"სააკაშვილი როცა იყო მაგარი კაცი, ვინ გაბედავდა ქართულ ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძეობას ან "ევროპელ სოციალისტობას"? პრორუსულობის გაჩენას ვინ გაბედავდა?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი როცა იყო მაგარი კაცი, ვინ გაბედავდა ქართულ ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძეობას ან "ევროპელ სოციალისტობას"? პრორუსულობის გაჩენას ვინ გაბედავდა?"

"უღიმღამო არის ყველაზე უფრო პოზიტიური შეფასება, რაც კი გამიგია და შეიძლება წარმოვიდგინო ღარიბაშვილზე. თავად ძალიან გვიან გავიგე, რომ ღარიბაშვილი მიუნხენში ყოფილა, იმდენად არ ჩანდა", - ასე შეაფასა დავით ბერძენიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დასწრება.

როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასევე არავის აინტერესებს, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიის პანელზე საუბრობს, რადგან ბერძენიშვილის განმარტებით, მიუნხენის კონფერენცია უკრაინის საკითხს ეძღვნებოდა.

„იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მთავარი ფიგურა - დღეს რომ ზელენსკია, ამ როლში იყო სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე და მაშინ ძალიან დიდი იმედები იყო საქართველოს და მისი ევროპული, ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ. ეს სააკაშვილის მმართველობის პირველი წლებია, რომელსაც მნიშვნელოვანი მინუსები ჰქონდა დემოკრატიის, მედიის, ოპოზიციური პარტიების მიმართულებით, მაგრამ 2004-2005-2006 წლები საერთო ჯამში პოზიტივი იყო. მაშინ პლუსი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მინუსი, განსხვავებით 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდისგან, როდესაც ერთმნიშვნელოვნად მინუსი სიჭარბით არის.

სააკაშვილი როცა იყო მაგარი კაცი, ევროპისთვის იუშენკოც იყო მაგარი კაცი. ვინ გაბედავდა ქართულ ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძეობას ან „ევროპელ სოციალისტობას“? პრორუსულობის გაჩენას ვინ გაბედავდა? ქართული ოპოზიცია ყოველთვის, ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან იყო უფრო პროდასავლური, რომელიც მოითხოვდა ხელისუფლებისგან მეტ პროდასავლურობას. ქართული ოპოზიცია იყო პროდასავლურობის ციტადელი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე საქართველოს ამჟამინდელი შიდა პოლიტიკური ვითარება შეაფასა და ქალაქ რუსთავში გასამართ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსებზეც ისაუბრა.

„რაკი ბადრი ჯაფარიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს რუსთავში, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია ვაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელ გამარჯვებად. ვაკეში მეორედ რომ მოიგო ოპოზიციაში წასულმა მიხეილ სააკაშვილმა, მაშინ შევარდნაძე-აბაშიძეს უმრავლესობა კი არ დანგრევია პარლამენტში, მაგრამ სრულიად მკაფიოდ გამოცხადდა, რომ მოვიდა, პირველი მერცხალია, რომელმაც ჯერ დააკაკუნა, მერე კი შემოგივარდება პარლამენტში. მხოლოდ „ლელოს“ სახელით მომუშავე ბადრი ჯაფარიძე მომგები ვერაა, რადგან „ლელოს“ 3%-დან „50+1“ არ გამოდის. ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, მომგები არ არის, რადგან ასეთი მხარდაჭერა საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, „ნაციონალები“, „რესპუბლიკელები“, „დროა“, „ევსაქები“ და ა.შ. - ყველა ამ პარტიის მხარდაჭერა სჭირდება ჯაფარიძეს. გიორგი გახარიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, „ნაცი“ კი არა, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი არის კანდიდატი. ჯაფარიძის ადგილას შევქმნიდი სერიოზულ საერთო ოპოზიციურ შტაბს, რომელიც უხელმძღვანელებდა ამ პროცესს. თუ ოპოზიცია ამ ერთ ოლქში „ოცნებას“ დაამარცხებს, ეს იქნება წარმატების საწინდარი. თუ ეს არ მოხდება, მივიღებთ, რომ ამომრჩეველი არის ოპოზიციური და პოლიტიკური სპექტრი არ არის ამომრჩევლის ღირსი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყისი წლები გაიხსენა და ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნის დროს სხვა პარტიებს იმის ძალა ჰქონდათ, რომ მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილისთვის საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნა მოეთხოვათ.

„მაფიოზობის“ ნიშნებს ბიძინა ივანიშვილი იმ წუთიდან მოყოლებული ატარებდა, როდესაც მას პირველად შევხვდი, მაგრამ მისი მაფიოზობის და „დონ კორლეონეობის“ შესაძლებლობა იყო მნიშვნელოვნად შეზღუდული „რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატების“ და სხვების მიერ. ივანიშვილის „დონ კორლეონეური“ მიდრეკილებები სულ უფრო იზრდებოდა 2016 წლიდან, თუმცა მანამდეც საკმაოდ, მაგრამ ვუმკლავდებოდით. ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ გააგდო კოალიციიდან და ჩვენც უნდა წავსულიყავით, მაგრამ რაკი დავრჩით, ამას მისი ნაწილობრივ პლუსები ჰქონდა. ხომ მოვითხოვეთ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა და ხომ გავიტანეთ? უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღამის 2 საათზე აჩვენა მთვარე როგორ გამოიყურება, რადგან ღამის 2 საათამდე არწმუნებდა იმაში, რომ ან თინა იქნება თავდაცვის მინისტრი, რომ ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ ულტიმატუმი, ან ჩვენ მივდივართ ოპოზიციაში და უმრავლესობის და ხარისხის პრობლემაც გაქვს“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.