რუსეთის უკრაინაზე საჰაერო და სახმელეთო შეტევების ძირითადი მიმართულებები - კვირის პალიტრა

რუსეთის უკრაინაზე საჰაერო და სახმელეთო შეტევების ძირითადი მიმართულებები

რუსეთის უკრაინაზე საჰაერო და სახმელეთო შეტევების ძირითადი მიმართულებები

ეს რუკა „კვირის პალიტრისთვის“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შევადგინეთ და მასზე გამოსახული იყო რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმების სავარაუდო მიმართულებები და მიზნები.

მაშინ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავით, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამაზე წავიდოდა და უკრაინას ოთხივე მიმართულებიდან თავს დაესხმოდა.

მაგრამ 24 თებერვლის დილის, დაახლოებით, ექვს საათზე რუსეთმა ეს მაინც გააკეთა...

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან ჯერ მხოლოდ შვიდი საათია გასული, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა მიმართულებებიდან მოსული ინფორმაციების მცირე ანალიზიც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს მიერ ერთი თვის წინ შედგენილი ეს რუკა, სამწუხაროდ, რეალობასთან ძალიან ახლოს არის - მიმდინარეობს რუსეთისა და ბელარუსის ჯარების შეტევა ბელარუსიდან, უტევენ ხარკოვს, ბრძოლებია დონბასში (უტევენ მარიუპოლს) და რუსეთის არმია ანექსირებული ყირიმიდანაც შეიჭრა ხერსონისკენ და ეტყობა, შეუტევს ოდესას. თვით სეპარატისტული დნესტრისპირეთის მხრიდანაც კი რუსული თვითმფრინავები შეფრინდნენ და დაბომბეს უკრაინის ქალაქები...

რუსეთის მიერ ყველა მიმართულებიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევები მიზნად ისახავს უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას, რისთვისაც რუსეთის არმია, დიდი ალბათობით, ეცდება უკრაინის დედაქალაქის დაკავებას და იქ პრორუსული ხელისუფლების დაყენებას.

თუკი მოვლენები უკრაინისთვის არახელსაყრელად წარიმართა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ევაკუაცია, ალბათ, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში მოხდება, სადაც თავის საელჩოები უკვე გახიზნეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ეტყობა დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი მაინც დაარტყამდა უკრაინას...

პ.ს. საგულისხმოა, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, ზუსტად 8 წლის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2014 წლის 23-24 თებერვალს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია განახორციელა...