"ეპიცენტრი თბილისში რომ ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა“ - კვირის პალიტრა

"ეპიცენტრი თბილისში რომ ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა“

"ერთ სამშენებლო მოედანზე ვიყავით. ჩვენი თანამშრომლები აკეთებდნენ სეისმურ პროფილირებას, რაც აუცილებელია სამშენებლო პარამეტრების დათვლისთვის და მშენებელი გვეუბნება, რას აკეთებთ, ეს რა საჭიროა, მე მაინც ჩემს ჭკუაზე გავაკეთებო. ასეთ მშენებელს ლიცენზია რომ ექნება, რაღა უნდა თქვა?!“

13 თებერვალს საქართველოში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ეს სოფელი, დიდი ხანია, მოექცა, რადგან იქ აქამდეც ხშირად იგრძნობოდა პატარა ბიძგები, თუმცა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ მთელი საქართველო შეაზანზარა. მიწისძვრის შედეგად სოფელში ოცამდე საცხოვრებელი სახლი და სოფელ განთიადის საჯარო სკოლის შენობა დაზიანდა. შეიქმნა დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ამბობს, რომ ყველა ოჯახს სახელმწიფო ზარალს სრულად აუნაზღაურებს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი სუსტი მიწისძვრა სწორედ აქ ხდება, თუმცა 13 თებერვლის მიწისძვრა გაცილებით ძლიერი იყო.

- როდესაც სეისმური მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ მოხდა ML 6,1 მაგნიტუდა, ეს ნიშნავს, რომ ზედაპირამდე მოდის და ადამიანი­ მიწი­სძვრას შეიგრძნობს. ML კლასი საკმარისად ძლიერია, თუმცა ეპიცენტრში ასეთი­ ძლიერი ეფექტი არ ექნებოდა, რადგან იქაურობა დაუსახლებელია. ეს ტალღა წრიული ეფექტით გავრცელდა და საგრძნობი იყო თბილისშიც. ჭავჭავაძის #29-იდან ფოტოები გამომიგზავნეს და ჩანს მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ბზარები­, შუშებიც კი ჩაიმსხვრა. ასეთი­ ძალის მიწისძვრას ეპიცენტრიდან დაახლოებით 175 კილომეტრში ეს ეფექტი არ უნდა გამოეწვია, მაგრამ დღეს პრობლემა ჩვენი სამშენებლო პოლიტიკაა, თორემ კავკასიაში ამაზე ძლიერი მიწისძვრები მომხდარა და მომავალშიც მოხდება. ეპიცენტრი თბილისში რომ ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა.

- თბილისში ნგრევას გამოიწვევდა?

- რა თქმა უნდა, დაინგრეოდა შენ­ობები­ და იქნებოდა მსხვერპლიც. ამაზე ბევრად ნაკლები იყო 2002 წლის მიწისძვრა და გვახსოვს, რა უქნა თბილისს, თანაც მაშინ ასეთი სამშენებლო ბუმი არ იყო. მაღალსართულიანი კორპუსები სეისმურად აქტიური რეგიონისთვის ძალიან ცუდია. ასეთი შენობები თავისებურ გათვლას მოითხოვს. მაგალითად, სან-ფრანცისკოში ცათამბჯენები ისეა აგებული, რომ მიწისძვრას გაუძლოს, ჩვენთან კი მშენებლობაში ისეთი ქაოსია, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის. მოსახლეობა აუცილებლად აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ადამიანს მიწისძვრა არ კლავს, ადამიანს კლავს მისივე უტვინობა. საცხოვრისი ისე უნდა ააგო, მიწისძვრას გაუძლოს. სულ ვლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ასე მგონია, ქარის წისქვილებს ვებრძვით. გასაგებია, რომ გაძვირება ხელს არ აძლევთ­ არც მსხვილ კომპანიებს და არც საზოგად­ოებას, მაგრამ თანამედროვე ევროპული სტანდარტები უნდა დაიცვან! ეს თითქოს ლაბირინთია, რომელშიც ვერ შევაღწიეთ, თანაც არც პრობლემის მოგვარების მსურველი ჩანს, არც პასუხის მომთხოვნი. ბევრს არ ესმის, სად შედის საცხოვრებლად და როგორ რისკავს.

miwisdzvra-1645375722.jpg

- მოსახლეობამ ბინის შეძენის დროს რას უნდა მიაქციოს ყურადღება?

- ძალიან რთულია რჩევის მიცემა, რადგან არ ვიცი, რომელ მშენებელს უნდა ვენდო. მეც კორპუსში ვცხოვრობ და ისეთი­ დაშინებული ვარ, წამოსვლა მინდა. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ მშენებლობებს, მაგრამ მე ხომ ზუსტად ვიცი, ასეთი მიწისძვრა თბილისში რომ მომხდარიყო, რა გველოდა! სამარცხვინოა, ასეთი მიწისძვრა ქალაქს რომ დაგინგრევს.

- ბევრჯერ გითქვამთ, თბილისში რამდენიმე ადგილას საერთოდ უნდა აიკრძალოს განაშენიანებაო. კერძოდ, ასახელებდით ლისისა და მთაწმინდის ფერდობებს, რადგან იქ მშენებლობის პროცესი მეწყრის პროვოცირებას იწვევს და ესეც არანაკლებ საშიშია. ამ განცხადებებს ვინმემ ყურადღება მიაქცია?

- ვლაპარაკობთ მეც და ბევრი სხვაც, მაგრამ ყველა ყველაფერს მაინც ძველებურად აგრძელებს. ერთ სამშენებლო მოედანზე ვიყავით. ჩვენი თანამშრომლები აკეთებდნენ სეისმურ პროფილირებას, რაც აუცილებელია სამშენებლო პარამეტრების დათვლისთვის და მშენებელი გვეუბნება, რას აკეთებთ, ეს რა საჭიროა, მე მაინც ჩემს ჭკუაზე გავაკეთებო. ასეთ მშენებელს ლიცენზია რომ ექნება, რაღა უნდა თქვა?! დიახ, ბევრჯერ მითქვამს, რომ ლისისა და მთაწმინდის ფერდობებზე განაშენიანების ეს ფორმა კატეგორიულად მიუღებელია. მათი გეოლოგიური სტრუქტურის გამო ასეთი დატვირთვა ყოველთვის გამოიწვევს მსგავს პროცესებს და ეს პროცესები არ გაჩერდება. ნუცუბიძიდან დაწყებული, ვაშლიჯვრის ბოლო კორპუსამდე, არის ლისის ტბის ფერდი და მას აქვს ერთი გეოლოგიური სტრუქტურა, სადაც ასეთი ჩარევა ყოველთვის გამოიწვევს მეწყერსაშიში ზონის პროვოცირებას. ფაქტობრივად, ეს არის ბომბი ქალაქში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცუდ სახლში საცხოვრებლად არ შევიდეს, არადა, ყველას თბილისში უნდა ცხოვრება, თანაც მთაწმინდის ან ლისის ფერდზე! საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს ამ პრობლემების მოგვარება, თორემ, ფაქტობრივად, ინგრევა ქალაქი და არავინ არაფერს აკეთებს. უამრავი სახლია თბილისში, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა, დიდი ხანია, გაუვიდა და სერიოზული პრობლემებიც აქვს. რეაბილიტაცია სამშენებლო პოლიტიკის ნაწილია და ამ მხრივ სისტემური ღონისძიებებია ჩასატარებელი, არადა, ისეთი მასშტაბი მიიღო ამ პრობლემამ, ერთ-ორ წელიწადში ურთულესი ვითარება იქნება. ღმერთმა ნუ ქნას, მიწისძვრა მოხდეს. 2002 წლის მიწისძვრითაც დადასტურდა, რომ გაფრთხილება აუცილებელია და ასე ხელაღებით მშენებლობა დედაქალაქს კარგს არაფერს მოუტანს.

- ხომ არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შეიძლება სეისმოლოგებმა წინასწარ დაადგინონ მიწისძვრის ეპიცენტრი?

- მე რომ ვიცოდე, წინასწარ რა მოხდება, ნობელის პრემია მექნებოდა, მსოფლიოს კი მიწისძვრის პრობლემა მოგვარებული. ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

- საქართველოში კიდევ რომელი ზონებია საშიში?

- საქართველოს სეისმური რუკა რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ აბსოლუტურად დაცული ადგილები არ გვაქვს. რაჭის მიწისძვრას გარღვევის 80 კილომეტრი ჰქონდა. 80 კილომეტრი კი არ გაირღვა,­ მაგრამ ამ მანძილზე გაიჭიმა ავთერშოკი. ეს ბოლო პერიოდის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო და რაჭის რეგიონი დღესაც საშიშია. სანამ რაჭაში მიწისძვრა მოხდებოდა, მანამდე საშიშად ითვლებოდა გაგრა-ჯავის მონაკვეთი, რომელიც 30 წლის წინ გააქტიურდა და მას მერე აქტივობა არ ჩამცხრალა. მისი რომელიმე სეგმენტი როდის გააქტიურდება, არავინ იცის. ერთი დიდი და მეორე პატარა ფილაქნის შეჯახების ზოლში ვართ და, შესაბამისად, აქტიური ტექტონიკა და კომპლექსური გეოლოგია მიანიშნებს, რომ აქ მიწისძვრები ყოველთვის იქნება, თუმცა, რომელი რეგიონი როდის გააქტიურდება, ვერ ვიტყვით. ბარისახოშიც მოხდა მიწისძვრა, ასე რომ, საფრთხე ყველგან არსებობს და ჩვენი ვალია, ეს განვაცხადოთ. სწორედ ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმაა საწინდარი სამშენებლო პოლიტიკის სწორად გააზრებისა. ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მიწისძვრები საქართველოში

1089 წელი - მიწისძვრა აღდგომა დღეს. დაინგრა სამხრეთ საქართველო.

1283 წელი - დამანგრეველი მიწისძვრა თბილისში.

1318 წელი - ძლიერი მიწისძვრა თბილისში.

1899 წელი - 8-ბალიანი მიწისძვრა ახალქალაქში.

1920 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა გორში.

1930 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა სამეგრელო-ზემო სვანეთში.

1940 წელი - მიწისძვრა ტაბაწყურში.

1947 წელი - მიწისძვრა ბარისახოში.

1951 წელი - მიწისძვრა მთათუშეთში.

1955 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა ზემო სამეგრელოში.

1957 წელი - 8-ბალიანი მიწისძვრა მარტვილში.

1958 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა აჩიგვარაში.

1959 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა აჭარა-გურიაში.

1963 წელი - 9-ბალიანი მიწისძვრა ჩხალთაში.

1978 წელი - მიწისძვრა დმანისში.

1991 წელი - 9-ბალიანი მიწისძვრა რაჭა-იმერეთში.

2002 წელი - 7-ბალიანი მიწისძვრა თბილისში.

2017 წელი - 5,1-ბალიანი მიწისძვრა სიღნაღში.

2018 წელი - 5,7-ბალიანი მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.

2022 წელი - 6,1-ბალიანი მიწისძვრა დმანისში.