"მრჩება შთაბეჭდილება, რომ კეზერაშვილი პარტიული "ობშიაკის“ ხაზინადარია“ - კვირის პალიტრა

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ კეზერაშვილი პარტიული "ობშიაკის“ ხაზინადარია“

"ამ ერთმა ადამიანმა და მისმა გუნდმა თავი მოგვჭრა მსოფლიო მასშტაბით!“

ქოლცენტრების თაღლითური საქმიანობის მსხვერპლი ევროპის სხვადასხვა­ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები არიან. ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართული რამდენიმე პირი ამ დღეებში სამართალდამცველებმა დააკავეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საქმის მიღმა ყოფილი თავდაცვის­ მინისტრი დავით კეზერაშვილი დაასახელა: "ეს არ არის ჩემი მოსაზრება,­ ან ინფორმაცია, ეს არის უცხოური მედიასაშუალებების გამოძიებული, დადასტურებული... რომ ამ ქოლცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი რომ ცნობილი კრიმინალი და დამნაშავეა, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი და ამაზე ამაზრზენი რა შეიძლება გააკეთო... როცა საკუთარი ჯარის ბიუჯეტს გაფლანგავ". პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის სქემა ასეთი იყო: 2015 წელს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, ორგანიზებული­ დანაშაულებრივი ჯგუფი. საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად დაასაქმეს უცხო ენის მცოდნე ადამიანები. მათი სამიზნე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ. ე.წ. ქოლცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელთა საშუალებით თაღლითურად მოპოვებული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, თავიანთი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას, სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტის და კრიპტოვალუტის ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით და არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. შემდეგ ეს თანხა ირიცხებოდა ორგანიზებული­ ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქციური დანიშნულებით,­ თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე. უკვე წლებია, კეზერაშვილის მისამართით უამრავი ბრალდება ისმის, მაგრამ ის არავის­ დაუკავებია. ცნობენ თუ არა მას ბრალდებულად ქოლცენტრების სკანდალურ საქ­მეში, მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ის აქამდეც უნდა დაეკავებინათ, რადგან მის წინააღმდეგ უამრავი სერიოზული ბრალდებაა.

- სამართლიანობის აღდგენის პრინციპი, რომელიც დეკლარირებული იყო ამ ხელისუფლების მიერ, ზუსტად იმას ითვალისწინებდა, რომ კეზერაშვილი და მისი მსგავსი­ ხალხი მიეცათ პასუხისგებაში, რადგან ყველამ იცის კეზერაშვილის კრიმინალური ბიზნესის დეტალები. ეს იყო იარაღით ვაჭრობა, სხვისი ქონების ძალადობით­ მითვისება, ქოლცენტრები და ა.შ. უამრავი­ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ იბარებდნენ ხალხს, "აწერდნენ" ფულს, ართმევდნენ ქონებას. ზოგი მათგანი ციხეშიც ხვდებოდა. ეს ხომ ნამდვილი ამბებია და ამას კეზერაშვილი აკეთებდა... როდესაც 2014 წელს საფრანგეთში კეზერაშვილი­ დააკავეს და ჩვენი ხელისუფლებისგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოითხოვეს, ქართული მხარისგან მტკიცებულებების ნაცვლად იქ ჩავიდა ფარატინა ქაღალდი, ამიტომ ფრანგებმა ის გაათავისუფლეს. ჩემი მოძიებული ინფორმაციით, გაგზავნილი დოკუმენტი­ შედგენილია საქართველოს პროკურატურის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მიერ. წყარო მეუბნება, რომ იმ პერიოდში ამ თანამდებობაზე მუშაობდა ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი, ჩილინდარაშვილი, გენპროკურორი კი მაშინ არჩილ კბილაშვილი იყო. ფაქტია, რომ მასალები არ გაიგზავნა. დღემდე იმასაც ვერ ვხვდები, საქართველოში რატომ მუშაობს კეზერაშვილის სხვადასხვა ბიზნესი, რომლებიც მას არაკანონიერად აქვს შეძენილი. ეს ეხება ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებს. ეს ხომ მაშინ კეზერაშვილმა სხვებს წაართვა! მაშინ 200-მილიონიანი ბიზნესის მათთვის ჩუქება მოითხოვეს, თუ არადა დაპატიმრებით დაემუქრნენ. ამ ბიზნესის მეპატრონეებიც იძულებული გახდნენ, თავიანთი ქონება ხელისუფლებისთვის მიეცათ. კეზერაშვილი სწორედ ამ საქმეში მონაწილეობდა. "გალფი" ხომ ასე შეიქმნა - 200-მილიონიან ბიზნესში მხოლოდ 6 მილიონი გადაუხადეს პატრონს. მერე იმ ხალხს სახლში­ დაადგნენ თავზე, დააპატიმრეს და გასათავისუფლებ­ლად ზუსტად ის 6 მილიონი­ მოსთხოვეს, რომელიც ვითომ ბიზნესში გადაუხადეს. კეზერაშვილმა მაშინ სამი კომპანია გააკოტრა, 60-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური წაართვეს ამ ხალხს და ასე შექმნეს "გალფი". ამას დაემატა შევიწროებული "ლუკოილისგან" იაფად ნაყიდი ბენზინგასამართი სადგურები. "ლუკიოლი" მაშინ ბაზრის 20%-ს ფლობდა და რატომ უნდა დაეთმო თავისი წილი?! მაგრამ დაათმობინეს...

- მერე "გალფი" მიჰყიდეს ბიზნესმენ იაკ­ობაშვილს. ამის მიუხედავად, ამ ბიზნესის უკან ისევ კეზერაშვილი დგას?

- მიჰყიდა იაკობაშვილს, მოსკოველ ბიზნესმენს, მაგრამ ეს გარიგებაც იდუმალ­ებით არის მოცული. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლომდე გაყი­დული არ არის. იქ იაკობაშვილი ფარია­.

ამას რომ თავი დავანებოთ, თბილ­ისში არის ვაგონშემკეთებელი ქარხანა, რომლის ხელმძღვანელს ის 2008 წელს წაართვეს. აგვი­სტოს ომი ახალი დამთავრებული იყო და თავ­დაცვის მაშინდელმა მინისტრმა კეზ­ე­რაშვილმა მოიცალა იმისთვის, რომ ვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელი მიეყვანა ადვოკატთან, 2008 წლის სექტემბერში კი ის აიძულეს, ქარხანა დაეთმო. დღეს ეს ქარხანა­ ისევ იმ ადამიანების სახელზეა, ვისაც მაშინ უკანონოდ გაუფორმეს და ნამდვილი მფლობელი მას ვერ იბრუნებს. მართალია, დღეს ისე კარგად არ მუშაობს, მაგრამ ამბობენ­, რომ იქიდან წილი დღესაც მისდის კეზერაშვილს. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ნიკა გვარამიაც იყო იმ წართმეული ვაგონშემკეთებელი ქარხნის მმართველი. ამასთან, უამრავი ტერიტორიაა მისი ნათესავების სახელზე გაფორმებული და მათი უმრავლესობა გაფორმდა 2008-2009-2010 წლებში. მისი დაფინანსებული ტელევიზიები სხვების მიწებზე ლაპარაკობენ, არადა ეს სასაცილოა იმასთან შედარებით, რაც კეზერაშვილს აქვს გაფორმებული. საგარეჯოს რაიონის მიწები გაფორმებული აქვს მამის სახელზე. ეს არის 700 000 კვადრატული მეტრი. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის პერიოდს და იარა­ღით ვაჭრობას, ეს ხომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

- დიდი ხანია, თქვენ ამაზე ლაპარაკობთ. პროკურატურა დაინტერესდა ამ საქმით?

