან მიღებული ფორმაა და ადამიანები ხშირად ყიდულობენ საიტებიდან სასურველ ნივთებს.

როგორც ჩანს, საქართველოში ახალი თაღლითური სქემა კარგა ხანია მოქმედებს, დეტალები, მართალია, გაშიფრულია, მაგრამ შეიძლება თაღლითობის მსხვერპლნი კვლავ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვისაც ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. თუ თქვენ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ან "ფეისბუქის" ჯგუფებში განთავსებული გაქვთ გასაყიდი ნივთი, შესაძლოა დაგიკავშირდნენ თაღლითური სქემის წარმომადგენლები "ვოთსაფის" ან "ვაიბერის" საშუალებით და დაგისვან სტანდარტული შეკითხვები გასაყიდ ნივთთან დაკავშირებით, შემდგომ კი ვითომ მყიდველმა მოგწეროთ, რომ ნივთის გაგზავნა სხვა ქალაქში უნდა და ყველა დამატებით ხარჯს თავად დაფარავს. ის ამბობს, რომ თქვენი ნივთის შესაძენად მოვა ფოსტის წარმომადგენელი და მომსახურების საფასურს მას თვითონ უხდის. ამის შემდეგ, მოგდით შეტყობინება, რომ ნივთის გაგზავნის საფასური მან უკვე გადაიხადა, მაგალითად, იმ საფოსტო კომპანიის ვებგვერდზე. გიგზავნით ბმულს, რომელსაც გაყალბებულ ვებგვერდზე გადაჰყავხართ, რეალურად კი ის უბრალოდ მიმსგავსებული ყალბი გვერდია. მოგდით შეტყობინება, რომ მონაცემები უკვე შევსებულია და თქვენთვის თანხის გამოსარიცხად დარჩა თქვენი ბარათის მონაცემებისა და მობილურზე მოსული კოდის შეყვანა. ის ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ თანხა მომენტალურად ჩაგერიცხებათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა საფოსტო კურიერი თქვენთან ნივთის წამოსაღებად. ცხადია, ბარათის მონაცემების მითითებით და მობილურზე მოსული კოდის შეყვანით, რომელიც თქვენი ტრანზაქციის დადასტურებაა, თანხას კი ვერ მიიღებთ, პირიქით, თაღლითს საშუალებას აძლევთ ამით თქვენი ბარათიდან თანხა ჩამოჭრას. თაღლითები ადამიანებს ასე მოტყუებით სძალავენ თანხას და ამ ყველაფრისთვის ძირითადად ყალბ პლატფორმებს იყენებენ, მოქალაქეებთან საკონტაქტოდ კი ძირითადად უცხოურ ნომრებს იყენებენ.

არის კიდევ ასეთი სქემა, როცა პირი ითხოვს თქვენს ბარათზე დატანილი ინფორმაციის გამჟღავნებას, ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის და უსაფრთხოების კოდს, ასევე მობილურზე მოსულ "სმს" კოდს, რაც რეალურად, თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო არ არის. ასეთ დროს უნდა გახსოვდეთ, რომ საქმე გაქვთ თაღლითთან, რადგან ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად სრულიად საკმარისია თქვენი, მიმღების ანგარიშის ნომერი და დამატებით არანაირი ინფორმაცია არ უნდა გასცეთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გაება თაღლითების მახეში და ყველა შემთხვევა თითქმის ერთმანეთის იდენტურია.

ბოლო დროს, მსგავსი მეთოდით დაზარალდნენ ის ადამიანები რომლებსაც განცხადება გაყიდვების ერთ-ერთ ცნობილ საიტზე ედოთ. ნივთის გაყიდვის ნაცვლად, პირიქით, მათ პირად ანგარიშზე არსებული თანხები დაკარგეს. პლატფორმის ადმინისტრაციამ უკვე გადაუგზავნა მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, აცნობა აღნიშნული ინფორმაცია და სიფრთხილისკენ მოუწოდა. მათ ვებგვერდზე შესვლისთანავე არის გაფრთხილება, სადაც ვკითხულობთ:

„იყავი ყურადღებით! დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს თაღლითები უკავშირდებიან, როგორც ნივთის შეძენით დაინტერესებული პირები და სთხოვენ საბანკო ინფორმაციის გადაცემას. გაუგებრობისგან თავის ასარიდებლად, ერიდეთ საეჭვო ვებგვერდებზე საბანკო მონაცემების, ასევე, მობილური კოდების შეყვანას და სხვა ისეთი ინფორმაციის გადაცემას, რომელმაც შესაძლოა მატერიალური ზიანი მოგაყენოს“, - წერს პლატფორმა.

რაც შეეხება საფოსტო კომპანიას, მათაც ოფიციალურ გვერდზე განათავსეს განცხადება, რომლითაც მომხმარებლებს მოქმედი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებენ.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში ასევე გახშირდა ისეთი შეთავაზებები, რომლებიც სხვადასხვა ნივთების მოგებას გპირდებათ. ან გწერენ, რომ ნივთის შეძენის შესაძლებლობა ძალიან დიდი ფასდაკლებით გაქვთ. ან იმას, რომ თქვენ მოიგეთ თანხა. ეს შეთავაზებები ხშირად მაცდურია და ასევე, ჰგავს კომპანიების მიერ გაკეთებულ განცხადებას. არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე ცნობილი კომპანიის სახელით გწერენ. პირადად მეც მომივიდა ასეთი შეტყობინება ამ სტატიაზე მუშაობის დროს, რომ თითქოს 300 000 დოლარი მოვიგე და გამიმართლა, ამის შემდეგ ითხოვდა ვებგვერდზე გადასვლას, რომ ეს შანსი არ გამეშვა ხელიდან. თუ კარგად დააკვირდებით იმ კომპანიის ვებგვერდის მისამართს, "ფეისბუქ" ან "ინსტაგრამ" გვერდის დასახელებას, აღმოაჩენთ, რომ ის რაღაცით განსხვავდება ნამდვილი მისამართისგან. იქვე ისიც წერია, რომ მოგებული ან ფასდაკლებული ნივთი რომ შეიძინო, ამისთვის საჭიროა თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანა. კომპანია დაგიდასტურებთ, რომ ეს ნივთი ნამდვილად მოიგეთ, მაგრამ ამის მისაღებად მოგთხოვთ შეავსოთ „საფოსტო მომსახურების ფორმა“, რომელიც სინამდვილეში გაყალბებულია და სწორედ ამ გვერდზე შესვლისთანავე ითხოვს შეავსოთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, მფლობელი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი და მობილურზე მოსული ერთჯერადი კოდიც კი. ასე ხვდება თქვენი პირადი ინფორმაცია თაღლითის ხელში და მას შესაძლებლობა ეძლევა რომ მიითვისოს თქვენი კუთვნილი თანხა.

ამიტომ, მოგიწოდებთ, კარგად დაფიქრდეთ და გადაამოწმოთ, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითების მახეში!!!

(სპეციალურად საიტისთვის)