გააკეთე ფსონი, მხოლოდ სიცოცხლეზე
სანდრიკა მხიარული ბიჭი იყო. დასანანია, რომ მასზე წარსულ დროში ვსაუბრობ. სამწუხაროდ, საზოგადოებამ მალე დაივიწყა მისი თავგანწირვა. კი, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ასე ვიტყვი. მან თავი გასწირა იმისთვის, რომ ადამიანებს, ვისაც შველა სჭირდება, უფრო მეტი ყურადღება დათმობოდა...
ჩვენ ვერ გადავარჩინეთ სანდრიკა და ვინ იცის, ახლა, როცა ამ ნაწერს კითხულობთ, რამდენი სანდრიკა ელის შველას.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მსოფლიოს ჯანდაცვა დაავადებად განიხილავს.
სტრესი, დეპრესია, გამუდმებული ფრუსტრაციის შეგრძნება, ბიპოლარული აშლილობა - ეს ის დამატებითი პრობლემებია, რომლითაც გემბლინგით შეპყრობილები იტანჯებიან.
თამაშს გასართობად იწყებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ის მიჯაჭვულობაში, თამაშის მანიურ მოთხოვნილებაში გადაიზრდება. ყველაფერი კი მოხიბვლით იწყება, როდესაც აღმოაჩენ, რომ მარტივად ''შოულობ'' ფულს, თითქოს, ციდან ცვივა. ეს ეტაპი, ჩვეულებრივ, უფრო მძაფრად მიმდინარეობს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან. შემდეგ იწყება რაღაცების დამალვა არა მხოლოდ სოციუმისთვის, არამედ - საკუთარი თავისთვისაც, არ უტყდები თავს, რომ უფრო და უფრო ხშირად გინდება თამაში, ეს პრობლემად არ მიგაჩნია და გჯერა, რომ მარტივად დაანებებ თავს.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იღებს იმდენად კომპლექსურ სახეს, რომ ყველაფერთან ერთად, ხშირად საჭირო ხდება, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე უწყვეტი და საფუძვლიანი მკურნალობა.
გინახავთ რომელიმე ტელეეთერში, ბილბორდზე ან, სულაც, ტრანსპორტში რომელიმე დაავადების რეკლამა?!
აი, მაგალითად - ყველას ჯვარი გწერიათ - „აიკიდეთ შიდსი“, „დაავადდით ტუბერკულოზით“, „კიბო მაგარია“?!
მაშინ, რატომ ხდება, რომ დღემდე კომუნიკაციის ყველა არხით მასობრივად მოგვეწოდება დაავადების პროპაგანდა? ჩვენი შვილები დაუცველები არიან ამ სენისგან... თაობები გვეღუპება.
გასულ წელს კაზინოების ბრუნვა 32 მილიარდს გადაცდა. და ვისი ფულია ეს? - გაჭირვებული, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი და მშიერი ხალხის.
აუცილებელია სწორი და მკაცრი რეგულაციები! აუცილებელია, რომ ყველა მთავრობა განუდგეს ამ ბოროტების ბიზნესს, თამაშის პოპულარიზაცია იყოს „გრეხი“ და ადამიანების გაჭირვებისა და სიცოცხლის ხარჯზე ერთეულები არ მდიდრდებოდნენ.
„მესხი, როგორ ხარ მესხი“
შემომძახებდა ხოლმე ტელევიზიის უკანა კართან მდგომი სანდრო. სიცოცხლით სავსე ბიჭი, იუმორითა და სიყვარულით გამოგელაპარაკებოდა, ძმაკაცურად ჩაგიკრავდა გულში. იყო და აღარ არის.
შეიწირეს.
სანდრიკა ვერ გადავარჩინეთ და დაგვავიწყდა, თუმცა კიდევ გვაქვს შანსი, თუნდაც იმის გამო, რომ მასაც ეს უნდოდა, გადავარჩინოთ სხვები.
სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და სხვის ხარბ, ბოროტ ზრახვებს არ უნდა დაუთმო.
არავინ არაფერს მოგაგებინებს.
და ფულთან ერთად შეიძლება სიცოცხლეც დაკარგო.
დაფიქრდი.
შვიდიანს ყოველთვის დაგაკლებს.
ყოველთვის 1 "გიღალატებს“ ბილეთში.
"შპილს" ჩაიტოვებს.
შანსი არა გაქვს, არა!
ეცადე, მართო საკუთარი თავი და ფსონი მხოლოდ სიცოცხლის სასარგებლოდ გააკეთო.
სანდრიკაც ამას გეტყოდა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ავტორის შესახებ:
ლაშა მესხი
დაიბადა 1988 წელს ქუთაისში. სამოქალაქო სამართლის მაგისტრი, ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლისა და ვოშბორნის საკონსტიტუციო სამართლის სკოლის კურსდამთავრებული. სოციალური მედიისა და დასაქმებულთა უფლებების ლექტორი. აქტივისტი, უფლებადამცველი.