"ახლა მე საქართველოს ვუტრიალებ, მინდა დავასრულო მუშაობა თამარ მეფის წიგნზე“ - კვირის პალიტრა

"ახლა მე საქართველოს ვუტრიალებ, მინდა დავასრულო მუშაობა თამარ მეფის წიგნზე“

იყო დრო, როცა ფოტოგრაფია მხოლოდ კაცის საქმედ ითვლებოდა, მაგრამ რამდენიმე ფოტოგრაფმა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს და დაამტკიცა, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ კაცის საქმე არ არის. არის ფოტოები, რომლებსაც შეიძლება რამდენიმე წამით შეხედო და მთელი ცხოვრება დაინახო; არის ფოტოები, რომლებიც ისტორიას ქმნიან, ასახავენ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. მისი გადაღებული ყველა ფოტოს უკანაც ისტორია დგას. მინდა გაგაცნოთ ქალი, რომელსაც არაერთ ფოტოკონკურსში გაუმარჯვია და თავისი ხელოვნებით ცდილობს საქართველოს მსოფლიოსთვის გაცნობას. ჩვენი სტუმარია ფოტოგრაფი, რეჟისორი და დიზაინერი ირინა აბჟანდაძე,­ რომლისთვისაც როგორც ამბობს, მისი პროფესია სულიერი თავშესაფარია.

- ორი წლის წინ, როცა პანდემია დაი­წყო, სოფელში წავედი და გავაკეთე ყველაფერი, რის გაკეთებასაც მანამდე ვერ ვასწრებდი. ვკითხულობდი ბევრს, მოვაწესრიგე ეზო - მოვზიდე ძველი ქვები და დავრგე სუკულენტები. რაც ხდება, ძალიან ცუდია, მაგრამ შეგიძლია გამოსავალი გამონახო. ამიტომ მაღიზიანებს, როცა ამბობენ, ეს არ გამოგვივიდა, ის არ გამომდისო. ბევრი რამ, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, ძნელად გამოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმის კეთება შესაძლებელია, თუ სურვილი გაქვს ადამიანს.

- სწორედ ამ პერიოდში თქვენ არაერთი საინტერესო წიგნი-ალბომი გამოეცით.

- დიახ, ასეა. ალბომებზე მუშაობისას თითქოს ჩამოვშორდი ჩემს პროფესიას, თუმცა ფოტო, იდეა, კონცეფცია და დიზაინი ჩემია. მართალია, ის ფოტოგრაფია, რომელიც მე მაინტერესებს, რეპორტაჟულ ფოტოგრაფიას ვგულისხმობ, ამ საქმისგან განსხვავებულია, თუმცა დრო უქმად არ დამიკარგავს და ბევრი საინტერესო რამ გავაკეთე.

- თქვენი გამოცემებიდან რომელს გამოარჩევთ?1

- ალბომებს მეღვინეობაზე, თბილისზე,­ თამარ ციციშვილზე, სუხიშვილებზე... თბილისის არქიტექტურაზე სამი გამოცემა გავაკეთე სხვადასხვა რედაქციით. ჩემი პარტნიორი იყო ქალბატონი მანანა გედევანიშვილი. უამრავი რამ ვისწავლე მისგან.

სუხიშვილების წიგნზე 4 წელი ვიმუშავე, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ვამატებდით მათ კონცერტებს. ძალიან სასიამოვნო იყო ნინო სუხიშვილთან მუშაობა. იყო სპეციფიკური რაღაცები, რაც ქორეოგრაფიის ამსახველ ფოტოში აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგალითად, რას ნიშნავს კარგი ცერი, როგორ უნდა იდგეს. ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა...

- გასტროლებზეც გიწევდათ მათთან ერთად წასვლა?

- ერთადერთხელ ვიყავი ინდოეთში, 4 დიდ ქალაქში გაიმართა კონცერტები. სადაც კი მივდიოდით, ოვაციით გვხვდებოდნენ. წარმოუდგენელია, შენი ცეკვით გააკვირვო ქვეყანა, რომელიც თავად არის ცეკვის ქვეყანა. ყველა კონცერტის შემდეგ ინგრეოდა დარბაზი. ინდოეთს მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი. როცა ბავშვობაში რაბინდრანათ თაგორი წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რა არის ინდოეთი. მოგვიანებით იყო არუდანტი როის "წვრილმანების ღმერთი" და გამიმძაფრდა ინდოეთის ნახვის სურვილი. მართლა უნიკალური ქვეყანაა.

ხშირად ვმოგზაურობ და მინდა გამოვყო ირანი. არანაკლებ საინტერესო იყო არგენტინა. სამწუხაროდ, არგენტინელებმა არაფერი იციან საქართველოზე და მეც ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ქვეყანაზე, სანამ არ ჩავედი. ბორხესი მათი ლამის ეროვნული გმირია. ყოველ კაფეში, ყოველ ქუჩაზე ნახავთ მემორიალურ დაფას, სადაც აწერია, რომ იქ უსადილია ან საქმიანი შეხვედრა ჰქონია. ასევეა ირანშიც - დიდი პოეტების საფლავებზე ულამაზესი­ შადრევნები ჩუხჩუხებს, იქვეა ჩაიხანები, აუზები და როცა ამ ყველაფერს უყურებ, ხვდები, ამ ხალხის ხსოვნა გაცოცხლებულია.

- ვიცი, რომ აზიის ქვეყნები გაინტერესებთ, ხომ არ ფიქრობთ ალბომების გამოცემას ამ ქვეყნებზეც?

- ჯერ ამაზე არ მიფიქრია, ახლა მე საქართველოს ვუტრიალებ. მინდა დავასრულო მუშაობა თამარ მეფის წიგნზე, რომელზეც 8 წელია ვმუშაობ. ასევე ვფიქრობ ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობებზე, ძალიან საინტერესოა ჩვენი ციხესიმაგრეები. მინდა გიორგი კალანდიასთან ერთად გავაკეთო ალბომი-წიგნი ლევან დადიანზე. ამ კაცის სახელთან არის დაკავშირებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეგრული რენესანსი.

- მოკლედ, ამ წიგნებზე ფიქრში, მგონი, ფოტოგრაფია გვერდზე გადადეთ...

- ფოტოგრაფიას იმხელა დრო და ენერგია მიაქვს, ვეღარ დავუბრუნდი, თუმცა­ ამ წიგნებში ყველა ფოტო ჩემი გადაღებულია.

- როგორ აირჩიეთ ფოტოგრაფია?

- ბავშვობაში უმეტესად ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი სოფელში. როცა ავად ვხდებოდი, ილუსტრირებული წიგნების კითხვა მიყვარდა. მახსოვს, ერთხელაც მომბეზრდა, მოვიწყინე და გამომიტანეს ვიოლინო, რომელიც ისე დავშალე, ვეღარც ააწყვეს. საშინელი თვისება მქონდა - ყველაფერს ვშლიდი. მაინტერესებდა, ნივთის შიდა სამყარო. შემდეგ ბაბუამ ფოტოაპარატი გამომიტანა, ისიც დავშალე და ცხადია, ვეღარ ავაწყვე, მაგრამ ხელში საოცარი ლინზები შემრჩა.­ იმ ლინზებიდან გავხედე ოთახს, ხეებს, ლანდშაფტს, რომელიც ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანდა, და სულ სხვა გამოსახულება მივიღე. 25 წელი დამჭირდა ამის შემდეგ, რომ ამ პროფესიამდე მივსულიყავი. სრულიად უსასყიდლოდ შემასწავლა ეს საქმე იური მეჩითოვმა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი საჩუქარი.

- რით დაგაინტერესათ რეპორტაჟულმა ფოტოგრაფიამ?

- ალბათ, იმით, რომ საინტერესო და ცოცხალია. როცა ვმოგზაურობდი, სწორედ მაშინ გამომდიოდა კარგი ფოტოები.

- ხომ არ გაიხსენებთ რომელიმე საინტერესო ამბავს?

- 90-იანი წლებია. უკვე ფოტოგრაფი ვარ და დაკრძალვაზე მივდივარ რაიონში ავტობუსით. საჩხერის შესასვლელში გავჩერდით, რადგან წინ მიმავალი კოლონა ჩაიხერგა. რომ ჩამოვედი ავტობუსიდან და წინ წავედი, საშინელი სანახაობა დამხვდა: შუა გზაზე დასვენებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი და უკან დედა, ცოლი და სხვა ჭირისუფალი. არ გაგატარებთ, სანამ მკვლელს არ გვაპოვნინებთო. მე მაშინვე დავიწყე გადაღება და როგორც კი ფოტოაპარატით დამინახეს, მათი მოთქმა-გოდება თეატრალური გახდა. როგორც კი უხეშად შევიჭერი ამ გარემოში, ეტყობა, დიდი აგრესია გამოვიწვიე და ვერ დავინახე, როგორ გამოიწია ნაჯახით ოჯახის ნათესავმა. ფოტოები კი დარჩა, მაგრამ ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ასეთია ჩვენი პროფესია, ხან სიმშვიდეში იღებ, ხან ხიფათს აწყდები.

რუსუდან შაიშმელაშვილი