"რუსეთის ულტიმატუმი გულისხმობს იმას, რომ საქართველო და უკრაინა უნდა დაუბრუნდნენ რუსეთის გავლენის სფეროს“
"რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ წუთს მოაწყოს საქართველოში პროვოკაცია და პასუხი კითხვაზე, მზად ვართ თუ არა სათანადო პასუხის გასაცემად, ჯერჯერობით არ არსებობს", - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ვანო მაჭავარიანი. რა საფრთხეები ემუქრება დღეს ქვეყანას და როგორ შეიძლება თითოეულ მათგანთან გამკლავება, ამ საკითხებზე ვანო მაჭავარიანს ვესაუბრეთ.
- ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რუსეთის ულტიმატუმია, რომელიც უპირველესად შეეხება ე.წ. პრივილეგირებული სფეროების აღდგენა-დაკანონებას. ეს აისახა დოკუმენტში ძალიან კონკრეტული პასაჟით, რომელიც გულისხმობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების უკან წაღებას, რომელთა მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ არ არის საუბარი, როდის. შესაბამისად, ამ ულტიმატუმის დაყენება, ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ საქართველო და უკრაინა უნდა დაუბრუნდნენ რუსეთის გავლენის სფეროს, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნები, ბელორუსი, სომხეთი. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მოდელი რუსეთისთვის, თუ რას გეგმავს საქართველოში: განთავსდება რუსეთის ბაზები და ქვეყანა რუსეთის მოდელის მიხედვით დაიყოფა სამად და ნებისმიერი ამბიცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, აღარ იარსებებს. საინტერესო ის არის, რომ ახლა აქცენტი უფრო მეტად უკრაინაზე კეთდება, ანუ უკრაინაში რეჟიმის ცვლილებაზე, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი კარგად აფასებს სიტუაციას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და ხედავს, რომ ნატოს, ევროკავშირისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-თან დაახლოებისთვის ყველაზე მეტად უკრაინა აქტიურობს. შესაბამისად, უკრაინა უფრო მეტად არის მზად პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით, რომ შეაკავოს რუსული აგრესია.
საქართველო ამ მიმართულებით საერთოდ არ ჩანს. როგორც ჩანს, რუსეთს მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც რუსეთს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მიაჩნია, რომ უკრაინაში თუ დაალაგებს სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლება უპრობლემოდ დაჰყვება კრემლის ნებას. ეს კი იმასაც გვაჩვენებს, რომ ხელისუფლება ქვეყანას საკუთარ თავზე მორგებულად მართავს და იმის ნიშნებიც კი არ ჩანს, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის რაიმეს აკეთებს. ამას კარგად ხედავს რუსეთი და ამიტომ არის, რომ ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს არც ახსენებენ და პრობლემად მხოლოდ უკრაინას მიიჩნევენ.
- თუკი სცენარი ასე განვითარდება, ქართველი საზოგადოება მიიღებს ამ მოცემულობას? ეს ხომ ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ შეტრიალდება. ამას ვერ აცნობიერებენ, თუნდაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე?
- მოსახლეობა იმდენად მძიმე ფინანსურ, სოციალურ პირობებშია, რომ საფრთხეს ვერ აცნობიერებს... ვერც ოპოზიცია ახერხებს ამ თემის სწორად წარმოჩენას. ამაზე განხილვა მიდის ტელეეთერში, მაგრამ სოცქსელებსა და საზოგადოებაში არ არის ეს დომინანტი თემა. როგორც ჩანს, 2008 წლის ომის ტრავმა და ეს შეშინებულის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას აქვს, უფრო დომინირებს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ამ კუთხით უფრო ჩანს. ამიტომ ისინი, ვინც მზად არიან ამ მიმართულებით წამოსწიონ საკითხი, უბრალოდ, მმართველ პარტიაში არ არსებობენ. ვხედავთ მხოლოდ ფორმალურ განცხადებებს, მაგრამ რეალურად პასუხი კითხვაზე, მზად ვართ თუ არა ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება იმისთვის, რომ, თუ მსგავსი სცენარით განვითარდა საქართველოში მოვლენები და რუსეთმა ზეწოლა დაიწყო, არ არსებობს. ჩვენ ზუსტად იმ საფრთხის წინაშე ვართ, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ წუთს მოაწყოს პროვოკაცია და პასუხი კითხვაზე, მზად ვართ თუ არა სათანადო პასუხის გასაცემად, ჯერჯერობით არ არსებობს და მიუხედავად ჩვენი არაერთი ცდისა, პასუხად გვესმის, თქვენი საქმე არ არისო. პასუხი არა აქვთ, ან არ სურთ ლაპარაკი, რადგან რაღაცას მალავენ.
