"ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...“ - კვირის პალიტრა

"ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...“

"ვფიქრობ, 2008 წლის ომის გაკვეთილები დასავლეთმაც აითვისა, მაგრამ - დაგვიანებით, თუმცა დღეს ისე ჩანს, რომ რუსეთს ეს მაინცდამაინც აღარ ანაღვლებს“

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად დეესკალაციის არაერთი დიპლომატიური ცდისა, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო არსენალის თავმოყრას განაგრძობს, თან აცხადებს, რომ ვითარების განმუხტვისთვის მზად არის, თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ისე, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დამრღვევებად უკრაინელების წარმოჩენას ცდილობს. დღეს მიმდინარე პროცესებზე ლაპარაკისას, დასავლელი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები სულ უფრო ხშირად იხსენებენ 2008 წლის ომს საქართველოში. როგორ მოქმედებდა მაშინ რუსეთი და რას აკეთებს ახლა, რა არის მთავარი მსგავსება და განსხვავება? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

lagazidze.jpg

- 2008 წლის ომის დასრულებისთანავე ვამბობდი, თუ დასავლეთმა ზუსტად არ შეაფასა ის, რაც საქართველოში მოხდა და თან შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, ეს უახლოეს წლებში რუსეთის აგრესიას ევროპის მიმართულებით გააფართოებს-მეთქი. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მოხდა. რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთს სირაქლემას პოზა მოერგო. ამისთვის, ჰიბრიდული ომის ხერხების გამოყენებით, შექმნა სურათი, თითქოს საქართველო პროვოკაციას წამოეგო და ომი დაიწყო. კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს აბსურდია და ომი საქართველოს არ დაუწყია, რაც დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა. ამგვარი წარმოდგენის გათამაშებას ცდილობს ახლა უკრაინაშიც, რათა ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თუ ომი დაიწყო, ეს უკრაინას დაჰბრალდეს. ამისთვის მას არაერთი საშუალება აქვს: ადგილობრივი სეპარატისტული გასამხედროებული ჯგუფები, რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენლები უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებსაც არ აცვიათ რუსული სამხედრო ფორმა, მაგრამ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების დავალებებს და კონფლიქტის პროვოცირებაში მონაწილეობენ. რუსული სცენარით, ეს ჯგუფები გეგმავენ და ახორციელებენ კონფლიქტებს, რასაც შემდგომ რუსეთი იყენებს ე.წ. მშვიდობის იძულების ოპერაციის დასაწყებად - სწორედ ასე დაარქვეს 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოჭრას, ახლა კი იმავეს უფრო ფართო მასშტაბით იმეორებენ უკრაინაში. რუსული საინფორმაციო მანქანა გამუდმებით ლაპარაკობს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების თაობაზე და ამტკიცებს, ეს ტერიტორიები უკრაინიდან იბომბებაო. აჩვენებს რაღაც კადრებსაც, არადა უკრაინის ხელისუფლებაც და მთელი მსოფლიოც ადასტურებენ, რომ უკრაინას ცეცხლი არ გაუხსნია.

თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამ მასშტაბური პროპაგანდისტული შეტევის დროს უკრაინა 2008 წლის საქართველოსთან შედარებით მყარად დგას. მან ისწავლა ქართული გაკვეთილი, ამიტომ ფსიქოლოგიურადაც გაცილებით მტკიცედ არის და საინფორმაციო ომსაც სათანადოდ ეწინააღმდეგება. მათ მეტი დრო ჰქონდათ მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რაც 2008 წელს საქართველომ ვერ მოასწრო.

სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ სჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო მსოფლიო წესრიგისთვის ხაზი გადაესვა და 21-ე საუკუნეში ომით დაეწყო საზღვრების გადაწერა. ვფიქრობ, 2008 წლის ომის გაკვეთილები დასავლეთმაც აითვისა, მაგრამ - დაგვიანებით, თუმცა დღეს ისე ჩანს, რომ რუსეთს ეს მაინცდამაინც აღარ ანაღვლებს. ყველაზე საშიში, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ რუსეთი უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებიდან 700 ათასამდე ადამიანის - ქალების, მოხუცების, ბავშვების - ევაკუაციას გეგმავს რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. ესეც მოწმობს, როგორ არაადამიანურად ექცევა კრემლი თავისივე მოკავშირეებს - დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსული ცეცხლის პირველი სამიზნეა. კარგად დაფიქრდეს ყველა, განსაკუთრებით - კრემლის ქართველი აპოლოგეტები, რომ რუსეთის მომხრეებიც არ არიან დაზღვეული მისი აგრესიისგან. ეს ყველაზე კარგად წარმოაჩენს რუსეთის დღევანდელ სახეს. ის მოკავშირეებს საკუთარი მიზნების აღსრულებისთვის ცოცხალ იარაღად იყენებს. ვინაიდან უკრაინა ცეცხლს არ ხსნის, როგორც ჩანს, ისევ რუსები ბომბავენ საკუთარი მომხრეების პოზიციებს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს გაუგზავნა კრემლის ულტიმატუმზე დასავლეთის პასუხის პასუხი. ეს ვრცელი დოკუმენტია და რამდენიმე პუნქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთ-ერთი საქართველოსთან ანალოგიის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და აფხაზეთის ომთან პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს. რუსები ითხოვენ იმ დასავლური შეიარაღების გატანას, რომელიც უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში მიაწოდეს, ასევე მოითხოვენ უკრაინიდან დასავლელი ინსტრუქტორების გასვლას. შეუძლებელია, ამან არ გაგვახსენოს აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მიერ თავს მოხვეული შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ტექნიკამ დატოვეს აფხაზეთი, ამის შემდეგ კი რუსეთმა ეს რეგიონი სრულად დაიპყრო და იქ ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების გენოციდი მოაწყო. გასაგებია, რომ დღეს ამ მოთხოვნაზე რუსეთს არავინ დასთანხმდება, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი იმავე სცენარით ცდილობს მოქმედებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს ნატოს შეიარაღების გატანას ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ეს აჩვენებს, რომ თუ დასავლეთმა უკრაინა დათმო, კრემლის შემდგომი მცდელობები მიმართული იქნება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ვარშავის ბლოკის ქვეყნებზე გავლენის აღდგენისაკენ. ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში, დღეს უკრაინაში რუსეთი ქართველებს და უკრაინელებს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის დასავლეთს და დასავლურ დემოკრატიას. კრემლი გამოცდის, არის თუ არა დასავლეთი ის ძალა, რომელზეც დღეს მსოფლიო წესრიგი დგას და ეს გამოცდა 2008 წელს დაიწყო...

სწორედ ასე აფასებს რუსულ საფრთხეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ძალზე საინტერესოდ გამოვიდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც პირდაპირ თქვა, რომ "ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში. უკრაინა ევროპის დამცავი ფარია უდიდესი არმიისგან... მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მშვიდობა მსოფლიოს სჭირდება."

საინტერესო რამ მოხდა ამ ცოტა ხნის წინ ყაზახეთში. ვინ წარმოიდგენდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ეგიდით იქ შესული რუსული ჯარის ნაწილები ათ დღეში გამოვიდოდნენ?! ისმის კითხვა: რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღესვე შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელშიც წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს, შესთავაზა ყაზახეთს იმ ანტიტერორისტული დანაყოფის დახმარება, რომელიც ამ გაერთიანების ეგიდით მოქმედებს და ჩინეთმა ყაზახეთს ინდივიდუალურადაც აღუთქვა დახმარება ე.წ. ტერორისტებთან დაპირისპირებაში. სავარაუდოდ, კულუარებში ჩინეთმა რუსეთს შეახსენა, რომ მხოლოდ ის ვერ "იმეფებს" ყაზახეთსა და, საზოგადოდ, შუა აზიაზე და რუსეთმა ამაზე უარი ვერ უთხრა. მას ეშინია ჩინეთის, თან ამ ეტაპზე ის სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პუტინს არ ეშინია ჩინეთის სახელმწიფო წყობის, ანუ რუსეთისთვის ჩინეთის მმართველობის სტილი საფრთხე არ არის. პუტინისთვის საშიშია დემოკრატია, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანია.

- ჩინეთი ახსენეთ და გკითხავთ: დღევანდელ ვითარებაში ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი პარტნიორობა თითქმის წარმოუდგენელია.

- დღეს ჩინეთი იმ ცნობილი გამონათქვამის მიხედვით მოქმედებს, ანუ, ასე ვთქვათ, ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს. თუ რუსეთი დასუსტდება, ჩინეთი იგებს; თუ დასავლეთი მარცხს იგემებს, მაინც ჩინეთი იგებს; თუ ორივე დასუსტდება, უფრო უკეთესი ოფიციალური პეკინისთვის. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას, ისინი დღეს სიტუაციური მოკავშირეები არიან, თუმცა ასევე სჭირდებათ ერთმანეთი დასავლეთის წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ღირებულებითი ერთობაც აქვთ.

- მოსკოვში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კი ბრძანა: "ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ალიანსისკენ. ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელშიც უკრაინა შეიძლება გაწევრდეს. იქ ჩვენთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია - წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა, რომელიც თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ"

- ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი - ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არამხოლოდ ჩვენ... უკრაინასაც და საქართველოსაც ნატო სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, თორემ უკვე ოკუპირებულ უკრაინას და საქართველოს ნატო რაღას უშველის?!ცინიკურად გულწრფელი განცხადება მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, როცა პუტინს მიმართა, ვიდრე მე და თქვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ნატოს გაფართოების და უკრაინის გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებაო, თან დაუზუსტა, როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნასო... ეს განცხადება, ლოგიკურად, საქართველოსაც ეხება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ისე გავხდეთ ნატოს წევრი, არც ველოდეთ. მეორე მხრივ, არსებობს გაცილებით რეალური სურათი იმისა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოს კარი საქართველოსთვის დაკეტილი იქნება. საქართველოც და უკრაინაც იქცნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მძევლად და მსხვერპლად: ერთი მხრივ, ამან გააჩინა არარეალური მოლოდინი და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა აღარ დაიწყეს უსაფრთხოების პარალელურ ქოლგებზე ფიქრი, თანაც ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთის წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა...

დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? საერთოდ როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ, მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე? ჰიბრიდულ ომში რომ ყველა პარამეტრით დამარცხებული ვართ, ფაქტია, მაგრამ მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში, გამოდის, რომ სრულიად განიარაღებულები ვიქნებით მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისგანაც სრულიად მოშიშვლებული გვექნება ზურგი. ერთადერთ რეალურ შემაკავებელ ფაქტორად ისევ თურქეთი რჩება... ეს ყველაფერი მოიტანა გამრუდებულ სარკეში ყურებამ და ილუზიებით ცხოვრებამ.

- ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, თითქმის დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მისი სამიზნე კიევი იქნებაო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლაც გაბედავს ასეთ მასშტაბურ შეჭრას?

- ამაზე პასუხი, მგონი, არავის აქვს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ომის ბოლო დღეებია. საქმე ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები... ბევრი ირაციონალურად აფასებს პუტინის მოქმედებებს, თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე სრულიად ცივი ლოგიკით მოქმედებდა და, როგორც წესი, ეს ლოგიკა უმართლებდა. ის ამოწმებდა დასავლეთის პოლიტიკური კასტრაციის ხარისხს, მაშინ, როცა დასავლეთი თავისი კომფორტის ტყვედ იქცა. აქედან გამომდინარე, პუტინს ბოლომდე არ სჯერა, რომ დასავლეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მისი აგრესიის შესაკავებლად. თუ რუსეთი მზად არის უკრაინაში­ ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, ასევე არ სჯერა, რომ უკრაინელები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ. მეხუთე კოლონა იქაც ძლიერია, შესაბამისად, ალბათ, კრემლში ფიქრობენ, რომ ომი ხანგრძლივი და მომქანცველი არ იქნება.ამასთან, ლოგიკურად სრულიად წარმოუდგენელია ამხელა ქვეყანაში მასშტაბ­ური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და შემდგომ, თუ წარმატებას მიაღწევ, მისი შენარჩუნება. 40-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი შენი კატეგორიული წინააღმდეგია, როგორ შეიძლება გააკონტროლო? გამოდის, სამხედრო რეჟიმი უნდა დაამყარო და ჯარი, რომელსაც შეიყვან, უკრაინაში წლების მანძილზე დატოვო ადგილობრივი მოსახლეობის გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში. რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფინანსურად შენახვა უჭირს და ამხელა ქვეყნის სრულად გაკონტროლება, რაც წარმოუდგენელ რესურსებს მოითხოვს, როგორ უნდა მოახერხოს?!

ძალიან დამაიმედებელია მიუნხენის­ უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრი­ტანეთის­ პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გამოსვლა. შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლის პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დასავლეთის არც ერთ ლიდერს ასეთი თამამი და საეტაპო გამოსვლა არ ჰქონია. ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანია, ცოტა ვრცლად მოვიხმოთ მისი გამოსვლის ფრაგმენტები: "არ უნდა დავუშვათ, რომ რუსულმა მუქარამ შეცვალოს ევროპის არქიტექტურა და არ დავუშვებთ­ ახალ იალტას; არ დავუშვებთ ჩვენი­ კონტინენტის ორ გავლენის სფეროდ დაყოფას­. უნდა ჩავეხსნათ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას. ალტერნატიული­ მომარაგება და ტექნოლოგიები დაგვიხსნის რუსული საფრთხეებისგან. ჩვენ უნდა შევამზადოთ ჩვენი თავი რუსული დეზინფორმაციისთვის, რომელიც გააკეთებს­ ყველაფერს, რომ რუსეთის დარტყმა უკრაინაზე უკრაინის შეტევად შემოგვასაღოს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არავინ არის აქ სულელი. თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენი საერთო­ ინტერესია, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, დამარცხდეს და ის დამარცხდება. რუსეთის ხელისუფლება მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ საქმე აქვს 2014 წლის უკრაინასთან. რუსეთი ვერაფერს მოიგებს ამ კატასტროფული ომით და შეუძლია ყველაფერი წააგოს. მშვიდობა რუსეთსაც სჭირდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უსაფრთხო ევროპაზე, ეს თანაბრად ვრცელდება რუსეთზეც. და მთავარი მესიჯი, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციიდან ვგზავნით, ჩვენი ერთიანობაა".

დიახ, მთავარია ეს ერთიანობა სიტყვიდან საქმედ იქცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის შეკავება.

რაც შეეხება საქართველოს, ჩემთვის მთავარი კითხვაა, ვის აქვს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ საქართველოსკენ არ მოტრიალდება. მესმის საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილის, მაგრამ დუმილი ერთია, მოუმზადებლობა და სრული კაპიტულაცია ჰიბრიდულ ომში - სხვა... სწორედ რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გამო დღეს საქართველოს საზოგადოების ნაწილი სრულად დემორალიზებულია. ეს უპატიებელია.