"ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ მითხრა, უკვე 62 წლის ვარ და ვატყობ, ამდენი ადამიანის განცდებით - დადებითითაც და უარყოფითითაც, დავიღალეო" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ მითხრა, უკვე 62 წლის ვარ და ვატყობ, ამდენი ადამიანის განცდებით - დადებითითაც და უარყოფითითაც, დავიღალეო"

"მინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ერთიანი და მართალი ძალა ვართ, რომ ერთიმეორეს არ ვწირავთ, ერთად ვდგავართ, მაგრამ ისე კი არა, მე შევცდე და შენ ხელი დამაფარო. ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, საითაც ძალასა და ერთიანობას ხედავს, იქით მიიწევს. თუ წყენის გამო გაწირავ ერთს, მეორეს, მართალიც რომ იყო, მაინც არასწორი საქციელია, რადგან ამით საერთო საქმეს ვნებ. შეიძლება სოსომაც დაუშვა შეცდომა, ემოციებს აჰყვა, რადგან დაიჩაგრა და ვისი იმედიც ჰქონდა, იმან არც კი მოუსმინა. სოსო სადაც უნდა წავიდეს, თავის სიტყვას იტყვის და თავის საქმეს გააკეთებს..."

ტელეფონით დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენი ინტერვიუ ძალიან გულწრფელი გამოსულიყო. შევამჩნიე, რომ როდესაც სამშობლოსა და ოჯახს ახსენებდა, განსაკუთრებულად ემოციური ხდებოდა, ხმის ტემბრიც კი ეცვლებოდა. "ალბათ, ცხოვრება ამ განსაცდელებით უნდა გავიარო, რომ ვიყო ის, ვინც ვარ", - მითხრა საუბრისას მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ.

- ერთხელ თქვით, რომ მთელი სიცოცხლე სამშობლოს გაძლიერებისა და დიდებისთვის იბრძოლეთ, ფეხზე აყენებდით მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის წინაშე. რა იყო მთავარი მოტივაცია თქვენთვის?

- მე აფხაზეთიდან ვარ, გულრიფშში, სოფელ ფშაფში დავიბადე და ის ტრაგედია, რაც ჩვენს ქვეყანას გადახდა თავს, ჩემს ოჯახსაც შეეხო. მამაჩემი, ნოდარ კურტანიძე, მხოლოდ იმიტომ აწამეს და დახვრიტეს, რომ ქართველი იყო. ეს იყო 1993 წლის ნოემბრის თვე. ამის შემსწრენი იყვნენ მეზობლები, რომლებიც თურმე ეუბნებოდნენ,­ სხვა გვარი ეთქვა და თავი გადაერჩინა, მაგრამ მან უპასუხა: "დიახ, ქართველი ვარ!" პურის მაღაზია იყო ადრე, მის კედელთან მიუყენებიათ მამა და კიდევ ერთი მეზობელი, შესაშინებლად უსვრიათ და მერე რატომღაც თავი დაუნებებიათ. მაშინ გადარჩენილა, მაგრამ მეორედ კვლავ გადაჰყრია ის დაჯგუფება და უცნიათ. მამა ცოტა ნასვამი ყოფილა და იმის გარდა, რომ უთქვამს, ქართველი ვარო, შესაფერისი პასუხიც დაუბრუნებია...მამა ერთმა ჩვენმა მეზობელმა დაასაფლავა. 1996 წელს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე ვიყავი. მკითხა, რა სურვილი მქონდა. მაშინ ოლიმპიურ თამაშებზე მთელი დელეგაციიდან მე და სოსო ჯაჭვლიანმა­ მოვიპოვეთ ორად ორი მედალი. ვთხოვე, მამის გზაკვალი მოეძებნა ჩემთვის. ავთო იოსელიანის ხელმძღვანელობით დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ საფლავს ვერ მიაკვლიეს. როდესაც დარბაზში ვვარჯიშობდი, ყოველთვის ველოდი, რომ გამოვიდოდი და მამა დამხვდებოდა. ვეცადე, ეს განცდა და ტკივილი სხვა რამეზე გადამეტანა. მინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ყველგან ვამბობდი, რომ აფხაზეთიდან ვიყავი. ოლიმპიურ თამაშებში 200 ქვეყანა მონაწილეობს, მსოფლიოს ჩემპიონატზე - 85 და მათ შორის ის ქვეყანაც, რომელიც აფხაზეთში სეპარატისტებს აძლიერებდა. ამდენი­ ქვეყნის წარმომადგენლების თვალწინ ჩვენი ქვეყნის დროშა რომ იწეოდა, უნდოდათ თუ არა, ფეხზე წამომდგარი პატივს მიაგებდნენ ჩვენს ჰიმნსა და დროშას. ასე ვაძლიერებდი ჩემს სამშობლოს, ასე ვიხდიდი ვალს მამის წინაშე. ბოლოს, 2021 წლის ოქტომბერში, საბერძნეთში კიდევ ერთხელ, მეექვსედ მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვეტერანებში 53 ქვეყანას შორის და კიდევ ერთხელ შევახსენე მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძლიერი გენია.

- მთელი სიცოცხლე მიტევებით ვიცხოვრე, ყველას მივუტევე, მტერსაც კიო, ამბობთ, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მიკვირს. ძალიან რთულია, შეძლო და აპატიო, მით უფრო - მტერს. თქვენ როგორ მიხვედით მიტევებამდე?

- ალბათ, სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ მიმიყვანა აქამდე. მინდა ეს პატიება მაგალითი იყოს სხვებისთვის არა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ. არა, ასე არ არის! მე ბევრი ტკივილი ვიწვნიე ცხოვრებაში. ახლა მარტო ვარ, უკვე რამდენიმე წელია და ბევრი დრო მაქვს ყველაფრის გასაანალიზებლად. ვფიქრობ, ერთ ადამიანს არ მეყო რესურსი, სწორად გამენაწილებინა დრო, გრძნობები, პასუხისმგებლობა. ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ არ ვარ კარგი მამა, არ ვიყავი კარგი მეუღლე, კარგი შვილი, რადგან ვერ დავიცავი, რაც ყველაზე ძვირფასია - ოჯახი. სამშობლო ხომ ოჯახიდან იწყება. ოჯახი არის ჩემთვის ყველაფერი - იქ არის სიყვარული, ბედნიერება, იქ მიგეჩქარება ყოველთვის, მაგრამ მე გამუდმებით იმ ტკივილზე ვფიქრობდი, რაც აფხაზეთმა დამიტოვა. სულ ბრძოლაში ვიყავი ჩართული, ვფიქრობდი, აი, ერთხელაც და მერე ყველაფერს დავალაგებ-მეთქი, მაგრამ გავიდა სამი ათეული წელი. ამასობაში გამომრჩა რაღაცები... ადამიანი ვარ და ხდება ხოლმე ასეც - გამომრჩა ყურადღება მეუღლის მიმართ, რომელსაც მეტი მზრუნველობა და სიყვარული უნდოდა; შვილების მიმართ, რომლებსაც მამის სითბო სჭირდებოდათ... მოკლედ, ვერ "გადავნაწილდი" ყველასა და ყველაფერზე. ეს წლები ბევრს ვფიქრობ იმაზე, რაც გამოვიარე - დამცირება, შეურაცხყოფა იმ ადამიანებისგანაც კი, ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე. დიახ, მე ისე ვიცხოვრე, რომ მტერსაც მივუტევე, ვინც დამამცირა, იმასაც კი. მოვძებნე ძალა ამხელა სიყვარულისთვის და ამით მათ უფრო მეტი დავანახვე, ვიდრე რევანშით და აგრესიით შევძლებდი. ასე უფრო ძლიერი და მართებული პასუხი გავეცი ყველას, მაგრამ ამასობაში ხელიდან გამექცა ის ბედნიერება, რაც ჩემთვის უმთავრესი იყო და არის. არ მეყო ძალა, დამეცვა ყველაზე მთავარი, საიდანაც სამშობლო იწყება - ჩემი ოჯახი. ამ ტკივილით ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ იმედი მაცოცხლებს. ვხედავ, სად დავუშვი შეცდომა, ვაანალიზებ, რაც მოხდა და რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი...

- ასეთი გულწრფელი ხართ საერთოდ?

- შეიძლება ერთხელ და ორჯერ იყო სხვა, ნიღაბი მოირგო, მაგრამ მე ასე არ მიცხოვრია. ამ გულწრფელობამ ბევრი რამ დამაკარგვინა. ზოგჯერ, ალბათ, უნდა ითამაშო კიდეც, მაგრამ მაშინ ის ვეღარ იქნები, ვინც ხარ.

- სოსო ჯაჭვლიანის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ 2015 წელს მის საძინებელში სათვალთვალო კამერის აღმოჩენის შესახებ. ჩემს სიტყვებს ლუკა კურტანიძე დაადასტურებსო, თქვა პირდაპირ ეთერში. რაში დასჭირდა ამ ყველაფერზე ახლა ლაპარაკი?

- რადგან კამერები იყო ჩახსნილი და კვების ბლოკი - გადაჭრილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მივანიჭეთ, არ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური და საფუძვლიანად არ გამოვიძიეთ - ეს იყო ჩვენი ბრალი. ან რაში სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" ამის გადაღება? მან საზეიმოდ გაანადგურა სხვისი გადაღებული ნივთმტკიცებები, რასაც, სხვათა შორის, არც მაშინ ვეთანხმებოდი და დღესაც ვფიქრობ, რომ არასწორი იყო. გამოძიებისთვის იქნებოდა საჭირო. იმ რეჟიმის გასასამართლებლად უნდა შეენახათ, რომელიც "ნაცმოძრაობამ" შექმნა. თქვენს კითხვას დავუბრუნდები... სოსო მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ჭიდაობის ფედერაციაშიც იგივე სიტუაცია მქონდა და როდესაც დავინახე ადამიანების ასეთ დონეზე დაშვება, განცხადება გავაკეთე და წამოვედი. არ მინდოდა, ეფიქრათ, რომ თანამდებობისთვის ნებისმიერ ფასად ვიბრძოდი. ბიძინა ივანიშვილსაც პირდაპირ ვუთხარი, მე თქვენ არ გაფიქრებინებთ, რომ ყველაფერზე მივდივარ თანამდებობისთვის, ამიტომ უარს ვამბობ-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ცამდე მართალი ვიყავი. სოსომ კი გადაწყვიტა, ბოლომდე იბრძოლოს.

მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ჩატარებულიყო, რომელიც ჩაშალეს, სოსო აპირებდა ღირსეულად წასვლას, მაგრამ რადიკალურად განწყობილი მოწინააღმდეგეების მხრიდან ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ამ დროს საჭირო იყო მეტი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ვის რა ეწყინა.

რადგან ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა,­ ჩვენ მოგვანდო ქვეყანა, წყენაზე მაღლა უნდა დავდგეთ და ემოციებით არ უნდა ვიმოქმედოთ. მე უდიდეს პატივს ვცემ თეა წულუკიანს - რაც ვერ შეძლო სხვამ, დღეს იმ საქმეს მოჰკიდა ხელი. ასევე კახა კალაძეს, რომელიც ფუტკარივით შრომობს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს ხვდები, მეორესთან საუბარიც საჭიროა. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რადგან დაპირისპირება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ჩემი მაგალითით ვამბობ ამას. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, წამოვედი, მაგრამ ჩემს მოწინააღმდეგეს წლების შემდეგ გვერდით დავუდექი და ჭიდაობის ფედერაცია დღეს ერთ-ერთი წარმატებული ფედერაციაა. საქართველოს ისტორიაში ოთხი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არასდროს გვყოლია. ალბათ, ეს ძალა უნდა მოვძებნოთ ერთმანეთში, რათა ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება მივცეთ. შეიძლება მოწინააღმდეგე და დაუძინებელი მტერი იყოს შენი, მაგრამ თუ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია გაქვს, უნდა იმოქმედო შენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც უფსკრულისკენ მიდიხარ, მე უნდა მიგითითო - ეს მიმაჩნია მხარდაჭერად. მე მინდა­ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ერთიანი და მართალი ძალა ვართ, რომ ერთიმეორეს არ ვწირავთ, ერთად ვდგავართ, მაგრამ ისე კი არა, მე შევცდე და შენ ხელი დამაფარო. ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, საითაც ძალასა და ერთიანობას ხედავს, იქით მიიწევს. თუ წყენის გამო გაწირავ ერთს, მეორეს, მართალიც რომ იყო, მაინც არასწორი საქციელია, რადგან ამით საერთო საქმეს ვნებ. შეიძლება სოსომაც დაუშვა შეცდომა, ემოციებს აჰყვა, რადგან დაიჩაგრა და ვისი იმედიც ჰქონდა, იმან არც კი მოუსმინა. სოსო სადაც უნდა წავიდეს, თავის სიტყვას იტყვის და თავის საქმეს გააკეთებს. მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ამ ამბავზე ხალხის კომენტარებს ვკითხულობდი - ერთმანეთიც დაგიხოცავთო, წერდნენ და ტაშს უკრავდნენ გახარებულები. ამიტომ ვკითხულობ: ამაზე მეტი წყენა გვქონია ადეიშვილ-სააკაშვილ-უგულავასგან, დანარჩენებისგანაც, მაგრამ დღეს ხომ ვსაუბრობთ მათთან და სოსო ჯაჭვლიანთან საუბარი რა გახდა?

- ახსენეთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა გაენადგურებინა ნივთმტკიცებები. სახელისუფლებო პარტიის ყველაზე დიდ შეცდომად ეს მიგაჩნიათ?

- ვერანაირ კოაბიტაციას ვერ მოიხდენენ და შეიფერებენ ესენი. პრეზიდენტს შეთანხმებაზე სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული და მიწასთან გვასწორებდნენ ყველას. ერთხელ, როდესაც ბატონ ბიძინას ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანებთან თანაარსებობა, რომლებიც მუდმივად რევდნენ სიტუაციას, მიპასუხა, უნდა შევძლოთო! სწორედ ეს იყო შეცდომა! პოლიტიკური ველიდან თავიდანვე უნდა გაეყვანათ ეს პარტია, უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ. ასეთი სასტიკი რეჟიმის შემქმნელი და დანაშაულის ჩამდენი პარტია უნდა აკრძალულიყო! ასეთ რთულ დროს ოპოზიცია, რომელიც გამოსავალზე უნდა ფიქრობდეს, მხოლოდ იმაზე ოცნებობს, ღრმა კრიზისში ჩაეფლოს ქვეყანა, რომ უფრო ადვილად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ექაჩებიან, უნდათ საქართველო მხარედ გამოჩნდეს, მაშინ, როცა ლამის ხელის გაწვდენაზე გვაქვს რუსეთის სამხედრო ბაზა.

- ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დღემდე გაქვთ კავშირი?

- ზოგჯერ მაქვს ამის შესაძლებლობა­ - სატელეფონო საუბარს ვგულისხმობ, თუმცა ვცდილობ, არ შევაწუხო. ზოგჯერ თვეების, წლების განმავლობაშიც არ მქონია ურთიერთობა, თუმცა უთქმელადაც ვხვდები, რას განიცდიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ და კარგად ვიცნობ. ერთ ამბავს­ გავიხსენებ: უმადურობაზე ვლაპარაკობდით კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. მითხრა, ქართველი ერი ჭირვეული ბავშვივით არის, მაგრამ ძალიან საყვარელიაო. როდისმე დაიღლებით და გული გეტკინებათ ამდენი უმადურობის გამო-მეთქი. იუარა. ამ საუბრის შემდეგ გავიდა წლები და ერთხელ მითხრა, უკვე 62 წლის ვარ და ვატყობ, ამდენი ადამიანის განცდებით - დადებითითაც და უარყოფითითაც, დავიღალეო. გახსოვთ, წლების წინ რომ გითხარით-მეთქი? მერე რაღაცნაირად გამხნევება მომინდა და, ეს ყველაფერი უნდა დაითმინოთ-მეთქი, ვუთხარი. ბევრი რამ უნდა მოვითმინოო, ღიმილით მიპასუხა...

