"ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია" - კვირის პალიტრა

"ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია"

"ერთხელ მამამ მითხრა, ამქვეყნად არასდროს არავის იმედი არ გქონდეს, მათ შორის არც ჩემი, ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავი გეიმედებოდესო - ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე", - ამბობს მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე. ვინ არის ის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც მისი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია, როგორ ახასიათებს ოჯახის წევრებს, რა დროს იბნევა, რა ენატრება ყველაზე მეტად და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 6 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯერ ფეხბურთელობას ვფიქრობდი, შემდეგ ცეკვამ დამაინტერესა. სანამ ცეკვას დავიწყებდი, 7 წელი ფეხბურთზე დავდიოდი. 6 წლის ვიყავი სპორტის ამ სახეობაზე რომ შევედი, 13 წლისა კი მივხვდი, ცეკვა მეტად მომწონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ ცვლილებას არ შევიტანდი. საზღვარგარეთ კონკურსებზე სიარულს გაცილებით ადრე დავიწყებდი. ამ მხრივ აქტიურობა 22 წლიდან დავიწყე და ეს გვიანი ასაკი იყო. მანამდე ქართულ კონკურსებზე გამოვდიოდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როცა მე და კარინა მსოფლიოს საუკეთესო წყვილთა 50-ეულში შევედით. სულ 4 000-მდე წყვილია დარეგისტრირებული და ჩვენ 42-ე ადგილზე გავედით, ამას დავამატებ ევროპის მეოთხედფინალზე გასვლას.

rati-karina-2-1645512923.jpg

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...პოზიტიური ხასიათი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებს, კარინა ლისენკოს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ჩემს დას და სიძეს - გოჩას და შორენას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ასეთ ოჯახში დავიბადე; ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მაგარი სტუდია მაქვს, მოსწავლეები თავდაუზოგავად მუშაობენ; ბედნიერებაა, როცა შრომის შედეგს ვუყურებ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გადმოვხტე პარაშუტიდან და გამოვცადო, ეს რა შეგრძნებაა, შეიძლება ჰაერშივე გავითიშო, მაგრამ მძაფრი შეგრძნებები მიზიდავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს შრომის სიყვარულია. ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ არ ვიღლები, პირიქით - სიამოვნებას ვიღებ. ამის მთავარი მიზეზი საქმის დიდი სიყვარულია. ყველას ვურჩევ, აკეთონ ის, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ. ვიცი, საკუთარ თავზე გამომიცდია, რამდენად დამღლელია იმ საქმის კეთება, რომელიც არ გიყვარს, ასეთი საქმე ადამიანს შიგნიდან ჭამს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...მინდა ჩემი ლექსიკონიდან სიტყვა "ხვალ" ამოვიღო. ზოგჯერ საქმის გადადება მჩვევია და ეს ძალიან არ მომწონს. რატომ უნდა გააკეთო ის ხვალ, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლია? რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგ საქმეს უკვე აღარ ვდებ, მაგრამ სიტყვა "ხვალ" საქმეს ზოგჯერ მაინც მიფუჭებს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეორო, რომელიც დავუშვი.

rati-karina-3-1645512965.jpg

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი ძალიან მიყვარს. პატიება ადვილად შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, მეორედ იმავე შეცდომის პატიება აღარ შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვცდილობ, მომავალში ძალიან არ "გადავფრინდე". ვცდილობ, დღევანდელი დღით ვიცხოვრო, დავტკბე, ვისიამოვნო. ერთხელ მქონდა პერიოდი, როცა მომავლით ვცხოვრობდი და იმას, რაც რეალურ დროში ხდებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. ამ შეცდომას აღარ გავიმეორებ. მიზნები მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მაქსიმუმი დღევანდელი დღიდან გამოვიტანო.

- ვიბნევი...

- ...როცა კარინა ლამაზ კაბას იცვამს და მივდივართ რესტორანში, გადაღებაზე. ამ დროს იმდენად ლამაზად გამოიყურება, რომ...…

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...…

- ...ბალიზე და თბილ, მზიან ამინდში ვისვენებდე.

- ჩემი ჰობია...

- ...კომპიუტერული თამაშები მიზიდავს, გეიმერობა მომწონს. რა თქმა უნდა, ფეხბურთი მთავარ ჰობად რჩება.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...კარინას. ის ერთადერთ ადამიანია დედამიწაზე, ვისაც ეს ძალუძს.

rati-karina-1645511816.jpg

- სიყვარული ეს...

