განიხილავს თუ არა თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას - რას პასუხობს პრემიერი?
ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს საქართველოს მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ «ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ“.
„ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერი, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, უმნიშვნელოვანესია ვითარების რეალისტური შეფასება და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია.
„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. ჩვენი რეგიონი ძალიან პატარა რეგიონია და ეს ყველაფერი, ცხელი მოვლენები ხდება ევროპის შუაგულში და ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურა, მთელი სისტემა, არა მხოლოდ ევროპის, მთელი საერთაშორისო სისტემა არის დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და ზედმეტი ემოციები და ზედმეტი სიტყვები არაფრისმომცემია", - აღნიშნა პრემიერმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას.