"ჯაფარიძემ ჯერ რუსთავი მოიგოს და მერე ვილაპარაკოთ“
"ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შევუწყვიტეთ იმიტომ, რომ არ დადიოდა პარლამენტში, რაც შეეხება ჯაფარიძეს, არ შეიძლება ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს“
"მალე ბევრი ახალი ამბავი გახდება ცნობილი, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გახარიასა და "ნაციონალების" შეთქმულების ვერსიები არადამაჯერებლად მიიჩნია. ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, გახარია "ნაციონალებს" შეეკრა. დაიწყება თუ არა გახარიას ან "ნაციონალების" სისხლისსამართლებრივი დევნა და რას ფიქრობს მმართველი გუნდი ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე, ირაკლი ქადაგიშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- გიორგი გახარია რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსშია, ამაზე მეტყველებს მისი პრემიერობის ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯები და ის, რაც ახლა რეგიონების საკრებულოებში ხდება. გახარია თავის დროზე ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დავამთავროო, მაგრამ როგორც კი ამ ძალას საფრთხე დაემუქრა, კანონის აღსრულებაზეც უარი თქვა და თანამდებობიდანაც გადადგა. მერე ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც "ნაციონალებს" აწყობდათ. თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს ხმები გაუყო და ამითაც "ნაციონალების" წისქვილზე დაასხა წყალი. ახლა კიდევ ხომ ხედავთ, რას აკეთებენ მისი პარტიის წევრები საკრებულოებში? ერთად ამდენი დამთხვევა არ ხდება!
- გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ საკრებულოებში "ქართულ ოცნებასაც" შესთავაზეს თანამშრომლობა, თუმცა თქვენგან უარი მიიღეს.
- იმიტომ, რომ სურთ თავიანთ თამაშში ჩაგვითრიონ. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გეუბნებით, არ მივიღებთ არც ერთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც პოლიტიკურ ღალატთან და უზნეობასთან იქნება დაკავშირებული. არ "გავაპრავებინებთ" იმას, რაც ჩაიდინეს.
- "ნაციონალებთან" ერთად სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას ამჯერად პანკისში სპეცოპერაციის საეჭვოდ ჩატარების საკითხიც დაემატა. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე გახარიას წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისევ პოლიტიკური განცხადებების დონეზე დარჩება?
- ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია თავის დროზე გახმაურდება. მე ვერაფერს გეტყვით.
- ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მაშინ, როცა რეგიონში ასეთი რთული ვითარებაა, მსოფლიო ახალი ომის მოლოდინშია, გამართლებული არ არის.
- სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირ კავშირში არ არის თქვენ მიერ ნახსენებ გლობალურ მოვლენასთან. შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შევუწყვიტეთ იმიტომ, რომ არ დადიოდა პარლამენტში, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, არ შეიძლება ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და რუსთავის არჩევნებისთვის მისი ბრძოლა ოპოზიციის გაერთიანების საფუძველი გახდეს?
- ჯერ ერთი, რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც უპირველესად რუსთავზე იქნება ორიენტირებული და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. გარდა ამისა, რუსთავში ამომრჩევლისთვის ოპოზიციის ეკლექტიკური ერთობა არაფრისმთქმელია, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს თავი გადაირჩინოს და არა ამომრჩევლის ინტერესებზე იფიქროს. ალბათ, ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებასა და პრობლემების გადაჭრაზე. რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდაოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არა აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. ბადრი ჯაფარიძის დანაშაულს ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან სწორედ ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს არანაკლებ დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი.
- როგორც ბადრი ჯაფარიძემ თქვა, ბოლო წუთამდე არ ეგონა, რომ პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტდა. ასეთი განწყობის საფუძველს მას "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პირად საუბრებში დაფიქსირებული პოზიციები უქმნიდა.
- მე როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ვიმოქმედე, პარლამენტმა კი შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც პირი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, მისი პარლამენტში ყოფნის რელევანტურობის საკითხი დგება. თუ მსგავს საკითხებზე რეაგირება არ მოვახდინეთ, მაშინ რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს პარლამენტს?
- რას იზამს მმართველი გუნდი, თუ ბადრი ჯაფარიძე რუსთავს მოიგებს?
- ჯერ მოიგოს და მერე ვილაპარაკოთ. კანონი იმ პირებსაც აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომლებსაც უკვე მისჯილი აქვთ სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ხალხმა სიმართლე იცის, ახლა ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა ხმას.
- თუმცა ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ბადრი ჯაფარიძე, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძე, დღეს თავისუფალია.
- ეს ხომ სიტყვების თამაშია?! სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო, 7-წლიანი სასჯელიც მიუსაჯა, თავისუფალი იმიტომ არიან, რომ მათ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.
ხათუნა ბახტურიძე