"კისერაწვდილებისა და კისერჩავარდნილების ცქერაში გადის ძვირფასი დრო...“
"ღირებულებათა კრიზისია ყველგან, სადაც ადამიანს ივიწყებენ“
პოეტ კატო ჯავახიშვილის ლექსებს უკვე იცნობს უცხოელი მკითხველი. როცა წუთისოფლის ყოველდღიური სატკივრით დაიღლება, პოეზიას მოეჭიდება... მის ლექსებში ჩადებულ მრავალწახნაგოვან პრობლემებში მკითხველი ხშირად თავს ამოიცნობს, მაგრამ ყველაფერს სხვაგვარად დაანახებს.
- კატო, როგორ ცხოვრობთ პანდემიურ სამყაროში? წერისთვის გრჩებათ დრო, განწყობა, სურვილი?
- სხვათა შორის, ჩემდა სამარცხვინოდ, რომ არა ზოგადი ფონი, საშინელი ტრაგიკული სტატისტიკა, რომელსაც ადამიანების გარდაცვალება რიცხვობრივ მაჩვენებლამდე დაჰყავს, ეს ჩემთვის იდეალური გარემოა. დიდად სოციალურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ, არც კოლექტივების ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლო წლების გიჟურმა რიტმმა მეც ამიყოლია... ბოლოს, მივხვდი, საკუთარი თავი მენატრებოდა. სულ საკუთარ თავს ვეძებდი და ხელში საქმეები, დედლაინები, გაზის და დენის ქვითრები მრჩებოდა. ფიქრი ჩაყლაპა რუტინამ და ფიქრის გარეშე კი როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა?! ამ დროს დაიწყო ეს პანდემია ზუსტად. რაც მთავარია, ფიქრისთვის მრჩება დრო, საკუთარ თავთან ლაპარაკისთვის, გახსენებისთვის. წერითაც პერიოდულად ვწერ. ისე, განწყობა უცნაური რამაა, ფიქრს საითაც აუწყობ ფეხს, იქით მიჰყავხარ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ?..
- ყველა დრო საინტერესოა, სადაც ხარ და ისიც, სადაც არ ყოფილხარ, მაგრამ ჩვენი დღევანდელობა მაგონებს ერთ დიდ საჰაერო ბუშტს, რომელიც სადაცაა უნდა აფრინდეს და ჩვენ კი ჩამოვარდნილ თოკებზე ვებღაუჭებით, არ ვუშვებთ, მიწაში გვინდა ჩავაბეტონოთ. რაღაც არ გვეთმობა და რაღაცას ვერ ვიღებთ. დრო, რომელიც არ გვახსოვს, გვენატრება, ჯერარდამდგარ დროზე იმედს ვამყარებთ, დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, უბრალოდ, არჩევანს არ გვიტოვებს - ასე ვფიქრობთ. იქნებ დროა, ვთქვათ, რომ საინტერესოა ის დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი საჰაერო ბუშტია, რომელსაც დედამიწის ნებისმიერ კიდეზე შეუძლია დაშვება. ცხოვრება არჩევნის უქონლობა არ უნდა იყოს.ალბათ, ხშირად ვფიქრობთ ყველანი, „საით მივდივართ?" ჩემი პასუხი იქნება - ადამიანის გათავისუფლებისკენ, საკუთარ თუ სანათესავო ნაჭუჭში რომ გამოიკეტა და გარემო იმ დოზით მიიღო, რა დოზითაც დასჭირდა.
- ბოლო ხანებში ხშირად ამბობენ, რომ ღირებულებათა კრიზისია. ასეა თუ უბრალოდ ადამიანებს ღირებულებები შეეცვალათ?..
