როგორ მოვიპოვოთ კეთილდღეობა და ბედნიერება - კვირის პალიტრა

როგორ მოვიპოვოთ კეთილდღეობა და ბედნიერება

"ცხოვრება გაკვეთილს სწორედ პრობლემებით გვიტარებს, მაგრამ ჩვენ ამ გაკვეთილით ან ვსწავლობთ რამეს, ან - ვერა...“

როგორ უნდა შევძლოთ წინსვლა ჩვენს არცთუ იოლ ცხოვრებაში, დათრგუნოთ გაუმართლებლობის შიში და გავხდეთ ბედნიერი, თუნდაც ხანდახან? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემა ბევრ ჩვენგანს შეუძლებელი ეჩვენება, თუმცა, თუ დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყველა ჩვენგანს უამრავი რესურსი აქვს ყველაზე სანუკვარი სურვილების ასასრულებლადაც კი. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფსიქოლოგ ელენე დოკვაძეს ვესაუბრებით.

- ბევრ ჩვენგანს ისე წარმოუდგენლად ეჩვენება გამოსვლა კრიზისიდან, რომ მომავალზე ხელი ჩაიქნია. ბევრი ქვეყნიდან გაქცევით შველის თავს. ნუთუ მართლაც ასეთი წარმოუდგენელია ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა?

- რატომ არის შეუძლებელი?! ფსიქოლოგიაში არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ წინსვლა სწორედ დიდი პრობლემის წარმოშობისას შეიძლება. სწორედ Kკრიზისი უდევს საფუძვლად ჩვენი ძალების მობილიზებას მძიმე წარსულისგან გასათავისუფლებლად, თუმცა ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ არ გვინდა პრობლემებთან შეგუება. ზოგიერთი ადამიანი პრობლემებს კი არ ებრძვის, არამედ მათ ე.წ. კომფორტის ზონადაც კი აქცევს და აქედან გამოსვლა აღარც უნდა, ან მხოლოდ სიტყვით უნდა, რეალურად კი ამისთვის ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. Uუკეთ გასაგები რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ ორგანიზაციაში, რომელშიც ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობს, "ბოსმა" ფინანსური პრობლემების საბაბით თანამშრომლებს ხელფასი შეუმცირა, შემდეგ უარი თქვა, ფაქტობრივად, უვარგისი სამუშაო ტექნიკის შეცვლაზე, ბოლოს კი ზაფხულში კონდიციონერის ჩართვაც აუკრძალა ასევე ფინანსური პრობლემების მომიზეზებით. ცხადია, თანამშრომლებს ეს არ მოსწონთ და წუწუნებენ კიდეც, თუმცა მხოლოდ წუწუნით კმაყოფილდებიან და არაფერს აკეთებენ, რომ რაღაც შეცვალონ. აზრად არ მოსდით, სამსახურის კარი გამოიკეტონ და უკეთესი სამსახური ეძებონ. ანუ რა გამოდის? თავად ადამიანია იმ "ჯოჯოხეთური ჯადოსნური წრის" რგოლი, რომელზეც ამდენს წუწუნებს, მაგრამ თან ვერ ელევა. რასაკვირველია, გასაგებია, რატომ ვერ ელევა - მას ეშინია, რომ სამსახურის დაკარგვით დაკარგავს სტაბილურობის განცდას, მუდმივ შემოსავალს, რომელიც ახლობლების მატერიალური უზრუნველყოფისთვის ან თუნდაც ბანკის კრედიტების გადასახდელად სჭირდება, მაგრამ მოდი, ვნახოთ, რას მიაღწია მისმა თანამშრომელმა, რომელმაც არ ინდომა პრობლემებთან შეგუება, სამსახურის კარი გამოიკეტა და უკეთესის საძებნელად წავიდა, არადა, მას ამისთვის ნაკლები რესურსი ჰქონდა. აღმოჩნდება, რომ მან მართლაც იშოვა უკეთესი სამსახური. ისმის კითხვა: როგორ აღწევს ზოგჯერ ნაკლები რესურსის მქონე ადამიანი მეტს? პასუხი ერთია: ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის წაქეზება შეუძლიათ. ისინი გაურკვეველი დროით არ ელოდებიან სხვის შეთავაზებას, თავადვე ეძებენ გზებს უკეთესი მომავლისთვის. ანუ ადამიანს ორი გზა აქვს: შეუძლია დაელოდოს სხვის შეთავაზებას და ამ მოლოდინში მთელი ცხოვრება გალიოს, ან არავის დაელოდოს და თავად მიაღწიოს მიზანს. მე გირჩევთ, სწორედ ასე მოიქცეთ და თავადვე შეიქმნათ მომავალი.

