დაიცავს კი "ზოროს" ნიშანი პუტინის ტანკებს "მეგობრული ცეცხლისგან"? - კვირის პალიტრა

დაიცავს კი "ზოროს" ნიშანი პუტინის ტანკებს "მეგობრული ცეცხლისგან"?

საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ჯავშანტექნიკაზე გამოსაცნობ ნიშნებს ახატავენ,რათა ბრძოლის ორომტრიალში,სადაც ყველაფერს ხანდახან წამები წყვეტს-თუ ვინ დაასწრებს გასროლას, "მეგობრული ცეცხლით“ ერთმანეთი არ დააზიანონ,მითუმეტეს თუკი მოწინააღმდეგე მხარეები ერთნაირი ტიპის ტექნიკას იყენებენ, რომელთა სილუეტები იდენტურია.

მაგალითად, 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის არმიის შეჭრის წინ ტანკებს ზემოდან ორი პარალელური თეთრი ხაზი დაახატეს, რომ მფრინავებს ისინი ჩეხოსლოვაკელების იმავე ტიპის ტანკებში არ არეოდათ.

აფხაზეთის და აგვისტოს ომშიც რუსები ასე აკეთებდნენ, თუმცა ამან არ უშველა,როდესაც ცხინვალის მისადგომებთან რუსმა მედესანტეებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ მოიერიშე თვითმფრინავს, რომელმაც თავის მხრივ დაბომბა მათი ჯავშანკოლონა-საბოლოო ჯამში რუსეთის გმირობა ორივეს მისცეს, მოიერიშეს ჩამომგდებ რუს მედესანტეს და იმ რუს პილოტს,რომელმაც "ქართველების“ კოლონა წარმატებით დაბომბა და ჩამოგდების შემდეგ ცოცხალი გადარჩა...

თავად ამ ბლოგის ავტორი,როდესაც 8 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ძალიან დაბალ სიმაღლეზე ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა გადაუფრინა, მათ კუთვნილებას იმით მივხვდი, რომ თვალწინ წამით გაიელვა მეორე, მიმყოლ მოიერიშეს მთელ კილზე დახატულმა რუსეთის სამფეროვნმა დროშამ.სხვათაშორის,1992 წლის შემოდგომაზე,სოხუმთან,ზღვის სანაპიროზე მდგარი ჩვენი ჰაუბიცების დივიზიონის თავზეც ასე დაბლა გადაგვიფრინა მოიერიშეების წყვილმა და ერთი მათგანის კილზეც რუსეთის დიდი დროშა იყო გამოსახული...

"მეგობრული ცეცხლისგან“ არავინაა დაზღვეული, ამიტომაც დამატებითი გამოსაცნობი ნიშნების დახატვა ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების კორპუსზე მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ უკრაინის საზღვართან თავმოყრილ პუტინის ტანკებს და სხვა ტექნიკას რაც დაახატეს, ათასნაირი ინტერპრეტაციის, მათ შორის სასაცილოს, საშუალებას იძლევა.

blogisfoto1-1645351902.jpg

რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების იმ რაიონებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას, გამოჩნდა რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ლათინური ასო-ბგერა Z აქვს დახატული კვადრატში.

გინდა თუ არა, დახატული ასო-ბგერა Z -ტი ბავშვობის მოგონებებს აღძრავს, როდესაც მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის გმირის-ზოროს(რომელიც ბოროტი პერსონაჟების სხეულზე ხმლის წვერით ამ ლათინურ ასოს გამოსახავდა) მიბაძვით, ჩვენც, ბავშვები კედლებზე ვახატავდით- Z -ს,რითაც უფროსების არცთუ უსაფუძვლო გაბრაზებას ვიწვევდით.

არ ვიცი, 69 წლის პუტინი, ან მისი 66 წლიანი თავდაცვის მინისტრი შოიგუ ბავშვობაში "ზოროს“ თამაშობდნენ თუ არა(ისე ჯობდა მათ ბავშვობაში ეთამაშათ მეტი ომობანა,ვიდრე დღეს...) ან ვინ ურჩია მათ უკრაინაზე შეტევის წინ ამ განმასხვავებელი ნიშნის დახატვა რუსულ ჯავშანტექნიკაზე, მაგრამ ამან შეიძლება დიდად მაინც ვერ დაიცვას რუსული არმია "მეგობრული ცეცხლის“ შემთხვევებისგან.

სამხედრო ტექნიკაზე ინდივიდუალურად დახატული კვადრატში ჩასმული Z-ს ზომები არ არის იმხელა, რომ შორიდან მისი კარგად იდენტიფიკაცია მოხდეს, თუმცა არაა გამორიცხული ისინი სპეციალური საღებავით იყოს დატანებული, რომელიც ღამით ანათებს, ან კარგად ჩანს ღამის ხედვის მოწყობილობებში.

ლათინური Z-ის კვადრატში დახატვით რუსებს ტექნიკის "მეგობრული ცეცხლისგან" დაცვა სურთ...

რუსეთის არმიას იმიტომაც ემუქრება "მეგობრული ცეცხლით“დანაკარგის მიღება, რომ უკრაინელებს თითქმის ანალოგიური საბრძოლო ტექნიკა ჰყავთ, ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა თუ ჯავშანტრანსპორტიორების ერთნაირი სილუეტით.

დიდი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთის ავიაცია მოახერხებს უკრაინის ცაში გაბატონებას და უკრაინელების ჯავშანტექნიკაზე ნადირობას დაიწყებს, რომლის დროსაც დიდია შანსი, რომ იმავე კონტურების მქონე საკუთარი, რუსული ტანკებიც დაბომბოს...

P.S. ზორო, რობინ ჰუდივით და ჩვენებური არსენა მარაბდელივით-"მდიდარს ართმევს,ღარიბს აძლევს“ სქემით "მუშაობდა“,რასაც ვერასოდეს შესძლებს ის პუტინი,რომელმაც თავისი 22 წლიანი მმართველობის პერიოდში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ცოდვა დაიდო...