- გააჩნია, რას დავარქმევთ ღირებულებას და აქვს თუ არა მას მთლიანობითი ხასიათი. თუ ჩემთვის მთავარი ღირებულება ჰუმანიზმია და სამყაროს ცენტრად ადამიანს განვიხილავ, მასზე მორგებული სამყარო მინდა: სხვისი აზრის მიღება, პატივისცემა, ლოიალურობა. თუ პროცესს შევაბრუნებთ, მივიღებთ აგრესიას, შეუწყნარებლობას, დაუნდობლობას და აღარ აქვს მნიშვნელობა საწყისს, მიზანს, რის გამოც ეს პროცესები დაიწყო. ნებისმიერ იდეოლოგიას აქვს უნარი ტრანსფორმირდეს, ფორმა დაკარგოს და რადიაქტიურ სუბიექტად იქცეს. რა გახდა ამის მიზეზი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ღირებულებათა კრიზისია ყველგან, სადაც ადამიანს ივიწყებენ. ხშირად ფუნდამენტური ღირებულებების წარმოსაჩენად წარსულს იშველიებენ ხოლმე და აგრესიული ფორმით ცდილობენ თემით სპეკულირებას. ან პირიქით, ზევით რაზეც ვისაუბრე, "ნათელი მომავლის" პრინციპით იქნევენ ხმალს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვენს დროში, სხვა დროებს ვეპოტინებით და ნამდვილად კრიზისია.
- საით მიდის საზოგადოება?..
- რადგან ღირებულებები ვახსენეთ, მორალამდეც მივედით. რა არის კარგი, ცუდი, სამართლიანი ან უსამართლო, დავარქვათ სახელი და მივხვდებით, საით მიდის საზოგადოება, მაგრამ აქაც მუშაობს კოლექტიური და ინდივიდუალური მორალის პრინციპი და ისევ ჩიხია: ერთნი კოლექტიური წესების დაცვისკენ მოგვიწოდებენ, მეორენი ინდივიდის თავისუფლების იდეას ემხრობიან და ვინც კოლექტიური მორალისკენ მოგვიწოდებს, იქაც სხვადასხვა ჯგუფია, ერთი საწყისით, მაგრამ სხვადასხვა ქცევის წესებით. საზოგადოება ჭრელი იყო ყოველთვის. ჩვენ არ გვახსოვს, როგორი იყო ის, უბრალოდ გარდასახვას ვხედავთ და ეს გვაშფოთებს. გარდასახვები საშიში არ არის, საშიშია, როცა იქ ადამიანის ადგილი აღარ რჩება. ჯერ არის... ასეა მკითხველიც, მონაყოლით ვიცით, რომ ადრე ბევრად მეტი წიგნი იყიდებოდა, რომ მწერალი მკითხველისთვის "ღმერთი" იყო, ახლა ბევრად ნაკლები წიგნი იყიდება და ნაკლები ტირაჟითაც გამოდის, ნაკლები მკითხველია, რადგან პირველი - წიგნი ძვირი ღირს; მეორე - ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელია და წიგნისთვის არ სცალია... და კიდევ, მწერალი "ღმერთი" არ არის. როგორც კი მწერალმა ილიასეული გზიდან პირდაპირ სოციუმში მოადინა ზღართანი, "ღმერთობა" დაკარგა. ცუდია ეს? არ ვიცი, არა მგონია. მკითხველი ისეთია, როგორიც საზოგადოება, საზოგადოება კი ისეთია, როგორიც ჩვენ ვართ.
- ერთხელ თქვით, ადამიანი მენატრებაო... ასეა?
- ერთხელ, დიდი ხნის წინ, სრულიად შემთხვევით ერთ ადამიანს შევხვდი და ვუთხარი, რამდენი ხანია არ მინახიხარ-მეთქი. ხომ ხდება, შეხვდები ვიღაცას და ხუთი წუთია საკმარისი, შენი ადამიანი დაარქვა, ზოგიერთს კი მთელი ცხოვრება ვერ გაიცნობ. ალბათ, ეს ვიგულისხმე, ასეთი ადამიანები მენატრება. ეს საკუთარი თავის მონატრებასავითაა.
