"სწორედ ელიოზმა, ქართველმა ებრაელმა ჩამოიტანა ქრისტეს კვართი" - რას წერს უცხოური გამოცემა საქართველოზე
დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ჯიუშ ქრონიკლში“ (The Jewish Chronicle) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მშვენიერი საქართველო“(Gorgeous Georgia), რომელშიც ავტორი - რუპერტ პარკერი მკითხველებს საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„დავდივარ თბილისის ძველი უბნების ქუჩებში და ჩემს თავს ვეკითხები - სად შეიძლება კიდევ ნახოს ადამიანმა მსოფლიოში ასე ერთად მდგარი ებრაული სინაგოგა და ისლამური მეჩეთი, სომხური, ქართული და კათოლიკური ქრისტიანული ეკლესიები?
აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის მიჯნაზე მდებარე საქართველო ორჯერ პატარაა ინგლისთან შედარებით, მაგრამ მისი ბუნება ძალზე მრავალფეროვანია - თოვლიან-ყინულიანი კავკასიის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ნაპირები, თავისი პლაჟებით, უღრანი ტყეები... მოკლედ, ამ ქვეყანაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც ტურისტებს იზიდავს“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი მკითხველს საქართველოში ებრაელების დასახლების ისტორიას აცნობს: „ფაქტობრივად, საქართველო მსოფლიოში უძველესი ებრაული დიასპორის ქვეყანას წარმოადგენს - სწორედ აქ ჩამოვიდნენ პირველად ებრაელები მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაიპყრო, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, პირველი ებრაელები მცხეთაში - საქართველოს ძველ დედაქალაქში დასახლებულან, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს“.
„დღეს საქართველოს მასშტაბით თბილისში ყველაზე მეტი ებრეალი ცხოვრობს, დაახლოებით - 11 ათასი ადამიანი, აქვეა დიდი სინაგოგა, რომელიც 1885 წელს არის აშენებული წითელი აგურით“, - წერს ავტორი და ხაზგასმით მიუთითებს: „საქართველოში მრავალი ასეული წლის განმავლობაში მცხოვრები ებრაული თემი არასდროს ყოფილა შევიწროვებული, თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც კი, ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განხვავებით. გადმოცემის თანახმად, სწორედ ელიოზმა, ქართველმა ებრაელმა ჩამოიტანა საქართველოში ქრისტეს კვართი (პერანგი) მისი ჯვარცმის შემდეგ, რომელიც მცხეთაში ჯერ 327 წელს, მეფე მირიანის მიერ აგებულ ეკლესიაში, შემდეგ მის ადგილას - მე-11 საუკუნეში აშენებულ სვეტიცხოვლის ტაძარში ინახება. მცხეთა მართლმადიდებელი ქართველების სალოცავ ადგილად ითვლება, აქ არის კიდევ უძველესი, მე-5 საუკუნის ჯვრის მონასტერი, რომელიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავს“.
„საქართველოში, სადაც უნდა იყოთ, ყველა ადგილს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს“, - წერს ავტორი და ქვეყანაში მოგზაურობას იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქის - გორის დათვალიერებით აგრძელებს: „ის სახლი, სადაც საბჭოთა ბელადი 1879 წელს დაიბადა, დღესაც შემონახულია, რომელიც სპეციალურ შენობაშია მოთავსებული. იქვე არის დიდი მუზეუმიც, მინის სახურავით, რომელიც იოსებ სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. მუზეუმის ექსპოზიცია, ძირითადად, იგივეა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, თუმცა პროპაგანდის დასაბალანსებლად, მუზეუმს ბოლო ხანს დაემატა სექცია, სადაც სტალინის მმართველობის პერიოდში მომხდარი რეპრესიების მასალებია გამოფენილი. მუზეუმის გარეთ დგას რკინიგზის ვაგონი, რომლითაც საბჭოთა ბელადი იალტის კონფერენციაზე იმყოფებოდა. ვაგონში განათება არ არის და "ფარნის" შუქზე მისი საძინებლისა და სააბაზანოს დანახვამ ადამიანს შეიძლება შიშიც მოჰგვაროს“.
რუპერტ პარკერი ქუთაისსაც სტუმრობს და იქაურ ღირსშესანიშნაობებზეც წერს: „ქუთაისი უძველესი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ბერძნული მითების თანახმად, კოლხეთში იაზონი და მისი არგონავტები ჩამოსულან ოქროს საწმისის წასაღებად, რომელიც ცხვრის ტყავს წარმოადგენდა - სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა თვითნაბადი ოქროს მოპოვება მთის მდინარეებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდას ფაქტობრივი საფუძველი აქვს“. ავტორი მოკლედ გადმოსცემს ქუთაისის ებრაული თემის ისტორიას, იქაურ სინაგოგებს და სინანულით წერს, რომ ამჟამად ქუთაისში მხოლოდ 150-მდე ებრაელი ცხოვრობს. პუბლიკაციაში საუბარია, აგრეთვე, სათაფლიის მღვიმის შესახებ, კოლხეთის სამეფოს მნიშვნელოვანის ქალაქის - ვანის სიმდიდრის თაობაზე და ა.შ.
ავტორის მოგზაურობის ბოლო პუნქტია შავიზღვისპირა ქალაქი ბათუმი, რომლის შესახებაც სტატიაში საკმაოდ ფართოდ არის ლაპარაკი: „ბათუმი განსაკუთრებით გამშვენიერდა მე-19 საუკუნიდან, როცა კურორტად გადაიქცა. ბოლო წლებში ქალაქში მრავალი ცათამბჯენი და კაზინო აშენდა, რითაც ქალაქი შავი ზღვის „ლას-ვეგასად“ მოინათლა. ბათუმში თავის დროზე მრავალრიცხოვანი ებრაული თემი ცხოვრობდა, სინაგოგებიც არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთი საბჭოთა ხელისუფლების დროს სპორტულ ცენტრად იყო გადაქცეული, 1998 წელს კი მას თავისი დანიშნულება დაუბრუნდა. ამჟამად ბათუმში 50-მდე ებრაული ოჯახი ცხოვრობს, ბევრი ისრაელში დაბრუნდა, თუმცა მშობლიურ ქალაქს არ ივიწყებენ და შვებულებებს აქ ატარებენ. ბათუმში ისრაელიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან“.
პუბლიკაციაში ლაპარაკია ბათუმის, როგორც კასპიის ნავთობის ისტორიული ექსპორტის ცენტრზე, ასევე, ძმები ნობელების მუზეუმზე, ქალაქის არქიტექტურულ თავისებურებებზე, ბულვარის შესახებ და ა.შ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