"რუსეთისთვის კბილების ჩამონგრევას მხოლოდ ნატოს საზღვრებთან შეძლებენ" - კვირის პალიტრა

"რუსეთისთვის კბილების ჩამონგრევას მხოლოდ ნატოს საზღვრებთან შეძლებენ"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსს ჯერ კიდევ ხედავს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა. „ჩემი პასუხი არის - დიახ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ფრონტზე, ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება იმუშაოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება დიპლომატიური ნაბიჯების სერია, მათ შორის - შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, ასევე, მოლაპარაკებები მსოფლიო ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. „ყველა მცირე შესაძლებლობას, რომ რუსეთი დიპლომატიის სივრცეში შევინარჩუნოთ, გამოვიყენებთ. ჩვენი პარტნიორები ამაში დაგვეხმარებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვემზადოთ რამე სცენარისთვის", - დასძინა კულებამ.

გამოიღებს თუ არა დიპლომატია შედეგს და როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი ომის დაწყების ან ომის თავიდან არიდების შემთხვევაში? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:

- ჩემი აზრით, დიპლომატია შედეგს გამოიღებს და ომს თავიდან ავირიდებთ, მაგრამ საკითხავია, როგორი იქნება მშვიდობა კრიზისის დასრულების შემდეგ და ვის სასარგებლოდ განვითარდება მოვლენები - რუსეთის თუ უკრაინის? რატომ არ იქნება ომი? ომის ერთადერთი დამწყები რუსეთია, რუსეთმა კი უკრაინა უკვე ისეთ დღეში ჩააგდო, ომი აღარ სჭირდება. უკვე უზარმაზარი ზარალი ნახა უკრაინამ - ქვეყნიდან გავიდნენ უცხოური კომპანიები, ინვესტორები... რაც უფრო მეტად გაიწელება კრიზისი, ზარალიც გაიზრდება.

- შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში კრიზისის შექმნაზე გარკვეული წილი ამერიკასაც მიუძღვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად ისაუბრა ამერიკული დაზვერვის აგრესიულ ინფორმაციაზე, რამაც, მისი თქმით, დესტაბილიზაცია გამოიწვია შინ და გარეთ. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ დაზვერვა, რომელსაც ენდობა, მხოლოდ მისი [უკრაინის] დაზვერვაა.

- ჩემი აზრით, ამერიკა ტემპერატურის აწევით, ომის დაწყების ალბათობას ამცირებს. როდესაც მთელი მსოფლიო ხელებში უყურებს რუსეთს, წესით, ომის დაწყება უნდა გაუჭირდეს. თუმცა, ცხადია, რომ ამას უკუეფექტიც აქვს - უკრაინის ეკონომიკას მძიმედ ურტყამს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელი პრეზიდენტი დასავლელი პარტნიორების მიმართ განაწყენებულია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორებს მიმართა: ,,გვეუბნებით, რომ სანქციები არ დაწესდება მანამ, სანამ ომი არ დაიწყება და თქვენ ამბობთ, რომ ომი რამდენიმე დღეში დაიწყება... მაშ, რას ელოდებით?“. მართლაც, რას ელოდება დასავლეთი?

- ევროკავშირმა რუსეთს უკვე გარკვეული სანქციები დაადო, მაგრამ ჯერჯერობით ამის იქით ვეღარ მიდის. ზელენსკის იმედგაცრუების მიზეზი ამასთან ერთად ისიც არის, რომ უკრაინას ნატოში არ იღებენ. მე მიკვირს იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, პრეზიდენტია და, წესით, უნდა იცოდეს, რომ სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოები უკიდურესად, საქართველოს გაწევრებაზე მეტადაც კი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიღებას. ზელენსკიმ ეს იცის და შეუძლია მშვიდი სინდისით დააყვედროს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, რომ მათი პესიმიზმის გამოა უკრაინა ასეთ რთულ დღეში.

- თუმცა საინტერესოა, ამ სკეპტიციზმის უკან რა დგას - პრაგმატული გათვლები თუ რუსული ფული და გავლენა?

- ერთიც და მეორეც! მთავარ სკეპტიკოსს - გერმანიას ყველასგან განსხვავებული ხედვა აქვს, მათ შორის, ჩვენგან, ამერიკისგანაც. გერმანელები ფიქრობენ, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე უკრაინის ნატოში გაწევრება არ მოხერხდება, უფრო სწორად, უკრაინის გამო რუსეთთან დაპირისპირება არ ღირს და ამას ისევ რუსეთთან „დალაგება“ ჯობია. გერმანელების ასეთი განწყობის მიზეზი ისიც არის, უკრაინამ დღემდე ვერ მოახერხე ფეხზე დადგომა, ისე როგორც ეს 45 მილიონიან ქვეყანას შეეფერება - ვერც ეკონომიკური და ვერც სამხედრო კუთხით.

- რუსეთთან სიტუაციის „დალაგება“ შესაძლებელია?

- ეს სხვა საკითხია, თუმცა გასაგებია რას ითხოვს რუსეთი, სიტუაციის დალაგების ფასად - ეს არის გავლენის სფეროები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მინუს ბალტიისპირეთი.

- სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო და საგულისხმო ვიდეო გავრცელდა, სადაც რუსი ქალბატონი ასეთ რამეს ამბობს - როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები? პუტინი გვპასუხობს, რომ არსად! სინამდვილეში კი რუსეთის საზღვრები მთავრდება იქ სადაც მას კბილებს უნგრევენ.

- დიახ, ასეც არის, მაგრამ რუსეთისთვის კბილების ჩამონგრევას მხოლოდ ნატოს საზღვრებთან შეძლებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე