"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია საქართველოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და სწორი, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია"
ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე წარმოთქმული წინადადებები დღევანდელ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ადამიანი, პრეზიდენტი, რომელიც ეომა რუსეთს და თავისი ქვეყანა დაიცვა, არ შეიძლება იყოს ციხეში.
„მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება და შეთავაზება ქართული ხელისუფლების მიმართ - მოხდეს სასჯელის გადავადება, მისი სამკურნალოდ წაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში, კიევში. თუ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო, ამ მძიმე ვითარებაში ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი და ადამიანური, ჰუმანიტარული კუთხით სწორი გადაწყვეტილება. ამასთანავე, ის დებს პირობას, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პირველივე დაძახებისთანავე, დაბრუნდეს საქართველოში და მიიღებს იმ სასჯელს, რასაც დღეს უკანონოდ იხდის. ამასთანავე, ის დებს პირობას, რომ ამ პერიოდში, სანამ არ იქნება საქართველოში, ის მთლიანად წყვეტს ქართულ პოლიტიკაზე რაიმე ტიპის აქტივობას და მთლიანად გადართული იქნება უკრაინაზე. ეს მოთხოვნა არის ის მოთხოვნა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვისმენდით. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ ჩარეულიყო. ის იძლევა ამ პირობას და იძლევა იმ ვადით, რა ვადითაც იქნება სამკურნალოდ გადაყვანილი უკრაინაში. ეს წინადადება არის დღევანდელ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი, პრაგმატულად არის ძალიან მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ვხედავთ ჩვენს რეგიონში რა ხდება. სიტუაცია დრამატულად შეიძლება შეიცვალოს. ყველაზე უარესი, საშინელება და კატასტროფა უკვე ხდება - რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ვართ ასევე რუსეთის სამიზნე და ასეთ პირობებში ადამიანი, პრეზიდენტი, რომელიც ეომა რუსეთს და თავისი ქვეყანა დაიცვა, არ შეიძლება იყოს ციხეში, იმიტომ რომ ეს არის სახიფათო“, - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პროცესიდან მიმართა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ. სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ. სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.