"მაინც მქონდა იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა...დასუსტებული რუსეთი ჩინეთისთვის ყველაზე კარგი ლუკმაა" - კვირის პალიტრა

"მაინც მქონდა იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა...დასუსტებული რუსეთი ჩინეთისთვის ყველაზე კარგი ლუკმაა"

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინისკენ არის მიმართული, სადაც საომარი მოქმედებები რუსეთმა დაიწყო და შეშფოთებულია ყველა. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა ამ ფაქტს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ ომის მიზანია, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამას „შემდეგ უბრძოლველად მოჰყვება საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რომ რაც არ უნდა მექნა მე 2008-ში, სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ არაფერი არ შემეტყობინებინა მსოფლიოსთვის, სულ რომ ერთი ტყვია არ გაგვესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის“, - თქვა ექსპრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, თუმცა ამან არ უშველა. როდესაც დათვი მოდის შესაჭმელად, რამდენი ბაბაიაც არ უნდა უძახო, არ შველის“, - თქვა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველო ომს თავიდან ვერ აიცილებდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ მის მძიმე, ნევროლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დათანხმდეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მისი კიევში „სამედიცინო ტრანსფერის“ შესახებ. მანვე პირობა დადო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, იგი მზად არის, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების ფარგლებში, გამოძახების შემთხვევაში, თბილისში დაბრუნდეს.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ამ პირობას დათანხმდება, იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს საპროტესტო აქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, იგი მზად არის, რომ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერიოს.

ცნობილია, რომ 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ადეკვატური მკურნალობის მოთხოვნით, ხელახალი შიმშილობა დაიწყო. რა შედეგი მოჰყვება მის ამ შიმშილობას და რა მოლოდინები აქვს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ირგვლივ, ამ საკითხზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- ბატონო ვახტანგ, რას იტყვით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე?

- რთული სათქმელია, როგორი გაგრძელება ექნება ამას. სამწუხაროდ, ომი დაიწყო. ყველას სურვილი იყო, ომი არ დაწყებულიყო და როგორმე მშვიდობიანად მომხდარიყო პრობლემის მოგვარება, მაგრამ ბოლო დროს რაც ხდებოდა, იქიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ომი დაიწყებოდა, ძალიან მაღალი იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რა განცხადებაც გააკეთა პუტინმა. მაინც მქონდა იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა. საომარი მოქმედება, მართალია, რუსეთსა და უკრაინას შორის მიდის, მაგრამ ომი რუსეთმა გამოუცხადა დასავლეთს, მთლიანობაში და - არა მხოლოდ უკრაინას. ისეთი ვითარებაა შექმნილი, დასავლეთს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ეს უკვე საერთაშორისო პრობლემაა.

მძიმე ვითარებაა, 1945 წლის ომის შემდეგ მსოფლიოში ასეთი ვითარება არ ყოფილა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთშიც საკმაოდ მძიმე პროცესები იყო და 10 წელი გრძელდებოდა, როგორც არ უნდა დასრულდეს ახლა უკრაინაში საომარი მოქმედებები, ეს კრიზისი ასე მარტივად ვერ გადაწყდება, ეს გამორიცხულია, სანამ რუსეთის ხელისუფლება ამ პოლიტიკას ახორციელებს, რაც დააანონსა პუტინმა თავის გამოსვლაში. შეიძლება საომარი მოქმედებები უფრო სწრაფად დასრულდეს, მაგრამ კრიზისი გაგრძელდება, დასავლეთი უკან ვერ დაიხევს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორი ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ვფიქრობ, ჩინეთი შეინარჩუნებს გარკვეულწილად ნეიტრალიტეტს. მისთვის მომგებიანია ეს დაპირისპირება. დასუსტებული რუსეთი ჩინეთისთვის ყველაზე კარგი ლუკმაა.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთმა დაკარგა გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ახლა კი, კვლავ მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება სურს. რუსეთისთვის დღეს მნიშვნელოვანია მსოფლიო რუკაზე მისი ადგილი და ცდილობს, დაიბრუნოს ის პოზიცია, რაც უნდოდა საბჭოთა კავშირს და გაუგონარ ნაბიჯებზე გადავიდა. დასავლეთი აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს. არ ჩაერევა საომარ მოქმედებებში, მაგრამ უკრაინას ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური, ასევე - შეიარაღების კუთხით. ამაში დარწმუნებული ვარ.

სანქციები რუსეთის მიმართ, ალბათ, იქნება ეტაპობრივად. დასავლეთი ყოველთვის ამას აკეთებს. ველოდები მკაცრ სანქციებს. უკრაინის არმია საკმაოდ ძლიერია, შეიარაღებას მიიღებს და პუტინი თუ თვლის, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება ყველაფერი, ცდება. რაც უფრო გახანგრძლივდება ომი, მით უფრო მეტი პრობლემა შეექმნება რუსეთს და დასავლეთის საზოგადოების კონსოლიდაცია იქნება რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ავღანეთმა, ფაქტობრივად, გააკოტრა საბჭოთა კავშირი, როგორც ეკონომიკურად, ასევე - პოლიტიკურად. დასავლეთისთვის უნდობლობის დონე რუსეთის მიმართ ნულია. ამიტომ კრიზისი გაგრძელდება აუცილებლად.

- მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა კვლავ დაიწყო, რა შედეგი ექნება ამას?

- მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ისევ აქტიური იყოს. ამ შემთხვევაში, მისი შიმშილობა რა მიზანს ისახავს, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, არაფრის მომტანია. მან იშიმშილა მაშინ, როდესაც ყველაფერი დამშვიდებული და დაწყნარებული იყო, გარე ფაქტორებიც უფრო სხვაგვარად იყო, ასეთი ვითარება უკრაინაშიც არ იყო და დღეს მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია უკრაინაზე. იშიმშილებს თუ არა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საგარეო ინტერესი მისადმი იქნება ნაკლები, თუ ნულის ტოლი არა. ადრე რომ იშიმშილა და საპროტესტო გამოსვლები იყო უშედეგოდ, ახლა რას ელის, არ მესმის. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და რას მიაღწევს ამით, არ მესმის.

- სააკაშვილმა ამ დღეებში ასე მიმართა ხელისუფლებას, - თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად, ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერებიო... რას ფიქრობთ მის ამ განცხადებაზე?

- შეიძლება ასეც ფიქრობდეს და ამის სურვილიც ჰქონდეს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა მისი რეალიზება. არა მგონია, ასეთ ბარიკადებზე სიკვდილი იყოს მისი მიზანი. უფრო პოპულისტური განცხადებაა და ვფიქრობ, იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ამ გზით იქნება რაღაცნაირად მობილიზება მოახდინოს საპროტესტო მუხტის. სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს ამ შიმშილობას, ვერც შედეგს ვხედავ და ვერც აზრს, მგონია, უაზრობაა ახლა შიმშილობა და - უდროოც, პოლიტიკური თვალსაზრისით.

- იყო იმის მოლოდინიც, რომ უკრაინა მოითხოვდა მის ექსტრადირებას.

- უკრაინაში ვინმეს მიშასთვის რომ ცხელა, ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ. უკრაინას მშვიდი პერიოდი ჰქონდა და ხმა არ ამოუღია და ახლა რატომ შეიწუხებს თავს, არ მესმის.

- ხშირად ამბობს იმასაც, რომ პუტინის დავალებით არის ციხეში...

- ანტიპუტინისტური განწყობა დღეს მთელს მსოფლიოში პიკის დონეზეა და ჯობია აქ ჩაეწერო. რაც უფრო მეტს ილაპარაკებ და თუ დაგიჯერებენ რომ მართლა პუტინის ტყვე ხარ, მაშინ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ მყოფმა ადამიანებმა მხარი დაგიჭირონ, მაგრამ პუტინმა დაავალა საქართველოში რომ ჩამოსულიყო? მგონი, არ არის ეს ლოგიკური და, საერთოდ, ვფიქრობ, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მედიაც და ექსპერტებიც ამ თემას. მგონია, დღეს ჩვენ იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, რა გველოდება. ასეთი ამბები ხდება უკრაინაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ის, რას აკეთებს მიშა. რა თქვა ახალი, ისეთი რამ, რომელმაც პოლიტიკური განწყობა, ვითარება შეცვალა? ჯერ ერთი, რას აწამებენ მას, სულ ლაპარაკობს. ნუ იშიმშილებს და ყველაფერი იქნება მშვიდად. მე უფრო მგონია, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ გაუსაძლისია იქ მისი ყოფნა და ავადმყოფი იქნება თუ ნებისმიერი ფორმით, უნდა, რომ თავი დააღწიოს ციხეს.

ეს შთაბეჭდილება უფრო მრჩება, ვიდრე ის, რომ დიდი, გრანდიოზული გეგმების რეალიზებაა მისი მოთხოვნა. მგონია, რომ, ზოგადად, სააკაშვილზე ლაპარაკი არასერიოზულია. არც მის პარტიას უთქვამს რამე, ახალი. რასაც აკეთებდა, აკეთებს იმას. პრიორიტეტი სააკაშვილის გათავისუფლებაა, კი ბატონო, არის პრიორიტეტი უნდა იყოს, ეს იყო გუშინაც და გუშინწინაც, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. უბრალოდ, გადაჯგუფება მოხდა და ახლა ყველა წინასწარ თვლის, რომ ისე ილაპარაკოს, რომ მომავალი არჩევნების დროს სიაში ჩაეწეროს, რამენაირად სიაში მოხვდეს. თავადაც მშვენივრად იციან, რომ პარტიას რეალურად ამაზე მეტის გაკეთების თავი არც მაშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს. არაფერი შეცვლილა, შედეგს რატომ მოიტანს ან მისი შიმშილობა, ან პარტიული განცხადებები, არ ვიცი. ქვეყნის შიგნით რა მხარდაჭერაც ჰქონდა, იმანაც მოიკლო, არ გაზრდილა და რისი იმედი აქვთ, არ ვიცი.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ მოდიოდა, სხვა ვითარებას ელოდებოდა?

- შესაძლოა, თვითონაც ან მისმა გუნდის წევრებმა ცოტათი შეულამაზეს სიტუაცია და უთხრეს მთელი საქართველო ფეხზე დადგებაო. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა და რატომ ჩამოვიდა. რომ დაიჭერდნენ, უნდა სცოდნოდა. სააკაშვილის გამოსვლა ციხიდან ზეწოლით და მანიფესტაციებით ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა ძალაუფლებაზე. ძალიან მარტივი იყო და როდესაც ასეთი მარტივი რამ არის, მიჭირს პროგნოზირება. ცხადი იყო, ასე განვითარდებოდა მოვლენები, ისეთი მძლავრი მუხტი არ იყო, რომ ამ მუხტს შედეგი გამოეღო. ეს თუ ვერ დაინახა, მაშინ ცუდი პოლიტიკოსი ყოფილა. თუ მოატყუეს, მთლად უბედურებაა, რომ გუნდი ვერ აანალიზებს შექმნილ სიტუაციას. ამიტომ, რთული სათქმელია, რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. დღეს გამოსავალი არ აქვს, შეცვლილი ვითარება არ არის მის სასარგებლოდ. მისი გამოსვლები, იგივე სასამართლოზე, არის არაფრის მომტანი და თუ ასე გააგრძელებს სასამართლოში მონოლოგების კითხვას, ის მხარდამჭერებს კი არ შეიძენს, დაკარგავს. არც მაწუხებს მიშას ამბები, გაცილებით მეტად მაწუხებს, რა ხდება უკრაინაში, ვიდრე ის, თუ რა ხდება სააკაშვილის თავს.

(სპეციალურად საიტისთვის)