"იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო... ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? - მე ასეთი ჯერ არ მინახავს" - კვირის პალიტრა

"იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო... ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? - მე ასეთი ჯერ არ მინახავს"

"ვის უნდა ომი, გამაგებინეთ?! რაც ჩვენთან გათამაშდა, იმ სცენარს ათამაშებს რუსეთი და ძალიან მინდა, რბილად გადაიაროს... ღმერთმა არ ქნას, უკრაინა რუსეთის პროვოკაციას წამოეგოს... ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, ბევრი მეგობარი მყავს და მართლაც საოცარი ხალხია", - გვითხრა ცნობილმა მსახიობმა, ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - რამაზ იოსელიანმა, რომელსაც "კვირის პალიტრა" მიმდინარე აქტუალურ თემებსა და პანდემიის პერიოდში მის შემოქმედებით, ყოფით ცხოვრებაზე ესაუბრა...

- ბატონო რამაზ, მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი - პანდემიის პერიოდი როგორი იყო პირადად თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის და ადამიანურადაც?

- როგორც მთელი მსოფლიოსთვის იყო ურთულესი, ასეთივე იყო ჩემთვისაც, სხვებისგან არაფრით განვსხვავდები. მადლობა ღმერთს, თავად ვირუსი არ შემხვედრია... თუმცა პირველად რომ ლოკდაუნი გამოცხადდა და მთელმა საქართველომ ვიცოდით, კოვიდი ვის ჰქონდა, მგონი, ზუსტად მაშინ დამემართა. სასწრაფოს რომ მიჰყავდა ავადმყოფები, ლამის კოლბაში ჩასმული, მაშინ ვიგრძენი თავი ცუდად და გამხელის შემეშინდა... თან ფოთში ვიყავი და ვიფიქრე, ახლა აქ მოქანდება სასწრაფო, ექიმები დამესევიან-მეთქი და შეშინებული, ერთი კვირა სახლში, განმარტოებული ვიწექი. ისე ცუდად ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. სიცხე ვერ დავიგდე ერთი კვირის განმავლობაში.

მეზობლები მაინც შემოდიოდნენ, გადასხმები გამიკეთეს და ეტყობა, არც მათ გადაედოთ. არადა, სიმპტომებს, რასაც ამბობენ, ზუსტად ემთხვევა ყველაფერი - გემოს და ყნოსვის დაკარგვა და ასე შემდეგ... იმის შემდეგ, შეშინებულმა, ორჯერ აცრაც გავიკეთე "ასტრაზენეკით", ბუსტერიც - "ფაიზერით" და გრიპის აცრაც...

საერთოდ კი, იმან მიშველა, რომ პანიკიორი არ ვარ. პირველად შემეშინდა, ისე რომ მიაქანებდნენ სასწრაფოები ავადმყოფებს, გარდაცვლილებს რომ აცხადებდნენ და, ფაქტობრივად, დაუმარხავს ტოვებდნენ, ჭირისუფლები ვერ ტიროდნენ... მერე ვიფიქრე, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება, ნერვიულობა არ ღირს-მეთქი. შენ გვერდით მყოფებს უნდა გაუფრთხილდე და რაც უნდა გეშინოდეს, შენი ღელვა სხვას არ უნდა გადასდო.

- დღეს ძალიან ბევრია ანტივაქსერი, მათ რას ეტყოდით?

- უბრალოდ, პატივი უნდა სცენ გვერდით მყოფებს, ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს თავს არ უნდა მოვახვიოთ. ჩვენი გზა, სათქმელი, დანიშნულება გვაქვს, ამ ცხოვრებაში, ვინც მოვედით... სხვა არ უნდა დავაზარალოთ, რადგან ჩვენ თუ გადავდებთ და ის აცრილი არ იქნება, არ ვიცით, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვს და როგორ გადაიტანს.

ძალიან კუდაბზიკა, ყველაფრისმცოდნეები ვართ და ცუდად ვიქცევით ერთმანეთთან მიმართებაში... რა დაგვემართა, ვერ გამიგია... რამდენიმე წლის წინ, ჩემს ბავშვობაში და თუნდაც სტუდენტობის დროს, რატომ არ იყო ასე? სიდუხჭირემ თუ გააბოროტა ეს ხალხი, ჩვენს დროს კიდევ უფრო გაჭირვება იყო. ერთმანეთის პატივისცემა, მორიდება იყო და შინაგანი კულტურა საერთოდ სად გაქრა, ეგ ვერაფრით გამიგია. მაგალითად, მე ქუჩაში დავრჩი, სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ არ გავბოროტებულვარ.

- როგორც ხელოვანი, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეგაფერხათ?

- მიშველა იმან, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და მაინც მოძრაობა მიწევს... რამდენიმე თვე ჩვენც დაკეტილი გვქონდა თეატრი, მაგრამ რეპეტიციებს მაინც გავდიოდით, ბავშვებს ვიდეოზღაპრები ჩავუწერეთ და რაღაცებს ვაკეთებდით... მაგალითად, ერთი სპექტაკლის რეპეტიცია „ონლაინ“ გვქონდა, ღმერთო ჩემო, როგორ მეზიზღება „ონლაინ-რეპეტიციები“. ყველაზე დიდი სასჯელი კომპიუტერი მგონია. ვითომ ყველაფერი ვიცით, ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ნეგატიურია.

- თქვენ ჯერ კიდევ პანდემიამდე მიაშურეთ სოფელს და ძალიან საინტერესო ცხოვრება მოიწყვეთ... პანდემიის დროს გამოგადგათ სოფლად დამკვიდრება?

- პანდემია რომ გამოცხადდა და საშინელი პერიოდი იყო, ფოთში, ოთახში გამოკეტილი ვეღარ გავჩერდებოდი და ორი-სამი თვე სოფელ ხიდისთავში ვიყავი. იქ ყოფნამ ძალიან მიშველა, ეზოში გავდიოდი... ახლაც მაქვს სოფელში მეურნეობა, მყავს ძაღლი, კატა, ქათმები... ძროხები, ღორები და თხებიც მყავდა, მაგრამ ფიზიკურად მოვლა აღარ შემეძლო და ვერც ვერავინ ვნახე, გარკვეული საფასურის ნაცვლად რომ მოევლო. მუშაობა ყველას ეზარება, ურჩევნიათ, საზღვარგარეთ ტუალეტები ხეხონ, იქურდონ და იჯიბგირონ, ვიდრე თავიანთ სამშობლოში იყვნენ...

ვისაც სოფელი აქვს, თუ ხელს გაანძრევს, მშიერი არ იქნება... აქ რომ არ ვცხოვრობდე და ყოველდღიურობა არ ვიცოდე, მეც ვიტყოდი, სოფელს უჭირს-მეთქი... კი, სოფლად ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც სიზარმაცეა... ჩემი ეზოს გვერდით უამრავი ნაკვეთია, დაუმუშავებელი და მიგდებული... ვინმე რომ საყიდლად მივიდეს, ისეთ ფასს დაადებენ, იმ ნაკვეთით სურთ სამუდამოდ რომ აშენდნენ.

მესმის პოლიტიკა, მთავრობას რომ უნდა მივაკითხოთ, მაგრამ თავადაც არ ვართ მოწესრიგებულები... დღეს მეზობელთან ვიყავი ასული, ნერგების გამოსართმევად, ონკანი მოშვებული ჰქონდა და წყალი მოდიოდა. იმის გამო, მე ქვემოთ წყალი აღარ მაქვს. ვეკითხები, მოშვებული რატომ გაქვს-მეთქი და, - რა ვიცი, აბაო... წყალზე რომ მრიცხველები იყოს, მაშინ ასე დაუდევრად ვეღარავინ მოიქცეოდა და ყველა გადავიხდიდით, რასაც დავხარჯავდით. ასეთ წვალებას ხომ აჯობებდა?! შენი ეზოს წინ რომ სიბინძურეა, ის ნაგავი ხომ შეგიძლია, იქვე, სანაგვეში ჩაყარო?!

აღარ მაინტერესებს პოლიტიკა და, ნეტავ, საერთოდაც არ ვიცოდე, ვინ ვინ არის!

არაპროფესიონალებით არის სავსე ქვეყანა, არ მინდა, კიდევ ყველა გადავიმტერო. ისეთი ხალხი ზის ჩვენს სამსახურებში... პრეტენზია აქვთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაფრის აზრზე არ არიან, ვერაფერს აკეთებენ.

- თქვენი ბევრი კოლეგა კულტურის სამინისტროს, თავად კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს დაუპირისპირდა...

- სიმართლე გითხრათ, თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს! მე მქონდა მასთან ურთიერთობა და ძალიან კარგად, საღად აზროვნებს... უშეცდომო დედამიწის ზურგზე არავინაა და საერთოდაც, რა შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, როცა ჯერ წელიწადიც კი არ არის, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა... რაშიც გაერკვა, ძალიან ლოგიკურად მიუდგა. ვისაც პრეტენზია ჰქონდა სამხატვრო ხელმძღვანელებთან მიმართებაში, ძალიან შესაბამისად დასვა ყველა თავიანთ ადგილზე.

რაც შეეხება საბჭოს, მანდ არის ყველაზე დიდი პრობლემა. გარეთ გამოდიან, სხვას ამბობენ, შიგნით სხედან, სხვა აზრი აქვთ... თუ ადამიანს მყარი პოზიცია არ აქვს, ის არც პროფესიონალად ითვლება, არც ადამიანად, არც კაცად და არც ქალად! არ შეიძლება ორ ბატონს ერთად ემსახურო, იქითაც იყო და - აქეთაც... რაც ყველაზე ცუდია, ობიექტურები არ არიან! შენ შეიძლება ჩემი მტერი იყო, ერთმანეთს ვერ ვიტანდეთ, მაგრამ ერთმანეთის პლუსებს და მინუსებს ვხედავდეთ... იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო... ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? - მე ასეთი ჯერ არ მინახავს.

თეა წულუკიანი ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია და ფულზე და გამორჩენაზე არ ფიქრობს... წარმოიდგინეთ, მას რომ ფული მოეხვეჭა, ზოგიერთ ტელევიზიას მაგის ამოქექვას ვინმე მოასწრებდა?!

ჯერ რატომ უნდა იყოს საბჭოში მხოლოდ თეატრმცოდნე? სამხატვრო ხელმძღვანელად ვინ აჯობებს, თეატრმცოდნემ კი არა, მსახიობმა და რეჟისორმა იციან... ორი თეატრმცოდნე მახსოვს - მაიკო ტურაშვილი და მარინა წულუკიძე, რომლებიც პირველივე დღიდან ყველა რეპეტიციაზე ისხდნენ, ბოლო პრემიერამდე... ასე კარგად ვინც იცის თეატრი, ისინი სულაც არ არიან საბჭოში. მხოლოდ პრემიერაზე რომ მოდიან დიდი მცოდნეები, დიდი შლეიფებით...

მახსოვს ნათელა ურუშაძე, ვასო კიკნაძე რომ მოდიოდნენ, როგორ განიხილავდნენ სპექტაკლს... ისინი თეატრის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. თეატრმცოდნემ რატომ უნდა აგინო ვინმეს, რამე თუ არ მოგწონს, შენიშვნა მიეცი, დელიკატურად, მაგრამ ესენი კეთილები კი არა, სხვანაირები არიან...

- გვახსოვს თქვენი უკმაყოფილება წინა მინისტრის - გურამ ოდიშარიას მიმართ...

- დიახ, გურამ ოდიშარია არ მომწონდა და ახლაც ვამბობ. ჩემთან არასწორად მოიქცა... თითქოს "ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობა აღადგინა და რაღაც სამართლიანობის აღდგენა ჩემთან არ მოხდა.

- თუ გსურთ საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე?

- მიხეილ სააკაშვილზე რა უნდა ვისაუბრო?! ჯობია, არაფერი მკითხოთ, იმდენად გაბრაზებული და გამწარებული ვარ მასზე...

- უკრაინაში ამჟამად რთული ვითარებაა, თქვენ რას ფიქრობთ იქ მიმდინარე პროცესებზე?

- ვის უნდა ომი, გამაგებინეთ?! რაც ჩვენთან გათამაშდა, იმ სცენარს ათამაშებს რუსეთი და ძალიან მინდა, რბილად გადაიაროს... უკრაინა ძალიან მიყვარს, ბევრი მეგობარი მყავს და მართლაც საოცარი ხალხია.

- რითაც საუბარი დავიწყეთ, იმავეთი რომ დავასრულოთ... პანდემიის პირობებში რა შედეგი გქონდათ თეატრში?..

- ფოთის თეატრში იანვარში სპექტაკლი "ვიზიტორი" გამოვუშვით, რომელიც აზერბაიჯანელმა რეჟისორმა - ირადა გოზალოვამ დადგა.... დრამატურგი - თუნჯერ ჯუჯენოღლუ თურქების კლასიკოსია და ამ სპექტაკლით სტამბოლში ვართ მიწვეული, მისსავე სახელობის ფესტივალზე... მალე კიდევ ერთ სპექტაკლს გამოვუშვებთ, რომელსაც რეჟისორი ლაშა შეროზია დგამს... გვინდა, თეატრში სიცოცხლე ჩქეფდეს და, შეძლებისდაგვარად, ვახერხებთ.

(სპეციალურად საიტისთვის)