- როგორ ფიქრობთ, თავისუფალი საზოგადოება ვართ?..
- ჩვენ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი საზოგადოება ვართ. ბევრი რამ ვისწავლეთ, რაღაცები - ვერა. რაც მთავარია, დამოუკიდებლობა ჯერ ვერ ვისწავლეთ. ჯერ კიდევ ჩარჩოებიდან გამოსვლას ვცდილობთ, სამშობლო ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი გვგონია. ზოგჯერ ერთჯერად პერფორმანსებზე წამოვეგებით ხოლმე და მთავარი უკან გვრჩება. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დავდგით სპექტაკლები, განვავითარეთ კულტურა, გავხსენით სამკითხველოები, მაგრამ პარალელურად გვშიოდა, გვციოდა, გვწყუროდა. მერე ავირიეთ, ერთმანეთი დავჯიჯგნეთ, ვწერეთ საჩივრები ერთმანეთზე, გვიშველეთო, ვიხვეწებოდით და მოვიდა რუსი - ნახევარი ომით დავხვდით, განახევრებული ქვეყნით... მერე ერთმანეთიც გავყიდეთ და წითელი დროშაც აგვიფრიალეს. საკუთარი შეცდომების გაანალიზება ერთი საუკუნის შემდეგ მაინც უნდა შეგვეძლოს, წინ რომ წავიდეთ. მთავარია, სწორად სიარული ვისწავლოთ... არც ის უნდა გამოგვრჩეს, რა რეალობაში ვცხოვრობთ - მიეცით ადამიანს ძალაუფლება და დააკვირდით, თანდათან როგორ დაეჭიმება კისრის ძარღვები; შემდეგ ამაყად ასწევს ამ საწყალ კისერს ცისკენ, ხმა და გამომეტყველება შეეცვლება და იმ ოდესღაც მშიერი თვალებიდან დიდი ნაყროვანებითა და სიამაყით გასცემს "სატრიბუნე თანაგრძნობას". მიეცით ძალაუფლება იმას, ვისი ნამდვილი სახის დანახვაც გინდათ. ზოგჯერ სულ პაწაწინაც საკმარისია. მთავარია, მნიშვნელობა მიანიჭოს ვინმემ, რათა დაიჯეროს, რომ რაღაცას წარმოადგენს, გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების გაცემის უფლება მიეცეს. ასე, კისერაწვდილებისა და კისერჩავარდნილების ცქერაში, მათ დიდკაცობის ყურებაში გადის დიდი, ძვირფასი დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თავისუფალი საზოგადოება ვიქნებით მაშინ, როდესაც სახალხო დღესასწაულები ხალხის გარეშე არ ჩატარდება და ქუჩებში ივლიან ადამიანები, რომლებიც წლებია წიგნებს გაზის, შუქის და ნაგვის ქვითრებზე კითხულობენ, ან როცა ევროპისკენ მიმავალი გზა მშიერი ბავშვების თვალებზე არ გაივლის... ხანდახან რაღაცაზე, თუნდაც სოციალურ პრობლემებზე გადავირევით, აღვშფოთდებით, გამოვალთ, ვიყვირებთ, მიტინგებს გავმართავთ და შემდეგ გადაგვავიწყდება, ასეა. ხანდახან ჩვენი საზოგადოება დაშლილ ფაზლს მაგონებს - სულ ვცდილობთ ფაზლის ერთი პაწაწინა ნაწილი მაინც ავიღოთ, ერთი პრობლემა, ძირითადად, იმწუთიერი, იმ დღის, იმ გაბრაზების, კონკრეტული რეაქცია კონკრეტულ ფაქტზე. პასუხი როგორი უნდა იყოს? პრობლემა ან უნდა მოგვარდეს, ან გადავადდეს, ან სხვა პრობლემამ გადაფაროს.
- როგორც წესი, გადავადება, ყურადღების სხვა თემაზე გადატანა, ყველაზე აპრობირებული გზაა.
- ასეა... ყველა ცდილობს "სწორ" ხაზზე გაიაროს - ზოგი ინერციით, ზოგი მითითებით, ზოგი გზის ჩვენებით. მორალი რომ ზნედაცემული ადამიანების თავშესაფარი ხდება, ის გვჭირს ახლა, რასაც შემდეგ ძალადობა მოსდევს, იძულებითი შემოსაზღვრები, თვალსაწიერის შევიწროება. თითქოს ყველამ ერთ სწორ ხაზზე უნდა იაროს, რიგითობის პრინციპით. წინ გმირები, უკან - რიგითები. რიგითობა კი, ჩვენს საზოგადოებში არავის უნდა და მიდის ჭყლეტა და გადასწრება, მკვდრების დამალვა და წელში გასწორება... გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, კლავს ინდივიდს და საფუვრიანი ცომივით ამოფუებულ საერთო იდეოლოგიას ღუმელში აცხობს. სინამდვილეში ყველანი ფრონტის ხაზზე ვართ, რა თქმა უნდა, კლასობრივი, იდეოლოგიური და არსობრივი კლასიფიკაციით. ეს სწორი ხაზიც რამდენიმეა, მაგრამ თითქოს ყველგან ერთ ფილმს უშვებენ - უხეირო თარგმანს, შეცვლილი ტიტრებით. არადა, ისე მიყვარდა კოლექტივებს აცდენილი ადამიანური სისუსტეები და დაცემები. რა სამწუხაროა, როცა ადამიანი იქ იკარგება, სადაც ერთი ხეც კი არ დგას, რომ თავი შეაფაროს. ასეთ "წესიერ" საზოგადოებაში ანტიგმირების ადგილი სადღაა, რომ გულწრფელად ამოთქვას სათქმელი, მოინანიოს, საკუთარი თავი იპოვოს... თან დადგენილ წესრიგსაც ცვლიან. ასე რომ, ადამიანი სად იკარგება ამ საერთო სიკეთეებსა და ომებში, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც ვდარდობ იმ ადამიანებზე, სამყარომ არჩევნის უფლება რომ წაართვა... რა უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, ამდენი სოციალურად დაუცველი, ამდენი მშიერი ბავშვი - ყველაზე იშვიათად საუბრობს გაჭირვებაზე. როგორც წესი, ეს საკითხები მომყოლივით არის ხოლმე - თუ დაგჭირდა, ხანდახან ქოთანს იმ მხრიდანაც გამოაბამ ყურს, საიდანაც გინდა. თუ ისეთი ამაყები ვართ, რომ საკუთარ გაჭირვებაზე საუბრის გვრცხვენია, ხმამაღლა ამის თქმა არ შეიძლება?!. თუ ასეა, მოჩვენებითი სიამაყეა. ჰოდა, მოჩვენებითი თავისუფლება თუ არ გვინდა, მოჩვენებითი სიამაყე სირცხვილის გრძნობით კი არ უნდა შევფუთოთ, ღიად უნდა ვილაპარაკოთ.ხშირად ვჩივით, რომ უსიყვარულობა გვჭირს... ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. ჩემი აზრით, უსიყვარულობაც დაავადება გახდა და იქნებ დადგეს დრო და რაიმე აბებიც გამოიგონონ სამკურნალოდ. თუმცა კიდევ უფრო დიდ და საშიშ დაავადებად მიმაჩნია ვითომ სიყვარულის, ყალბი თანაგრძნობის, სიკეთის მოგონება. ეს მგონი, არ იკურნება. სამშობლოს კი არა, ერთმანეთის სიყვარულს გადავეჩვიეთ. თუ პოვნის სიხარული ვერ იგრძენი, სიყვარულსაც ვერ დაიტევ.