"დაიწყო ახალი შეტევა გახარიაზე, ბინძური,­ ამორალური პროპაგანდა მის ვითომდა "კოკაინშიკობაზე" - კვირის პალიტრა

"დაიწყო ახალი შეტევა გახარიაზე, ბინძური,­ ამორალური პროპაგანდა მის ვითომდა "კოკაინშიკობაზე"

"შეგახსენებთ, გახარია სწორედ პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ გახდა პრემიერი, სხვათა შორის, სწორედ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით“

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ფარული ალიანსი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პანკისში ჩატარებული საეჭვო სპეცოპერაცია" - ეს ის პოლიტიკური ბრალდებებია, რომელსაც "ქართული ოცნება" პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უყენებს. მმართველი გუნდის ლიდერები ირწმუნებიან, რომ არის დეტალები, რომლებიც "ნაციონალებისა" და გახარიას პარტიის კავშირს ადასტურებს და გვპირდებიან, რომ მალე ბევრი ნიუანსი გახდება ცნობილი. "ოცნების" ლიდერები პანკისში "ძალიან საეჭვოდ ჩატარებულ" სპეცოპერაციებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ შეიძლება ამის უკანაც "ნაცმოძრაობის" კვალი იყოს. ეჭვი არის, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს. სამაგიეროდ, გვაქვს დაპირება, რომ მალე ყველაფერს გავიგებთ, მანამდე კი პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერთან, ანა ბუჩუკურთან შევეცდებით ამა თუ იმ საკითხის დაზუსტებას:

- ირაკლი კობახიძისა და საერთოდ, "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან კომიკურია. ერთი წელი გავიდა, რაც გიორგი გახარიამ "ქართული ოცნება" დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გახარია პოლიტიკიდან არ მიდიოდა და ჩვენთან ერთად, ანუ ასევე "ქართული ოცნებიდან" წამოსულებთან ერთად ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნიდა, მმართველი გუნდი პანიკაში ჩავარდა. არავის ებრძვიან ისე, როგორც გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდს. "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკა თუ ქმედებები ძალიან მაგონებს ნაცისტური­ გერმანიის პროპაგანდისტ იოზეფ გებელსს, რომელსაც ასეთი რამ აქვს ნათქვამი: თუ გინდა საზოგადოებამ შენი ტყუილი დაიჯეროს, სრულიად დაუჯერებელი რამ უნდა თქვაო. ხალხი იფიქრებს, ნამდვილად სიმართლეს ამბობს, თორემ ასეთ დაუჯერებელ ტყუილს როგორ იტყოდაო. ზუსტად ასეთი ნაცისტურ-პროპაგანდისტული მეთოდებით გვისწორდებიან მმართველი გუნდის ლიდერები. ვწუხვარ, როდესაც ვაანალიზებ, რა როლის შესრულება უწევს მმართველი გუნდის ზოგიერთ ლიდერს. განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე მებრალება. ის ხომ ასეთი აბსურდული რაღაცების გახმაურების გამო აბუჩად ასაგდები ხდება?!

- დარწმუნებული ხართ, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს დასჯერდება და კონკრეტულ არგუმენტებს არ წარმოადგენს გიორგი გახარიას წინააღმდეგ?

- როდესაც ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას დააბრალა უმძიმესი დანაშაული, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჩვენ, მე და ბერდია სიჭინავამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას წერილობითი მოთხოვნით მივმართეთ, რომ ამ ბრალდებაზე გამოძიება დაეწყოთ. ისიც მოვითხოვეთ, რომ თუ გახარიას არ დაუმტკიცდებოდა ეს მძიმე დანაშაული, საქმე აღძრულიყო ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ცრუდასმენისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ დაიწყო ახალი შეტევა გახარიაზე, ბინძური,­ ამორალური პროპაგანდა მის ვითომდა "კოკაინშიკობაზე". ირაკლი კობახიძემ თქვა, თითქოს გახარიას კოკაინი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ქალმა გაასინჯა. გარდა იმისა, რომ ქართველ დეპუტატ ქალებს ჰყავთ ოჯახები, შვილები და შეილახა მათი რეპუტაცია, ნარკოტიკული საშუალების გასაღება სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ისევ მივმართეთ პროკურატურას, რათა გამოეძიებინათ კონკრეტული დანაშაული, ხოლო თუ არ დადასტურდებოდა, პასუხისგებაში­ მიეცათ ირაკლი კობახიძე. არც ამაზე ყოფილა რეაგირება. ალბათ, გახსოვთ, რომ თქვენმა­ კოლეგებმა ირაკლი კობახიძეს უთხრეს, გახარიას გუნდი სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს თქვენს ბრალდებებზეო, და მან ყოვლად წარმოუდგენელი რამ თქვა - რა შუაშია სამართლებრივი პასუხისმგებლობა,­ ეს პოლიტიკური განცხადება იყოო. რა გამოდის, მე შემიძლია ოპონენტს რაც მინდა ის დავაბრალო და შემდეგ ეს პოლიტ­იკურ განცხადებად მოვნათლო?! ახლა პანკისზე დაიწყეს აპელირება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია სწორედ პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ გახდა პრემიერი, სხვათა შორის, სწორედ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით. მინდა გაგახსენოთ ირაკლი კობახიძის ცნობილი ფრაზა, რომელიც გიორგი გახარიას მიუძღვნა - ბუზი ყველა ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო. იქნებ გვითხრას კობახიძემ, მაშინ იტყუებოდა თუ ახლა ასრულებს ბუზის ფუნქციას?

- რაც შეეხება "ნაციონალებთან" ალიანსს...

- "ოცნება" "ნაციონალებისა" და გახარიას პარტიის ალიანსის დასადასტურებლად ამბობს, რომ საკრებულოებში "ნაციონალების" მხარდაჭერით გახდნენ გახარიას გუნდის წევრები საკრებულოების თავმჯდომარეები. სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა მხარი დაეჭირა ჩვენი კანდიდატისთვის იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თქვა, არ გვაინტერესებს ამომრჩევლის აზრი, ყველაფერს გავაკეთებ უმრავლესობის დასაბრუნებლადო. "ნაციონალებმა" შესანიშნავად იცოდნენ, რომ ჩვენ მათ მხარს არ დავუჭერდით, ამიტომ ადგნენ და თავად დაუჭირეს მხარი ჩვენს კანდიდატს და ამ ფორმით შეუშალეს ხელი "ქართული ოცნების" უმრავლესობაში დაბრუნებას. წარმოიდგინეთ, "ქართულ ოცნებას" იქით ვეუბნებით, პატივი სცეს თავის ამომრჩეველს და დაიკავოს მოადგილისა და კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობები. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ "ოცნება" მოგვწონს, არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმომადგენლობით ორგანოში იმ ამომრჩევლის ინტერესებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომელმაც ხმა მმართველ გუნდს მისცა. სხვათა შორის, სენაკში ბოლო ცხრა სხდომიდან ექვსს "ქართული ოცნება" არ დაესწრო. ბოლოს ისიც კი ვუთხარით, დააყენეთ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თქვენი კანდიდატი და ჩვენ მხარს დავუჭერთ-მეთქი. არც ამას დათანხმდნენ. საკრებულოს ადგილობრივ წარმომადგენლებს ძალიანაც სურთ საკრებულოში შესვლა, მაგრამ ირაკლი კობახიძე ჩავიდა და თავის თანამშრომლებს გახარიას გუნდთან თანამშრომლობა აუკრძალა.

- რუსთავის 2 აპრილის არჩევნებისთვის რა გადაწყვიტეთ?

- ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მმართველი გუნდი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე ვფიქრობდით, რომ რუსთავში ჩვენს კანდიდატს არ დავაყენებდით. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება გვინდა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და პარტიის გაძლიერებაზე ვართ ორიენტირებული.

ხათუნა ბახტურიძე