"ბნელ და ჯიუტ ადამიანებს ვერაფერს შეასმენ... შეძრწუნებული ვარ, ეს რა კოშმარია!" - კვირის პალიტრა

"ბნელ და ჯიუტ ადამიანებს ვერაფერს შეასმენ... შეძრწუნებული ვარ, ეს რა კოშმარია!"

"შეძრწუნებული ვარ, რასაც ვხედავ, ეს რა კოშმარია... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც ბოროტების იმპერია ბოლოსდაბოლოს, ახლა დაემხობა! ახლა თუ თავისუფალი სამყარო ბოროტ ძალას ასპარეზს დაუთმობს, მაშინ მართლაც არ არის საშველი!" - გვითხრა ცნობილმა კინორეჟისორმა - ლანა ღოღობერიძემ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას თავიანთი შეხედულება და ტკივილი, ასევე, გაგვიზიარეს - გიორგი უშიკიშვილმა, გია ბუღაძემ, იმედა კახიანმა... მათი მოსაზრება აქაც მკვეთრად განსხვავებულია...

ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი:

- შეძრწუნებული ვარ, რასაც ვხედავ, ეს რა კოშმარია... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლაც ბოროტების იმპერია ბოლოსდაბოლოს, ახლა დაემხობა! ახლა თუ თავისუფალი სამყარო ბოროტ ძალას ასპარეზს დაუთმობს, მაშინ მართლაც არ არის საშველი!

საქართველომ ომი დაიწყოო, რომ ამბობდნენ, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ღმერთო ჩემო?! მაშინაც ნათელი იყო, რომ რუსეთს თავისი გეგმა ჰქონდა და იმ გეგმის მიხედვით მუშაობდა. ახლა უკრაინაში ყველაფერი განახორციელა...

2008 წელს საქართველოს დასავლეთისგან სათანადო კი არა, ძალიან სუსტი მხარდაჭერა ჰქონდა... ახლა მეტის იმედი მაქვს. ბევრად უფრო შეკრულია სამყარო და კონსოლიდირებული. თან ნათლად დაინახეს, რუსეთს რა შეუძლია, რა საფრთხის წინაშე დგანან. იმედია, ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინისთვის. თავისუფალი სამყაროა საშიშროების წინაშე, თუ ეს ყველაფერი დროულად არ შეჩერდა!

გიორგი უშიკიშვილი, მომღერალი, ფოლკლორისტი:

- ქართველებმა კარგად ვიცით, საქმე რასთანაც გვაქვს, რადგან ეს იმავეს გამეორებაა, რაც 2008 წელს ჩვენთან დატრიალდა. ეს არის შეტევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მოვლენები ისე ვითარდებოდა, გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერს ველოდი. დარწმუნებული ვიყავი, ამ რეალობაში რომ გავიღვიძებდით.

ახლა მაინც ხომ ვხვდებით, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია! მგონი, კითხვაც აღარავის უჩნდება საქართველოში და მთელ მსოფლიოში, რომ ზუსტად ეს არის რუსეთის პოლიტიკა - დამპყრობლური და ბოროტებით მიმართული სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ! უკრაინის ამ მოვლენებმა რეალობა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა, რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მაშინ ჰქონდა მხარდაჭერა... როგორც დღეს აქვს რუსეთს მიზანი, კიევისკენ დაიძრას და ქვეყნის მთლიანი ოკუპაცია მოახდინოს, მაშინაც ჰქონდა მიზანი, რომ თბილისში შემოსულიყო და იგივე ექნა, მაგრამ მეგობარი ქვეყნების დახმარებით, მაშინ ეს შეჩერდა... მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა უფრო მკვეთრი რეაქცია ექნება დასავლეთს, ეს საშინელება სწრაფად რომ შეაჩეროს.

მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა კითხვები, თუნდაც ჩვენს მეგობრულ ქვეყნებში, ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო თუ არა და დღეს ხომ მთელი მსოფლიო გამოიტანს დასკვნებს იმ მძიმე გაკვეთილებიდან და უფრო მეტ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას!

გია ბუღაძე, მხატვარი:

- რა თქმა უნდა, ველოდი ომს, პუტინისგან ყველაფერს ველოდები! ახლა კი გაბათილდა, საქართველომ დაიწყო ომიო, მაგრამ გააჩნია, ვის თვალში! ვისაც არ უნდა, არც ახლა დაიჯერებს და იმავეს იტყვის, რადგან ბნელ და ჯიუტ ადამიანებს ვერაფერს შეასმენ... ჩემთვის არც მაშინ ყოფილა და, საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყება მე არ გამიგია!

ახლა მთელი მსოფლიო ხედავს ჩვენს მონსტრ, ვერაგ და რუსეთთან შეკრულ მთავრობას... ჩემთვის ერთი წუთიც არ ყოფილა საეჭვო, რომ 2008 წელს რამე შეცდომა ჰქონდა დაშვებული ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას. რუსეთის გეგმა იყო სალომესთან, ამ გაუგებარ ქალთან ერთად სიცრუის გავრცელება... ვისაც არ სურს არ დაიჯერებს, რეალურად ისედაც ყველამ იცის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო!

როგორც მოგახსენეთ, ჩემთვის გაბათილება არც სჭირდებოდა, მაგრამ კარგია, რომ ხმამაღლა ითქვა... მსოფლიოსგან მხარდაჭერა კი გვქონდა, მაგრამ როგორც იტყვიან, პოსტ ფაქტუმ და არა მაშინ, როდესაც დასავლეთს აფრთხილებდა მიხეილ სააკაშვილი და არა მარტო ის... დასავლეთს ყოვლად არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა და ამბობდნენ, თავი დაანებეთ რუსეთს, სიტუაციის გართულება არ გინდათო, თქვენ გეჩვენებათ ეგრეო... მე კარგად მახსოვს ყველაფერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერვიუებშიც მომისმენია. რამდენჯერ მიმართა მან დასავლეთს და მკვეთრი რეაგირება არ ჰქონდათ. მათ ეგონათ, რუსეთი შეცვლილი იყო, მაგრამ რუსეთი არასოდეს იცვლება, ყველგან სიკვდილის, უბედურების, განადგურების და გაუდაბნოების მომტანია! მხოლოდ მიწა სურთ და მეტი არაფერი!

ახლა მსოფლიო ლიდერები უფრო აქტიურები არიან და თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში შეეშალათ! თავის დროზე, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, მშვიდობისთვის გაერთიანების იდეას ნიშნავდა... ახლა ბრძოლის უნარი დაკარგეს, არ იციან, ბრძოლა რა არის... ვნახოთ, ახლა რა გამოუვათ, მე მაინც იმედი მაქვს რომ რაღაც მკვეთრი ნაბიჯი იქნება!

წარმოიდგინეთ, რომ რუსეთში დიდ ოლიგარქებს, ყველას შეიძლება რაღაც საფრთხე შეექმნათ და ამიტომ ეს იქონიებს გავლენას... რუსეთს მაინც მხოლოდ ის ახსოვს, რომ მეტად გაფართოვდეს და მეტი რაღა უნდათ მაგ ოხრებს, რაც აქვთ, იმისთვის ვერ მოუვლიათ, ტლაპოდ არის ქცეული და ყველაფერი განადგურებულია... ასე რომ, თუ დასავლეთი ცოტა მეტ ძალას მოიკრებს, მაშინ რუსეთი კი მოჯდება თავის ადგილზე და მგონი, მე და თქვენ გვეღირსება ჩამოშლილი რუსეთის და გაერთიანებული მსოფლიოს ნახვა! გაერთიანებული მსოფლიო დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია რუსეთის იმპერიული ამბიციები... მერე იქნებ ჩვენც გვეღირსოს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება...

იმედა კახიანი, მსახიობი:

- არ ვიცი, გენაცვალე, ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო, რასაც ახლა ვხედავთ... ყველა ომი ომია, მაგრამ ეს ძალიან მასშტაბურია და მსოფლიო ხომ ამაზე ბევრს ფიქრობდა, დრო ჰქონდათ მოსაფიქრებლად, რა უნდა მოიმოქმედონ და იმედია, აქვთ რაღაც გეგმა... ალბათ, მთელი მსოფლიო გაერთიანდება იმის წინააღმდეგ, რომ ომი არ იყოს.

სამწუხაროდ, დამტკიცებულია, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო. ომი რასაც ჰქვია, თორემ პროვოკაციას სულ გვიწყობდა რუსეთი და ზუსტად მაგას წამოვეგეთ. დადგენილია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჩვენდა საუბედუროდ, ასეა! არ ვიცი, მაშინ ყველაფერი შეთანხმებული იყო ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებასთან თუ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ მაინც ჩვენი ბრალია, რომ ვერ მოვახერხეთ, ომი თავიდან აგვერიდებინა.

მაშინ მსოფლიოსგან რა მხარდაჭერაც გვქონდა, ხომ ვნახეთ?! ზუსტად მაგის წინააღმდეგი ვარ და ცუდად ვარ განწყობილი იმისთვის, რომ დასავლეთში ეს უბედურება მხოლოდ აღშფოთებას და გაოცებას იწვევს. თურმე, მსოფლიოს აოცებს, ჩვენ როგორ გვბომბავენ და გვხოცავენ. ეს არის მხარდაჭერა?

დღეს მსოფლიოს სხვა გზა არ აქვს, რომ არ იმოქმედოს! მაშინ უნდა დათანხმდეს, რომ რუსეთი არის დამპყრობელი და, ალბათ, მთელ მსოფლიოს დაიპყრობს... ისეთი პატარა ომი, რაც საქართველოში იყო (მსოფლიოსთვის პატარა, თორემ ჩვენთვის დიდი ტრაგედია), დღეს ასე არ არის... ამიტომ მსოფლიოს სხვა რა გზა აქვს, გარდა იმისა, რომ ერთად დადგეს!

ახლა დიპლომატია, მოლაპარაკება კიდევ უნდა სცადონ და თუ გამოსავალი არ იქნება, მერე კი მთელი მსოფლიო უნდა აღდგეს! რეალური და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მხოლოდ მილანში საშოპინგოდ წასვლაზე აკრძალვა დაცინვაა, აბა, რა არის?! არ არის ეს სერიოზული ნაბიჯი, სხვა რამ მოიფიქრონ, თუ გამკეთებლები არიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ არ არიან გამკეთებლები. ტყვია-წამალს რომ მოგაწოდებს, ეს გქონდეს და წადი, შენ ეომეო, ეგ წაქეზებაა და არა - გვერდში დადგომა! ყველამ ისე უნდა მიიღოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში ომი და რუსეთი მაშინ შეჩერდება!

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"ძალიან მაგრად დგანან! მე ბევრად უფრო კარგ რამეს გეტყვით..."

"ამ დანაშაულს მიხეილ სააკაშვილს სულ ვახსენებდი, თუ საჭიროა პირშიც ვეტყვი!"