პაატა იმნაძე: "ანტივაქსერული ჯგუფები ისევ გააქტიურდნენ“ - კვირის პალიტრა

პაატა იმნაძე: "ანტივაქსერული ჯგუფები ისევ გააქტიურდნენ“

"ფაქტობრივად, ყველა გარდაცვლილი აუცრელია“

მსოფლიო პანდემიით ძალიან დაიღალა.­ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რადგან გაჩნდა იმედი, რომ შტამები, რომლებიც ახლა ცირკულირებს, კორონავირუსის ნარჩენია. სადაც ვაქცინირებულთა რიცხვი მაღალია, ამ ახალ-ახალი შტამების შემოტევას უფრო ადვილად უმკლავდებიან, საქართველოში კი სტატისტიკაც აღარ არის საჭირო, რადგან ჩვენ გარშემო თითქმის ყველა ინფიცირებულია. "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესაუბრება.

- პიკი გადავიარეთ, ახლა დაღმავალ­ მრუდზე ვართ, თუმცა, სამწუხაროდ, ყოვ­ე­ლდღიური ათასობით შემთხვევა კარგა­ ხანს გაგრძელდება და დღეში 40-50 გარ­და­ცვლილიც გვეყოლება. მართალია, სხვა შტამების პიკზე, როცა ერთდროულად­ 60-70 ათასი ინფიცირებული გვყავდა, გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი­ 70-80 იყო, ამჯერად კი ერთდრულად 180 ათასი ავადმყოფიდან ყოველდღიურად 40-50 გარდაცვლილი გვყავს, მაგრამ ეს რა შეღავათია... ფაქტობრივად, ყველა გარდაცვლილი აუცრელია.

- აცრილებიც ავადდებიან, თან - არცთუ იშვიათად...

- დიახ, მათ განსაკუთრებით "ომი­კ­რონის" შტამი ემართებათ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში აცრა, განს­აკუთრებით კი - ბუსტერი მაინც იცავს. პრობლემები, ძირითადად, ჩნდება ქრონიკულ ავადმყოფებთან.

- როგორც ამბობენ, ქრონიკულ ავადმყოფთა უმრავლესობა სულ სხვა მიზეზით მიდის ექიმთან და ტესტირების შემდეგ ირკვევა, რომ კოვიდინფიცირებული არიან.

- "კოვიდი" თავიდანვე ასე იყო - ორგანიზმში სუსტ რგოლებს აზიანებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აცრა და ბუსტერი­ ერთადერთი გამოსავალია, რომ ასაკოვანი ადამიანები და ქრონიკული ავადმყოფები გადარჩნენ.

- "ომიკრონი" და მისი ქვეშტამები...

- "ომიკრონის" ბევრი ქვევარიანტი­ არსებობს. შეისწავლეს და უკვე გამოქვე­ყნებულია სამეცნიერო პუბლიკაციებიც, რომელთა მიხედვით "ომიკრონის" ეს ქვევა­რი­ანტები გენეტიკურად ისევე შორს არის ერთმანეთისგან, როგორც, მაგალითად, "ალფა", "დელტა" და კორონავირუსის სხვა ვარიანტები იყო, თუმცა­ განსხვავება­ არის ეპიდემიოლოგიური, კლინიკურად­ "ომიკრონის" ქვევარიანტებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ჩვენთან "ომიკრონი" BA1 ვარიანტით დაიწყო, მერე BA2 გამოჩნდა და ძალიან მალე გადაასწრო BA1-ს. ახლა უმრავლესობა BA2-ით არის ინფიცირებული. "ომიკრონი" ისედაც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა", BA2 კი 15%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - BA1.

- უხანის ვარიანტი, ან ბრიტანული შტამი გაქრა?

- არა. მაგალითად, "ალფა" ვარიანტი, ე.წ. ბრიტანული, სადღაც შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ისინი ისე ცოტაა, აღარ ჩანს. "დელტაც" არის ახლა, "ალფაც", მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს ამით ავად. წინანდელი შტამები არ გამქრალა, მაგრამ "ომიკრონი" ისე სწრაფად ვრცელდება, ისინი გადაფარა.

- უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ერთ თვეში ორჯერ დაინფიცირდა.

- კი ბატონო, სრულიად შესაძლებელია.

- "ომიკრონი" ვინც გადაიტანა, შეიძლება ისევ "ომიკრონით" დაინფიცირდეს?

- კი, არის უკვე მონაცემები, რომ მაგალითად, BA1-ის გადატანის შემდეგ ადამიანი შეიძლება BA2-ით გახდეს ავად.

- ორი შტამით ერთდროულად დაინფიცირება შესაძლებელია?

- თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გამოგვივლენია. მსოფლიოშიც მსგავსი მხოლოდ ორიოდე შემთხვევაა აღწერილი.

- "ომიკრონმა" ყველა კანონზომიერება დაარღვია - მანამდე ნაცნობ შტამებს შორის­ ყველაზე "თავქარიანი" აღმოჩნდა გავრცელებით, მიმდინარეობითაც არაპროგნოზირებადია...

- "კორონა" ასეთია... სამწუხაროდ, ყველაფერი ბოლომდე ჯერ არ არის შესწავ­ლილი. 50-ზე მეტი მუტაციაა და მუტაციები კიდევ გაგრძელდება. რაც მთავარია, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმდა, რომ ერთადერთი გზა, "კორონა" გადაიქცეს ვირუსად, რომელთან ერთადაც ვიცხოვრებთ, მაგრამ ადამიანები აღარ დაიხოცებიან, არის ვაქცინაცია. დანია თითქმის ჩვენხელაა, ნახევარი მილიონი შემთხვევა ჰქონდათ, მაგრამ რეანიმაციაში­ დაახლოებით 30 ადამიანი წევს, ჩვენთან კი - 300. საქმე ის არის, რომ იქ ადამიანების 80%-ზე მეტი ორჯერ არის აცრილი. ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია, თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან.

- თუმცა საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ უკვე შექმნილი ვაქცინები "კორონავირუსის" სხვა ვარიანტების მიმართ უფრო ეფექტიანია, ვიდრე "ომიკრონის" მიმართ.

- ეს ვაქცინები უფრო ეფექტიანი­ იყო სხვა ვარიანტებით დაინფიცირებისგან დაცვაში, მაგრამ დღესაც­ ძალიან ეფექტიანია გარდაცვალე­ბისა და რეანიმაციაში მოხვედრისგან. თუმცა ბუსტერი ახლაც ძალიან კარგად იცავს ინფიცირებისგან.

- "ომიკრონი" იმითაც გამოირჩევა, რომ ტესტებს მოხერხებულად "ემალება".

- არა, ვერ "ემალება". მაგალითად, დღიური 25 ათასი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი სწრაფი ტესტით დადასტურდა...

- PCR-ტესტი უფრო ეფექტიანი არ არის?

- PCR არის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი. ის ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე სწრაფი ტესტი, მაგრამ სწრაფი ტესტიც მშვენივრად მუშაობს. დღესაც პაციენტების ნახევარი სწრაფი ტესტით ვლინდება.

- ამბობენ, ტესტების გარეშეც ხველა, ტემპერატურა, თავის, ყელის, სახსრების ტკივილი­ ნიშნავს, რომ ადამიანს "ომიკრონი" აქვს. ეთანხმებით ამ აზრს?

- არა, მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ სხვა ვირუსები არსად გამქრალა. ახლა გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, სხვა გაცივების ვირუსებიც.

- შეიძლება რომელიმე სხვა ვირუსი და "ომიკრონი" ერთად დაემართოს ადამიანს?

- არა. ასე თითქმის არ ხდება. უჯრედში ადგილს ერთი ვირუსი რომ დაიკავებს, მეორე, ჩვეულებრივ, ვეღარ შედის.

- "ომიკრონის" პოსტკოვიდური გართულებები უფრო ხშირი და ხანგრძლივია...

