"დონბასში მიმდინარე პროცესებმა ახლა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი" - კვირის პალიტრა

"დონბასში მიმდინარე პროცესებმა ახლა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი"

„ევროპის კონტინენტზე სხვა ერის მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება... სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. პუტინის ფაშიზმმა არსებითად გაანადგურა მათი მომავალი,“ - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ მონოლოგს. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „უზრუნველყონ მშვიდობა“. რუსი პრეზიდენტის განცხადებებზე, დასავლელი ლიდერების პოზიციებსა და უკრაინის სტრატეგიაზე ანალიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება:

- როდესაც ვლადიმერ პუტინის გუშინდელ მონოლოგს ვუსმენდი, ერთი საგანგაშო რამ მენიშნა - მის გამოსვლას ხაზად გასდევდა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს რაობაზე ძალიან თავისებური მსჯელობა. მან, ფაქტობრივად, დახატა სურათი, რომ უკრაინა არის გეოგრაფია, რომელსაც არც ისტორიული წანამძღვრები აქვს და არც სახელმწიფოებრივი შინაარსი. მეორე საყურადღებო გარემოება არის ის, რომ პუტინმა არც ერთხელ არ ახსენა უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი. ის საუბრობდა რეჟიმზე, დაჯგუფებაზე. ეს გარემოება ჩვენთვისაც საგულისხმოა. პუტინმა, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მიითვისა უფლება, თავად განსაზღვროს, თუ ვის აქვს უფლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს და რომელი სახელმწიფოს მმართველ გუნდს აქვს უფლება, წარმოადგენდეს ხელისუფლებას. ეს ძალიან დამთრგუნველი იყო.

- რუს ლიდერებს, ზოგადად, სჩვევიათ მეზობელი ქვეყნების ისტორიის გადაწერა, საკუთარი ინტერესების მიხედვით. რუსეთმა საქართველოს ისტორიაც გადაწერა და ზუსტად იმ სცენარს ახორციელებს ახლა უკრაინაში, რაც ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს განახორციელა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში?

- თანამედროვე დიპლომატიაში არაერთი აკრძალული ხერხია, მათ შორის - შენი მეზობლის ისტორიის გადაწერა. დიახ, სწორად შენიშნეთ, პუტინმა გუშინ უკრაინის გადაწერილი ისტორია მოგვასმენინა. ახლა ჩვენ, ყველა, ვინც რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებთა ვიწრო წრეს არ განვეკუთვნებით, ვმარჩიელობთ. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ მთელი მსოფლიო „გამოკიდა გაურკვევლობაში“. მსოფლიო ლიდერები დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე ვარაუდობენ, მსჯელობენ, განიხილავენ, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯი. სამხედრო თვალსაზრისით უკვე გაკეთებულ განცხადებებს მე ბევრს ვერაფერს შევმატებ, მაგრამ ერთი რამის თქმა ცალსახად შემიძლია, იქნება ეს პასპორტიზაცია, ისტორიის გადაწერა, ესკალაციის თანმდევი აქტები თუ სხვა რამ, ყველაფერი მიმართული იყო შემდგომი სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების შესამზადებლად. ეს შემდგომი ნაბიჯები იყო სეპარატისტული რეგიონების აღიარება. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი და გასცდეს თვითაღიარებული რესპუბლიკების ადმინისტრაციის საზღვრებს, ეს არის სპეკულაციის საგანი და ამიტომ ამაზე საუბრისგან თავს შევიკვებ.

- დონეცკსა და ლუგანსკში ამერიკული ინვესტიციების, ვაჭრობისა და დაფინანსების აკრძალვა - საინტერესოა, ეს სანქციები რუსეთს რამე სერიოზულ დაბრკოლებას თუ შეუქმნის და როგორ გგონიათ, შეუსაბამოდ რბილი და მოზომილი ხომ არ არის დასავლეთი?

- ჩემი აზრით, დასავლელი ლიდერები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, სწორად აფასებენ მოცემულობას. როდესაც დასავლეთის დამოკიდებულებებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, ერთი მხრივ - სიტყვა, მეორე მხრივ - საქმე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი დღეს, შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი, ძალაუნებურად მივიდა იმ წითელ ხაზთან, როდესაც სიტყვა და საქმის ერთდროულად შესრულება მოუწევს. როგორ მოახერხებს ამას, მაშინ, როდესაც ძალიან მაღალია დასავლეთის კავშირები რუსულ საქმიან, ფინანსურ წრეებთან, ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა დასავლური სამყაროსთვის. მე თუ მკითხავთ, რამდენად გაართმევს თავს დასავლეთი ამ კრიზისს, ამის პროგნოზირება ძალიან გამიჭირდება.

- „ძვირფასო საქართველოვ, ახლა არის შენი შანსი, შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს, საქართველოში შემოჭრის დროს!“ - ეს განცხადება მეთიუ ბრაიზამ ტვიტერზე გააკეთა. თქვენ როგორ გგონიათ, დღეს არსებული მოცემულობა მართლა შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობა?

- ზოგადად, არის ასეთი აქსიომა - ნებისმიერი გამოწვევა შეიძლება იქცეს შესაძლებლობად. შესაბამისად, ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ შესაძლოა, დღეს არსებული გამოწევა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობად იქცეს. ეს შეიძლება შესაძლებლობად იქცეს იმ თვალსაზრისითაც, რომ განახლებული კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა. თავს ნუ გავეპრანჭებით, ვაღიაროთ, რომ 2008 წლის ომის შედეგებზე დასავლეთს არ ჰქონდა ისეთი რეაგირება, როგორი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, არც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გაამახვილა დასავლეთმა სათანადო ყურადღება ჩვენს პრობლემაზე. ახლა უკრაინის ირგვლივ კრიზისია, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამასთან, ნამდვილად არის შესაძლებლობა, ჩვენი თემა ხელახლა შევიტანოთ მსოფლიოს დღის წესრიგში. უკრაინის კრიზისი ხომ მხოლოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება არ არის? ეს არის რუსეთისა და დასავლეთის ძალთა თანაფარდობის გადანაწილება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ საკითხი არის გაცილებით დიდი. დონბასში მიმდინარე პროცესებმა ახლა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვები არის ასეთი: რჩება თუ არა დასავლეთი რეგიონში? რა ხარისხით რჩება დასავლეთი რეგიონში და როგორი იქნება დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ?

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე