ექსპერტი გია ხუხაშვილი უკრაიანის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველოც უნდა შეუერთდეს. "რადგან მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ დონბასში მოვლენები საქართველო-2008 სცენარით ვითარდება და ჩვენ ისეთივე მსხვერპლი ვართ რუსული ოკუპაციის, როგორც უკრაინა, იქნებ ჩვენი ხელისუფლება ცოტა გაინძრეს და მიაღწიოს იმას, რომ სასანქციო პაკეტის ბენეფიციარად დასავლეთს საქართველოც შეატანინოს უკრაინასთან ერთად.იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ამ სანქციებს ჩვენც უპირობოდ უნდა შევუერთდეთ", წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.მის გადაწყვეტილებას მოჰყვა რუსეთის წინააღდემ სანქციების დაწესება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. "პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა უპასუხოს პრეზიდენტ პუტინის ქმედებას ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს. "განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის საპასუხოდ. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ,“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განიხილავს სერტიფიცირების პროცესს რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით. ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში განაცხადა. „ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის. "ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.