"მომავალ შეხვედრამდე, ლომო!" - თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა... - კვირის პალიტრა

"მომავალ შეხვედრამდე, ლომო!" - თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა...

"ასეთი კაცების წასვლით თითქოს ჩემი წუთისოფელი იცლება, ფრთები გეკვეცება“

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ბატონი თამაზი, ანდერძის თანახმად, მშობლიურ თიანეთში, მამის გვერდით დაკრძალეს. იყო ბევრი თბილი სიტყვა, ტკივილი და მონატრება... "კვირის პალიტრა" თამაზ მეჭიაურის საუკეთესო მეგობარს, ტარიელ ხარხელაურს­ დაუკავშირდა.

- კარგად მოგეხსენება, შვილო, რომ ტკივილი არ უნდა იყოს ჩემთვის თავზარდამცემი, იმიტომ, რომ ასეთი ტკივილი (შვილის სიკვდილი) მაქვს გადატანილი, მაგრამ თამაზ მეჭიაურის ამბავმა მართლა­ თავზარი დამცა! ის სამეგობროში ყველასგან გამორჩეული იყო - კაცი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი გაეღო შენთვის, შეეძლო, ჭირსა და ლხინში შენ გვერდით მდგარიყო და ამ თანადგომაში გულწრფელი იყო. ძნელია ჩემთვის თამაზისნაირ კაცზე ლაპარაკი, არადა, თითქოს არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ვერაფერს ვიტყვი ისეთს, თამაზი არ იმსახურებდეს, მთავარია, არაფერი დავაკლო. ღირსეულ კაცად იარა 67 წლის განმავლობაში. მეგობრებსაც გვიხდებოდა და ქვეყანასაც ამნაირი კაცის ყოლა. შვილიშვილების თაობას ვერ მოვესწრები, ჩემი თაობის ასეთი კაცების წასვლით კი თითქოს ჩემი წუთისოფელი იცლება, ფრთები გეკვეცება, ვეღარ იქნები ისეთი გამბედავი, როგორიც იყავი...

- როდიდან იწყება თქვენი მეგობრობა?

- მე თამაზზე ცხრა წლით უფროსი ვარ. ჩვენი მეგობრობა იწყება 1976 წლიდან. მაშინ 17-18 წლის იყო, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩააბარა. ახალბედა სტუდენტი იყო, პირველი შემოქმედებითი საღამო რომ გავმართე ჩემი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე მოვიდა და იმ დღიდან მოვდივართ ერთად.

- მაშინ გაიცანით ერთმანეთი?

- შეიძლება ასეც ითქვას. ერთი რაიონიდან კი ვიყავით, მაგრამ მანამდე, მეტწილად, ცხვარში დავდიოდი და ხშირი ურთიერთობა არ მქონდა. არც მერე მქონია ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს მეგობრობის ხარისხს. ყოველდღე რომ ხვდები ადამიანს მარტო იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა და მოიკითხო, ეს ჩემთვის მეგობრობა არ არის. მეგობრობაა, როცა შეიძლება ვერ ხედავდე, მაგრამ გრძნობდე, რომ ახლოსაა. მე როცა ვწერ, მაშინაც მეგობარი მჭირდება, როცა მტკივა - მაშინაც და ის მუდმივად ხომ არ იქნება ჩემ გვერდით?! მთავარია, შინაგანად ვგრძნობდე, რომ ჩემთან არის.

- მშობლიური კუთხე, პოეზია... კიდევ რა იყო თქვენი საერთო ინტერესი, რა გაკავშირებდათ?

- სამშობლო იყო ჩვენი საერთო ინტერესი. ვიცოდი, ბრძოლაში არასდროს გიღალატებდა. ბრძოლა აუცილებლად სისხლისღვრასა და ხმლის ქნევას არ ნიშნავს. ჰოდა, ბრძოლაში სულ შენ გვერდით იდგა, უკან არ დაიხევდა. თუკი ხიფათს დაინახავდა, შეიძლება, პირიქით, წინაც დამდგარიყო, რომ შენთვის აერიდებინა. ასეთი კაცები ბევრი არ მყოლია, ზურა ქაფიანიძე იყო ჩემი ასეთი დიდი მეგობარი და თამაზ მეჭიაური. მეგობრობა და ღირსებაც გავაფერმკრთალეთ, ყველას მეგობარსა და ახლობელს ვეძახით. თუ მეგობრისთვის არ შეგიძლია ყველაფერი გაიღო, ეს მეგობრობა არ არის, ეს ნაცნობობაა. თამაზი იყო მაგალითი, როგორი უნდა იყოს მეგობარი და კაცი. ყოველდღიური ურთიერთობა არც თამაზთან მქონია, არც არავისთან, იმიტომ, რომ მე სიჩუმისა და მარტოობის მოყვარული კაცი ვარ, მაგრამ ამ მარტო ცხოვრებაში ისინი ჩემი სახლის კუთხეებს ავსებენ, ვიცი, სად რომელი დგას. თუ მეგობრების ყოფნას ვერ ვგრძნობ, კალამთან ვერ მივალ.

mechi2-1645344772.jpg

- გახსენდებათ რომელიმე მისი ფრაზა?

