"რომ დააკავეს, ისეთი დახეული ფეხსაცმელი ეცვა, მილიციის უფროსმა თავისი ჩააცვა, გზაში წვერიც გააპარსინა და რესტორანშიც შევიდნენ" - ლეგენდარული დურუს მეგობრის მოგონებები
„ექსპერტიზის ჩასატარებლად რომ გადაიყვანეს, დურუს ფეხსაცმელი არ ეცვა და ექიმმა თურმე გავარვარებული „პლიტა“ დადო ისეთ ადგილას, სადაც დურუ უნდა დამჯდარიყო. დურუ ფეხშიშველი შემოვიდა და დასვა ამ „პლიტასთან“, თვითონ მიუჯდა გვერდით, ფეხი ცხელ „ფეჩზე“ დაადებინა და ჰკითხა, არაფერს გრძნობო? მან უარი უთხრა. დაეწვა ფეხები, მაგრამ ვერ გატეხეს. ბოლოს იმ კაცს უთქვამს - გაიყვანეთ ეს მხეცი აქედან, ამის ნახვა არ შემიძლიაო...“
საბჭოთა პერიოდში ცნობილი კრიმინალის, დურუ ხურცილავას საოცარ ძალაზე თურმე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა მითი და რეალობა ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს. ისეთი ძლიერი იყო, ციხეში რკინის კარი ჩამოხსნა და ქუჩაში გამოვიდაო, ამბობენ. დურუ სხვადასხვა ბრალდებით 11-ჯერ გაასამართლეს. როგორც ირკვევა, ბოლოს სამართალდამცველებს თავისი ნებით ჩაჰბარდა, პირობაც მიიღო, რომ სიმართლე გაირკვეოდა და მკაცრად არ დასჯიდნენ, თუმცა ციხეში ახალი ბრალდებებიც წაუყენეს, საბოლოოდ კი უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს - დახვრეტა. 1984 წელს 33 წლისა დახვრიტეს. წლების წინ "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა ინტერვიუ ციხის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ტაბაღუასთან, რომელმაც გვიამბო ბევრი გაუხმაურებელი დეტალი მისი პატიმრობიდან და ისიც გვითხრა, საგანგებოდ დურუსთვის როგორ ააშენეს საკანი, როგორ ჩაარტყეს თავში ურო, როგორ გათიშეს და, ფაქტობრივად, უგონოდ მყოფი ადამიანი დახვრიტეს. ამჟამად გთავაზობთ ინტერვიუს დურუ ხურცილავას უახლოეს მეგობართან, 82 წლის ფრიდონ კვიციანთან. ის აფხაზეთიდან არის, წლებია, თბილისში ცხოვრობს.
- სოხუმელი ვარ. მე და დურუ ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მის მამას, ნესტორს და ოჯახის ყველა წევრს ვიცნობდი. ის პერიოდიც კარგად მახსოვს, დურუს უფროსი ძმა ალიოშა და მისი მეუღლე ციალა მილიციელებმა საკუთარ ეზოში რომ დახოცეს. ქალი ფეხმძიმედ იყო. იმ დღეს მათი ბავშვებიც უნდა დაეხოცათ, მაგრამ გადარჩნენ. ალიოშას სახლში ქვიშა ჰქონდა მოტანილი, ბავშვები იმ ქვიშაში ჩაიმალნენ და ასე გადაურჩნენ სიკვდილს. მერე მილიციამ ძმის მკვლელობა დურუს დააბრალა. დურუს შეეშინდა, დამიჭერენო და ტყეში გაიქცა. მაშინ ვუთხარი, ნუ გარბიხარ, ხალხი ამას დაიჯერებს, შენ არავინ მოგიკლავს, გამოდი და ეს ხმამაღლა თქვი-მეთქი. დამიჯერა, მილიციაში გამოცხადდა და თქვა, მე ისინი არ დამიხოცავსო. გამოძიება დაიწყო და ვერ დაუმტკიცეს დანაშაული. არ იყო მისი ჩადენილი და რას დაუმტკიცებდნენ! ამ საქმის გამოძიებაში წელიწადზე მეტი გავიდა. ეს პერიოდი ტყუილად იჯდა ციხეში. უნდოდათ ციხეში ჰყოლოდათ გამომწყვდეული, ამიტომ საბაბს ეძებდნენ და ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი.
- რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი?
- ერთი კარგი ბიჭი იყო, ჟორჟოლიანი, მის მეზობლად, იაშტუხაში ცხოვრობდა. ის დაჭრა ჩხუბის დროს. მილიციამ გადაწყვიტა, ამ დანაშაულისთვის გაესამართლებინა. თვითონ ჟორჟოლიანი იმ დროს ციხეში იჯდა. არ დაადო ხელი დურუს და ასე გადაურჩა სასჯელს, მაგრამ სხვა საბაბის ძებნა დაიწყეს, ბოლოს ხულიგნობისთვის გაასამართლეს. განაჩენში ეწერა, წებელდის კოლმეურნეობის თავმჯდომარის, ზურაბ ბერბერიანის კაბინეტში მაგიდაზე მელანი დაღვარაო. მაშინ ორი წელი მიუსაჯეს.
