ვინ არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომელთაც სანქციები დაუწესეს - კვირის პალიტრა

ვინ არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომელთაც სანქციები დაუწესეს

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა, 22 თებერვალს ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ამასთან, სანქციები დაუწესდა რუსეთის დუმის 351 წევს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. იმავე დღეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ სამ ბიზნესმენს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის და იგორ როტენბერგებს სანქციები დაუწესა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აცნობა. ჯონსონის განცხადებით, ამ ობიექტებსა და ბიზნესმენებს კრემლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. სანქცირებული ბანკებია: Rossiya, IS Bank-ი, General Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.

"ყველა აქტივები, რომელსაც რუსი ოლიგარქები დიდ ბრიტანეთში ფლობენ, გაიყინება. ტიმჩენკოსა და ბორის და იგორ როტენბერგებს ქვეყანაში შესვლაც აეკრძალათ. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათთან ყოველგვარი საქმის წარმოება აეკრძალათ".

ვინ არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომელთაც სანქციები დაუწესეს

გენადი ტიმჩენკო

ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო ლენინაკანში (დღევანდელი გიუმრი) 1952 წელს დაიბადა. როგორც ცნობილია, ის ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს, ერთდროულად რუსეთისა და ფინეთის მოქალაქე გახლავთ. ენერგეტიკის საკითხებში ჩართული ბიზნესმენი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის აქტივებსაც ფლობს. ის, ასევე, საკონტინენტთაშორისო ჰოკეის ლიგის დირექტორი და ჰოკეის კლუბის პრეზიდენტია.

როგორც 2012 წელს „ფორბსთან“ მიცემულ ინტერვიუში თავად ტიმჩენკო აღნიშნავს, მილიონერი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გახდა. 2000-იან წლებში კი მისი ნავთობპროდუქტების კომპანია Gunvor მსოფლიოს სამ წამყვან კომპანიაში შედიოდა. ტიმჩენკოს კომპანიის წინსვლა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. როგორც ამბობენ, ის და ქვეყნის პრეზიდენტი ახლო მეგობრები არიან, თუმცა ამის შესახებ თავად ოლიგარქი არსად საუბრობს, მედია კი მას მაინც „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებს.

timchenko-1645619322.jpg
გენადი ტიმჩენკო

- თქვენ უკვე დიდი ხანია, აღარ ხართ უბრალოდ გენადი ტიმჩენკო, ალბათ, ყველა პუბლიკაცია იწყება სიტყვებით: „პუტინის მეგობარი“. ნამდვილად მეგობრობთ პრეზიდენტთან?

- როგორ უნდა ვუპასუხო ამ კითხვას? ალბათ, ეს თავად ვლადიმერ პუტინს უნდა ჰკითხოთ... ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და პერიოდულად ერთმანეთს ვხვდებით კიდეც. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი სწორედ ის ლიდერია, რომელიც დღეს რუსეთს სჭირდება. ის ძალიან ღრმა და გაწონასწორებული ადამიანია, შეუძლია მოგისმინოს. რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელმაც რუსეთისთვის ბევრი რამ გააკეთა"... - ამბობს გამოცემასთან ოლიგარქი.

როგორც თავად ბიზნესმენი იხსენებს, კარიერის დასაწყისში ის ქარხანაში მუშაობდა, უეცრად კი კარგი წინადადება შესთავაზეს. ტიმჩენკო ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გერმანული ენის ცოდნა იყო, რომელიც იმ პერიოდში ძალიან გამოადგა. როგორც ბიზნესმენი იხსენებს, მას ვაჭრობის შესასწავლად აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამისთვის გავლენიანი ახლობელი უნდა ჰყოლოდა:

"მაშინ აკადემიაში ჩაბარებაც მსურდა, თუმცა იქ რომ ჩამებარებია, ან ლენინის ნათესავი უნდა ვყოფილიყავი, ან მსგავსი სერიოზული კავშირები უნდა მქონოდა, მინიმუმ, პარტიის საოლქო კომიტეტის რეკომენდაცია უნდა წარმედგინა.

- ამისთვის "ორგანოს" თანამშრომელი არ უნდა გამხდარიყავით?

- არა, "ორგანოს" თანამშრომლობა არ იყო საჭირო. თუ თქვენ ის საკითხი გაინტერესებთ, რასაც ჩემზე წერენ, თითქოს, მე „კაგებეს“ თანამშრომელი ვიყავი და პუტინი იქ გავიცანი? ეს ტყუილია. ვფიქრობ, ფინელებმა ეს საკითხი კარგად გადაამოწმეს და პასპორტიც ისე მომცეს - მე ხომ 10 წელი ფინეთში ვცხოვრობდი“, - ამბობს გამოცემასთან ოლიგარქი.

Bloomberg-ის ცნობით, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების აქტივებს აანალიზებს, 22 თებერვლის შემდეგ რუსი მილიარდერის ქონება თითქმის სამჯერ, 16 მილიარდამდე შემცირდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების "დამოუკიდებლობა" აღიარა, დიდმა ბრიტანეთმა ტიმჩენკოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და აქტივები გაუყინა.

გენადი ტიმჩენკოს წინააღმდეგ 2014 წლიდან აშშ-ის სანქციებიც მოქმედებს. ის სააქციო საზოგადოება Volga Grouр-ის მფლობელია.

igor-1645619322.jpg
იგორ როტენბერგი

როტენბერგების ოჯახი

ახალი სანქციები შეეხო როტენბერგების ძლევამოსილ ოჯახსაც, კერძოდ კი - ბორის და იგორ როტენბერგებს.

ბორის როტენბერგი, ტიმჩენკოს მსგავსად, ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს, ის რუსეთისა და ფინეთის მოქალაქეა.

როგორც რუსულ მედიაში ვკითხულობთ, ბორის როტენბერგი პუტინის უახლოესი მეგობრის, არკადი როტენბერგის ძმაა. ბორისი ვლადიმერ პუტინთან ერთად ჰოკეის ხშირად თამაშობს. 2019 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ როტენბერგი, რომელიც მცველის პოზიციას იკავებდა, ცდილობდა თავდამსხმელი პუტინი „შეეჩერებია“, ის უბრალოდ შებრუნდა და სხვა მხარეს წავიდა, პუტინმა კი გოლი გაიტანა.

ბორის როტენბერგი ვლადიმერ პუტინმა სპორტში გაწეული საქმიანობისთვის საპატიო ორდენითაც დააჯილდოვა. ის საფეხბურთო კლუბ „სოჭის“ მფლობელია. სანქციების დაწესების შემდეგ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ეს საფეხბურთო კლუბის მომავალზე გავლენას ვერ მოახდენს:

„დიდი ბრიტანეთის სანქციები ვერ იმოქმედებს საფეხბურთო კლუბსა და ჩემს მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

arkadi-1645619065.jpg
ვლადიმერ პუტინი და არკადი როტენბერგი

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა პუტინის უახლოესი მეგობრის, არკადი როტენბერგის ვაჟის, იგორ როტენბერგის წინააღმდეგაც. აღსანიშნავია, რომ არკადი როტენბერგს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა. 2018 წელს კი, იგორ როტენბერგის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აშშ-მაც.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდობაში არკადი როტენბერგი პუტინთან ერთად ძიუდოთი იყო დაკავებული. ის სპორტულ კლუბ “იავარა-ნევას”-ს ხელმძღვანელობს, რომლის საპატიო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გახლავთ. როტენბერგი ბანკ “ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის” თანამფლობელია. ის “ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორია.