პუტინმა მოწმედ...შევარდნაძე მოიყვანა - კვირის პალიტრა

პუტინმა მოწმედ...შევარდნაძე მოიყვანა

კრემლმა, ბოლოს და ბოლოს, „მიაგნო“ ნატოს აღმოსავლეთით გაუფართოებლობის შესახებ ამერიკელების „შეპირებას“... შევარდნაძისთვის!

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ბრალდება დასავლეთის მიმართ ისიც არის, თითქოს ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების დროს თეთრი სახლი კრემლს დაჰპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას არ მოინდომებდა და ეს დანაპირები არ შეასრულა, რითაც ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი მისი მემკვიდრე რუსეთი მწარედ მოატყუა, რადგან დღეს უკრაინასა და საქართველოს ალიანსის რიგებში მიღებას ჰპირდება.

ოფიციალურ ვაშინგტონს, ისევე, როგორც ნატოს ხელმძღვანელობას, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი არასდროს დაჰპირებიან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის შეერთების სანაცვლოდ ნატო მოსკოვის მიმართულებით არ "გაიზრდებოდა" და არც მსგავსი შეთანხმებისთვის მოუწერიათ ხელი, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებმა და დიპლომატებმა "ნაფტალინიდან ამოიღეს" ფურცლის ნაგლეჯი, სადაც რუსულ ენაზე ხელით წერია: "...თუ გაერთიანებული გერმანია რჩება ნატოში, მაშინ უნდა ვიზრუნოთ აღმოსავლეთით ალიანსის იურისდიქციის გაუვრცელებლობაზე..."

samx2-1645363875.jpg
კრემლის მტკიცებით, ფურცლის ნაგლეჯზე ხელით დაწერილი ეს აბზაცი ამტკიცებს, რომ 32 წლის წინ აშშ-მა იკისრა ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა

რუსი დიპლომატების მტკიცებით, ეს ფურცელი ეკუთვნის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს, თეიმურაზ მამალაძეს (სტეპანოვს), რომელიც 1990 წლის 12 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური შეხვედრის ჩანაწერს აკეთებდა.

მართლაც თქვა თუ არა ეს სიტყვები აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ან რომც ეთქვა, რა იურიდიული ძალა ჰქონდა ამას, სხვა საქმეა, თუმცა პუტინის მიერ მოწმედ შევარდნაძის მოხმობა სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს... ის შევარდნაძე, რომელსაც საბჭოთა და რუსეთის გენერალიტეტი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა გორბაჩოვთან ერთად ყოველთვის საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთ მთავარ დამანგრევლად მიიჩნევდა, ახლა ლამის თავიანთ მოკავშირედ გამოაცხადონ, არადა, საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურისა და შემდგომ პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, სიძულვილით მათ, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, საქართველოს არაერთხელ მიაყენეს ზიანი. თუმცა ბერლინის კედლის დანგრევიდან სამ ათეულ წელში უფრო გრძელი კედლები აღიმართა: საქართველოში - საოკუპაციო, ევროპასა და აშშ-ში კი - აგრესიული ემიგრაციისგან თავდასაცავი.

პუტინის სახელმწიფო პროპაგანდამ შეიძლება კიდევ დიდხანს აფრიალოს შევარდნაძის თანაშემწის ხელით ნაწერი ფურცლის ეს ნაგლეჯი, მაგრამ ამით ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებს, მაგრამ მამა-შვილი ბუშები, კლინტონი თუO ობამა პრეზიდენტ რეიგანივით ძლიერი ლიდერები რომ ყოფილიყვნენ, საბჭოთა კავშირის ნანგრევები გასული საუკუნის მიწურულს რუსეთსაც ჩაიყოლებდა, არც ნატო გადაყრიდა უზარმაზარ რესურსებს ავღანეთის უაზრო ოცწლიან ომში, იმის მაგივრად, რომ რუსეთის სისუსტით ესარგებლა და აღმოსავლეთით უფრო სწრაფად გაფართოებულიყო და დღეს ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო მომძლავრებული პუტინის რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პირისპირ.

P. S. ისე, პუტინს თუ ძალიან აინტერესებს, სიმართლეა თუ არა, რაც იმ ფურცელზე წერია, ჯერ ისევ ცოცხალ, 91 წლის ჯეიმს ბეიკერს ჰკითხოს.