- საქმის მასალებით ცნობილია, რომ პატარა დურუს მეზობელმა ყანა გაათოხნინა, სანაცვლოდ შეჰპირდა სამ წველა ყველს, მაგრამ არ მისცა, ამიტომ მისი სახლიდან სამი ყველი მოიპარა. მეზობელმა ამის გამო უჩივლა არასრულწლოვან დურუს და პირველად ყველის ქურდობისთვის გაასამართლეს.
- ამაზე ჩემთან არასოდეს ულაპარაკია. დურუ ქურდი არ იყო, არასოდეს არაფერი მოუპარავს. სულ აპატიმრებდნენ ჩხუბის გამო, დაჭრისა და სხვა დანაშაულებისთვის. მას დედა ადრე გარდაეცვალა, სამი ძმა ობლად დარჩა, მარტო მამა ჰყავდათ და ძალიან უჭირდათ...
- დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს ნერსესიანის და მინასიანის მკვლელობისთვის...
- დურუს გალახული ჰყავდა ნერსესიანი. დურუ ციხიდან რომ გათავისუფლდა, მასთან შეხვედრას ერიდებოდა, მაგრამ ნერსესიანი ყველანაირად ცდილობდა, დურუ მოეკლათ. ზურაბ ბერბერიანთან ჩხუბიც დურუს სწორედ მის გამო მოუხდა, მელანი რომ წაიქცა და ამისთვის გაასამართლეს. ბერბერიანი ნერსესიანს უჭერდა მხარს, დურუს გასაღება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოკლეს. დურუს სამართალდამცველებიც პატივს სცემდნენ. დრანდის ციხის უფროსს და მისი მოადგილეს ძალიან უყვარდათ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტრობდნენ და მისი მოკვლა სურდათ. ჩხუბით ვერავინ ვერაფერს დააკლებდა, ისეთი ძალის პატრონი იყო. ბრტყელტუჩა თითზე რომ მოგეჭირა, ვერ ათქმევინებდი, მტკივაო. მინასიანი და ნერსესიანი დურუს არ დაუხოცავს, თუმცა ამისთვის გაასამართლეს. აბრალებდნენ, მაგრამ არ აღიარებდა დანაშაულს. ბოლოს ამ მკვლელობაში რომ დაადანაშაულეს, ტყეში იმალებოდა. ჩემს სოფელში, ლათაში წავიყვანე და ჩემი სანათესავო მალავდა. იარაღითაც ვამარაგებდი. ხან ჩემს ძმასთან იყო ოჯახში და ყველას შეაყვარა თავი. ძალიან ერთგული კაცი იყო. ნახევარი წელი იყო ჩემებთან, მერე თავისი სურვილით ჩაბარდა. რას წარმოიდგენდა, რომ დახვრეტდნენ, თან პოლიციის უფროსი დაჰპირდა, რომ მკაცრად არ დასჯიდნენ, მაგრამ მოსკოვი ჩაერია და ასეთი განაჩენი გამოუტანეს.
- ამბობენ, ციხიდან გაიქცაო.
- ციხის უფროსმა გამოუშვა საღამოს და უთხრა, მორე დილას მოდიო. უკან არ დაბრუნდა და ეს იყო მისი შეცდომა, გაქცევად ჩაეთვალა, თან ამასობაში ერთი ძალიან საზიზღარი ბიჭი მოკლა, სომეხი...
- ითქვა, დაკავების დღეს სამართალდამცველებს ტყეში გაშლილი სუფრით დახვდა, ირმის მწვადიც კი ჰქონდა მაგიდაზეო.
- ირმის მწვადით პოლიცილებს დურუ არა, ჩემი ძმა დახვდა. ჩემი ძმა ცხრა წელიწადი იმალებოდა. ის და დურუ ერთ წელს იყვნენ დაბადებული, მეგობრობდნენ, მაგრამ ერთად ყოფნა ვერ მოასწრეს - ერთი რომ გარეთ იყო, მეორე ციხეში იჯდა.
- საქმის გარჩევებში თქვენც მონაწილეობდით?
