"თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ" - კვირის პალიტრა

"თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, თუმცა უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა Facebook მიმართვაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას თავს ესხმიან არა მხოლოდ ბომბებით, არამედ „ფეიკებით“.

„მნიშვნელოვანია სიმართლის მიღება ოფიციალური წყაროებიდან. დღეს რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შემოჭრა. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინასთან, მთელს დემოკრატიულ სამყაროსთან. მას სურს ჩემი სახელმწიფოს და იმ ყველაფრის განადგურება, რასაც წლების განმავლობაში ვაშენებდით და რისთვისაც ვცოცხლობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთანავე, მან უკრაინელებს და პირველ რიგში უკრაინელ სამხედროებს მიმართა, რომლებმაც პრეზიდენტის თქმით, საკუთარ თავზე უკვე მიიღეს მტრის პირველი დარტყმა და ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.

„ჩვენ ვიცით უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული ძალა. თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა არ აჰყვნენ პანიკას და გააკეთონ ყველაფერი უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად.

„მივმართავ ყველა უკრაინელს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ არიან, ჩვენს თქვენს დახმარებასაც ვსაჭიროებთ. თქვენ ძლიერი ძალა ხართ. თქვენ ერთიანი ძალა ხართ და ეს არაერთხელ დაამტკიცეთ, თქვენ ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდებით,“- განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"