ომის დაწყების მექანიზმი გაშვებულია, ომი იქნება... - კვირის პალიტრა

ომის დაწყების მექანიზმი გაშვებულია, ომი იქნება...

კრემლი უკრაინასთან დიდი ომის დაწყების საბაბს ისევე ხელოვნურად ქმნის, როგორც ჩეჩნეთის მეორე და ცხინვალის აგვისტოს ომების წინ...

დონეცკის ცენტრში სეპარატისტების მილიციის უფროსის მანქანას აფეთქებენ, ლუგანსკში - მსხვილ გაზსადენს და ეს ყველაფერი უკრაინის არმიას ჰბრალდება, ისევე, როგორც 1999 წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება დაჰბრალდა ჩეჩნებს, რაც პუტინმა ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად გამოიყენა.

ამავე დროს, სეპარატისტები, რუს სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად, დონბასის ოკუპირებული ტერიტორიებიდან აძლიერებენ საარტილერიო ცეცხლს უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით, თანაც ისვრიან დასახლებული პუნქტებიდან, რათა უკრაინელების კონტრსაბატარეო საარტილერიო ცეცხლმა დააზიანოს და დაანგრიოს რომელიმე შენობა, რასაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა მთელ მსოფლიოს მოსდებს, როგორც რუსეთის მოქალაქე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელების მიერ განხორციელებულ გენოციდს. ესეც ხომ გეცნობათ ცხინვალში აგვისტოს ომის წინა დღეებიდან?!

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან ღამით იწყება მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე. გაიხსენეთ ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჩრდილოეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე...

პოპულარული ქართული ნაწარმოების ცნობილი ფრაზის პერიფრაზით თუ ვიტყვით: "მეთოდები დაგიძველდა, პუტინო!" აღარავის სჯერა ის, რაც კრემლმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მის ყოფილ რესპუბლიკებს - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას თავს მოახვია და რითიც ერთმანეთთან ომებსა თუ მოსკოვის წაქეზებულ სეპარატისტებთან ბრძოლებში ჩაითრია.

2014 წელს კრემლის ამ სცენარს ვერც უკრაინა გადაურჩა - მსხვერპლად ყირიმი გაიღო, დონბასში კი რვაწლიანი, ჯერჯერობით დაუსრულებელი, შეიარაღებული კონფლიქტი მიიღო, რომელიც დღე-დღეზე (სტატია 19 თებერვალს დაიწერა და 21 თებერვალს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისას, შეიძლება რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდეს უკრაინასთან ომი) დიდ ომში შეიძლება გადაიზარდოს, სადაც რუსეთი უკვე აშკარად იბრძოლებს, როგორც აგვისტოს ომში საქართველოსთან იბრძოდა.

უკრაინის საზღვრებიდან 20-30 კმ-ში უკვე თავმოყრილია რუსეთის არმიის უდიდესი სამხედრო დაჯგუფება, რომლის მსგავსი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში რუსეთს არასოდეს შეუკრებია - 190 ათასამდე შეიარაღებული ადამიანი (როგორც რუსეთის არმიის, საჰაერო-კოსმოსური ძალების, ფლოტის, ისე - "როსგვარდიისა" და დონბასელი სეპარატისტების ჩათვლით) ათი ათასამდე მძიმე ჯავშანტექნიკითა და საარტილერიო დანადგარით, რამდენიმე ასეული თვითმფრინავითა და შვეულმფრენით, ათობით სამხედრო ხომალდითა და წყალქვეშა ნავით.

ახლა აღარ ისმის კითხვა, დაიწყებს თუ არა ომს პუტინი, ახლა მთავარი კითხვაა, რუსეთის არმია ოფიციალურად მხოლოდ დონბასში შეიჭრება თუ უკრაინაზე ყველა მიმართულებიდან მიიტანს იერიშს, გადასხამს საზღვაო და საჰაერო დესანტს, "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით დაბომბავს უკრაინულ ქალაქებს, მათ შორის - კიევს და შეიჭრება დედაქალაქში, რათა ოკუპირებული უკრაინის სათავეში მარიონეტული რუსული ხელისუფლება დასვას. ანუ მოხდება თუ არა ის, რასაც ჩვენ გადავურჩით 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მეხუთე დღეს, როცა რუსული ტანკები იგოეთთან, თბილისიდან ორმოციოდე კმ-ში გაჩერდნენ მოსკოვზე დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად.

დღეს ისეა დაძაბული რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, რომ დასავლეთის თხოვნა-მოთხოვნა, რუსეთის არმია არ შეიჭრას უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მმართველზე აღარ იმოქმედებს და თუკი კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომი მაინც წამოიწყო, პუტინი ყველანაირად ეცდება, საბოლოოდ "მოირჩინოს" მრავალწლიანი "თავის ტკივილი" და კიევში თავისი მარიონეტული მთავრობა დასვას, რომელიც დასავლეთს სათოფეზეც აღარ გაეკარება, რაც კრემლის მიერ ლუკაშენკოს "დაჩოქების" შემდეგ მოსკოვის უდიდეს გამარჯვებად შეიძლება იქცეს რუსეთის დასავლეთ მიმართულებაზე, ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთს თითქმის ყველაფერი უკვე მოგვარებული აქვს: სომხეთის ამბიციები მოთოკილია და ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხების შემდეგ ის კიდევ უფრო დამოკიდებულია რუსეთზე;ბაქო დავალებულია პუტინისგან იმით, რომ რუსეთმა ფარული დასტური მისცა და ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ომის დაწყებას (ამასთან, რუსი სამხედროები ყარაბაღში - აზერბაიჯანის შუაგულში დაბრუნდნენ); რუსეთისგან ისედაც ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ კი რა ქნას, ვისღა მიადგეს, თუ ნატოს ისედაც ვითომ "ღია კარი" საბოლოოდ დაიგმანება?