სარაკეტო დარტყმები კიევზე, ხარკოვზე - 21-ე საუკუნის ჰიტლერმა დიდი ომი მაინც დაიწყო
სარაკეტო დარტყმები კიევზე, ხარკოვზე - 21-ე საუკუნის ჰიტლერმა დიდი ომი მაინც დაიწყო
24 თებერვლის დილის 6 საათისთვის რუსეთმა დაიწყო სხვადასხვა მიმართულებებიდან ფართომასშტაბიანი შეტევები უკრაინაზე.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველი საჰაერო დარტყმები უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ასევე - ხარკოვზე, ლუცკზე, მარიუპოლზე, დნიპროზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ასევე - სტრატეგიულ ობიექტებზე - აეროდრომებზე, მართვის პუნქტებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე და ა.შ.
რუსეთმა თავისი და ბელარუსის ტერიტორიიდან „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტებით განახორციელა დარტყმები (ისევე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს), ხოლო შავი და აზოვის ზღვებიდან, ხომალდებიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა.
სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, რუსეთის საბრძოლო ავიაციის საფრონტო ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსეთისა და ბელარუსის, ასევე - ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული აეროდრომებიდან საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე.
საჰაერო დარტყმების შემდეგ რუსეთიდან ხარკოვის მიმართულებით დაიწყო რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების მიერ სახმელეთო შეტევები ჯავშანტექნიკის გამოყენებით და არტილერიის მხარდაჭერით.
სახმელეთო შეტევა, ასევე, დაიწყო ბელარუსიდან, რომელშიც რუსულ-ბელარუსული გაერთიანებული ძალები მონაწილეობენ.
ოკუპირებულ დონბასში ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტებიც შეტევაზე გადავიდნენ, რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფების მხარდაჭერით.
დღის განმავლობაში რუსეთი კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებს სარაკეტო და საჰაერო შეტევებს უკრაინის მნიშვნელოვან ობიექტებზე, ხოლო სახმელეთო შეტევები გაგრძელდება.
მოსალოდნელია რუსული საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესის სიახლოვეს, მარიუპოლში კი უკვე უტევენ...
პ.ს. უკრაინის არმია იტყობინება, რომ ჩამოგდებულია 5 რუსული თვითმფრინავი და 1 შვეულმფრენი.
პ.ს. ჩემი ბლოგის საშუალებით მთელი დღის განმავლობაში ვეცდები ოპერატიულად მოგაწოდოთ რუსეთ-უკრაინის დიდი ომის შესახებ გაანალიზებული ინფორმაციები, რადგან სიტუაცია ელვისუსწრაფესად იცვლება...