"მეც ვცდილობ ყინულზე "კოცონის გაჩაღებას“
"დიდი ხანია, მინდა რომელიმე ქართული ცეკვის ყინულზე გადატანა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე. ვეცდები ამ იდეას ხორცი შევასხა და მქონდეს პროგრამა ქართული მუსიკის ფონზე"
პეკინის ოლიმპიადის კაცთა ინდივიდუალურ ტურნირზე მორის ყვითელაშვილი საუკეთესო ათეულში მოხვდა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების რეკორდი გაიმეორა. (19 თებერვალს საფინა/ბერულავას წყვილმა ეს მაჩვენებელი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ახალი ქართული რეკორდი დაამყარა). 26 წლის ფიგურულად მოციგურავე მოსკოვშია დაბადებული, საქართველოს სახელით 2016 წლიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია (მათ შორისაა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბრინჯაო და 2021 წლის გრან-პრის ოქროს მედალი). „ჯინად“ გარდასახულ მორისს "პეკინი-2022"-ის დახურვის გალა-წარმოდგენაზე სრიალის პატივიც ერგო, მანამდე კი "კვირის პალიტრას" მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ:
- მორის, კმაყოფილი ხართ პეკინის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგით?
- კმაყოფილი ვარ, მაგრამ თან გული მწყდება, რომ ზოგიერთ კომპონენტში მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე - თავისუფალ პროგრამაში რამდენიმე შეცდომა დავუშვი. თუმცა ათეულში მოხვედრა კარგი შედეგია და საერთო ჯამში, პეკინიდან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მოვდივარ.
- მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყავით და ყველა ევროპელ კონკურენტს უსწრებდით, თავისუფალ პროგრამაში კი შედარებით სუსტად იასპარეზეთ. წესით, პირველ დღეს უფრო მეტად არ უნდა გენერვიულათ?!
-კარგად ვიყავი მომზადებული, მოთელვის დროსაც უშეცდომოდ ვისრიალე, მაგრამ... თავისუფალი პროგრამა თავიდანვე არ წავიდა ისე, როგორც ვგეგმავდი. საბედნიეროდ, მალევე შევძელი კონცენტრირება, ყველა ელემენტის და ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოდი და პროგრამის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩამთავრება მოვახერხე.
- საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავეთ. და გაიმეორეთ 2006 წელს ელენე გედევანიშვილის შედეგი. ძალიან გწყდებათ გული, მხოლოდ რამდენიმე ქულა რომ დაგაკლდათ ქართული რეკორდის გასაუმჯობესებლად?
- რეკორდზე არ მიფიქრია, მხოლოდ ის მინდოდა, ოლიმპიადაზე მაქსიმალურად კარგად გამოვსულიყავი. გული იმაზე მწყდება, რომ კარგი ნახტომების პარალელურად, მარტივ სიტუაციებში დავუშვი შეცდომები და ქულები იმ ელემენტებისთვის დავკარგე, უმეტესწილად კარგად რომ ვასრულებ ხოლმე.
- საქართველომ პირველად იასპარეზა ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში და ამაში თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით. რას იტყვით თქვენს თანაგუნდელებზე და სენსაციურ მეექვსე ადგილზე?
- ამ ისტორიულ მიღწევაში ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანს, სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და სხვ. მადლობელი ვართ მხარდაჭერისა და ნდობისთვის. საქართველო გუნდმაც წარადგინა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში და მხოლოდ მონაწილის სტატუსს არ დასჯერდა - მეექვსე ადგილი დაიკავა! დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა შენი ქვეყნის წარდგენა ასეთ დიდ ფორუმზე. საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა ღირსეულად იასპარეზა, ვამაყობ თითოეული მათგანით!
- თქვენთვის რომელი იყო ყველაზე ემოციური მომენტი პეკინის ოლიმპიადაზე?
- ალბათ, სწორედ გუნდური შეჯიბრების მოკლე პროგრამა: როცა გუნდიდან პირველი გადიხარ ყინულზე, პასუხისმგებლობა ორმაგდება, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რათა თანაგუნდელები აიყოლიო, კარგი მაგალითი მისცე... რაც შეეხება თავად ოლიმპიადას, შეზღუდვები, ხშირი შემოწმება, ნიღბიანი ადამიანები, ცარიელი ტრიბუნები - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს, დაღს ასვამს ოლიმპიადის მასშტაბსა და განწყობას.
- წინა ოლიმპიადაზე 24-ე ადგილი დაიკავეთ, წელს - მეათე. პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ 2026-ში, მინიმუმ, სამეულში უნდა მოხვდეთ! ცხადია, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არის თუნდაც თეორიული შანსი, რომ 30 წლის მორის ყვითელაშვილმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზოს? დაიწერა, თითქოს უახლოეს მომავალში გეგმავთ კარიერის დასრულებას...
- მე ცდას არასდროს ვაკლებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს... რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ამ ეტაპზე რთულია ამაზე ლაპარაკი, ჯერჯერობით, მხოლოდ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ვფიქრობ. წლევანდელი ოლიმპიადის მონაწილეთაგან ბევრმა უკვე დატოვა პეკინი, მე კი ისევ აქა ვარ - ჩვენებს ვქომაგობ, მზადებას ვაგრძელებ და ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზეც უნდა ვისრიალო. ჩემთვის ეს დიდი პატივია: ტურნირის ორგანიზატორებმა რვა მოციგურავე პერსონალურად მიგვიწვიეს საჩვენებელ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად. ასე რომ, "პეკინი-2022"-ის ჩემპიონებისა და პრიზიორების კომპანიაში ვისრიალებ. ბუნებრივია, მოსკოვში დავბრუნდები, სადაც წლებია, ვვარჯიშობ და მარტის ბოლოს მონპელიეში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც იქ მოვემზადები.
- სოჭის გრან-პრის მოგება, ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე, წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე... შეიძლება შევადაროთ ეს ტურნირები და ემოციები?
- კვარცხლბეკზე ასვლა, საპრიზო ადგილი ყოველთვის განსაკუთრებულია. თუმცა სრიალისას სიამოვნებაც ხომ უნდა მიიღო? ამიტომაც ზოგჯერ, კარგი გამოსვლა უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე მედალი.
- 2016 წელს, როცა საქართველოს სახელით ასპარეზობა გადაწყვიტეთ, იფიქრებდით, რომ ამხელა წარმატებას მიაღწევდით?
- ვგრძნობ, რომ უფრო ძლიერი გავხდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შრომას შედეგი მოაქვს და თუნდაც მცირე წვლილი შემაქვს ქართული ფიგურული ციგურაობის განვითარებაში. იმედია, საქართველოში როდესმე აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანი და ახალგაზრდა სპორტსმენებს ექნებათ განვითარების მეტი შანსი, დიდ ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა და რაც მთავარია, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ შოუს უმასპინძლონ.
- უცხოელებს რა რეაქცია აქვთ, როცა ქართველების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, იგებენ, რომ... ქვეყანაში ყინულის ერთი სტანდარტული მოედანიც არ გვაქვს?
- ძალიან ბევრ სპორტსმენს უნდა საქართველოში ჩამოსვლა და გულდასაწყვეტია, რომ არა გვაქვს იმის პირობები, ციგურაობის თუნდაც მცირე ტურნირს ვუმასპინძლოთ.
- ყველაზე გამოცდილი ხართ საქართველოს ნაკრებში, სადაც ქართველებთან ერთად ბევრი რუსიც არის. მოსკოვში დაბადებული მორის ყვითელაშვილი იოლად ახერხებს ქართულ-რუსული ურთიერთობების "დალაგებას"?
- ერთმანეთის ყველას ჩინებულად ესმის. ამ მხრივ, პრობლემა არა გვაქვს.
- სპორტსმენების ოჯახში გაიზარდეთ, დედათქვენიც მოციგურავე იყო... მშობლების გარდა, კიდევ ვინ ითამაშა დიდი როლი მორის ყვითელაშვილის კარიერაში?
- მშობლების დამსახურება უდიდესია. დღემდე მეხმარებიან და ამისთვის დიდი მადლობა მათ! მადლობა ყველა მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. თითოეულმა მათგანმა გადმომცა თავისი გამოცდილების ნაწილი და ცოდნა.
- ქართველების უმეტესობას სისხლში აქვს ცეკვის სიყვარული და ნიჭი. წარმომავლობა და გვარი შენც "გავალდებულებს" ყინულზე ცეცხლის დანთებას?
- მეც ვცდილობ ხოლმე „კოცონის გაჩაღებას. სხვათა შორის, დიდი ხანია, მინდა რომელიმე ქართული ცეკვის ყინულზე გადატანა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე. ვეცდები ამ იდეას ხორცი შევასხა და მქონდეს პროგრამა ქართული მუსიკის ფონზე. ისე, ცეკვა ყინულს მიღმაც მიყვარს და ამის ამსახველ ვიდეოებს სოციალურ ქსელშიც ვაქვეყნებ ხოლმე.
- "აჭარულის" შესრულებისას რევია-კაზაკოვას წყვილს ქართული სამოსი ეცვა. ჩოხაში გამოწყობილი მორისი როდის იცეკვებს ქართულ მელოდიაზე?
- რაც მალე, მით უკეთესი. როგორც გითხარით, ძალიან მინდა მეც გადავიტანო ყინულზე რომელიმე ქართული ცეკვა. იმედია, მალე მოვახერხებთ.
- სახელგანთქმული მოგვარის, ვირტუოზი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის შემოქმედებას კარგად იცნობთ?
- ცხადია. მით უმეტეს, რომ თემური ჩვენი ნათესავია. უზომოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, ბევრი იშრომა ვირტუოზული ტექნიკის სრულყოფისთვის და უკვე დიდი ხანია, მსოფლიო მასშტაბის გიტარისტია.
- თქვენ თუ "მეგობრობთ" მუსიკალურ ინსტრუმენტებთან?
- სამწუხაროდ, არც ისე ახლოს. გიტარაზე შემიძლია 1-2 აკორდის აღება, ბავშვობაში დედა მასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას და რამდენიმე მარტივი ნაწარმოები დღემდე მახსოვს.
- მუსიკა რამდენად მნიშვნელოვანია მოციგურავისთვის? როცა ყინულზე დგახართ და კომპოზიცია ირთვება, მელოდიაში მთლიანად "იძირებით" თუ მხოლოდ მექანიკურად იმეორებთ უამრავჯერ ნავარჯიშებ ილეთებს?
- ციგურაობაში მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია: ბოლომდე უნდა ითავისებდე, მთლიანად იყო ჩაფლული მასში... ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ შეჯიბრების დროს სულ ვცდილობ რეაგირების გარეშე მუსიკის არც ერთი მონაკვეთი არ დავტოვო.
- გაქვთ "ოცნების მელოდია", რომელზეც კარიერის დასრულებამდე ერთხელ მაინც უნდა იცეკვოთ?
- რთული სათქმელია... საცეკვაო მუსიკა ყოველთვის სამწვრთნელო შტაბთან თანხმდება. ეს უნდა იყოს მელოდია, რომელიც სხვაზე მეტად შეეფერება სპორტსმენის სტილს. ვირჩევთ კომპოზიციებს, რომლებიც უკეთ გამოკვეთს ჩემს ძლიერ მხარეებს.
- ყინულს მიღმა რას უსმენთ? რომელია თქვენი საყვარელი ჟანრი, შემსრულებელი?
- მრავალფეროვანი გემოვნების მელომანი ვარ. განწყობიდან გამომდინარე, შემიძლია ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას მოვუსმინო - როკი იქნება, რეპი, ჰიპ-ჰოპი, კლასიკური მუსიკა თუ ხალხური სიმღერა. როცა მთელი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მელოდიაზე ვვარჯიშობ, ცხადია, შინ მისულს "არასამსახურებრივი", შედარებით მსუბუქი კომპოზიციების მოსმენა გინდება.
- ციგურაობაში ძალიან მნიშვნელოვანია სამოსიც - თავისი წესები და აკრძალვები აქვს. თქვენი ჩაცმის სტილზე მოგვიყევით და გაიხსენეთ ყველაზე უცნაური ან სასაცილო კოსტიუმი, რაც ყინულზე გცმიათ, თუნდაც ჯინის როლი...
- სხვათა შორის, ოლიმპიადის გალა-წარმოდგენის დროსაც ჯინის სამოსით ვიცეკვე. ალბათ, ყველაზე თვალსასეირო და მხიარული სწორედ ეს ნომერია. სხვა დროს უმეტესწილად კლასიკური სამოსი მაცვია (ჟილეტი, პიჯაკი და ა.შ.), ყოველდღიურ ცხოვრებაში კი სპორტულ სტილს ვამჯობინებ.
- ქართული დროშით 2016 წლიდან ასპარეზობთ, მაგრამ როდის გააცნობიერეთ, რომ სწორედ საქართველოა თქვენი სამშობლოა?
- ქართველი მშობლები მყავს და პატარაობიდანვე ვიცოდი ამის შესახებ. ყოველდღიური ვარჯიშის გამო იშვიათად მაქვს ჩამოსვლის შესაძლებლობა, მაგრამ საქართველო ძალიან მიყვარს!
- საუბრის ბოლოს, რას ეტყვის პეკინში მყოფი მორის ყვითელაშვილი ქართველ გულშემატკივარს?
- განსაკუთრებული მადლობას! ხშირად მწერენ, სულ ვგრძნობ ქართველების მხარდაჭერასა და სითბოს. ასეთი ყურადღება ძალიან სასიამოვნოა, დიდ ძალასა და მოტივაციას მაძლევს.