"თუ პუტინი მასშტაბურ შეტევაზე გადავა, რუსეთის ფედერაცია რღვევას დაიწყებს“
უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში რაულ ჩილაჩავა ამჟამად კიევში ცხოვრობს და შესაძლებლობა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ადევნოს თვალი. რას ფიქრობს დღევანდელ ვითარებაზე, ამის გასარკვევად კიევში დავუკავშირდით:
- ეს ნერვების ომია. დიდი ომის ჯერ კიდევ არ მჯერა, რადგან ეს სიგიჟეა. რუსეთს სურს პროვოკაციებით აიძულოს უკრაინა, რომ მისი სურვილის მიხედვით იმოქმედოს. კიევზე შეტევა მსოფლიო ომს ნიშნავს. რუსეთის არმიის მრავალთვიანი საომარი სამზადისი უკრაინის საზღვრებთან შანტაჟის საშიში ფორმა იყო. პუტინს ღრმად სწამს, რომ უკრაინელები რუსების სამხრეთული შტოა და ცალკე ერს არ წარმოადგენენ. ამიტომაც ცდილობს დაუბრუნოს ეს "ძე შეცთომილი" დედარუსეთს. პუტინმა იცის, რომ ეს მეზობელი ქვეყანა ისტორიულად მისი სახელმწიფოს ყველაზე დიდი დონორი იყო - ეკონომიკური, ინტელექტუალური თუ სამხედრო. მას შემდეგ, რაც კიევმა კატეგორიულად აირჩია განვითარების ევროპული და ევროატლანტიკური გზა, პუტინმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინის საკუთარ საზღვართან ნატოს არსებობას. სწორედ მისი მუქარის დასტური იყო იარაღის ხანგრძლივი ჟღარუნი. მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან გაისმა მტკიცება, რომ ნატოს გაფართოება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ზელენსკიმ კი დიდ ბრიტანეთში ელჩის მეშვეობით განაცხადა, ნატოში გაწევრება ჩვენს დღის წესრიგში არ დგასო, ეტყობა, პუტინმა ჩათვალა, რომ პროგრამა-მინიმუმი შესრულებული ჰქონდა. ამავე დროს, ინფორმაცია მიიღო თანამედროვე მსოფლიოში ძალთა თანაფარდობაზე, რაც მის სასარგებლოდ აშკარად არ მეტყველებს. შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში პირველად გავხდით დასავლეთის კონსოლიდირების მოწმე - პუტინს დაუხატეს რუსეთის რეალური პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინაში შეჭრას გაბედავს.
- ლუგანსკსა და დონეცკში დაიწყო დაბომბვა, მოსახლეობის ევაკუაცია...
- თითქმის მერვე წელია, ამ რეგიონებში მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად ხდება... ანუ შანტაჟი კვლავ გრძელდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ისვრიან, რაც იმის ნიშანია, რომ პუტინი შეეცდება არ დაუშვას უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრება, მეტიც, ამაზე ფიქრიც კი, ამიტომ სანამ ეს ქვეყნები ნატოზე უარს არ იტყვიან, ომის საშიშროებაც იარსებებს.
- როგორ ფიქრობთ, ამ უმძიმეს ვითარებაში რამდენად სწორად ართმევს თავს უკრაინის ხელისუფლება თავს გამოწვევებს?..
- ამ ეტაპზე, საღი გონებით თუ ვიმსჯელებთ, ომის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობდა, რადგან ძალიან თვალში საცემი იყო რუსეთის სამხედრო მზადების ბუტაფორიულობა. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ომში მოულოდნელობის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს, აქ კი ყველაფერი ხდებოდა დღისით-მზისით, შეუნიღბავად, დემონსტრაციულად. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავდასხმის დღე და საათიც დაგვისახელეს. მართალია, ამერიკიდან, მაგრამ მაინც. ერთმა თარიღმა გაიარა, ახლა სხვებს გვისახელებენ და თან თავდასხმის დაწვრილებით რუკასაც ურთავენ. რუსეთი შენიღბულად მერვე წელია ეომება უკრაინას, რომელსაც ამ ომის შედეგად 14 ათასი დაღუპული და ორ მილიონამდე დევნილი მოქალაქე ჰყავს. მაინც ვფიქრობ, რომ მთელი უკრაინის დასაპყრობად რუსეთი მზად არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოს პოზიცია თვალნათლივ დაინახა. გაგრძელდება ჰიბრიდული ომი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლოკალური თავდასხმების, სეპარატისტებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების ფინანსურ-მატერიალური წაქეზების, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების, პროპაგანდისტული და კიბერშეტევების გზით. უკრაინის ხელისუფლებამ პირველად იგრძნო, რომ საშიში და ვერაგი მტრის წინაშე მარტო არაა, რაც დიდი სტიმულია, კიდევ უფრო განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა. ამისთვის ნამდვილად აქვს ინტელექტუალური, სამრეწველო და ეკონომიკური რესურსები, თვით ბირთვული იარაღის შექმნის ჩათვლით. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ უკრაინას დიდად ეროვნული და პროფესიული ხელმძღვანელობა ჰყავს, მაგრამ როცა საფრთხე თვითონაც ემუქრებათ, ცდილობენ შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინონ.
