"სტილისტები რაც გინდა გაიბუშტონ, ნამდვილ ხელოსანს ხალხი ყოველთვის იცნობს“
"ზოგიერთმა შეჭრა ისე იცის, როგორც მე ინგლისური. ეგენი რომ ხალხს კრიჭენ, მერე ჩემთან გამორბიან საშველად. თმების შეჭრას რა კომფორტი უნდა?! გოგირდის აბანოები ხომ არ არის, შიგ რომ გაწვე? ვისაც ნაღდი პარიკმახერი სჭირდება, კარგადაც იცის, ვისთან მივიდეს"
ჩვენი ეზოს "დომინოსტებს", როგორც თავად ამბობენ, ძველ პარკმახერებთან თმის შეკრეჭა ენატრებათ. დიახ, სწორედ პარიკმახერებთან და არა სტილისტებთან, რომლებიც დღეს კლიენტებს "პანტა-პუნტით" ისტუმრებენ და პოლიტიკასა თუ ქალაქურ ჭორებზე საუბრისთვისაც არ რჩებათ დრო. როგორც ჩემი ეზოს თმაჭაღარა "ბიჭები" ამბობენ, პარიკმახერის "ბუტკაში" ყველაფერი "ვისში სორტ" ხარისხში იყო, პოლიტიკაზე ბაასიც შეიძლებოდა და გაკოხტავებაც! ისე, კაცმა რომ თქვას, სადღა არიან ძველი პარიკმახერები, ძველი ქალაქის "ბუტკებში" თეთრი ხალათებით რომ ფაციფუცობდნენ და კისერში ჩაყრილ თმას სულის შებერვით "აფრენდნენ". წარმოიდგინეთ, თვით ავლაბარშიც კი გამქრალან - ოდესღაც ასეთი "ბუტკებით" სახელგანთქმულ უბანში. მათ ნაცვლად კი სილამაზის სალონების "მონოპოლიებია", კომფორტითა და სტილისტებით, რომელთაგან ზოგიერთი უსაქმურად დარჩენილ ძველ პარკიმახერებს ნერვებსაც კი უშლის. თუმცა, ავლაბარში მე მაინც ვნახე ერთი "ნამდვილი პარიკმახერი" - არტურა კაზარიანი. რომ გაიგო, სტილისტის პროფესიაზე მინდოდა საუბარი, გაბრაზებულმა მაკრატელს ხელსახოცი გაუსვ-გამოუსვა და ჩაიბურდღუნა: "სტილისტი არა, იხვის ტოლმა, ნამდვილი პარიკმახერები წინათ იყვნენ!". აი, ასე შედგა ჩვენი საუბარი, რომელიც მგონი სევდანარევიც კი გამოვიდა, რადგან პროფესიებთან ერთად, ჩვენი ქალაქისთვის დამახასიათებელი ურთიერთობებიც სხვანაირი ხდება, ან სულაც ქრება...
- საკვირველია, რომ საპარიკმახერო შეგინარჩუნებიათ და თავადაც არ გადაკეთებულხართ სტილისტად. ხომ არ გწყინთ, პარიკმახერს რომ გიწოდებთ?!
- პარიკმახერი ვარ და მა რა უნდა დამიძახო?! სტილისტი რო არა მქვია, რა, თმებს ამიტომ ცუდად ვჭრი?! ხალხი კიდევ ჩემთანაც ბევრი დადის. აბა, ახლა შენ მითხარი, რით განსხვავდება ეგ სტილისტი ჩემგან? ზოგიერთმა შეჭრა ისე იცის, როგორც მე ინგლისური. ეგენი რომ ხალხს კრიჭენ, მერე ჩემთან გამორბიან საშველად. თმების შეჭრას რა კომფორტი უნდა?! გოგირდის აბანოები ხომ არ არის, შიგ რომ გაწვე? მე არც ტურისტები მაკლია და არც ტაქსის შოფრები. ზოგს მაინცდამაინც მე რომ მოვწონვარ, ამას რას უზამენ?! ვისაც ნაღდი პარიკმახერი სჭირდება, კარგადაც იცის, ვისთან მივიდეს. თანაც, სად ქალის შეჭრილი კაცის თმა, სად კიდევ კაცისა.
- ახლა გენდერულ თემას ეხებით ცუდად. ბევრი სტილისტი ქალი ძალიანაც მაგარია. ძვირად ჭრის, მაგრამ კლიენტი ბევრი ჰყავს. მასტერკლასებზეც დადიან...
- რა მასტერკლასები, რის მასტერკლასები? თმის შეჭრაში დავბერდი კაცი და ვინ რა უნდა მასწავლოს! აქეთ, ჩემთან მოვიდნენ მასტერკლასებზე, თუ უნდათ.
- ალბათ, ძნელია, როდესაც ხედავთ, რომ წლების განმავლობაში უამრავი საპარიკმახერო იხურება, სამაგიეროდ, ისეთი სალონები ჩნდება, ახლოსაც ვერ მიხვალთ მომსახურების კომფორტით. სიტყვა "პარიკმახერიც" კი ამოვარდა ხმარებიდან...
- სომხური სიტყვაა ეგ, "საპარიკმახერო"! ანდა კომფორტი რას შუაშია თმის შეჭრასთან? ჩემი კლიენტის კომფორტი მე ვარ.
- მაშ, არ დარდობთ, ამდენი სალონი რომ იხსნება? დღეს პრესტიჟული საქმეა სტილისტობა, დიდი შემოსავლის მომტანიც.
- ვით გითხრა, რომ პარიკმახერობა არ იყო პრესტიჟული და შემოსავლიანი? იმდენი ხალხი სულელი იყო, ვინც პარიკმახერად მუშაობდა?! პატარა საპარიკმახეროების გაქრობას არ ვდარდობ-მეთქი, ეგ რომ გითხრა, დამიჯერებ? ვდარდობ, მაგრამ ჯინაზე არა ვჩერდები და არც გულს ვიტეხ. სტილისტების ჯინაზე სულ ვმუშაობ და ხალხი ჩემთანაც დადის. არ ვარ უსაქმურად...
ცუდია, რომ დანების და მაკრატლების მლესავები გაქრნენ, აორთქლდნენ. ხალხს რო დანა უბლაგვდება, ნაგავში ყრის. მა რა ქნან, მაინც ერთჯერადია ყველაფერი. მაგიტომაც თავად ვიყიდე ჩემი მაკრატლის სალესი ქვა სამგორის ბარახლოვკაზე. ვეღარც საკერავი მანქანის ხელოსანს იპოვი, ვეღარც სტეკლოებისას. ყველამ მეტალო ჩასვა და თავადაც მაგის ფანჯარა მაქვს. საპოჟნიკებსაც მაგრად უჭირთ, მაგრამ ეგენი ჯერაც არიან, ყველა ხო ახალ ფეხსაცმელს ასე ადვილად ვერ იყიდის...
მობილურებისა და კომპიუტერების ხელოსნების სამი ბუტკა გაიხსნა ჩემს ქუჩაზე, თავისი ოჩერედებით. რო ვუყურებ, ვგიჟდები კაცი, საქართველოდან ხალხი გარბისო და მა ამხელა ოჩერედები საიდან? ხანდახან ლამის მეტრო "ავლაბრამდეა" გაჭიმული.
- ნუ აზვიადებთ. ხალხი კი მართლაც გარბის, სამწუხაროდ. ალბათ, ბევრი თქვენი ნაცნობიც წასულია უცხოეთში, უფრო უკეთეს ქვეყნებში.
- უკეთესი? რითაა უკეთესი?! სილამაზით თუ ხალხით? ჩემები მართლაც ბევრია წასული, მარა მე არსადაც არ წავალ, თუ დაბმული არ წამიყვანეს. ეგრე მაქვს გადაწყვეტილი - სადაც დავიბადე, იქ უნდა მოვკვდე! დაბმული და უფულო კიდევ ვის რაში ვჭირდები, ერთი პარიკმახერობა ვიცი და მაგ საქმესაც ვეღარ გავაკეთებ.
- გისურვებთ, მაგ ხელებით საკუთარი თავის სარჩო მუდამ გეშოვოთ.
- ნეტა ყველა შოულობდეს საკუთარი ხელით თავის სარჩოს, ეგ მხოლოდ გამეხარდება და არ მეწყინება. თორემ მე მთელი სიცოცხლე ჩემს ნაშრომს ვჭამ. მაგიტომაც არ მეშინია არც სტილისტების და არც დოზანების. რაც გინდა გაიბუშტონ, ნამდვილ ხელოსანს ხალხი ყოველთვის იცნობს.