"პუტინისთვის უკან დახევა ძალიან რთული იქნება“ - კვირის პალიტრა

"პუტინისთვის უკან დახევა ძალიან რთული იქნება“

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში იმავე სცენარით მოქმედებს, როგორითაც 2008 წელს საქართველოში. თუმცა განსხვავებას ხედავს დასავლეთის მზადყოფნაში, პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას.

- რუსეთის ინსტრუმენტებია შანტაჟი, დაშინება და ამ გზით რაღაცის გამოძალვა. ეს სიახლე არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შედარებით დახვეწილია ჰიბრიდული ომის ტექნიკა, სტრატეგიულად 2008 წლის ერთგვარი დეჟავიუც კია.

- რუსეთი უკრაინაში მაქსიმალურად ცდილობს პროვოკაციების მოწყობას. ასე იყო 2008 წელსაც საქართველოში. თუმცა ჩვენთან­ სამხედრო აგრესია უფრო მალე დაიწყო. რით განსხვავდება საქართველოს მაშინდელი და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებების ქმედებები?

- ფაქტობრივად, განსხვავება არ არის, ზუსტად იგივე ტერმინები გვესმის, გაეროში ერთიერთზე გაიმეორეს, "ცხელი თავებიც" კი. ბოლო დღეებში მოსახლეობის გახიზვნაც და პროვოკაციებიც იგივეა, რაც ხდებოდა 2008 წლის ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დამდეგს. აბსოლუტურად იგივე ხელწერაა და უმეტესად იგივე სახეები, იგივე რიტორიკა, იგივე პროპაგანდაა. ასე რომ, რუსეთის ქმედებებში სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომელზეც არ ჭრის დიპლომატიური ენა და მხოლოდ მასზე ძლიერი ძალის ეშინია. მაშინ იხევს უკან.

- ჰიბრიდული ომის პირობებში რუსეთის ე.წ. რბილი ძალის გამოყენების ინსტრუმენტი თუ გაიზარდა?

- ეს მთლად რბილი ძალა არ არის, რადგან რბილი ძალა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც რუსეთს არ გააჩნია. ეს ფსევდორბილი ძალაა, მაგრამ ამჯერად აქცენტი კეთდება დეზორიენტაციაზე, დეზინფორმაციაზე. აქცენტები კეთდება ცრუფაქტებზე. გავიხსენოთ "სპიაში ცხინვალი", რუსული პროპაგანდის მითი, როდესაც გადამღები ჯგუფები საგანგებოდ ჩაიყვანეს ამ წარმოდგენის დასადგამად. იგივე ხდება ახლაც - საბავშვო ბაღზე დარტყმაც პროვოკაციაა, რომ კრემლმა უკრაინას დააბრალოს. რუსულ საინფორმაციო სივრცეს თუ შევხედავთ, უკრაინაშიც ისევე ეომებიან დასავლეთს, როგორც საქართველოში 2008 წელს. მაშინ ამბობდნენ, რომ ამერიკამ წაახალისა საქართველოში ომი და დღეს ამას იმეორებენ, ამერიკა და დასავლეთი აქეზებს ომს უკრაინაშიო.

- ის, რომ რუსეთი შანტაჟისთვის ენერ­გორესურსებს იყენებს, ძველია, მაგრამ ენერგოკომპანიებში ევროპელი ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებასაც ხომ იმავე პოლიტიკური მიზნებით იყენებს?

- ეს პოლიტიკური კორუფციაა. მაქსიმალურად შეღწევა სხვა ქვეყნის ელიტებში, კორუფციის გზით გავლენიან პირთა, ყოფილი მაღალჩინოსნებისა თუ ინფლუენსერების, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების გადაბირება რუსეთის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის შემადგენელი ნაწილია. ამას რუსეთი ყოველთვის აკეთებდა, არსენალში ახალი არაფერი აქვს.

- მით უმეტეს, რომ ახალი არ არის და რატომ ვერ უპირისპირდება ამას ცივილიზებული სამყარო?

- ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო გაცილებით მომზადებული დახვდა რუსეთს, ვიდრე ეს 2008-ში და თუნდაც 2014-ში. მე მხოლოდ ექსპერტებს არ ვგულისხმობ, ოფიციალური პირები ძალიან გასაგებად ეუბნებიან კრემლს, ვიცით თქვენი მოქმედების სცენარი, ვიცით, რომ თავად დგამთ პროვოკაციებს, ქმნით ცრუფაქტებს და საბაბად იყენებთ აგრესიისთვის. ვიცით და არ გაგივათო. თუ ამისთვის აქამდე მსოფლიო მოუმზადებელი იყო, დღეს უკვე მზად არის და კრემლს ეუბნება, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიო.

- ბერკლის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა­ კვლევა, სადაც კარგად ჩანს, რომ ევროპა არ არის იმდენად დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად, რამდენადაც თავად რუსეთი. მაშ, რუსეთის პოლიტიკური კორუფცია რატომ ჯობნის და ზოგიერთ ქვეყანას ჰგონია, რომ არა რუსეთი, დავიღუპებითო?

- დიახ, არიან რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაში რუსული ენერგომატარებლების წილი მესამედზე მეტს შეადგენს. პრობლემა ზუსტად ის არის, რომ რუსეთი ამ განსხვავებებზე თამაშობს, რათა დაარღვიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა. შესაძლოა ეს რომელიმე ქვეყანასთან არ გასდის, მაგრამ ცდილობს სხვაგან გამოიყენოს. ახლა არის ის შემთხვევა, როდესაც სხვა პასუხი მიიღო და ის წინააღმდეგობა შეხვდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ომისკენ მიდის და მე ნაკლებად მჯერა პუტინის რაციონალურობის, მაგრამ რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, მთავარია, მან მიიღოს ის პასუხი, რაც უნდა მიიღოს. ეს არის უმთავრესი. მან უნდა დაინახოს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ყველა მზად არის და აგრესია არ შერჩება.

- თვითონ რისი რესურსი აქვს, ომის თუ უკან დახევის?

- ძნელია თქმა, რადგან რუსეთში რაციონალურზე მეტად ირაციონალური და ემოციური ფაქტორი მოქმედებს. პუტინისთვის დღეს უკან დახევა ემოციურად ძალიან რთული იქნება. ფაქტია, მისმა გარემოცვამ დიდი ფული დაკარგა თუნდაც ბოლო პერიოდში, ლაპარაკია ათობით მილიარდ დოლარზე. ახლახან ბრიტანეთმა ოქროს ვიზები გაუუქმა რუს ოლიგარქებს, ამასთან, დიდ საწარმოებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ბუნებრივია, ყველა ეს ძალა, რომლებიც რეალურად კრემლის დაფინანსებულია, უკან დახევის შემთხვევაში პუტინს მოსთხოვს პასუხს. მე მეჩვენება, რომ დღეს დიპლომატიისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, თუმცა დასავლეთს ეს კარი არ დაუხურავს და რაციონალური აზროვნების შემთხვევაში რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეუძლია, მაგრამ მოლაპარაკებაზე აღარავინ დაუჯდება იმ საკითხზე, რასაც ის ითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს.

- ამ კონტექსტის გათვალისწინებით რამდენად მაღალია რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ავტონომიების აღიარება?

- ძალიან მაღალია და სწორედ ამისთვის იყენებს პროვოკაციებს. მან უკვე მოამზადა საამისო ნიადაგი სახელმწიფო სათათბიროს დონეზე და სხვათა შორის, აქაც იგივე სცენარია, რაც ჩვენთან იყო. როდესაც რუსეთის აგრესიაზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ ერთ სცენარზე კი არა, უნდა ვილაპარაკოთ ფართომასშტაბიან ომზე, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. თუმცა რა ნიღაბიც უნდა მოირგოს, ყველამ იცის, რომ ამის უკან პუტინი დგას და სწორედ მას უნდა მოეკითხოს პასუხი და იმ თვითმარქვია ხელისუფლებებს, რადგან რეალურად ისინი არაფერს არ წარმოადგენენ, პუტინის ხელში მარიონეტები არიან.

- დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ხომ მინსკის შეთანხმებიდან გასვლას ნიშნავს და პუტინს ეს აწყობს?

- ამიტომ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, თითქოს უკრაინამ დაარღვია მინსკის შეთანხმება და ამიტომ შეიქნა იძულებული ეღიარებინა. ამიტომ აწყობს პროვოკაციებს და ამიტომ არის ეს ძალიან საფრთხილო, რადგან შეიძლება პროვოკაციას არ უპასუხო ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ როდემდე არ უპასუხებ? ამ პროვოკაციების შედეგად უკვე რამდენიმე ადამიანი­ დაიღუპა, დაიწვა სახლები, საბავშვო ბაღები. შეუძლებელია მუდმივად გესროდნენ და შენ პასუხს არ სცემდე. რუსეთმა ძალიან ცუდი, სახიფათო გზა აირჩია და ამით ცდილობს მიზანს მიაღწიოს.

რუსა მაჩაიძე