- ...არის მეგობრობა, ყველაზე ახლო მეგობარი უნდა იყოს ის, ვისთან ერთადაც ხარ. იმ ადამიანთან თავს უნდა გრძნობდე თავისუფლად და ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი შეგეძლოს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ მინდოდა ყველაფერი მისთვის მიმეცა, თავს ვერ ვაკონტროლებდი, მაშინ ალბათ 12 წლის ვიქნებოდი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარინას ერთმა ღიმილმა.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. ცხოვრებაში თუ არ გარისკე, სულ ერთ ადგილზე დარჩები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის პერიოდები, როცა რაღაცის გაკეთება მეზარება. ამაში ძალიან მეხმარება კარინა, ის მოტივაციას მმატებს.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით, მეუღლით. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ვარ. ვამაყობ, ჩემი და კარინას მსოფლიო მასშტაბით მიღწეული წარმატებით, ჩვენ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წყვილი ვართ საქართველოს სახელით. ვამაყობ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით. 5 წლის განმავლობაში, ამერიკაში შორენასთან და გოჩასთან ერთად ვცხოვრობდი. პროფესიულ ზრდაში ძალიან დამეხმარნენ, ყოველდღე ვვარჯიშობდით. როგორ პიროვნებადაც ჩამოვყალიბდი, ამაში გოჩას და შორენას დამსახურება დიდია. დამეთანხმები, 16-დან 21 წლამდე პერიოდი, პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ძალიან დიდი ცოდნა მომცეს. 16 წლის ვიყავი, შორენა რომ გავიცანი, მანამდე ნანახი არ მყავდა, მხოლოდ ტელეფონზე ვლაპარაკობდით. მე იმ წელს დავიბადე, შორენა რომ გათხოვდა.

- გოჩა ჩერტკოევი...

- ...ცხოვრებაში ზუსტად ისეთია, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. არ იცვლება, არ თამაშობს და მასში ეს ძალიან მომწონს. შეუძლია ყველაფერი მოგცეს, მაქსიმუმი გაგიკეთოს, მაგრამ შენ ეს უნდა დაიმსახურო. ძალიან მზრუნველი და კეთილია, მაგრამ რამეს არასწორად თუ აკეთებ, ამას აუცილებლად გეტყვის. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ამ სეზონზე იმდენად დაკავებული ვიყავი, მათ ნახვას თითქმის ვერ ვახერხებდი. რაც შეეხება შეფასებებს, როცა კონკურსზე გადიხარ, ისინი არიან ჟიურის წევრები და არა - ოჯახის. ზოგიერთმა დაწერა, კონკურსი მოაგებინესო. თუ ასეა, 10 წლის განმავლობაში პირველად რატომ მოვიგე? სხვა წლებში ეს რატომ არ მოხდა? გოჩა და შორენა ჩემდამი მეტად კრიტიკულები არიან.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...სასიამოვნო არის, მაგრამ არ მომწონს, რადგან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. 18 წლის რომ ვიყავი, კონკურსი პირველად მოვიგე, შინ რომ დავბრუნდი, არც დედას მოულოცია, არც - მამას. დედამ მითხრა, კარგი იყოო, მამამ - უკეთესად უნდა იცეკვოო.

- მეშინია...

- ...არაფრის მიმართ აკვიატებული შიში არ მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სიტყვის "ხვალ" გამო.

- ვუფრთხილდები...

- ...ჯანმრთელობას, ტანს. ჩემი ტანი არის ჩემი "ინსტრუმენტი", რომელსაც უნდა მოვუარო, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ვიცეკვო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფორტეპიანოზე დაკვრა. მესამე კლასში რომ ვიყავი, მამამ ფორტეპიანოზე შემიყვანა, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და არ მოვინდომე. დღეს, როცა კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დავუკრა.

- თავისუფლება არის...

- ...ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ცხოვრებაში. ჩარჩოში ცხოვრება არ შემიძლია. დამოუკიდებლობა (თუნდაც ფინანსური) აუცილებელია. ისეთივე თავისუფალი ვერ ვარ, როგორც თავად ამ სიტყვის მნიშვნელობა წარმომიდგენია, მაგრამ ვიბრძვი, სრულ თავისუფლებას რომ მივაღწიო.

- როცა მარტო ვარ...

- ...ჩემთვის არის იდეალური მდგომარეობა. მარტო ყოფნა, სიმშვიდე, სიწყნარე მიყვარს და ამაში ბევრი მეგობარი დამეთანხმება. არაერთხელ მქონია შემთხვევა, მეგობრებთან ერთად არ წავსულვარ, და მარტო დავრჩენილვარ. 2 დღის წინაც ასე მოხდა. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. საკუთარ თავთან გარკვეული დრო მარტო თუ არ გავატარე, მერე მე მე აღარ ვარ, ეს მჭირდება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მიუსაფარ ცხოველებზე ვიზრუნებდი, თავშესაფარს გავუკეთებდი და ისეთ ბიზნესს წამოვიწყებდი, რომლითაც მაქსიმალურად ბევრი პიროვნების დასაქმებას შევძლებდი. როცა ამდენ უმუშევარ ადამიანს ვაწყდები, გული მიკვდება; ბევრ ჩემი ასაკის ბიჭს არ აქვს სამსახური. თანხას არავის მივცემდი, ეს შედეგს არ მოიტანდა, ყველას დავასაქმებდი და გამოიმუშავებდნენ.

- მენატრება...

- ...ამერიკაში წასვლა; გოჩასთან, შორენასა და ლევანთან (გოჩას და შორენას შვილი) ერთად ყოფნა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდ მადლობა, თუ თქვენ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. აკეთეთ ის საქმე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერება და პოზიტივი მოაქვს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"