„ჩვენ წინ ცუდი მოვლენები გველოდება“ - რას წერს უცხოური გამოცემა
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „ჩვენ წინ ცუდი მოვლენები გველოდება“: რით უპასუხებს დასავლეთი რუსეთს „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარებაზე“, რომელშიც ექსპერტების მიერ გაანალიზებულია სიტუაციის შემდგომი სავარაუდო განვითარება.
გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:
„უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის ესკალაციის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციების გამოცხადება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ. მაგრამ რით უპასუხებს დასავლეთი რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლად აღიარებას? „ბი-ბი-სიმ“ ექსპერტებს სთხოვა, გადმოეცათ მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარები.
ანალიტიკოსებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს დროში - ფრონტის ხაზზე, დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე და სანქციების გამოცხადების საკითხში.
სიტუაცია ფრონტის ხაზზე
არსებობს რამდენიმე ვარიანტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი შემდეგ.
პირველი ვარიანტი - რუსეთის ჯარების ნაწილების შეყვანა „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „ტერიტორიაზე“ - სამშვიდობო კონტინგენტის სახით. „შესაძლოა, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ამაზე ნებართვაც სთხოვოს, რომელსაც, რასაკვირველია, მოსკოვი ვერ მიიღებს. რა თქმა უნდა, კრემლი ჯარს მაინც შეიყვანს. ამ დროს წამოიჭრება საკითხი - რომელ მიჯნამდე განლაგდებიან რუსეთის საარმიო ნაწილები? თუ ისინი მხოლოდ შეხების წერტილებამდე მივლენ, მის გასწვრივ დადგებიან და მის შეცვლას არ შეეცდებიან, მაშინ შეიძლება დიდი ომის თავიდან აცილება“, - ამბობს „ბი-ბი-სისთან" საუბარში სემ გრინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის დირექტორი.
მეორე ვარიანტი - „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი გაძლიერება რუსეთის ჯარების დახმარებით, რასაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია მოჰყვეს. „არის იმის ალბათობა, რომ რუსეთი გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას დონბასში და ამას სრულიად ღია ფორმით გააკეთებს - ვითომდა, ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების მიწვევით. მოსკოვი იტყვის, რომ ადრე ამის გაკეთება არ უნდოდა, მაგრამ ახლა იძულებულია, რუსეთის მოქალაქეები დაიცვას. რამდენადაც ვიცი, რუსეთმა, დაახლოებით, 700 ათასი პასპორტი გასცა დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისათვის. როგორც კი იქ რუსეთის ჯარები შევლენ, იქაური „ხელისუფლება“ მათი მფარველობა-პროტექციის ქვეშ მოექცევა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს დასავლეთის შეშფოთებას გამოიწვევს, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან. ამასთან, არ მჯერა, რომ მოსკოვის მიერ რამე მსხვილმასშტაბიანი შემტევითი ოპერაციები განხორციელდება“, - აღნიშნავს ჯონ ლოუ, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი.
მესამე ვარიანტი - კონფლიქტის ესკალაცია დონბასის ტერიტორიაზე. „თუ რუსეთის მხარე მაინც გადაწყვეტს , რომ მას სჭირდება იმ ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდება, რომელიც ფრონტის ხაზის მიღმა მდებარეობს, მაშინ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები - როგორც სამხედრო ოპერაციების და შეტაკებების, ასევე - დასავლეთის რეაგირების მასშტაბების თვალსაზრისით“, - განმარტავს სემ გრინი.
