"მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. 7 დედ-მამიშვილი ვართ, ყველაზე ნაბოლარა და საყვარელი მე ვიყავი" - რას ჰყვება "მამლუქის" კინოგმირი საკუთარ ცხოვრებაზე?
ინტერვიუ "მამლუქის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან, ვაჟა ჯოჯუასთან - არქივი ჟურნალ "გზის" 2022 წლის 13 თებერვლის ნომრიდან.
ქართული მხატვრული ფილმი "მამლუქი" 1959 წელს გამოჩნდა ეკრანზე და მალევე დიდი აღიარება მოიპოვა. რეჟისორმა დავით რონდელმა ეს ფილმი კონდრატე თათარაშვილის რომანის - "მამლუქის" მიხედვით გადაიღო. მასში საქართველოს მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდის სიტუაციაა აღწერილი, როცა ქვეყნიდან ბავშვებს იტაცებდნენ და ყიდდნენ. ალბათ ბევრ თქვენგანს უტირია კიდეც ამ ისტორიული დრამის ნახვის დროს. სცენარის მიხედვით, თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. წლების შემდეგ, ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს (ხვიჩას) ამ დროს თავისი ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარს, გოჩას ამოიცნობს. გაახსენდება, რომ მის მეგობარს ყურზე ჰქონდა დაღი და ბავშვობის დიალოგიც ამოუტივტივდება, როცა გაოცებული ეუბნება: "როგორი ყური გქონია, ბიჭო". პასუხად კი მიიღო, "მერე რა, ასე დავიბადე, დაღიანს ამიტომ მეძახიან. დედაჩემმა მითხრა, არსად დაიკარგები, ყველგან მოგძებნიო".
გოჩას როლს ფილმში ვაჟა ჯოჯუა ასრულებს, ხოლო ხვიჩას როლის შემსრულებელი დავით დანელიაა. მაშინ 11 წლის ბიჭები იყვნენ, როცა რეჟისორმა ისინი ამ როლებზე დაამტკიცა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ვაჟა ჯოჯუამ ერთადერთ ფილმში ითამაშა და დაუვიწყარი სახე შექმნა, ხოლო დავით დანელიას სხვადასხვა ასაკში 20-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები.
გოჩა ჯოჯუა 14 იანვარს 74 წლის გახდა. წლებია აბაშაში, მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. გული სწყდება, მსახიობობას რომ არ გაჰყვა. ამბობს, რომ ამის შანსი ჰქონდა, სხვა შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ ოჯახმა მაშინ პატარა ბიჭს ოცნების განხორციელებაში ხელი არ შეუწყო.
ვაჟა ჯოჯუა:
- დავიბადე და გავიზარდე აბაშაში, შემდეგ სწავლა სოხუმში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გავაგრძელე. დავამთავრე კიდეც აგრონომიული, მაგრამ ჩემი პროფესია არაფერში გამომადგა... სოხუმში, "ბელეტაჟის" ტიპის სახლი გვქონდა, კარგი, მოვლილი ეზო და ოჯახთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. 27 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, იამზე კიკალია ოჩამჩირელია. სოხუმში, ჩემი დის სახლში გავიცანით ერთმანეთი. იამზე საექთანოზე სწავლობდა, 17 წლის იყო, როცა ჩვენი სიყვარულის ამბავი დაიწყო და შევირთე. მერე ქალ-ვაჟი, ივეტა და გიგა შეგვეძინა...
ომმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება. შვილები და მეუღლე სოხუმიდან გემით გამოვუშვი, მე იქ დავრჩი, ვიბრძოდი. უმძიმესი წლები გამოვიარეთ. ყველაფერი გვქონდა, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოგვიწია. თავის დროზე აბაშაში სახლ-კარის გაყიდვას ვაპირებდი და კიდევ კარგი, არ გავყიდე, თორემ ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. დევნილი ისევ მშობლიურ აბაშაში დავბრუნდი. ახლა აქ ვცხოვრობ. 4 შვილიშვილი მყავს: ნიკა და ლუკა ჯოჯუები, თეკლე და ელენე მესხები. პენსიონერი ვარ, არსად ვმუშაობ. ძალიან ვუვლი და ვურთხილდები ჩემს თავს, რადგან არ მინდა დაბერება. კარგად მივლიან შვილები. ჩაცმა არ მაკლია და დახურვა. ამ დრომდე სულ ვფიქრობ და მაქვს მოლოდინი, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში. ჩემი სახლ-კარი იქ ახლაც არის და როგორც ვიცი, აფხაზები ცხოვრობენ... ახლა ძირითადად ტელევიზორს ვუყურებ და ველოდები ზამთრის გადაგორებას.
- რა გარემოში იზრდებოდით და როგორ აღმოჩნდით ფილმში "მამლუქი"?
- მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. 7 დედ-მამიშვილი ვართ, ყველაზე ნაბოლარა და საყვარელი მე ვიყავი. ტელეფონები არ იყო მაშინ და ძირითადად, წერილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მახსოვს, მაშინ ერთმა გოგონამ მომწერა, მეც მინდოდა შენნაირი ბავშვობა მქონოდაო. ამ ფილმმა მართლა გამიფერადა და ზღაპრულად მიქცია ბავშვობის წლები. ძალიან პოპულარული გავხდი, ყველა მეფერებოდა, ყველგან მცნობდნენ და თავზე ხელს მისვამდნენ. დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.
კარგად ვცეკვავდი, აბაშაში გავიმარჯვეთ და მერე ზუგდიდში წამიყვანეს, იქაც ვიცეკვეთ. მორიგი კონცერტი ფოთში ჩატარდა, იქაც წარმატებული იყო ჩვენი გამოსვლა და მასწავლებელმა გვითხრა, რადგან ასე კარგად შეასრულეთ ცეკვა, ზღვაზე გაგიყვანთო. ანსამბლში ჩემზე ცოტათი დიდები იყვნენ. ისინი წყალში შევიდნენ, ცურვა და რუსი გოგონების წვალება დაიწყეს. მე სანაპიროზე ვიჯექი. უცებ ვიღაც მაღალმა მამაკაცმა დამიძახა: მოდი ჩემთანო. ვიფიქრე, - ახლა იმ გოგონებს რომ აწვალებდნენ, ეს დაინახა და ამიტომ მეძახის-მეთქი. ახლოს მივედი და ვეუბნები, მე არაფერი დამიშვებია-მეთქი. არა, შენ არაფერი დაგიშავებია, - მითხრა ღიმილით და დამამშვიდა. - მე შენ ფილმში უნდა გათამაშო. მითხარი, რა გქვიაო? ვუთხარი სახელი და გვარი, ამის შემდეგ გამომკითხა საცხოვრებელი სახლის მისამართი, ყველაფერი ჩაინიშნა ბლოკნოტში და მითხრა: მე ახლა თბილისში წავალ, მერე დაგიკავშირდები და შენ თბილისში უნდა ჩამოგიყვანონ, ძალიან მომეწონეო. ასე დავშორდით ერთმანეთს. ამ ამბიდან ორი კვირაც არ იყო გასული, ტელეგრამა რომ მივიღეთ, რომელიც რეჟისორ დავით რონდელის გამოგზავნილი გახლდათ. წერდა, გთხოვთ უფროსებს, ვაჟა ჯოჯუა ჩამომიყვანოთ თბილისში, კინოსტუდიაში. გახარებული ვიყავი, მაგრამ სახლში ყურადღება არავინ მიაქცია ამ ტელეგრამას. მშობლებმა ეს ამბავი არ მიიღეს სერიოზულად. ჩვენი პასუხი რომ ვერ მიიღო და არ ჩავედით, რეჟისორი იძულებული გახდა, აბაშის მილიციის უფროსთან დაერეკა. ეტყობა მას პირადად იცნობდა და მერე პოლიციის უფროსი მოვიდა ჩვენს სახლში. დაუძახეს ჩემს მშობლებს და უთხრეს, - ბავშვი თბილისში, კინოსტუდიაში უნდა წაიყვანოთო. მამამ კატეგორიული უარი უთხრა: ვერ წავიყვან, სამუშაო მაქვსო. - აბა, ვინ არის კიდევ ოჯახში, ვისაც შეუძლია მისი წაყვანაო? - იკითხა პოლიციის უფროსმა. ძმა მყავდა და მას სთხოვეს წავეყვანე. ჩემი ძმა მაშინ ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო, მან ჩამიყვანა თბილისში.
ჩავედით დედაქალაქში და ტაქსის მძღოლს ვთხოვეთ, კინოსტუდიასთან მივეყვანეთ. კინოსტუდიაში მისულები დაცვამ ზევით არ აგვიშვა. ვუთხარით, რომ დავით რონდელთან ვიყავით და შიდა ტელეფონით დარეკა. გავიგეთ, როგორ უთხრა ბატონმა დავითმა: ორი კვირაა ამას ველოდები, ჩქარა ამოუშვი ორივეო. საოცრად კარგად მიგვიღო. მითხრა, ფოთში კონცერტზე რომ ცეკვავდი, მაშინ მეც იმ დარბაზში ვიჯექი და გათვალიერებდი, მივხვდი, რომ სწორედ შენ გეძებდი ფილმისთვის, გოჩას როლი უნდა შეასრულოო. გასაუბრება წავიდა, ლექსი ვთქვი და დიდი სიმპათია დავიმსახურე.
- ალბათ ძალიან გაგიხარდათ 11 წლის ბიჭს ფილმში რომ გიღებდნენ...
- ძალიან ცელქი ვიყავი, ცეკვა მიყვარდა და არც კომუნიკაცია მიჭირდა. გახარებული ვიყავი, ფილმზე რომ დამამტკიცეს, შესარჩევად მოსულ სხვა ბავშვებს ვაჯობე. ბოლოს გოჩას როლზე დამამტკიცეს და მასწავლებლები მომიჩინეს, რომლებიც მიხსნიდნენ, რა უნდა გამეკეთებინა.
- გადაღებები სამეგრელოში იყო?
- გადაღებები ძირითადად სენაკის რაიონში, ტეხურას პირას, სოფლებში: ლეძაძამეში, უშაფათში მიმდინარეობდა. ფოთშიც იყო გარკვეული სცენების გადაღება და ბოლოს თბილისში, კინოსტუდიაში მოაწყვეს დეკორაციები. სტამბოლის ბაზარში რომ ყიდიან ბიჭებს, ეს კადრები კინოსტუდიაშია გადაღებული, მაშინ თურქეთში სიარული ასე თავისუფლად არ ხდებოდა. ერთმანეთს ხვიჩა და გოჩა რომ ხვდებიან, ეს კადრებიც კინოსტუდიაში გადავიღეთ. დიდი მოედანი ჰქონდათ. ფილმის გადაღებები თითქმის ერთი წელი მიდიოდა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ათას მანეთს მაძლევდნენ ხელფასს, თბილისში ბინა გვიქირავეს, საჭმელიც და ბინაც უფასო იყო. ჩემი ძმა გადაღებების პერიოდში სულ ჩემთან იყო. მე პატარა ვიყავი, მას მივყავდი და მოვყავდი, ის მპატრონობდა.
- მშობლებს გაუხარდათ როლზე რომ დაგამტკიცეს?
- სამწუხაროდ, მამამ მერე არ გამიშვა თბილისში, თორემ კარგი მონაცემები მქონდა და სხვა ფილმებშიც გადამიღებდნენ. დავით რონდელი მამას ეუბნებოდა, წავიყვან თქვენს შვილს და ვუპატრონებ, კარგი მონაცემები აქვსო, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი თქვა. ძალიან მწყდება გული, რომ ეს შანსი დავკარგე. პატრონი არ მყავდა, თორემ ბევრს მივაღწევდი. ამდენი წლის მერეც ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
ფილმი რომ გამოვიდა, ქუჩაში მთელი აბაშა მაჩერებდა, მკოცნიდნენ, გულში მიკრავდნენ. ყველა მცნობდა და პატარა ბიჭს ეს ძალიან მომწონდა. სხვა დრო იყო მაშინ, სხვა შეხედულებები. სხვა დონის ფილმებიც იქმნებოდა. ახლა არავის უკვირს კინოსა და სპექტაკლში რომ თამაშობს ადამიანი, მაშინ სხვანაირად აღიქმებოდა ეს ყველაფერი. მეც არ მჯეროდა, რომ ამხელა, ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ვიყავი.
- პირველად ეკრანზე რომ ნახეთ უკვე დასრულებული ფილმი, მოგეწონათ?
- ვუყურებდი და მიკვირდა. არ მჯეროდა, რომ ეს მე ვიყავი. ჩემი თანატოლი ბავშვები ფილმს რომ უყურებდნენ, მერე მოდიოდნენ ჩემთან და კარგად მათვალიერებდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ, მე ვიყავი. კლასელებს მოსწონდათ, ბევრს უხაროდა ჩემი წარმატება და პოპულარობა, გულწრფელი მილოცვები იყო, მაგრამ ზოგიერთი შურიანიც გახლდათ. ყველა ჩემს პედაგოგს მოსწონდა, მაგრამ ერთი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც ჩემი თანატოლი შვილი ჰყავდა და ამბობდა თურმე, - ჩემი ბიჭი მაგას ჯობია, ჩემი უფრო ლამაზია და ის რატომ არ გადაიღესო? ასეთი რამეც ხდებოდა, თუმცა უფრო მეტი სითბო და სიყვარული იყო, დიდი სიყვარული.
- თქვენი მეგობრის, ხვიჩას როლს დავით დანელია ასრულებს. როგორ გაიცანით ერთმანეთი და ახლა თუ გაქვთ ურთიერთობა?
- ხვიჩა ჩემს მერე მოიყვანეს კინოსტუდიაში, გაგვაცნეს ერთმანეთი. თანატოლები ვიყავით. დათო თბილისში ცხოვრობდა. წინასწარ გვამზადებდნენ და ჩვენც როლებში ისე ვიჭრებოდით, ყველაფერი ბუნებრივად გამოდიოდა. პირნათლად ვასრულებდით იმას, რასაც გვეუბნებოდნენ. მიხარია, რომ არ ვარ დავიწყებული და ისევ ვახსოვარ ხალხს. კასეტა მაქვს და პერიოდულად ვუყურებ ამ ფილმს. ერთი კვირის წინ გაუშვეს და ისევ სიამოვნება მივიღე. ამდენი წლის მერე, ჩემი პატარაობის კადრებს რომ ვხედავ, ძალიან მომწონს და მიხარია. ეს დიდი ემოციებია.
რაც შეეხება დათოს, ის დიდი ხნის წინ მოსკოვში წავიდა. სამწუხაროდ მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ადრეულ წლებში ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩემთანაც ჩამოდიოდა, მეც ჩავდიოდი მათთან, ძალიან კარგი ოჯახი აქვს და კარგი ურთიერთობა გვქონდა.
- მამა რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვენს მსახიობობას ასე კატეგორიულად?
- წარმოიდგინეთ, მაშინ რა დრო იყო, სულ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. 7 დედმამიშვილი ვართ, ჩემი 4 და გათხოვილი იყო. სამი ძმა ვიყავით, ჩემი ერთი ძმა ამ გადაღებამდე 6 წლით ადრე გარდაიცვალა. მამაჩემმა ისიც თქვა, ერთი შვილი დავკარგე და მეორესაც არ დავკარგავ, თბილისში რა უნდაო? მამა სხვანაირი კაცი იყო, იმისიც შეეშინდა, პატრონი უნდა ბავშვს, თბილისში გამიფუჭდებაო. მართლა ძალიან მწყდება გული. ერთხელ გავბრაზდი და ვთქვი, პატრონი არ მყავდა და ასე დავრჩი-მეთქი. მართლა ასეა, ხელი არავინ შემიწყო...
იმ წელს, როცა ჯარში უნდა წავეყვანეთ და იღებდნენ "დიდოსტატის მარჯვენას", ისევ დამიბარა დათო რონდელმა, მთავარ როლს ვერ გათამაშებთ, მაგრამ ეპიზოდურ როლს მოგცემთ, წვერი მოუშვიო. ისე მინდოდა მონაწილეობა, მოვემზადე, წვერი მოვუშვი და ჩავედი თბილისში. ისევ შევხვდი მას, გამაცნო, რა როლი მექნებოდა და ვემზადებოდი გადაღებებისთვის. თბილისში დეიდაშვილთან მივედი და 3 დღე ვიცხოვრე მათთან. მისი მეუღლე სახლში მთვრალი მოვიდა და ჩემს დეიდაშვილს უთხრა, - კი მაგრამ, ეს ბიჭი სანამდე იქნება ჩვენს ოჯახში, მაგან კინოში ითამაშოს და ჩვენ ვარჩინოთო? რაღაცები თქვა, რომლის გამეორება არ მინდა, მაგრამ ეს საუბარი შემთხვევით მოვისმინე და გული ძალიან მეტკინა. ამაყი ვიყავი. ჩავალაგე ჩემი ნივთები და იქიდან სასწრაფოდ წამოვედი. დათო რონდელთან მივედი და ვუთხარი, რაც მოვისმინე, - სოფელში მივდივარ, რადგან გასაჩერებელი არ მაქვს-მეთქი. ძალიან დასწყდა გული. მითხრა, რომ მქონდეს ადგილი, ჩემს სახლში წაგიყვანდიო. ასე დავბრუნდი გულნატკენი აბაშაში. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ იმის საშუალებას გამოვნახავდი, რომ ბინა დამექირავებინა, მაგრამ მაშინ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ამაზე არც მიფიქრია. როგორც კი ჩამოვედი, ფილმისთვის სპეციალურად მოშვებული წვერი გავიპარსე.
- პირველი ხელფასით რა იყიდეთ?
- მამამ კი გაგვატანა ფული, თბილისში რომ მივდიოდით, მაგრამ მერე კარგი ჰონორარი მომცეს. სპორტული შარვალი მეცვა და ჩემმა ძმამ იმ ფულით ყველაფერი მიყიდა, გამოვიპრანჭე. სახლში გვქონდა სარკიანი კარადა, იმის წინ ვიდექი და ვმსახიობობდი, მომწონდა როლში ყოფნა და სულ ვცეკვავდი.
- თქვენი ძმა გადაღებებს კულისებიდან ადევნებდა ალბათ თვალს, მანაც არ ურჩია მამას, რომ გაეშვით თბილისში?
- კი ურჩევდა, მაგრამ მამა არც მას უსმენდა. ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობდნენ ამ ფილმში: დუდუხანა წეროძე, რომელიც დედის როლს ასრულებდა, ოთარ კობერიძე მაჰმუდის როლში, ცირას როლში მანანა ლონდარიძე; ასევე: აკაკი ხორავა, ლია ელიავა, გიორგი შავგულიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები, უდიდესი მსახიობები. ძალიან მომწონდა ედიშერ მაღალაშვილი, ლამაზი აღნაგობა ჰქონდა. ლია ელიავა გულში ჩამიხუტებდა და მკოცნიდა. კინოსტუდიაში რომ მივიდოდი, ყველა კარგად მხვდებოდა. დასანანია, რომ ცოცხლები აღარ არიან. მართლა კოლორიტები და ბუმბერაზი მსახიობები იყვნენ.
- თქვენ აღნიშნეთ, რეჟისორმა რონდელმა ცეკვის დროს აღმოგაჩინათ, მერეც ცეკვავდით ანსამბლში?
- ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ არანაირ ანსამბლში არ ვყოფილვარ. ქორწილებსა და დაბადების დღეებზე ვცეკვავდი. ძალიან მიყვარდა გიტარა და მინდოდა მესწავლა დაკვრა. აბაშაში სამტრედიელი კაცი დადიოდა და ბავშვებს ასწავლიდა. მეც მივედი მეგობრებთან ერთად და გვითხრა: ბავშვებო, გიტარა იყიდეთ და მოდითო. მამას ვთხოვე ეყიდა, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა. გადაირია, გიტარა რად გინდა, გოგო ხომ არა ხარო? ეს სურვილიც ვერ ავისრულე, ამაზეც დამწყდა გული. სხვებს უყიდეს. წლების მერე ავისრულე ოცნება და დამოუკიდებლად ვისწავლე გიტარაზე დაკვრა... ერთხელ დათო რონდელმა მითხრა: შენ ბედმა გაგიღიმა, მაგრამ შენმა მშობლებმა ხელი არ შეგიწყვესო, მართლა ასე იყო. დედა იყო ჩემთვის ყველაფერი, ჩემი მეგობარი, მაგრამ მამა ვერ გადაიბირა. მე ჩემს შვილებს, შვილიშვილებს არაფერს ვაკლებ, მეც ასე რომ მომქცეოდნენ, შეიძლება ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ყოფილიყო დღეს.
- დავით რონდელთან შემდგომ წლებშიც ხომ არ გქონიათ ურთიერთობა?
- შევხვდი მას წლების შემდეგ, დათო დანელიამ შემახვედრა, უკვე მოხუცი იყო. ყველაფერი გავიხსენეთ. ერთხელ თურმე ზუგდიდში იყო და სახლში გამომიარა, ძალიან გამიხარდა. გოჩა დაღიანს დიდხანს მეძახდნენ აბაშაში, სკოლა ამ სახელით დავამთავრე. თვალწინ მიდგას, როგორ გამიკეთეს ხელოვნურად ის დაღი და მაშინ ვიმხიარულეთ. ვამაყობ, რომ მე ვარ ქართველი. დიდი მადლობა ჩემს ქართველებს ამ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის. მიხარია, რომ ისევ ვახსოვარ ჩემს ხალხს.
თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"