"საქართველოში ყველაზე მეტად მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა ვიგრძენი“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყველაზე მეტად მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა ვიგრძენი“

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ "კვირის პალიტრის" 21 თებერვლის ნომერში

"ევროპისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი“

საქართველოზე შეყვარებული ევროპელი პოლიტიკოსი ქათი შნებერგეერი­ გასულ ზაფხულს თბილისს ეწვია. საქართველოში ყოფნისას მან ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა, თბილისით მოიხიბლა, თუმცა მისთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი მდიდრებსა და ღარიბებს შორის დიდი განსხვავება იყო. ქათი ამჯერად ვენიდან გვესაუბრა.

- დავიბადე გერმანიაში, ქალაქ პოსნეკში და იქვე გავიზარდე. 12 წლის ვიყავი, ბერლინის კედელი რომ დაინგრა.

15 წლის ვენაში ჩამოვედი, აქ მივიღე განათლება - დავამთავრე ბიზნესკოლეჯი, ეკონომიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ისტორიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჯერად სკოლაში ვასწავლი, 2020 წლიდან ვარ საკრებულოს წევრი ვენის მეშვიდე რაიონში, ამავე რაიონის ევროპარლამენტის წევრი. ვენაში დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „Vienna goes Europe“, რომლის პრეზიდენტიც ვარ.

- რას საქმიანობს თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია?

- ჩვენ, ძირითადად, ვმუშაობთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ავსტრიის ყველაზე დიდ სავაჭრო ქუჩაზე - მარიაჰილფერშტრასეზე. არჩევნების წინ მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდიდით... კოვიდის გამო ონლაინრეჟიმით ვმუშაობდით. ჩავატარეთ კონფერენციები, ვაგროვებდით იდეებს უკეთესი ევროპისთვის.

- საქართველოზე რას გვეტყვით?

- ზაფხულში საქართველოში ვიყავი. მაკა ხომერიკმა დამპატიჟა, რომელიც ვენაში ცხოვრობს. მან ვენაში ქართული დღეც გამართა, რომელსაც მეც სიამოვნებით დავესწარი. გავმართეთ დისკუსია საქართველოს შესახებ.

- ვინ ესწრებოდა ამ ღონისძიებას?

- ყოფილი ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ევროაქტივისტი ნინი წიკლაური, ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ რურუა და სხვები. ვინაიდან ვენაში ქართულ დღეზე გახლდით მიწვეული, გადავწყვიტე ზაფხულში საქართველოში ჩამოვსულიყავი. მაკა ხომერიკმა თბილისი დამათვალიერებინა, ბევრი საინტერესო ადგილი მოვიარეთ, ვიყავით ქართულ-ავსტრიულ სკოლაში და ძალიან მომეწონა - გულწრფელად გეტყვით, ასეთი მაღალი დონის სკოლას არ ველოდი.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ევროპა და ევროპისთვის საქართველო მნიშვნელოვანია?

- ევროპისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი.

- თქვენთვის ევროპა მშვიდობასა და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება?

- დიახ! და საქართველოც ევროპის ნაწილია! გეოგრაფიულად არ ვიცი, საზღვარი სად გადის, მაგრამ კულტურულად საქართველო ევროპასთან არის ახლოს!

- კიდევ რამ მიიქცია თქვენი ყურადღება თბილისში ყოფნისას?

- სამწუხაროდ, ჩემი ყურადღება მიიქცია განსხვავებამ სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის. როცა მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მივდიოდი, სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდათ. ზოგი ამბობდა, რომ საქართველო უმშვენიერესი ქვეყანაა, ზოგი კი მაფრთხილებდა, საშიშია და წასვლას როგორ ბედავო. ვფიქრობდი, მართლაც ხომ არ უნდა შემშინებოდა, მაგრამ - არა. პატარა, ბნელ ქუჩებში სეირნობისასაც კი არ მქონია შიშის გრძნობა, პირიქით, ადამიანები, რომლებიც საქართველოში გავიცანი, გულითადები, მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან.