ქართველი "ადამიანი-სასწაულის" მოგონებები
მასზე უკვე ბევრი დაიწერა, მაგრამ, ალბათ, ვერავინ შეძლებს სრულად გადმოსცეს იმ ადამიანის მოგონებები, რომელსაც 30 წლის განმავლობაში მოსკოვის დიდ თეატრსა და კონსერვატორიაში არც ერთი საღამო არ გაუცდენია. "ადამიანი-სასწაული" მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ხელოვანებმა დაარქვეს, რადგან პროფესიით ქიმიკოსს, ავთანდილ დანელიას მხოლოდ "გედის ტბაში" 337-ჯერ ჰყავს ნანახი განუმეორებელი მაია პლისეცკაია, 500-ზე მეტჯერ აქვს ნანახი "ჟიზელი" ბალეტის მსოფლიო მეგავარსკვლავების შესრულებით, 87-ჯერ მოისმინა მაყვალა ქასრაშვილი პროკოფიევის ოპერაში "მოთამაშე", 30 წელი უსმენდა სვიატოსლავ რიხტერს, დაესწრო "ლა-სკალას" 105 სპექტაკლს რეპეტიციების ჩათვლით, რამდენჯერმე მოუსმინა ლუჩანო პავაროტის, პლასიდო დომინგოს, ანდრეა ბოჩელისა და სხვებს... ავთანდილ დანელია მოსკოვის კონსერვატორიამ "წლის, საუკუნისა და ეპოქის" საუკეთესო მსმენელის წოდებით დააჯილდოვა.
ავთანდილ დანელია: - 1957 წელი განსაკუთრებული იყო ჩემს ბიოგრაფიაში. ამ წლის ნოემბერში შედგა ვახტანგ ჭაბუკიანის "ოტელოს" პრემიერა და პირველად საქართველოს რადიოთი მოვისმინე მარია კალასის უკვდავი ხმა. საქართველოს მეგობარმა სოლომონ კოგანმა (მას საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, თენგიზ არჩვაძის კურსელი გახლდათ) გააკეთა კალასზე გადაცემა, რაც მაშინ გმირობა იყო. ათწლეულების შემდეგ ჩვენ მიერ შექმნილ ასოციაციას ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია "მზეჭაბუკი და მარია კალასი" ეწოდა ორი დიდი ხელოვანის, მარია კალასისა და ვახტანგ ჭაბუკიანის პატივსაცემად. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როდესაც ვახტანგ ჭაბუკიანი გავიცანი და ჩვენი მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდა. წილად მხვდა ბედნიერება გამეცნო მარია კალასიც. იგი ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ჟიურის წევრი იყო მოსკოვში. მასთან ერთად გადავიღე სამახსოვრო ფოტო, რომელსაც ჩემს წიგნში "ღმერთებთან წილნაყარნი - ვახტანგ ჭაბუკიანი და მარია კალასი" შევიტანე. 2013 წელს მსოფლიოში მარია კალასის დღეები ჩატარდება. ვინაიდან მარია კალასი პარიზში გარდაიცვალა და საფრანგეთის მოქალაქე იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი წიგნის პრეზენტაცია პარიზში გავმართო.
- მოსკოვში ქართველების წარმატებების მემატიანე ხართ. გვიამბეთ ამის შესახებ.