- რუსეთის პრეზიდენტს სახელმწიფო დუმამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა...
- დიახ, რუსეთს ყოველთვის აქვს ნებისმიერ ქვეყანაში თავწამოყოფილ სეპარატისტთა წამქეზებელი „აბი“ - მათი სახელმწიფოებად აღიარება. მინსკის შეთანხმებები არ ითვალისწინებს ამ ორი კვაზისახელმწიფოს აღიარებას. პირიქით, რუსეთს სურს მათი ლეგიტიმაცია ერთიანი უკრაინის ფარგლებში, რათა კანონიერად არჩეული დეპუტატების მეოხებით შესძლოს რადაში ნებისმიერი დასავლური ინიციატივის ბლოკირება, ვეტოს დადება. რუსეთის ოცნებაა სრულიად უკრაინის კვლავ რუსულ ორბიტაში მოქცევა, რაც მხოლოდ მისი დასავლეთისგან მოწყვეტით შეიძლება. სანამ ეს შესაძლებლობა არ ამოუწურავს, არა მგონია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე წავიდეს, თუმცა ყველას შეახსენა ასეთი შესაძლებლობის არსებობა და თან დაამატა, დუმის მოწოდება საერთო-სახალხო განწყობის გამოხატულებააო. მე არ გამოვრიცხავ ამასაც, რადგან რუსი საზოგადოებისგან არავის სმენია პუტინის აგრესიული ზრახვების დაგმობა. თუმცა მაინც მგონია, რომ პუტინი ჯერ კიდევ უკრაინაზე წნეხის მექანიზმებს იყენებს და მასშტაბურ ომზე არ ფიქრობს. მაგრამ თუკი აღიარება მაინც შედგა, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე თვით ქვეყანაში გარდაუვალი იქნება, რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი ომისა საბაბი გახდეს.
- ეს საფრთხე საქართველოსაც ემუქრება?
- საქართველო უფრო მსხვერპლი იქნება. ამ შემთხვევაში ნატოში შემავალ სახელმწიფოებს, ასევე, ამერიკასაც ვგულისხმობ, შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომში საკუთარი ჯარებით მოუხდეთ მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქცენტს ისევ სანქციების გამკაცრებაზე, უკრაინისთვის მხოლოდ შეიარაღებისა და დაფინანსებით დახმარებაზე აკეთებენ. აშშ-ისა და ნატოს ამჟამინდელი განცხადებები, რომ ამ ომში ჯარებით არ ჩაერევიან, სიტუაციის შესაბამისად შეიძლება გადაიხედოს.
- ანუ უკრაინამ ევროპა (და არა მარტო) გეოპოლიტიკურად გამოაღვიძა?
- დიახ, მთელი ეს ბაკქანალია პუტინმა სწორედ იმიტომ წამოიწყო, რომ ამერიკისგან მიეღო წერილობითი გარანტია უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიუღებლობის შესახებ. რაკი ასეთი გარანტია ვერ მიიღო, ცხადია, არც თვითონ მისცემს ვინმეს პირობას, რომ ევროპაში ომი შეუძლებელია. ომი შანტაჟის მთავარი იარაღია და კრემლის ბატონი მას ადვილად არ შეელევა.
უკრაინის მხარდაჭერა ერთსულოვანი და მტკიცეა. წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა აამოქმედეს საერთაშორისო დიპლომატიის მძლავრი არტილერია.
- ექსპერტების აზრით, რუსეთი ხრამთან დგას და უკრაინაზე შეტევა მისი კრახის დასაწყისი იქნება.