„მთავარი დასკვნა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რადიკალური გამოსვლიდან შეიძლება გაკეთდეს, ასეთია: რუსეთმა თავისი მოქმედებისთვის გამონახა ის საბაბი, რითაც გაამართლებს თავის პასუხს [უკრაინის მიერ] „დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების“ წინააღმდეგ შეტევაზე და აღარ დასჭირდება თავისი მონაწილეობის დამალვა“, - წერს „ტვიტერში“ სემუელ შარაპი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-თანამშრომელი. მისი აზრით, ახლა მოსკოვს შეუძლია, ღიად აწარმოოს სამხედრო მოქმედება და თავიც გაიმართლოს: „ცხადია, იურიდიულ დეტალებზე ლაპარაკი რუსეთს მაინც ვერ შეაჩერებდა, თუმცა მას, რასაკვირველია არ სურს, რომ მისი მოქმედება აგრესიად ჩაითვალოს“.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მოემზადეთ, ჩვენ წინ ცუდი მოვლენები გველოდება“, - ასკვნის ექსპერტი.
სანქციები
არსებობს სანქციების შემოღების ორი ვარიანტი დასავლეთის ქვეყნების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ.
პირველი - მიმდინარე სანქციების რეჟიმის გამკაცრება ანუ ამკრძალავ სიას დაემატებიან ახალი კორპორაციები, ახალი სექტორები და ახალი პერსონალიები, თვით რუსეთის პრეზიდენტის ჩათვლით. შესაძლოა, დაიხუროს რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების საბანკო ანგარიშები. ეს იმ სანქციების ჩარჩოებში მოხდება, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოქმედებს. მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, ის არასაკმარისი აღმოჩნდა კრემლის ქცევის შესაცვლელად.
მეორე ვარიანტი - ახალი სანქციების დაწესება ყველაზე მკაცრი სცენარით. ამის შესახებ ახლა ბევრს ლაპარაკობენ ვაშინგტონში და ზოგჯერ - ლონდონშიც, უფრო ნაკლებად - პარიზსა და ბერლინში. ეს იქნება სანქციების გადართვა ხარისხობრივად ახალ დონეზე. მხედველობაშია რუსეთის გამორთვა „სვიფტის“ (SWIFT) საბანკო გადახდების სისტემიდან, შესაძლებელია მოხდეს დოლარის ტრანზაქციების და სახელმწიფო ვალით ვაჭრობის აკრძალვა (მეორად ბაზარზე - „ბი-ბი-სი“). ფაქტობრივად, ეს ნიშნავს რუსეთის ეკონომიკის გადაქცევას ირანის ეკონომიკად. ეს უკვე ძალზე სერიოზული მოვლენა იქნება. დასავლელი ლიდერები 2014 წლიდან ცდილობდნენ ამ ვარიანტისათვის თავის არიდებას, რადგან ეს რუსეთის მოსახლეობას მწვავედ დაარტყამს, მაგრამ ასეთ ნაბიჯს უკვე განიხილავენ და - ძალიან სერიოზულად“, - აღნიშნავს სემ გრინი.
შესაძლებელია მესამე - შუალედური ვარიანტის განხორციელება, რომელიც პირველი და მეორე ვარიანტის ელემენტებს შეიცავს. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში არიან როგორც „ქორები“, ასევე - „მტრედები“, ანუ უფრო ზომიერი ხმებიც ისმის. არ არის მხოლოდ კონსენსუსი იმაზე, თუ რა მიზეზით შეიძლება ასეთი სანქციების შემოღება. დღემდე მიზეზებს შორის „დონეცკ-ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება არ ფიგურირებდა.
„სანქციების შემოღება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ინტერპრეტირებენ დასავლეთის მთავრობები რუსეთის ჯარების შეყვანას დონბასში. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს არის სწორედ „შეჭრა“ (რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არმია არღვევს და კვეთს უცხო სახელმწიფოს - უკრაინის საზღვარს), მაშინ ხისტ მიდგომას გამოამჟღავნებენ. მაგრამ საფრანგეთი და გერმანია, მაგალითად, უფრო რბილი სტრატეგიის მომხრენი არიან“, - აღნიშნავს „ბი-ბი-სისთან" საუბარში ენდრიუ ვუდი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში.
ნუ დაგვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ევროპის ბევრი ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული (იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი...), ზოგიერთები კი რუსეთთან იდეოლოგიურად ახლოს დგანან (უნგრეთი, სერბეთი...). გამოდის, რომ ევროპაც რაღაცას საკმაოდ დაკარგავს.
როგორ აისახება სეპარატისტთა დამოუკიდებლად აღიარება რუსეთის ეკონომიკაზე?
პირდაპირ - არანაირად. დონბასს, პრინციპში, 2014 წლიდან ისედაც რუსეთი ინახავს და მისი რჩენა რუსების მხრებზე გადადის. მოსკოვს საკმაოზე მეტი რესურსები აქვს ამ ტერიტორიების დასახმარებლად, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მსგავსად. სხვა საქმეა, თუ როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე ახალი დასავლური გაფართოებული სანქციები.
„პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ რუბლის კურსი დოლარის კურსთან შედარებით 2014 წლიდან თითქმის ორჯერ დაეცა და ამ ვარდნის შემდეგ „ჯერ ფეხზე ვერ წამოდგა“. მოხდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მნიშვნელოვანი დაცემაც“, - აღნიშნავს ოლეგ ვიუგინი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.
დაძაბულობის ესკალაცია და სანქციების გამოცხადების შესაძლებლობა ზღუდავს საქმიან აქტიურობას, ბიზნესის გაფართოებას. ადამიანებს ომის ეშინიათ, ინვესტორები გაურკვეველი და უცნობი პერსპექტივის დროს ფულს არ დებენ, შედეგი - ფასების ვარდნა ფინანსურ ბაზრებზე.
ფასები ეცემა იმ დონემდე, როგორიც მყიდველს აქვს. ამჟამინდელ სიტუაციაში რუსეთის კომპანიების წილის შეძენის მსურველები ძალიან ცოტაა და რადგანაც რუსული რუბლი არავის სჭირდება, მისი სავალუტო კურსიც ეცემა. „მართალია, დღეს რუსული რუბლი მაინცდამაინც სწრაფად არ უფასურდება, რადგან რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული კეთილდღეობის ფონდისთვის დოლარების ყიდვა შეწყვიტა და სავაჭრო ბალანსი ამჟამად საკმაოდ დადებითია. მაგრამ თუ მსხვილი ბანკების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ დოლარების ტრანზაქციებს აკრძალავენ, ეს ყველაფერი რუსეთის საფინანსო სისტემაში ქაოსს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაიწევს“, - ამბობს ოლეგ ვიუგინი.
მინსკის შეთანხმებების შეჩერება
დასავლელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ნაბიჯს არ აჰყვება და „დონეცკ-ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „დამოუკიდებლობას“ არ აღიარებს. „საერთაშორისო სამართლის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინის ნაწილებს წარმოადგენენ და ასეთებადვე დარჩებიან", - განმარტავს გადამდგარი დიპლომატი ენდრიუ ვუდი, - "ყველაზე აშკარა შედეგი ვლადიმერ პუტინის ნაბიჯისა ისაა, რომ მინსკის შეთანხმებების მოქმედება შეჩერდება, ის მეტად აღარ იმუშავებს“.
ენდრიუ ვუდს ეთანხმება ჯონ ლოუც: „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ვლადიმერ პუტინს მინსკის შეთანხმებების რეალიზების მხრივ იმედი უკიდურესად გაუცრუვდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ემანუელ მაკრონთან ერთად კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჩემი აზრით, პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ მინსკის დოკუმენტები უკვე არანაირ შედეგს აღარ მოიტანს. რუსეთის ლიდერი თვლის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისის და, საერთოდ, ევროპის უსაფრთხოების პრობლემები რუსეთმა აშშ-სთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უნდა გადაწყვიტოს. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, უკვე თვითონაც უარს ამბობს მინსკის პროცესის გაგრძელებაზე“.
მოამზადა სიმონ კილაძემ