"ნაციონალური მოძრაობა" 5 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 5 მარტს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აქციები ყოველდღიურად იქნება.
,,ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტ, 5 საათზე ყველას ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, გელოდებით რუსთაველის გამზირზე", -ნიკა მელია.
მელიას თქმით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ. ასევე ექიმებისა და კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე ნათელია, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
,,აქედან გამომდინარე ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი-ის უნდა იქნეს გადაყვანილი უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად", - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ინტერპრესნიუსი"