"ჩემი დიდი სურვილია, ერთმანეთს მიჰყოლოდნენ "კოვიდი“ და ჩვენი მტრები“
"ადამიანი დგას ღვთის პირისპირ და აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს. ვინც დავრჩით, იმედიანად, ხალისიანად და სიყვარულით სავსენი უნდა ვიყოთ. ძალიან მძიმე დაღი დაასვა პანდემიამ კაცობრიობას. ბევრი გამოჩენილი ხელოვანი წაგვართვა, ძალიან კარგი ბიჭები, აღარ არიან... ვირუსს შეეწირა კახი კავსაძე, თემურ წიკლაური, ანზორ ერქომაიშვილი - გენიალური კაცი და უამრავი სხვაც. ახლა მათ თამაზ მეჭიაურიც შეუერთდა... ჩვენ ვართ ჩართული დიდ ომში, სადაც ჩვენი იარაღი სიყვარული უნდა იყოს..."
ახლახან გამოვიდა მისი მინიმალისტური პოეზიის ახალი კრებული, რომელშიც 1000-მდე ჰაიკუა თავმოყრილი. სათქმელს ლექსებით ამბობს, თუმცა უთქმელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. დროდადრო სიბრძნისა და სიყვარულის მატარებელი ლექსებით უწევს ყოფითი პრობლემებისგან გაქცევა და მისთვის სწორედ "ყველაზე ბედნიერია წუთი, როდესაც ლექსი იწერება". 20 პოეტური კრებული აქვს გამოცემული და მომდევნო 20 რიგში დგას, ელის იმ დროს, როცა "ყდებს შორის ვარსკვლავიანი ცა ჩაიკეცება". "მაშინ, როცა ადამიანები დაშორებულები არიან ერთმანეთს, მათი სულები კი გაუხეშებულია, ერთადერთი საშველი პოეზიაა, რომელიც სულს სამოთხედ აქცევს. სადაც სიყვარულია, იქ არის პოეზია, სიყვარული კი ღმერთია", - მეუბნება პოეტი ვაჟა ხორნაული და კორონავირუსის შემდეგ ცოტა დასუსტებული, ინტერვიუზე მაინც მთანხმდება.
ეს საშინელი ორი წელიწადი
- ძალიან მძიმე იყო პანდემიური ორი წელიწადი, ძალიან საშიში და ხიფათიანი. მეც მომწვდა ეს ოხერი ვირუსი. ორი აცრა მქონდა გაკეთებული. ვიგრძენი, რომ მისი დამარცხება შეიძლება. "არ შეგიბრალებს ვირუსი - მარადიული მტერია/ მაგრამ ჩემს ვარსკვლავებამდე არ მიუწვდება ხელია"...
მაინც როგორი ცუდი და გაუსაძლისი ორი წელი იყო…
- ჩავიკეტეთ, დავისტრესეთ, გავუუცხოვდით როგორც გარემოს, ისე ერთმანეთს. ეს მოვლენა ჯერ არ წასულა მთლიანად, მტერი ბოლომდე არ არის დამარცხებული. ამასობაში გაჩნდა სიძულვილი, ღალატი, უნდობლობა... ადამიანები მანამდეც არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ... ახლა თითქოს ინფიცირებულების კლება დაიწყო. ღმერთმა ქნას, მალე გავიდეს ბოლოში. "კოვიდი" თავის შხამიან კვალს დატოვებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ და ღმერთის გვერდით, რათა ვირუსმა კი არ დაგვჯაბნოს და დაგვამარცხოს, არამედ ჩვენ დავამარცხოთ ის.