- საუბრის ბოლოს მითხარით, ამჟამად რას საქმიანობთ, როგორ ცხოვრობთ?

- რაც უნდა მტკივნეული იყოს, ექვსი შვილის მამა რამდენიმე თვეა, არ ვმუშაობ. ფიქრი იმაზე, როგორ ვარჩინო ისინი, ადამიანურია და არ მაშინებს, რადგან ამაზე უარესადაც ვყოფილვარ. როდესაც აფხაზეთიდან წამოვედი, ამაზე მეტი ტკივილი და განცდა მქონია, სიმწრისგან მიწა მიჭამია.­ ახლა იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთესობა იქნება; მომეცემა შესაძლებლობა, კიდევ რამე გავაკეთო ჩემი სამშობლოსთვის. მონასტერში წავიდე იმიტომ, რომ გულდაწყვეტილი ვარ და ღმერთს ვუთხრა, არ გამიმართლა და ამიტომ მოვედი-მეთქი? ეს არ არის სიყვარული. იქ უნდა წახვიდე ბედნიერი შენი გადაწყვეტილებით. როდესაც კურთხევა ვთხოვე, ჩვენმა პატრიარქმა მითხრა, შენ ერში ბევრი საქმე და ბრძოლა გაქვს გადასატანი, ერში ხარ საჭიროო.ღვინის პატარა მარანი აქვს. ირაკლი ბათიაშვილთან ერთად ვიყავი და მაშინ მითხრა ეს სიტყვები. მე მიყვარს პატრიარქი და იმ გამოუვალ სიტუაციაში რომ ასეთი რამ მითხრა, ვირწმუნე. თუ მომეცემა საშუალება, როგორც ოფიცერი, მზად ვარ, კვლავაც ჩემს სამშობლოს ვემსახურო. ეს იმედი მაცოცხლებს, მინდა, ღირსეულ ადამიანად დავრჩე, როგორადაც მიცნობს საზოგადოება. ერთხელ მითხრა რეზო ესაძემ, აცხონოს უფალმა, სამშობლოს რომ ახსენებ, ცრემლები უნდა მოგადგეს თვალზე, აი, მაშინ გიყვარს სამშობლოო. როდესაც მარტო ვრჩები ხოლმე, მართლაც ასეა. აი, ახლაც, თქვენთან საუბრისას ბევრჯერ შევიკავე თავი.

- მივხვდი, რომ ასე იყო...

- რა ვქნა, არანორმალურად მიყვარს ჩემი სამშობლო და მადლიერი ვარ მისი. ერთმა კარგმა ახალგაზრდამ მითხრა, ჩვენ კაცები ვართ და გვაქვს ვალდებულება, ძლიერები ვიყოთ, მაგრამ ზოგჯერ ცრემლიც უნდა დავღვაროთო. ცრემლის შემდეგ კი უნდა წამოდგე და დაანახო ყველას, რომ ძლიერი ხარ. თუ რამ შეცდომები მქონდა, ამან კიდევ უფრო გამაძლიერა და მომცა ძალა, ვიბრძოლო ბედნიერებისთვის. მგონია, რომ სწორედ განსაცდელმა გამაძლიერა, მაგრამ მინდა შანსი მქონდეს ცხოვრებაში და, ალბათ, უფალი ისე არ გამწირავს, კიდევ არ შევძლო, გულწრფელად გავიღიმო.

ნინო ჯავახიშვილი

ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ "კვირის პალიტრის" 21 თებერვლის ნომერში