- ერთმანეთს ყოველთვის ვესალმებოდით სიტყვებით: "ლომო, როგორა ხარ?" გამოხედვა და ღიმილი ისეთი ჰქონდა, მიხვდებოდი, რომ შენზე ფიქრობდა. ეჰ, ლომების მეგობრობა დასრულდა. ასე აღარავინ მომესალმება. მარტო ზურა ქაფიანიძემ და თამაზმა იცოდნენ ასეთი მოსალმება და ორივე დავკარგე.

- ზურა ქაფიანიძე სად და როდის შეიმატეთ ორმა ლომმა?

- მე და ზურა ქაფიანიძე 1972 წლიდან დავმეგობრდით, მერე ძმადნაფიცებიც ვიყავით.

- როგორ გაიფიცეთ, ტრადიციულად, თუ?

- კაცური სიტყვით, და ამას აღარ სჭირდებოდა სამშვენისები. თამაზმა ზურა ჩემგან გაიცნო და გავხდით სამნი. ამ სამიდან მარტო მე დავრჩი. დღეს ვფიქრობდი, კი არ ვემშვიდობები თამაზ მეჭიაურს, წუთისოფლიდან სულეთში ასე ვაცილებ: "მომავალ შეხვედრამდე, ლომო!"

- ვიცი, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც თამაზ მეჭიაური თქვენ გვერდით იყო.

- იმ საშინელი წუთიდან, იმ წამიდან, თითქმის არ მომშორებია. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ტკივილის მზიდველი და ჭირისუფალი იყო. როცა გისამძიმრებენ, გრძნობ, რომ ზოგი წესის გამო გისამძიმრებს, ეს აუცილებელია, ტრადიციაა, მაგრამ შენს ტკივილს ვერ განიცდის, მაგრამ თამაზი და ზურა ჩემ გვერდით რომ იდგნენ, ვიცოდი, რომ უკან დასახევი გზა არა მქონდა, ეს ტკივილი, რომელსაც შვილის დაკარგვა ჰქვია, ღირსეულად უნდა მეტარებინა. ასეთივე ტკივილით ვაცილებ დღეს მე თამაზს. ჩემზე უმცროსი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მე მიწევს მისი გაცილება სულეთის დიდ გზაზე. შეხვდება ახლა ჩემს ბექას და მამასავით ჩაიხუტებს გულში, ეჭვი არ მეპარება.

- ბოლოს როდის შეხვდით?

- 25 იანვარს ფშავში, მიხა ხელაშვილის დაბადების დღეზე. პირველი შემთხვევა იყო, რომ ცალ-ცალკე მივედით, სხვადასხვა მანქანით. ტრადიციაა, რომ მიხა ხელაშვილის დაბადების დღის შემდეგ იმართება ტრაპეზი. იქაც ცალ-ცალკე მოვხვდით. თამაზი ვისთან ერთადაც იყო, მათ წასვლა უნდოდათ და თამაზი ფეხს ითრევდა, სანამ ტარიელ ხარხელაური არ მოვა, არ გავალ აქედანო. სანამ არ მივედი, მართლა არ წავიდა... ეს იყო ჩვენი ბოლო დამშვიდობება. ისევ მონატრებულები დავემშვიდობეთ ერთმანეთს, არ გვეყო ერთმანეთი. ნაკლული დამტოვა თავისი კაცობით, მეგობრობით. რაც უნდა გაბრაზებული ყოფილიყო, სიყვარულის გარეშე სიფიცხესაც არ გამოხატავდა, თუმცა იშვიათად ბრაზდებოდა. შვილიშვილებთან ბავშვური ხდებოდა, შვილებთანაც, განსაკუთრებით - პატარა გოგოსთან.

მისი ანდერძი ასრულდა. როგორც თვითონ უნდოდა და სულ ამბობდა, თიანეთში, მამაჩემის გვერდით უნდა დავიმარხოო, ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ ამ ამბავს დედამისიც შეესწრო. ერთი წლის წინ ერთი შვილი გაისტუმრა, ახლა - თამაზი.