- არ დარჩენილა ცნობილი მედიასაშუალება და ცნობილი პიროვნება, მით უმეტეს აშშ-ში, ამაზე რომ არ ელაპარაკა და სტატია არ დაეწერა. "ვიკილიქსში"­ გამოქვეყნებული მასალებითაც ჩანს, რომ კეზერ­აშვილი მონაწილეობდა ფართო ქსელში,­ კოლუმბიური პარტიზანული ჯგუფებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებით დამთავრებული­. მაშინ ის თავდაცვის მინისტრი იყო და უცებ თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდ ლარამდე ავიდა, მაგრამ საინტერესოა, რის ხარჯზე! მერე კი, უნდა ნახოთ, როგორ განკარგეს ეს თანხები.­ იარაღის შესყიდვა უწერიათ, მაგრამ ბევრი უკანონობა ხდებოდა. პროცესები სამი ფორმით მიმდინარეობდა. ერთი - ყიდულობდნენ უხარისხო იარაღს და საქართველოში ჩამოჰქონდათ; მეორე - საქართველოსთვის ყიდულობდნენ და რომელ ქვეყანაში მიდიოდა,­ არავინ იცის; მესამე - ხარისხიანი იარაღი­ ძალიან მაღალ ფასად იყიდეს. როგორც გაირკვა, ამ ფულის დიდი ნაწილი მოხმარდა უკრაინულ ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად უკრაინაში ვაჭრობს იარაღით. იარა­ღის დიდი ნაწილი, რომელიც იქ შეიძინეს საქართველოსთვის, მესამე ქვეყნებში მოხვდა. კამენსის წერილში წერია, რომ ეს იარაღი მოხვდა ირანსა და სირიაში. თავი დავანებოთ იმას, ვინ რას წერს. ხომ ფაქტია, რომ საქართველოში შემოვიდა ჰაერსაწინაააღმდეგო საშუალებები და ცხრა ცალიდან მხოლოდ ორი იყო ვარგისი. იმ ორმა ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა და შედეგიც დაგვანახა, მაგრამ დანარჩენი შვიდი არ ვარგოდა, მოძველებული იყო, თუმცა გაფორმებული იყო, როგორც ახალი, უხინჯო. მერე გაირკვა, რომ კარგი ტექნიკა სხვა ქვეყნებში მოხვდა, ყველა ეს საქმე­ კი ჩაიფარცხა. კეზერაშვილი დღემდე არ დასჯილა და მეჩვენება, რომ საქართველოში მისი შექმ­ნილი ტელეკომპანიის ფუნქციონირებაც ვიღაცების გარიგების შედეგია. ცნობილი იარაღით მოვაჭრე გუდი ამერიკის ციხეშია გამოკეტილი და კოლუმბიასთან იარაღით ვაჭრობის საქმეშიც ჩანს საქართველო, როგორც მხარე. ეს ისეთი უკანონო ბიზნესია, ძალიან სერი­ოზული პოლიტიკური ფიგურები არიან ჩართული. გუდი ციხეშია და ცოცხალია, მაგრამ უამრავი სხვა ადამიანი საერთოდ გაქრა ამ სფეროდან, მათ შორის - კონგრესთან დაახლოებული პირებიც.

- ამბობენ, რომ კეზერაშვილმა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოაგვარა...

- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მისმა პარტნიორებმა დაალაგეს, თუმცა თუ ეს Uმოხდა, მერე ყველაფერი ისევ კეზერაშვილმა გააფუჭა. რაღაც მიზეზით იძულებული გახდა, ტელევიზიები დაეფინანსებინა. პარტიას ხომ აფინანსებდა და აფინანსებდა! მან გადასარევად იცოდა, რომ თუ სიტუაცია დალაგებული ჰქონდა, ასეთი ქმედება ყველაფერს გაუფუჭებდა. გამოდის, რომ ეს გააკეთეს მისმა პარტნიორებმა, ან წინა ხელისუფლების ხალხმა აიძულა და ეს დალაგებული სიტუაციაც აერია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ფული, რომელიც მედიასივრცეში ტრიალებს, მარტო მისი არ არის. ეს არის "ობშიაკი", ის კი - ხაზინადარი და პარტიულ ფულს აკონტროლებს. ლოგიკურია, რომ თუ ფული იშოვა, ამდენი ხანი ეცდებოდა, გაეთეთრებინა და სულ დამალავდა მას, მაგრამ აქა-იქ სულ ჩანს ფულის მოძრაობა. ჩანს იმ ორგანიზაციების სახელები, რომლებიც აფილირებულია მისი ოჯახის წევრებთან, მის ახლობლებთან. ის სულელი კაცი არ არის და ამ ყველაფერს დაფარავდა, მაგრამ რადგან არ ფარავს, ესე იგი სხვა გარემოებებიც მუშაობს. ის აფინანსებს მიშას, "ევროპულ საქართველოს", აქეთ - ტელევიზიებს... სწორედ ამას უნდა მიექცეს ყურადღება - ადამიანმა, რომელმაც ამდენი ფული იშოვა, რატომ არ სცადა სხვანაირი გარემოებებით მისი დამალვა?! პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს მტკიცებულებები. ის ადამიანებს პირადად რომ ართმევდა ქონებებს, ხომ ფაქტია! ამაზე უამრავი საქმე იყო აღძრული. მან ფული იშოვა იარაღით უკანონო ვაჭრობით, მთელი მსოფლიოს მიზანი კი ასეთი ვაჭრობის აღკვეთაა. ამასთან შედარებით ქოლცენტრების საქმე ბავშვის ცელქობას ჰგავს, თუმცა მას სკანდალი მაინც მოჰყვა, რადგან სერიოზული ხალხია დაზარალებული. ამან დარტყმა მიაყენა კრიპტოვალუტას, ავტორიტეტი შეულახა კრიპტოვალუტის ბიზნესს, ვიღაცებს გზა გადაუჭრეს, ამიტომ ამ საქმეს ძალიან სერიოზული დასკვნები მოჰყვება. დასავლეთის ზეწოლაც მძლავრია.

მას უამრავი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, უფრო მეტი ფული აქვს მოპარული, ვიდრე ამ ქოლცენტრების საქმეშია ნახსენები. აქ სულ 70 მილიონზეა ლაპარაკი, სხვა საქმეებში კი - მილიარდობით დოლარზე. იმედი მაქვს, ამ პირობებში მაინც დადგება შედეგი. ქოლცენტრების სკანდალი, დიდი ხანია, მწიფდება. თქვენ გგონიათ, აქამდე არ იცოდნენ, თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე, ეს ქოლცენტრები რომ არსებობდა? ან კიევში ეს ამბავი რომ ხდებოდა? მაგრამ რადგან ვითარება გამწვავებული არ იყო, შეიძლება წვრილმანი თანამდებობის პირიც ითბობდა ხელს და ამ ქოლცენტრებს ამუშავებდნენ. აბა, რით უნდა გავამართლოთ? გერმანიაში ატეხილი სკანდალის შემდეგ დაიწყო ყველაფერი და ეს ქოლცენტრები თბილისიდან ერევანში გადაარბენინეს, მაგრამ ამ საქმეს ერევანშიც იგივე ბედი ელის. ერთი რამე მინდა გითხრათ: ამ ერთმა ადამიანმა და მისმა გუნდმა თავი მოგვჭრა მსოფლიო მასშტაბით! არ დარჩენილა პრესის წარმომადგენელი, ამ ყველაფერზე რომ არ წერდეს. ამას მოჰყვა ის, რომ იხსენებენ მის ჩადენილ ძველ ამბებსაც: მის მონაწილეობას ალბანეთში, სათამაშო ბიზნესში; ალბანეთის ენერგობაზარში დიდი ფულის ჩადებას... დიდი ფინანსური შესაძლებლობის გარეშე ამას ხომ ვერ შეძლებდა?! წარმოიდგინეთ, ადამიანი სამ წელში - 2008-2009-2010 წლებში - უცებ, არაფრისგან, მილიარდერი გახდა!ქოლცენტრების თემა საერთაშორისო აფიორაა და, ალბათ, შესაფერისი რეაგირებაც მოჰყვება. მათ ბრალი 70 მილიონი დოლარის მოპარვაში აქვთ წარდგენილი.