ამერიკა და უკრაინა ვერ თანხმდებიან, არის თუ არა რუსეთი მზად ომის დასაწყებად...
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭო შეკრიბა, დღეს უკვე პუტინი აპირებს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას - ნიშნავს ეს, რომ ყველაფერი მაინც ომისკენ მიდის, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების არეალი ჯერ არ ამოწურულა?
ამაზე პასუხს მალევე მივიღებთ, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ოფიციალური ვაშინგტონი და კიევი თითქმის ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ რუსეთის მიერ ომის დაწყება-არ დაწყების თაობაზე.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი არაბირთვული ძალების თითქმის 70%-ს თავი მოუყარა უშუალოდ უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და მეზობელ რეგიონებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი კი პირიქით ირწმუნება - რუსეთის არმიას უკრაინის საზღვრების არცერთ მონაკვეთთან შემტევითი დაჯგუფებები დღემდე არ შეუქმნიაო...
ვის დაეჯერება?
აშშ-ს, რომელსაც უძლიერესი სადაზვერვო საშუალებები (კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის სახით) აქვს მობილიზირებული ამ რეგიონში, თუ იმ უკრაინელ მზვერავებს, რომლებსაც საზღვრისპირა რაიონებში თავისი აგენტები ჰყავთ?
ორივე მხარეს თავისი მძლავრი არგუმენტები გააჩნია, თუმცა კოსმოსური სადაზვერვო ფოტოები და, ასევე, სოციალურ ქსელებში უხვად ჩაყრილი ვიდეოკადრები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის საზღვრიდან 30-50 კმ-ში აქამდე არსებული საველე ბანაკები თითქმის ყველგან უკვე დატოვა რუსულმა მძიმე საბრძოლო ტექნიკამ და მათი კოლონები უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კმ-ში, ტყის მასივებს შორის შეფარებული ფიქსირდება, საზღვრიდან ექვს კმ-ში რუსული დიდი საველე ჰოსპიტალი იშლება, ხოლო მინდვრებში შვეულმფრენების ესკადრიელების რაოდენობა მატულობს...

ნიშნავს ეს ყველაფერი იმას თუ არა, რომ რუსეთი ყველანაირად მზადაა ფართომასშტაბიანი შეტევების დასაწყებად, სხვადასხვა მიმართულებიდან? სამხედრო თვალსაზრისით - დიახ, მაგრამ რა უდევს გულში პუტინს, არავინ იცის.
ამასთან, ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან აზოვის ზღვისკენ დაიძრა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო არმადა, ათიოდე ხომალდის შემადგენლობით, რომელთა შორის სამი დიდი სადესანტო ხომალდია.
ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ დონბასში შეირაღებული კონფლიქტის ინტენსივობის გაზრდის ფონზე, არაა გამორიცხული, რუსეთმა საზღვაო დესანტის გადასხმა სცადოს მარიუპოლთან, რომელიც ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორსაა.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთი შეიძლება შეეცადოს, ეს ყველაფერი ისევ დონბასის კონფლიქტის მასშტაბებში „ჩაატიოს“ და დაიწყოს დარწმუნება, რომ შეტევაზე რუსეთის რეგულარული არმია კი არა, არამედ - ადგილობრივი პრორუსული ძალები გადავიდნენო, როგორც ეს კრემლმა რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა ბოლო რვა წლის განმავლობაში, მათ შორის - ილოვაისკისა და დებალცოვოს ოპერაციების დროს, როდესაც ადგილობრივ „შახტიორებად“ შენიღბულმა რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკურმა ჯგუფებმა უკრაინის საარმიო დანაყოფები „ქვაბებში“ მოაქციეს და დიდი ზიანი მიაყენეს...