"თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება"
მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კიევიდან ჩართვისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიან ომს რუსეთი ვერ გაბედავს.
"იმიტომ, რომ დღეს უკრაინა არ არის 2014 წლის უკრაინა, როდესაც მთელი გენერალიტეტი რუსეთის მსახური იყო და არა დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის. უკრაინაში დღეს არის ჯარი, არის მებრძოლი სული. უკრაინა არის ავტოკეფალური ეკლესიის მქონე სახელმწიფო, უკრაინა არის დასავლური სამყაროს ძლიერი პარტნიორი და არ მგონია, რომ პუტინმა გაბედოს საბოლოო ჯამში ფართომასშტაბიანი ომი. ამიტომ რუსეთი ახლა სახის შენარჩუნებისთვის გეგმავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან. აქედან გამომდინარე, პუტინისთვის ეს მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება არსებულ სიტუაციაში საქართველოს პოზიციას, როგორც ვაშაძე ამბობს, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ქვეყანას ცუდად დაუტრიალდება.
"მაგრამ არა მარტო „ქართული ოცნებაა“ საქართველო, ჩვენც ვართ - საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი პოზიციით შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ადგილი არ ეყო მკაფიო პოზიცია გამოეხატა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები ვართ გამბედავები, არ გვეშინია, გვაქვს ერთი ადგილი და ჩვენს პოზიციას აუცილებლად გამოვხატავთ საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"