ამ ლოგიკით, ნებისმიერ საქმეში წარუმატებლობის მიზეზი თავად ადამიანია და არა - გარემო. ზოგიერთი წარუმატებლობას აღიქვამს, როგორც გამოუვალ მდგომარეობას, რომელსაც თავს ვერასდროს დააღწევს; ზოგიერთი, პირიქით, წარუმატებლობას მიიჩნევს შესაძლებლობად, გადალახოს დაბრკოლებები, მოაგვაროს პრობლემები და იაროს უკეთესი მომავლისკენ. ადამიანს ყოველთვის აქვს პრობლემები ან კარიერაში, ან პირად ცხოვრებაში, მაგრამ ერთნი მხოლოდ წუწუნებენ და არაფერს აკეთებენ, ამიტომ პრობლემების მოგვარებასაც ვერ ახერხებენ. მეორენი კი პრობლემებს იყენებენ, რათა შეცდომები დაინახონ და გამოსავალიც იპოვონ. ასე მოპოვებული წარმატება იქნება კონკრეტული ადამიანის მიზანდასახულობის შედეგი და არა ვინმეს წყალობა. შესაძლოა, მუდმივი ძიების პროცესში ზოგიერთმა შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ მას ისევე არ ეშინია შეცდომების, როგორც წარუმატებლობის. მაძიებელ ადამიანს სჯერა, რომ შეცდომებსაც გამოასწორებს და პრობლემებსაც დაძლევს. წარმატების საფუძველია მარცხი, რომელმაც ენთუზიაზმს ვერაფერი მოუხერხა, ვერ ჩაკლა! ცხოვრება გაკვეთილს სწორედ პრობლემებით გვიტარებს, მაგრამ ჩვენ ამ გაკვეთილით ან ვსწავლობთ რამეს, ან - ვერა.

- ესე იგი, წარუმატებლობის მიზეზად პიროვნულ თვისებებს მივიჩნევთ და არა - გარემოს? ამ თვალსაზრისით, პიროვნებაზე ყოფილა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლაც.

- რა თქმა უნდა! წინსვლა სწორედ ინდივიდებზეა დამოკიდებული. როდესაც ხალხი სწორად შეაფასებს ინდივიდის შესაძლებლობებს და ეთანხმება მას, პროგრესიც არ დააყოვნებს, თუმცა ჩვენს გარემოში ჯერჯერობით წარმატებისაკენ ჯიუტად მიმავალი ადამიანების სიმცირეა. თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ცვლილებებზე ფიქრს იწყებს, აუცილებლად აღწევს­ მიზანს.

- ცვლილებებზე ჩვენთან სულ ფიქრობენ, მაგრამ ვერ ახორციელებენ. ეს ხომ იოლი არ არის...

- მხოლოდ ფიქრი არ არის საკმარისი! უნდა დატოვო ის, რაც არ მოგწონს და წახვიდე იმისკენ, რაც მოგწონს. ამას მიზანი ჰქვია, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი. თუ ეს მიზანი არ გაქვთ, ვერ შეძლებთ რაღაცის შესაცვლელად თქვენი ენერგიის კონცენტრირებას. მაგალითად, ჩვენ გვინდა განათლება, სახლი, მანქანა, სამსახური... დამერწმუნეთ, ყველაფერს მიიღებთ, თუკი "გაინძრევით", გადადგამთ ნაბიჯებს, იმოქმედებთ, იშრომებთ. თუ ეს არ გჯერათ, ესე იგი თქვენ ისეთი დათრგუნვილი ბრძანდებით შიშით, რომ თქვენს გონებაში იმედისა და თვითრწმენისთვის ადგილი აღარ არის. რატომ არ გჯერათ, რომ აქ ჩამოთვლილ მიზნებს მიაღწევთ? იმიტომ, რომ ფული არ გაქვთ? ან დრო? იქნებ ოჯახური პრობლემა გიშლით ხელს? თუ თქვენი გარეგნობა არ მიგაჩნიათ წარმატების შესაფერისად? Mმაგრამ ეს "ხელის შემშლელი" გარემოებები ხომ მხოლოდ გარე რესურსებია და ამ გარე რესურსების უქონლობას რატომ უნდა მისცეთ უფლება, ხელი შეუშალოს თქვენს ნებას, რომელიც ძლიერი და ჯიუტია? ცხადია, ვერც შეუშლის, თუ თქვენ მართლაც გსურთ მიზნის მიღწევა. გარშემო ხომ უამრავი ადამიანია, რომელთაც არაფერი ჰქონდათ, მაგრამ იმოქმედეს და ახლა ყველაფერი აქვთ, რაც სურდათ! ამიტომაც გირჩევთ, იბრძოლოთ მიზნის მისაღწევად. შემიძლია ერთი მარტივი წესიც გასწავლოთ: ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გსურთ და ეს ნაწერი ყოველდღე წაიკითხეთ. დამერწმუნეთ, ეს რაღაც გამოგონილი საშუალება არ არის მიზნის მისაღწევად. როგორც სხეულს, ასევე გონებასაც გასაძლიერებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერს მიაღწევს, ვარჯიში სჭირდება. იბრძოლეთ და იშრომეთ სურვილების ასასრულებლად. ერთადერთი, რაც ამ გზაზე გევალებათ - გული არავის ატკინოთ, თორემ ეს ცუდად დაგიბრუნდებათ უკან.

შიშის დათრგუნვისთვის მინდა ყურად­ღება მიაქციოთ ერთ საოცარ "კონსტრუქციას" - თავის ტვინს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ტვინი გარემოსგან დადებითზე ხუთჯერ მეტ უარყოფით ინფორმაციას იმახსოვრებს, რასაც ამავე თანაფარდობით გვიბრუნებს, როცა მომავალზე ვფიქრობთ, ანუ მომავალზე ფიქრისას გვიჩვენებს უფრო ბნელ მხარეს. ტვინს ეს ფუნქცია განგებისაგან აქვს მინიჭებული, რათა გააფრთხილოს ადამიანი, რომ მან მცდარი ნაბიჯი არ გადადგას, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულაც არ არის ისე რთულად, როგორც ჩვენ გვგონია. თუ ვიმოქმედებთ, ჩვენი მომავალი გაცილებით უფრო ნათელი იქნება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

- რაც ჩამოთვალეთ, ეს ყველაფერი ადამიანის ბედნიერების საფუძველია?

- წარმატება დიდებული რამ არის, მაგრამ ის ვერ იქნება ბედნიერების მომნიჭებელი, როდესაც ჩვენ ირგვლივ ასეთი მოუწესრიგებელი სოციალური ურთიერთობებია. როდესაც ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, წარმატებაც მაშინ იქცევა ბედნიერებად. სწორედ ამიტომაც ვთქვი, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე გული არავის უნდა ატკინოთ-მეთქი. ამავე მიზეზით ხშირად ყველაზე წარმატებული ადამიანი დაღუპვის უპირველესი კანდიდატია. ვგულისხმობ სიტუაციას, როდესაც ადამიანი დიდ წარმატებებს­ აღწევს, მაგრამ სულ უფრო ივიწყებს თავის სოციალურ ურთიერთობებს, სულ უფრო უგრძნობი ხდება მოვლენების მიმართ, არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, ზემოდან უყურებს ყველას და ყველაფერს. და თუ უეცრად წარმატებამ ზურგი აქცია, ის იღუპება. დიახ, სრული ბედნიერების ერთადერთი გარანტი ადამიანია, ჩვენ გარშემო მყოფი ხალხი. როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი კაცის ცხოვრება, რომელსაც აქვს ყველაფერი, მაგრამ იცის, რომ არავის უყვარს?! მხოლოდ სოციალური ურთიერთობებით შეუძლია ადამიანს იყოს ბედნიერი.

დღეს ადამიანმა მართლაც თითქოს დაკარგა სოციალური ურთიერთობის ბედნიერება, რასაც ტექნიკური პროგრესიც მიეხმარა. ტექნიკურმა პროგრესმა კულტურული რეგრესი გამოიწვია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანების გარეშე არაფერი არსებობს, მათ შორის - არც წარმატება. განა როდესაც წარმატებაზე ვფიქრობთ, მხოლოდ სავარძლებს ან სასახლეებს ვგულისხმობთ?! ჩვენ ამას სწორედ იმ ადამიანებთან ერთად მოვიაზრებთ, რომლებიც იყვნენ და არიან ჩვენ გარშემო. ადამიანის უბედურება იწყება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ აღარავის სჭირდება. რაც მთავარია, ჩვენ ირგვლივ პოზიტიური ადამიანების შემოკრება უნდა ვცადოთ. ეს არის გარანტია, რომ ისინი თავადაც იქნებიან ბედნიერნი და ჩვენც მოგვანიჭებენ ბედნიერების განცდას, რომელსაც მერე სხვებს გავუნაწილებთ. ასე რომ, ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ ადამიანებთან ურთიერთობაა, რაც უკან ბედნიერებად გვიბრუნდება.