- აბა როგორ... მერე მე კარგი ბიზნესმენი გავხდი. სოხუმში პირველი კოოპერატივი მქონდა. შემდეგ დავკარგე ყველაფერი და გავხდი დევნილი. აფხაზეთის ომამდე სოხუმის ცენტრალური ბაზრის დირექტორი ვიყავი. მქონდა სამშენებლო კოოპერატივი, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატი. 4 მილიონ დოლარს მაძლევდნენ ჩემს წარმოებაში, მაგრამ არ გავყიდე, მერე კი ომი დაიწყო და 4 თეთრი არ მიმიღია იმ ქონებიდან, ყველაფერი დავკარგე. ჩემი სახლ-კარიც დაწვეს, სიმამრი სახლში ჩამიწვეს...
- ვიცი, თქვენც აღმოჩნდით ციხეში?
- ცოტა ხანი... ჩემი ძმა რომ დაიჭირეს, მაშინ დამიჭირეს, მის დამალვაში მადანაშაულებდნენ. მაშინ მე და დურუ ერთ საკანში ვიყავით. ოთხკაციან საკანში მარტო ჩვენ ვიყავით, არავის ვუშვებდით. დიდი ამბები გვქონდა. ყოველდღე ვჭიდაობდით ისე, რომ რკინის საწოლები დაღუნული იყო. დურუ მეუბნებოდა, ბიჭო, რომ არ გეტკინოს, ტანი უნდა მიაჩვიო, უნდა იფიქრო, რომ არ გტკივა და მერე რაც უნდა გირტყან, არ გეტკინებაო... ექვსი თვე ერთად გავატარეთ. მე ვერ დამიმტკიცდა დანაშაული. მერე თბილისის ციხეში გადამიყვანეს და იქიდან გამომიშვეს...
- ციხეში რკინის კარი ჩამოხსნაო, რომ ამბობენ, მართალია?
- ექვსი თვე იჯდა მარტო იმ საკანში, იატაკზე ეძინა. საჭმელი რომ შეჰქონდათ, თურმე ქათმის ძვლებს დაფშვნიდა და კარს რომ გააღებდნენ, ჩუმად რკინის კარის "პეტლებთან" ყრიდა. თანდათანობით "პეტლები" ნელ-ნელა დაშორდა, გაჩნდა არე და ერთ დღეს გაბრაზებულმა წიხლი რომ ჰკრა, რკინის კარი გადმოვარდა. გავარდა ციხეში ხმა, რკინის კარი ჩამოხსნაო...
კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: სასეირნოდ რომ გაჰყავდათ ცოტა ხნით, თურმე შენიშნა, სადაც სკამი იყო ჩაბეტონებული, იქ ბეტონი გაბზარულიყო. მითხრა, ვურტყამდი სულ ამ სკამს და ნელ-ნელა მოვარყიეო. მერე სცენა გავითამაშე, ვითომ გავუბრაზდი ზედამხედველს, შევაგინე მეგრულად, დავავლე ამ ჩემს მორყეულ სკამს ხელი და ამოვაძვრეო. გაგიჟდნენ ამის დანახვაზე და შემდეგ ხმა გავარდა, ბეტონიდან სკამი ამოაძროო. ძალიან გონიერი და ღონიერი ბიჭი იყო. პატრონი რომ ჰყოლოდა, კარგი სპორტსმენი იქნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. კრიმინალი იყო, ქურდი არ ყოფილა, არასოდეს არაფერი მოუპარავს. ე.წ კანონიერი ქურდები დიდ პატივს სცემდნენ. დურუს ქურდობა არ უნდოდა, ძალაუფლება ისედაც ჰქონდა.
- მას შეურაცხადის დიაგნოზი დაუსვეს..
- არა, რა შეურაცხადი! უბრალოდ, გაითამაშა, თითქოს ტკივილს არ გრძნობდა. ექსპერტიზის ჩასატარებლად რომ გადაიყვანეს, დურუს ფეხსაცმელი არ ეცვა და ექიმმა თურმე გავარვარებული "პლიტა" დადო ისეთ ადგილას, სადაც დურუ უნდა დამჯდარიყო. დურუ დასვა ამ "პლიტასთან", თვითონ მიუჯდა გვერდით, ფეხი ცხელ "ფეჩზე" დაადებინა და ჰკითხა, არაფერს გრძნობო? მან უარი უთხრა. დაეწვა ფეხები, მაგრამ ვერ გატეხეს. ბოლოს იმ კაცს უთქვამს - გაიყვანეთ ეს მხეცი აქედან, ამის ნახვა არ შემიძლიაო. სიმწრისგან თვალის გუგები გაუფართოვდა, ექსპერტიც მიხვდა ყველაფერს, მაგრამ ისე აღაფრთოვანა მისმა ნებისყოფამ, მოაწერა ხელი და თქვა, შეურაცხადიაო. მერე გიჟის სახელი ჰქონდა. დრანდაში რომ წამოიყვანეს, იქ "ვეჩნი კოიკა" ჰქონდა. სამჯერ გამოიძახეს ეტაპი, რომ სხვა ციხეში გადაეყვანათ, მაგრამ ოთახიდან ვერ გაიყვანეს. ვინც შევიდა, ყველა გარეთ ისროლა... მაშინ კომუნისტები გაუპარსავ ადამიანს არ აჩერებდნენ, მაგრამ ვერ გაპარსეს. მოსკოვში წაიყვანეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, მაშინაც წვერმოშვებული იყო და რამდენჯერაც სცადეს გაპარსვა, ყველას შეეწინააღმდეგა. ეტაპით რომ მიჰყავდათ, გააჩერეს როსტოვში. იქ ერთს უთქვამს, მე ამას ძალით გავპარსავო. დურუმ თურმე მუცელში მოჰკიდა ხელი და ჰაერში ეჭირა ცალი ხელით. იმ კაცს დაუწყია ღრიალი, მომაშორეთ ეს მხეცი, ამას არ გავეკარებიო.