"პანდემიამ დაიპყრო ყველა და ყველაფერი, მაგრად ჩაგვავლო ბრჭყალები"
- ყოფით პრობლემებს რა დალევს... დროდადრო ლექსებით გავურბოდი პრობლემებს, ახლა წერისთვის ძველებურად ვეღარ ვიცლი, რადგან პანდემიამ დაიპყრო ყველა და ყველაფერი, მაგრად ჩაგვავლო ბრჭყალები. ადამიანი დგას ღვთის პირისპირ და აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს. ვინც დავრჩით, იმედიანად, ხალისიანად და სიყვარულით სავსენი უნდა ვიყოთ. ძალიან მძიმე დაღი დაასვა პანდემიამ კაცობრიობას. ბევრი გამოჩენილი ხელოვანი წაგვართვა, ძალიან კარგი ბიჭები, აღარ არიან... ვირუსს შეეწირა კახი კავსაძე, თემურ წიკლაური, ანზორ ერქომაიშვილი - გენიალური კაცი და უამრავი სხვაც. ახლა მათ თამაზ მეჭიაურიც შეუერთდა... ჩვენ ვართ ჩართული დიდ ომში, სადაც ჩვენი იარაღი სიყვარული უნდა იყოს.
"სადაც სიყვარულია, იქ არის პოეზია"
- მიუხედავად ყველაფრისა, ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ახლახან გამოიცა ჩემი მინიმალისტური პოეზიის კრებული, რომლის რედაქტორია ქალბატონი ელენე სარალიძე. კრებულს ჰქვია "როცა ცა გიახლოვდება". მასში 1000-მდე ჰაიკუა თავმოყრილი. ასე რომ, მთლად უნაყოფო არ ყოფილა ეს პერიოდი ჩემთვის.
მაშინ, როცა ადამიანები დაშორებული არიან ერთმანეთს, მათი სულები კი გაუხეშებულია, ერთადერთი საშველი პოეზიაა, რომელიც "სულს სამოთხედ აქცევს". პოეზია სასწაულებრივი ძალაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი კიდევაც განკურნოს, კიდევაც გადაარჩინოს და სულიერად გააძლიეროს. პოეზია ხომ სულის საზრდოა. ადრე უამრავი პოეტური კრებული გამოდიოდა - 100 ათასი, 200 ათასი. ახლა ეს რიცხვები, სამწუხაროდ, 300, 400, მაქსიმუმ, 500-ზე ჩამოვიდა. ძალიან მაწუხებს, რომ დღეს პოეზია ნაკლებად იყიდება, ვიდრე პროზა. არადა, სადაც სიყვარულია, იქ არის პოეზია, სიყვარული კი ღმერთია. ადამიანები გაუხეშდნენ და ეს ცხოვრებამ, დრომ და ეპოქამ მოიტანა. მადლობა ღმერთს, ადამიანი ფარ-ხმალს არ ყრის და მაინც უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სირთულეებს...
"სიტყვა პოეტის ავგაროზია"
- სიტყვა პოეტის ავგაროზია... სათქმელს ლექსებით ვამბობ, მაგრამ ბევრი უთქმელიც შემონახული მაქვს, ისევე, როგორც გამოუქვეყნებელი ლექსები - დაახლოებით 40 პოეტური კრებულის ავტორი ვარ, აქედან 20-ია გამოცემული, 20-იც შეკრებილი, აწყობილი და გამოსაცემად გამზადებული მაქვს. ძნელია დღეს წიგნის გამოცემა, სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ყველაფერს ცეცხლი უკიდია. ადრე, მაგალითად, შეიძლებოდა მიგეტანა წიგნი გამომცემლობაში, გამომცემელი ჩაიბარებდა, გამოსცემდა წიგნს და მიაწვდიდა მკითხველს. ახლა შენი წონა მარტო მასალა - ქაღალდი ღირს. ადრე ფულს გამომცემლობა იხდიდა, ახლა - ავტორი. წიგნის გამოცემა ფუფუნებად იქცა...
"მაშინ უფრო მტკივა სამშობლო"...
- ჩემთვის ყველაზე ბედნიერია წუთი, როცა ლექსი იწერება. უბედური ვარ, როცა ვხედავ შეცვლილ გარემოს, გაბოროტებულ საზოგადოებას. მჯერა, ინტელექტი მაინც თავის ადგილს დაიკავებს. ამ ბოღმისა და გაბოროტების მიუხედავად, მაინც გაიმარჯვებს საღი აზრი. "რა დროს ერთმანეთის დევნა და ტანჯვაა, სამშობლო ნაბდისხელა გამხდარა". მტკივა ჩემი სამშობლო, მაშინ უფრო მტკივა, როცა ჩემს მიტოვებულ მთას გადავხედავ, დაცლილ სოფლებს. სამწუხაროდ, "ამოშლილი და გახუნებული ბარათივით ემჩნევა დედამიწას განახევრებული სოფელი"...