- პოსტკოვიდური გართულებები კოვიდის ყველა ვარიანტს ჰქონდა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა რომ ასეთი დიდია, ბუნებრივია, პოსტკოვიდური შემთხვევაც მეტი იქნება. ვირუსთან სამი კონტაქტი იძლევა იმუნიტეტს, რომელიც გვიცავს­ შემდგომი მძიმე დაავადებისგან. თუ სამივე კონტაქტი არის აცრა, ეს საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ, რომ გამორიცხავს ყველანაირ პოსტკოვიდურ გართულებას, თუმცა ორი აცრა და ერთხელ დაავადების გადატანაც იძლევა კარგ იმუნურ პასუხს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება.

- ძირითადად, რა ასაკში გვხვდება გართულებები?

- ხანდაზმულებში, რა თქმა უნდა. საქართველოში გარდაცვლილთა 90% 50 წელზე უფროსი ასაკის იყო.

- პოსტკოვიდური გართულებებით გარდაცვალება ხშირია?

- ძნელია, გაარჩიო, "კოვიდის" გადატანის შემდეგ გარდაცვალება ვირუსის ბრალია თუ სხვა რამის. მაგალითად, პოსტკოვიდურ პერიოდში ინფარქტი თუ დაემართება ადამიანს და გარდაიცვლება, რა თქმა უნდა, იქ "კოვიდსაც" აქვს რაღაც წვლილი, მაგრამ გარდაცვალება ინფარქტით ფორმდება.

- წინასაახალწლო ინტერვიუში გაგვახარეთ,­ შესაძლოა, ეს წელი იყოს "კოვიდის" დასასრულის­ დასაწყისიო. "ომიკრონის" გამოჩენის შემდეგაც ასე ფიქრობთ?

- ბევრ ქვეყანაში მართლაც დადგა "კოვიდის" დასასრულის დასაწყისის ხანა - იმ ქვეყნებში, სადაც უმრავლესობა აცრილია. სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას არ ექნება იმუნური პასუხი, ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყნებს შორის, სადაც ასე არ მოხდება.

- იმუნურ ფენას ინფიცირების მაღალი მაჩვენებელიც ხომ შექმნის?

- რა თქმა უნდა. იმუნური ფენა შეიქმნება, მაგრამ რის ხარჯზე - 16 ათასი ადამიანის სიკვდილის?! პირბადე არ უნდა დავივიწყოთ. ჯერ კიდევ ე.წ. ისპანკის დროს, 1918 წელს, პირბადე იყო დაცვის მთავარი საშუალება და დღესაც ასეა.

- მაინც როდის ველოდოთ ჩვენთან დასასრულის დასაწყისს?

- როცა მოსახლეობის უმრავლესობა ­გახდება იმუნური. ეს მოხდება ან ბუნერივი გზით, ან ვაქცინაციით, თუმცა ბუნებრივ გზას კიდევ ბევრი ჩვენი მოქალაქე შეეწირება.

ახლა ანტივაქსერული ჯგუფები ისევ გააქტიურდნენ. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში არიან ასეთი, შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილი ჯგუფები და ეს მათი უფლებაა, მაგრამ როცა სხვებს ურევენ გონებას, შედეგად კი ადამიანებს იწირავენ, ეს ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ასე ხდება ჩვენს ქვეყანაშიც. ისინი გონს ვერასდროს მოეგებიან, რადგან მათ სხვა ინტერესები აქვთ. ეს, ძირითადად, მართული ჯგუფები არიან, დაახლოებით იგივე ჯგუფები, ვინც ლუგარის ცენტრს ებრძვის, ვინც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდაშია ჩართული. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მათ ცრუ პროპაგანდას ემორჩილება. ადამიანებს ეშინიათ გაურკვევლობის, ეს ჯგუფები კი სწორედ ამით სარგებლობენ და ცდილობენ, მათ გონება აურიონ. მთავარია, შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები აღარ დაიღუპონ, ამის ერთადერთი გზა კი ისევ და ისევ ვაქცინაციაა.