- ასეა და არა მგონია, პუტინი ამას ვერ აცნობიერებდეს. მსოფლიოს გამოცდილი ფინანსისტებისა და ეკონომისტების აზრით, უკრაინაზე თავდასხმა ერთიანად ჩამოაქცევს რუსეთის ისედაც მორყეულ ეკონომიკას, რომელსაც სამხედრო ხარჯების გარდა, დასავლური სანქციების სრულად ამოქმედება ეშაფოტზე აიყვანს. თუ პუტინი მასშტაბურ შეტევაზე გადმოვა, რუსეთის ფედერაცია დაიწყებს რღვევას, სახელმწიფო დამოუკიდებლობაზე პრეტენზიას ისეთი მსხვილი რესპუბლიკები განაცხადებენ, როგორიც არის თათრეთი, ბაშკორტოსტანი, სოხა-იაკუტია, ტუვა. არ არის გამორიცხული კრასნოიარსკის მხარისა და შორეული აღმოსავლეთის ცალკე სახელმწიფოებად გამოცხადებაც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა, რომელიც მსხვილი ოლიგარქებისგან შედგება, თავის კაპიტალს ინგლისისა და ამერიკის ბანკებში ინახავს. ისინი შეეცდებიან არ მისცენ ომის გაჩაღების ნება. პუტინი დიდი რეპუტაციული, დიპლომატიური თუ ეკონომიკური დანაკარგის მიუხედავად, ახერხებს უფსკრულის პირთან ბალანსირებას და მაინც მგონია, რომ თვითმკვლელობაზე არ წავა. მისი მიზანია ნებისმიერ ფასად რუსული საფრთხის შიშქვეშ ამყოფოს მსოფლიო და, როგორც ვხედავთ, გამოსდის!
- საერთაშორისო მედია და ექსპერტები ხშირად ავლებენ პარალელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. ბევრის აზრით, მაშინ რუსეთისთვის ადეკვატური პასუხი რომ გაეცათ, პუტინს მადა არ გაეზრდებოდა. თუ ახლა უკრაინაში მიაღწია მიზანს, შესაძლოა შემდეგი საქართველო ან სულაც პოლონეთი იყოს.
- 2007 წელს მიუნხენში წარმოთქმული ანტიდასავლური სპიჩის მერე დასავლეთს პუტინისთვის მაშინვე რომ ეჩვენებინა მსგავსი სიმტკიცე და შეუვალობა, რუსეთის 58-ე არმია ვერ გამოსცდებოდა როკის გვირაბს. რა თქმა უნდა, თუკი ჩვენც არ მივცემდით ძალიან ხელშესახებ საბაბს. მაშინ რუსეთმა ოპერატიულად იმოქმედა - რუსის ჯარმა მოითარეშა საქართველო, გაგვინადგურა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოგვტაცა ძვირად ღირებული უახლესი ტექნიკა. რაც მთავარია, დაგვიხოცა ჯარის რჩეული ნაწილი, არ დაინდო მშვიდობიანი მოსახლეობა და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. დასავლეთი კი, როგორც გვახსოვს, შეშფოთებითა და სასაცილო ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა. დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, რუსული აგრესიის საფრთხე უფრო ღრმად გააზრებულია. თუმცა, თუ რუსეთი გარისკავს და უკრაინასთან მასშტაბურ ომს დაიწყებს, დიდი მისნობა არ უნდა, რომ მისი მომდევნო სამიზნე საქართველო იქნება. რაც შეეხება პოლონეთს, მას ნატოს ქოლგა იცავს და ძნელი წარმოსადგენია მასზე თავდასხმა.
- თუ ომი გარდაუვალი გახდა, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?..
- რუსეთისთვის საქართველოს დასავლური ორიენტაცია და ნატოსკენ ლტოლვა ისევე მიუღებელია, როგორც უკრაინის. ეს ოფიციალურად დაფიქსირებულია ამერიკისთვის წაყენებულ რუსულ ულტიმატუმში. ღმერთმა ნუ ქნას და, უკრაინის დამარცხების შემდეგ ჩვენი დაჩოქება მხოლოდ დროის საკითხი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.
- რუსეთის გარდა, კიდევ რა გვიშლის ხელს ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში?..
- უკრაინა და საქართველო ჰგვანან მდიდარ და ძლიერ ცოლიან მამაკაცზე შეყვარებულ რომანტიკოს გოგონებს, რომლებსაც ეს მამაკაცი გაურკვეველ დაპირებებს აძლევს. ამასობაში კი მათ ჩასაფრებული ბოროტი ხულიგანი ცემითა და მოკვლით ემუქრება. თვალმისაწვდომ მომავალში არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრობა ჩვენს ქვეყნებს არ ელოდება. გვესმის მხოლოდ ყბადაღებული მეტაფორა "ღია კარის" შესახებ. აწი, ალბათ, ამ მეტაფორასაც არ გავიგონებთ, რაკი, როგორც ითქვა, ნატოს გაფართოების პრობლემა დღის წესრიგში არ დგას. ამდენად, უკრაინელ და ქართველ საზოგადოებებს რაც უნდა სურდეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონთან ძმობა, არაფერი გამოვა, სანამ თავად ისინი არ განაცხადებენ თანხმობას ძმობაზე და მართლა არ შეგვიშვებენ იმ კარში, რომლის გამოც უკვე ამდენი წელია ჩვენს თავზე რუსული დამოკლეს მახვილი კიდია!