მართალია, მთის რეგიონს, ასე თუ ისე, დაეტყო ხელი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, მეტი ენერგიის ხარჯვა, მეტი შენება, მეტი გარჯა და წახალისებაც. ასე რომ, ომი გრძელდება და, იმედია, ერთ დღესაც დალაგდება ცხოვრება. ჩემი დიდი სურვილია, ერთმანეთს მიჰყოლოდნენ "კოვიდი" და ჩვენი მტრები.
"სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ სიყვარულის ნათელ ქვეყანაში"
- ერთი ჰაიკუ მაქვს ასეთი - "ჰორიზონტიდან რა იხილე, შენ ის მითხარი, თორემ აღმართს ჭიაც კი აივლის"... თავად მე ჰორიზონტიდან უსასრულობა დავინახე, რომლის მხოლოდ ნაწილი ჩანს, ნაწილი კი მთასაა მოფარებული. ეს ჩანს კარგად ჰორიზონტიდან. ჩვენ გვგონია, ჰორიზონტია ის ადგილი, რომელთანაც ახვალ, ახლოს მიხვალ და დაინახავ. მერე აღმოჩნდება, რომ არავითარი ჰორიზონტი არაა, ყველაფერი შენი წარმოსახვის ნაყოფია, ჰორიზონტი მიდის და მიდის იქით.
აი, "სიყვარული არ მიდის არავისთან, (ის მგზავრი არაა) - ჩვენ თვითონ შევდივართ მის ნათელ ქვეყანაში". ახლა ამ ნათელი ქვეყნიდან გამოსული ვართ და სასწრაფოდ უკან უნდა დავბრუნდეთ. დასაბრუნებლად ერთადერთი გზა არსებობს - ღმერთთან სიახლოვის, სხვა გზა და ხსნა არ არის.
"ან იქნებ ესაა სიყვარული, გული რომ ვარსკვლავებში შეერევა და პატრონი ვეღარა პოულობს?" ასეა, ყველაფერი სიყვარულის ნაწილია, რაც გვიზიდავს და გვეძვირფასება. მაგალითად, სამშობლო. სამშობლო ადგილია, სადაც სიყვარული ზეიმობს. სამშობლო არის ის სასწაული, რომელიც გვეძახის ყოველთვის, არ გვასვენებს, გვაფორიაქებს და სულ ჩვენთან არის. როცა სამშობლო და ადამიანი ერთად, განუყოფელი არიან, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ბედნიერებას გისურვებთ ყველას!
რამდენიმე ჰაიკუ ვაჟა ხორნაულის ახალი კრებულიდან "როცა ცა გიახლოვდება“
"სიცოცხლის წყაროს რა გამოლევს/ სიკვდილის ხელადაში".
"მაგრამ ზოგიერთი წიგნი ისეთია, /თითქოს ყდებს შორის ვარსკვლავიანი ცა არის ჩაკეცილი".
"ადამიანი / იასავით თავდახრილი ღმერთის წინაშე".
"რაღა ჩემი ჯიბე და რაღა მერცხლის ბუდე ზამთარში".
"ღმერთის მოსაწონი გუთანი ისაა, რომელსაც დარდი და სიხარული უბია ხარებად".
"როგორ არ გაიხარებს არწივი/ უფრო მაღლიდან სხვა არწივის ჩრდილი რომ დაეცემა"
"ამოშლილი და გახუნებული ბარათივით ემჩნევა დედამიწას განახევრებული სოფელი".
"არ დაბრუნდება ეს გაზაფხული, მომავალ გაზაფხულს ცასა და მიწას არ შეეცილება".
"ეს კოშკი მე ავაგე და ვეღარ გავდივარ, გარეთაც არავინაა მისი მძიმე კარის გამღები".
"სიყვარული ეწვია ობობას და ქსელი ვარსკვლავეთიდან ვარსკვლავზე გააბა".