- ამბობენ, გოგონების თანდასწრებით ჩხუბის გამო კაცი მოკლაო, მართალია?
- ერთი ამირანი იყო, რომელიც ცუდად მოექცა, გოგოებთან ერთად იყვნენ და დურუს შეურაცხყოფა მიაყენა. დურუმ იქ არაფერი უთხრა, მაგრამ მერე ჩაისვა მანქანაში, აიყვანა სასაფლაოსთან და მოკლა. ამ დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და მაშინ იყო, ფოთის ციხიდან რომ გამოიქცა... პოლიციას რომ ჩაბარდა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. როგორ მოკლეს, იცით? სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული. პირველად თურმე ძაღლი შეუშვეს და გაბდღვნა ძაღლი. ვერ გამოჰყავდათ დასახვრეტად. წყლითაც აავსეს საკანიო... ბოლოს ურო ჩაარტყეს, გათიშეს და ისე გაიყვანეს დასახვრეტად. წვალებით მოკლეს... 33 წლის იყო მაშინ... რომ დახვრიტეს, მისმა შუათანა ძმამ, მიტუშამ, სოხუმში 200-კაციანი ქელეხის სუფრა გაშალა. მერე მიტუშაც დახვრიტეს. არც დურუს და არც მიტუშას შვილები არ დარჩათ. მათი უფროსი ძმა ალიოშა მეხორცედ მუშაობდა ბაზარში, ამავე დროს პოლიციის აგენტი იყო. ამის გამო მიტუშას და ალიოშას მოუვიდათ "პერესტრელკა". მიტუშამ ალიოშა დაჭრა, მაგრამ მაშინ გადარჩა, ბოლოს კი მილიცია ისე გადაიმტერა, თავის ეზოში ჩაცხრილეს, როგორც ზემოთ გიყვებოდით, ღამის პირველი საათი იყო, ალიოშა გარეთ რომ გაიყვანეს და ტყვია დაუშინეს, ხმაურზე გამოვიდა მისი ფეხმძიმე მეუღლე და ისიც მოკლეს... ალიოშას ქალ-ვაჟი გადარჩა.
- მიტუშაც კრიმინალი იყო?
- მიტუშა იყო ნამდვილი კრიმინალი, უბედურის ერთი, თორემ დურუ ბუნჩულა ბიჭი იყო, თუმცა მასაც აერია ცხოვრება.
- ბოლოს, როცა ჩაჰბარდა, მილიციისთვის უთქვამს, ცოლის სახლში გამატარეთო. გზადაგზა თურმე რესტორნებშიც შედიოდნენ და ისე ჩავიდნენ თბილისამდე. ისიც ითქვა, რომ დააკავეს, ისეთი დახეული ფეხსაცმელი ეცვა, მილიციის უფროსმა თავისი ფეხსაცმელი ჩააცვაო.
- ცოლი ჰყავდა იაშტუხაში, მაგრამ მერე დაშორდნენ, არც შვილი ჰყავდა. პოლიციის უფროსმა ჩააცვა თავისი ფეხსაცმელი - ეს მართალია. დურუს გზაში წვერიც გააპარსინა, მერე რესტორანშიც შევიდნენ...
- კიდევ ერთი უმძიმესი ბრალდება ჰქონდა მას - ქალის გაუპატიურება, რამაც საბოლოოდ დახვრეტის განაჩენი მოუტანა...
- ეს ტყუილია! მტრები ჰყავდა და უგონებდნენ, თითქოს ქალებზე ძალადობდა. რა ძალადობა! ისეთი ბიჭი იყო, ქალები აქეთ გიჟდებოდნენ მასზე. ნორმალური ცხოვრება რომ ჰქონოდა, ცოლ-შვილიც ეყოლებოდა და შვილიშვილებიც, მაგრამ მისი ცხოვრება ისე აირია, პატიოსნად ვეღარ იცხოვრებდა...