"2008 წელს საქართველოს იგივე უნდა გაეკეთებინა, რასაც დღეს უკრაინა აკეთებს“
"კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დასაბუთებას იმ სცენარით გეგმავს, რომელიც საქართველოში გამოიყენა. მიუხედავად იმისა, განახორციელებს თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე მაინც რომ იდოს", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა და დასძინა, რომ საოკუპაციო ძალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის ემზადებიან. "მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკას, იასნოვატიისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას: ხალხო, არ შეგეშინდეთ! თქვენი მტერი უკრაინა არაა, არამედ ისინი, ვინც თქვენი კედლების უკან იმალებიან. არ დაუჯეროთ ჭორებს უკრაინის თავდასხმის შესახებ", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. რუსეთი რომ უკრაინაში იმავე სცენარით მოქმედებს, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში გაათამაშა, და ახლა უკრაინის ხელისუფლების პროვოცირებას ცდილობს, ამის შესახებ ქართველი სამხედრო ექსპერტებიც საუბრობენ. მათი თქმით, რუსეთი ახლაც იმავე ფრაზებს იყენებს, იმავე რიტორიკასა და იმავე ტიპის პროვოკაციებს მიმართავს. რატომ ვერ ან არ მოახერხა 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის პროვოკაციის თავიდან არიდება, მაშინ როცა ამერიკელი მეგობრები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რა დავკარგეთ ამით და რას მოიგებს უკრაინა ხელისუფლების წინდახედული მოქმედებით, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება:
- სამხედრო საქმის ანალიტიკოსები ერთხმად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა დონეცკსა და ლუგანსკში 2014 წლიდან დაიწყო იმ სცენარის გამეორება, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში გაათამაშა. რა მნიშვნელობა აქვს, კონფლიქტს ეთნიკურ ნიადაგზე გააღვივებ თუ პოლიტიკურ საკითხებზე? სეპარატისტები სპექტაკლებს დგამდნენ, თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებისას მოიპოვეს იარაღი. ეს ხომ აბსურდია! როგორ შეიძლება შეტაკებაში უიარაღო ადამიანებმა შეიარაღებულ სამხედროებს იარაღი წაართვან? ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც თავის დროზე საქართველოში - დაწყებული შეიარაღების მიწოდებით, დამთავრებული სპეციალისტების მომზადებით. ასევე ვიხილეთ "ნორმანდიული ფორმატი", "მინსკი ერთი", "მინსკი ორი" - გაჭიანურებული მოლაპარაკებები და ბოლოს პასპორტიზაცია. დღეს უკრაინაში რუსეთის 600 000 თუ 700 000 მოქალაქეა. რაც შეეხება კონფლიქტის იმ ნაწილს, რამაც ჩვენთან 2008 წლის ომი განაპირობა.უკრაინას დღეს სწორი პოზიცია აქვს, ცდილობს არ წამოეგოს პროვოკაციებს. ჩვენც იგივე უნდა გაგვეკეთებინა. კარგა ხანს ვერიდებოდით ამ დეტალებზე საუბარს, არ გვინდოდა სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება, მაგრამ 2019 წლის შემდეგ, როდესაც ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია გასაჯაროვდა, ვნახეთ, რომ ისეთ ფორმულირებებზე აქვს ხელი მოწერილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას, ჩვენ ახლა რაც უნდა ვთქვათ, იმაზე უარესს ვეღარაფერს დავაზიანებთ. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 2008 წელს ჩვენი ხელისუფლების ქმედებები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.
- გასაგებია, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა, როდესაც რუსების ზურგს ამოფარებული სეპარატისტები სისტემატურად უხსნიდნენ ცეცხლს ქართულ სოფლებს, იტაცებდნენ და ხოცავდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას?
- სხვა ტიპის ოპერაცია უნდა ჩაგვეტარებინა. კერძოდ, უნდა ჩავმდგარიყავით პერიმეტრზე ქართული სოფლების დასაცავად და სააკაშვილი რუსულ ხაფანგში თავიდან ფეხებამდე არ უნდა გადაშვებულიყო. ხომ ვიცოდით, რომ გვირაბის იქით რუსული არმია იდგა, გვირაბს აქეთ კი იმაზე მეტი რუსი სამხედრო, ვიდრე ოფიციალურად იყო გაცხადებული. ასევე ცნობილი იყო, რომ ე.წ. მოხალისეებიც იყვნენ შემოსული. ყველა ინდიკატორი იყო იმისა, რომ რუსეთი მასშტაბურად ჩაერთვებოდა როგორც ცხინვალის ბრძოლაში, ასევე აფხაზეთშიც. ამიტომ ვამბობ, რომ ერთი ნაბიჯითაც არ უნდა წაგვეწია წინ. შეხედეთ, უკრაინის ხელისუფლებას რა სტრატეგია აქვს - არც ერთი ნაბიჯი წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან!
- კი, მაგრამ როდემდე შეძლებენ უკრაინელები ამ ვითარების შენარჩუნებას?
- სანამ გამოუვა! როდესაც სამხედრო ქვედანაყოფები ჩაებმებიან ბრძოლაში, მერე უკვე ყველაფერი ძალასა და სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსეთს საბაბს არ აძლევს. შესაძლოა ომი მაინც ვერ აირიდონ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ქვეყანა მართალი იქნება.
- როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი მასშტაბური ყურადღების ფონზე გაბედავს რუსეთი უკრაინაში შეჭრას?
- მე მაინც მგონია, რომ რუსეთს დიდი მასშტაბის სამხედრო აგრესია არ აწყობს. მართალია, რუსების თავგასულობასა და ცინიზმს საზღვარი არა აქვს, მაგრამ საერთაშორისო ყურადღებასთან ერთად, რუსეთის შიდა ბაზარიც გასათვალისწინებელია. უკრაინა და რუსეთი ორივე სლავური წარმოშობის ერია, წლების განმავლობაში რუსები უკრაინელებს მოძმეებად, მონათესავეებად აღიქვამდნენ. ამიტომ არ არის ეს მომგებიანი თემა. სულ სხვა ამბავია, როდესაც საქმე რუსეთის მოქალაქეების დაცვას ეხება. აი, ამის საბაბად გამოყენება და დონბასში სიტუაციის გამწვავება ნამდვილად არ არის გამორიცხული. არც ის არის გამორიცხული, დონბასიდან ნელ-ნელა გაიზარდოს კონფლიქტის მასშტაბი. რუსეთის სრულმასშტაბიან შეტევას კიდევ ერთი მიზეზის გამო არ ველი - რუსეთს დღეს უკრაინის საზღვართან იმხელა ძალა არა ჰყავს მობილიზებული, რომ 2000-კილომეტრიან მონაკვეთზე შეტევისთვის საკმარისი იყოს. დონბასში სიტუაციის დასაძაბავად კონფლიქტის გავრცობისთვის კი ნამდვილად მზად არის. შეგახსენებთ, რომ დონეცკი და ლუგანსკი მთლიანად არ არის ოკუპირებული. ვფიქრობ, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი ისევ ეს არის: აშშ-სთან დიდი მოლაპარაკების დაწყება და "მინსკი-2"-ის შესრულებაზე ზეწოლა. თუ ახლა დიდი სისხლი დაიღვარა, "მინსკი-2" დაიხურება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოემზადა ამ წლებში უკრაინის ჯარი.
ხათუნა ბახტურიძე