"ბოლშევიკების მიერ ბრძანება გაიცა, განადგურებულიყო ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია"
რამ აიძულა სომეხი სოვდაგრები მარმარილოს ქანდაკებები შეეძინათ
"წინანდალს საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში სტუმრობდნენ ამხანაგები: ფილიპე მახარაძე და ბუდიონი. ჭავჭავაძეების კარგად გაწყობილი საგვარეულო სასაფლაო და იქვე ჭავჭავაძეების აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომ ნახეს, ძალიან არ მოეწონათ. სასაფლაო გაწყობილი იყო ნახევარი მეტრის სიმაღლის ნიმფების თეთრი ქანდაკებებით, ჩემი წინაპრების, გულბაათ ჭავჭავაძის და მისი შვილების საფლავებზე შავი მარმარილოს ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები იდგა", - ირაკლი კალანდია განადგურებულ სასაფლაოზე გვიამბობს, რომლის აღსადგენად დღემდე იბრძვის...
- დედაჩემის, ეკა ანდრონიკაშვილის მიერ მისი წინაპრების სათუთად გადანახული სურათების, ღია ბარათებისა და საბუთების გარემოცვაში გავიზარდე. რაც უფრო მეტად ვეცნობი ჩემი წინაპრების ისტორიას, მათ მიწერ-მოწერას, ვიხსენებ დედაჩემის მოთხრობილ ისტორიებს, კიდევ უფრო მეტ მოკრძალებას, სიყვარულს ვგრძნობ ამ ადამიანების მიმართ. როგორც პატრიარქი ამბობს, არსებობს სულთა კავშირი ჩვენსა და ჩვენს მიცვალებულებს შორის და თუ ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ჩვენზე გადმოდის მათი სათნოებები. პატრიარქმა, წლების წინ მოგვცა კურთხევა, ჩამოგვეწერა წინაპრების სახელები და მათი სულების მოსახსენებლად ჩაგვებარებინა საპატრიარქოში. მეც ჩამოვწერე მათი სახელები. დედაჩემის, ეკა ანდრონიკაშვილის მხრიდან ჩავედი მე-15 საუკუნემდე. ამაში დამეხმარა აწ უკვე გარდაცვლილი, იური ჩიქოვანის მიერ შედგენილი ქართველ წარჩინებულ გვართა გენიალოგიური კვლევები.
ამის შემდეგ კიდევ უფრო ჩავუღრმავდი წინაპრების ცხოვრებას, რათა არ გაწყვეტილიყო თაობათა შორის გენეტიკური კავშირი და იმდენად საინტერესო ისტორიები მოვიძიე, რომ გადავწყვიტე, არა მარტო ჩემი შვილების და შვილიშვილებისთვის ყოფილიყო ეს ამბები ცნობილი, არამედ მათი მივიწყებული სახელები ფართო საზოგადოებისთვისაც გამეცნო. თელავის მუნიციპალიტეტმა საპატიო წინანადლელის და თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭა, რაც კიდევ უფრო მავალდებულებს, მეტი გავაკეთო მათი ხსოვნის გადასარჩენად.
- გვიამბეთ ბოლშევიკების მიერ განადგურებული სასაფლაოს შესახებ...
- წინანდალს საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში სტუმრობდნენ ამხანაგები: ფილიპე მახარაძე და ბუდიონი. ჭავჭავაძეების კარგად გაწყობილი საგვარეულო სასაფლაო და იქვე ჭავჭავაძეების აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომ ნახეს, ძალიან არ მოეწონათ. სასაფლაო გაწყობილი იყო ნახევარი მეტრის სიმაღლის ნიმფების თეთრი ქანდაკებებით, ჩემი წინაპრების, გულბაათ ჭავჭავაძის და მისი შვილების საფლავებზე კი შავი მარმარილოს ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები იდგა. მუხა ძველი ტოტემია, განსაკუთრებით გამორჩეულ საკულტო ხედ იყო მიჩნეული. ქანდაკებებზე გამოსახული გახლდათ გველი, როგორც სიბრძნის სიმბოლო.
XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, საქართველოში საფლავის ქვები, მიწაზე თარაზულად დადებული გახლდათ, ზედწერილი ეპიტაფიით. ობელისკებისა და ქანდაკებების დადგმის წესი შემდეგი პერიოდიდან შემოვიდა. მაშინ თბილისის სავაჭრო სახლებში იტალიელებს შემოჰქონდათ მარმარილო, რომლის დამკვეთები ჭავჭავაძეების ოჯახები იყვნენ.
ბოლშევიკების მიერ ბრძანება გაიცა, განადგურებულიყო ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ბოლშევიკებმა საფლავები მიწასთან გაასწორეს და ქვებით კანტორები აიშენეს. ეკლესია საჯინიბოებად გაიხადეს, ხოლო გულბაათ ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის წევრების საფლავებზე დადგმული ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები გაყიდეს. ჩემი დიდი პაპის, გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის ძე ჭავჭავაძის საფლავზე ობელისკი დაუდგეს ბოლშევიკებს.
ამჟამად, ჭავჭავაძეების ყოფილ სასაფლაოსთან არსებული ეკლესია აღდგენილია და მოქმედებს. კომუნისტების მიერ ჭავჭავაძეების საფლავის ქვებით აგებული შენობები ეკლესიას გადაეცა. წინანდლელებმა ბოლშევიკების ობელისკიც აიღეს და ჩემი დიდი პაპის, არჩილ ჭავჭავაძის საფლავის ადგილას ქვა და ჯვარი დადგეს.
ბოლშევიკების მიერ გაყიდული ტოტებწაჭრილი ორი მუხის ქანდაკება თელავის ე.წ. სომხურ სასაფლაოს უპატრონო საფლავებზე ვინმე სოლომონოვის და მათიკოვის საფლავებზე დგას, ერთიც - სოფელ წილკნის სასაფლაოზეა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ტოტებწაჭრილ მუხის ქანდაკებებზე ექსპერტიზა ჩავატარებინე, რომლის დასკვნით, ქანდაკებების ფილების ზედაპირზე მომხდარია მექანიკური ზემოქმედება, გადაშლილია ჭავჭავაძეების გვარი და ზედ გადაწერილია სოლომონოვის და მათიკოვის გვარები.
- როგორ მოხდა გაძარცვა?
- წინანდლელებმა მომაწოდეს მათი წინაპრების ხელნაწერები, ჩანაწერები, სადაც აღწერილია, ჭავჭავაძეთა საგვარეულო სასაფლაოდან როგორ წაიღეს ურმებით ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები თელავის სასაფლაოზე. ბოლშევიკებმა იძულებით აყიდვინეს ეს ძეგლები სომეხ სოვდაგრებს: სოლომონოვის და მათიკოვის ჭირისუფლებს. ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები უპატრონო საფლავებზე დგას, ჩემი სურვილისა და წინანდლელების მოთხოვნის და მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ამ ძეგლების უკან, წმ. გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე დაბრუნება.
ამ სტატიის გამოქვეყნებით, საზოგადოების ჩართულობითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით, ამ მეტად მტკივნეული საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი მაქვს. ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს მემორიალური დაფა, იმის აღსანიშნავად, რომ აქ საუკუნეების წინ, საქართველოს გასაბჭოებამდე, ჭავჭავაძეების საგვარულო სასაფლაო იყო. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ისტორიის ნაწილია.
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"