- მახსოვს 16 წლის ეთერ ანჯაფარიძემ ჩაიკოვსკის კონკურსზე რომ გაიმარჯვა და ქართველებს არნახული სიხარული მოგვიტანა. ყველა მათგანის დებიუტი მახსოვს: პაატა ბურჭულაძის, მაყვალა ქასრაშვილის, ელისო ვირსალაძის, ლიანა ისაკაძის... მაყვალა ქასრაშვილს პროკოფიევის ურთულეს ოპერაში "მოთამაშე" 87-ჯერ მოვუსმინე. ეს წარმოუდგენლად რთული ოპერა მაყვალა ქასრაშვილის შესრულებით ნამდვილი სასწაული იყო, ისევე როგორც მთელი მისი რეპერტუარი, რომლითაც იგი დღესაც ამშვენებს მსოფლიო ვოკალურ სცენას. მოსკოვის დიდ თეატრში და მარიას თეატრში ქართული ხმები ყოველთვის გამორჩეული იყო. მოგვიანებით კი ბალეტში გამოჩნდნენ ორი მეგავარსკვლავი - ნინო ანანიაშვილი და ნიკოლოზ ცისკარიძე. ნინო ანანიაშვილი სცენაზე გამოჩენის დღიდანვე ეროვნულ სიამაყედ იქცა და დღესაც ყველაზე არისტოკრატ ბალერინად რჩება. ოთხჯერ გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსზე და ოთხივეჯერ ოქროს მედალი აიღო. ნიკოლოზ ცისკარიძე კი XXI საუკუნის საბალეტო ხელოვნებაში ახალი სიტყვაა. ქართველების დიდი სიამაყეა დედით ქართველი მიხეილ ლავროვსკიც. ჭაბუკიანის შემდეგ, ლავროვსკი და ვასილიევი ყველაზე დიდი მოცეკვავეები იყვნენ მსოფლიოში. მათ ერთდროულად მიიღეს პარიზის გრანდ-ოპერის სცენაზე ნიჟინსკის პრიზი სპექტაკლისთვის "სპარტაკი". "ჟიზელში" მიხეილ ლავროვსკის ალბერი განუმეორებელია. ფრანგული გაზეთი "მონდი" წერდა: "მსოფლიოში არსებობს სამი განუმეორებელი ჟიზელი და მხოლოდ ერთი ალბერი - მიხეილ ლავროვსკი... ჩვენ სცენაზე პირველად ვნახეთ მორწმუნე ალბერი". მიხეილ ლავროვსკი ღრმად მორწმუნე ადამიანი და ჩემი შვილიშვილის ნათლია იყო. სურდა აბო ტფილელზე ფილმი გადაეღო, სცენარიც ჰქონდა, პატრიარქის თანხმობაც მიიღო, მაგრამ მალე ქვეყანა აირია... როდესაც უწმინდესმა მიხეილ ლავროვსკის ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა აბო ტფილელზე ფილმის გადაღება, მან უპასუხა: "ეს არის პირველი ხატი, რომელიც მე მაჩვენა ბებიაჩემმა - ოლღა ხელაშვილმა, როდესაც ბავშვობისას სიონის საკათედრო ტაძარში მიმიყვანაო.
- თქვენს რეკორდებს დავუბრუნდეთ. თუნდაც მაია პლისეცკაიას 337-ჯერ ნახვა ერთსა და იმავე სპექტაკლში მოსაწყენი არ იყო?
- რას ამბობთ! ყოველ ნახვაზე თითქოს პირველად ვხედავდი. მისი ხიბლიც სწორედ ის არის, რომ არასოდეს მეორდება. იმპროვიზაციის დიდი ნიჭი აქვს. სასწაული იყო მისი "მომაკვდავი გედი". ის "მომაკვდავი გედი" კი არა, "უკვდავი გედია"...
ერთ ისტორიას გიამბობთ: 1993 წელს მაია პლისეცკაია საქართველოში ჩამოვიყვანე და ქართველმა მაყურებელმა სცენაზე მისი სასწაულები. იხილა. 15 სექტემბერს კონსერვატორიაში სეზონის გახსნა იყო, სადაც მაყვალა ქასრაშვილმა სხვადასხვა კომპოზიტორის "ავე მარია" შეასრულა. ბარნოვმა ახლახან გამოფინა ცნობილი ფოტო, სადაც მაია პლისეცკაიას ჩემს მხარზე აქვს თავი დადებული და კონცერტს უსმენს. კონსერვატორიიდან რომ გამოვედით, "ლაღიძის წყლებში" წავედით, სადაც მაიამ ყველა სახეობის ლაღიძის წყალი მიირთვა და თქვა: პა-დე-ბურე (ფეხის წვერებზე მოძრაობა) გულის კარდიოგრამაა და "ლაღიძის წყლებიც" თბილისის გულის კარდიოგრამააო, თქვა.
- ისევ მოსკოვში მიღებულ შთაბეჭდილებებზე გვიამბეთ.
- მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კვირეული გაიმართა, რომელშიც შედიოდა სამი ხელოვანის სოლო კონცერტი - მაყვალა ქასრაშვილის, ელისო ვირსალაძის და ლიანა ისაკაძის. ეს იყო განუმეორებელი შთაბეჭდილება, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით ქართულ ხელოვნებაში არაფერი ყოფილა. ზურაბ სოტკილავას ჰქონდა წარმატებული გამოსვლები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბარსელონაში
გამართულ კონკურსზე ოქროს მედალი აიღო. მისი ფედერიკოს გოდების სცენა არასოდეს დამავიწყდება.
ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა უშუალოდ შევხვედროდი მსოფლიო მეგავარსკვლავებს. ისეთები დღეს აღარ არიან, მეგავარსკვლავების საუკუნე - მე-20 საუკუნე დასრულდა. შვიდჯერ მოვუსმინე Hჰერბერტ ფონ კარაიანს, ზუბინ მეჰტას, ლორინ მააზელს... დაუვიწყარი იყო ლუჩანო პავაროტის კონცერტი, განსაკუთრებით რეპეტიცია, როცა მოსკოვის დიდი თეატრის უზარმაზარ დარბაზში ერთადერთი მსმენელი გახლდით. რეპეტიცია კონცერტზე უფრო ხარისხიანი აღმოჩნდა. არასოდეს დამავიწყდება ლუჩანო პავაროტის საყვარელი მოწაფის - ანდრეა ბოჩელის კონცერტი, რომელსაც მოსკოვში 30 წლის წინ დავესწარი.
- თქვენ სტინგსაც კი რამდენჯერმე მოუსმინეთ.
- სტინგი უდიდესი ფენომენია. პირველად მოსკოვის ყრილობათა სასახლეში მოვუსმინე. ელტონ ჯონსაც ორჯერ მოვუსმინე, მაგრამ სტინგი დაუვიწყარია. მის კონცერტზე დასასწრებად საგანგებოდ ლონდონშიც წავედი.
არასოდეს დამავიწყდება ლაიზა მინელის კონცერტი მოსკოვის საკონცერტო დარბაზში "როსია". იმ პერიოდში მოსკოვში რუსთაველის თეატრი საგასტროლოდ იყო ჩამოსული. შემატყობინეს, რომ კონცერტზე დასწრება რობიკო სტურუას სურდა. რასაკვირველია, დავპატიჟე, ერთმანეთს საკონცერტო დარბაზის წინ შევხვდით. ხელთ ფარშევანგის ფრთებით გაფორმებული შავი ტიტების თაიგული მეჭირა. მახსოვს, რობიკოს ძალიან მოეწონა.
ბედნიერება მქონდა შევხვედროდი ზვიად გამსახურდიას. 1991 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ზვიად გამსახურდიას ამერიკის საელჩოში შევხვდი. იმავე დღეს მოსკოვის დიდ თეატრში პარიზის "გრანდ-ოპერის" გასტროლები გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ბალეტი "ზაფხულის ღამის სიზმარი", სადაც ჩემი მიწვევით ბრძანდებოდა ზვიად გამსახურდია ათ თანმხლებ პირთან ერთად.
- თუ გიფიქრიათ, რამდენი ტომი დასჭირდება თქვენს მოგონებების წიგნს?
- ალბათ, არა ერთი და ორი. კლასიკური მუსიკით დაწყებული და ცირკით დამთავრებული არ ყოფილა ხელოვნების სფერო, რომ არ დავინტერესებულიყავი.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)