- ხელისუფლება თავისთვის მაინც თუ აფასებს ამ საფრთხეებს...
- ყირიმის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა დაუფარავად დაიწყო ამაზე საუბარი, რომ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც სსრკ-ში ჰქონდა დაპყრობილი. მათ შორის არის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება და სწორედ ამ მიზნით შემოიჭრა კიდეც 2008 წელს საქართველოში. ასე რომ, ამაზე უკვე წლებია ლაპარაკია, მაგრამ ბოლო დრომდე საქართველოს საგარეო თუ უსაფრთხოების კონცეფციაც არ იყო მიღებული და მაინც რჩება სურვილებისა და სადღეგრძელოების კრებულად. დღევანდელი ცდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სტრატეგიის შექმნისა ძალიან ზედაპირულია და არ არის გაწერილი სამოქმედო გეგმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კონკრეტიკა ახალი ცვლილებების ფონზე, თუ რა შეიცვალა, რა შეიძლება შეიცვალოს და რას გვთავაზობს ხელისუფლება, არ ჩანს. რაც შეეხება კითხვას, ამ საკითხებზე იციან თუ არა მათ მეტი, ვიდრე ჩვენ, რამე ხედვა რომ ჰქონდეთ, არ დაიმალებოდა არც ქვეყანაში და არც მის გარეთ.
- ეს მდგომარეობა ხომ კარგი შანსია ოპოზიციისთვის, რომ იაქტიუროს.
- ეს არის ის კითხვა, რასაც ჩვენ, ანალიტიკოსები, ვუსვამთ ოპოზიციას და ძალზე არადამაჯერებელ პასუხს ვიღებთ. ერთი მხრივ, ვხედავთ ამ აქტივიზმის დონეზე საგარეო პოლიტიკის ელემენტებს, იქნება პარლამენტში ცხარე განცხადებები თუ კიევში ვიზიტები დროშების გამოფენით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა სწორად იყოს ჩამოყალიბებული, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტთა წრეებთან და ერთიანი ფორმატით იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრის საგანი. ამის ნაცვლად კი მმართველი პარტია ახერხებს და ოპოზიციას ითრევს კინკლაობაში, მანდატების მიცემა-წართმევაში და ა.შ. დღის წესრიგს ისევ "ოცნება" ქმნის.
- იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საფრთხეების ადეკვატური შეფასება დაიწყოს, რა უნდა გაკეთდეს?
- უპირველესად უნდა დაიწყოს დიალოგი, მათ შორის ექსპერტებსა და ანალიტიკოსებთან შეფასებების გასაკეთებლად და შემდგომ ნაბიჯებზე შესათანხმებლად. უნდა შეთანხმდნენ, თუ რა საფრთხეებია მოსალოდნელი მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და თითოეულის საპასუხოდ კონკრეტული გეგმა შეიმუშაონ და შესთავაზონ საზოგადოებას. ჩვენ ამ ფორმატს ვთავაზობთ ყველას. ამისთვის მზად არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, რომ საქართველოს როლი ჩვენთან ერთად სწორად დასახონ, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს.
რუსა მაჩაიძე