კიდევაც დაიზრდებიან...
თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ცენტრალურ გზატკეცილზე, ხელმარჯვნივ განთავსებულია მარაბდის ბრძოლის აღსანიშნავი მემორიალი. ამ ვრცელ ველზე, 1625 წლის პირველ ივლისს მოხდა ცნობილი მარაბდის ბრძოლა.
შაჰ-აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ განახლებული არმია გამოგზავნა საქართველოში ქართლ-კახეთის სამეფოს გასანადგურებლად. ყიზილბაშთა რიცხობრივი უპირატესობა, მათი საბრძოლო მზადყოფნა და არახელსაყრელი საომარი მდებარეობა იყო ქართველთა დამარცხების უმთავრესი მიზეზი. ბრძოლის ველზე დაეცა 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში. დაღუპულთა შორის იყვნენ: ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი და შვიდი ჩოლოყაშვილი.
სოფელ მარაბდის ეკლესიის ეზოში განისვენებს ცხრა ძმა ხერხეულიძე.
თბილისი მარნეულის გზატკეცილის ხელმარცხნივ აღმართულია ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის არაჩვეულებრივი ძეგლი "კიდევაც დაიზრდებიან".
ქოლაგირის ციხე
ქოლაგირის ციხე, ანუ დედოფლის ციხესიმაგრე, მდებარეობს ბოლნისის რაიონის სოფელ ქოლაგირში, მდინარე ხრამის მარცხენა სანაპიროზე.
ციხის აგების თარიღად XVIII საუკუნის დასასრულს მიიჩნევენ. 1801 წელს თვით დარეჯან დედოფალი წერდა: "ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“... შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც ეს ციხე აშენდა.
ქოლაგირის ციხე ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი სიმაგრეთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. ციხის დანიშნულება, სამხრეთიდან ქვემო ქართლზე მიმავალი გზისა და საჭირო შემთხვევაში, ახლომახლო სოფლების მოსახლეობის დაცვა იყო. როდესაც მტრებმა ამ ციხესიმაგრის მშენებლობის შესახებ შეიტყვეს, ხელის შეშლა გადაწყვიტეს. ამაზე აგების პროცესში არაერთი თავდასხმის ფაქტი მეტყველებს. ხელშემშლელ გარემოებათა გამო, საჭირო შექმნილა საგანგებო დაცვა, რომელიც მომხდურს შეაკავებდა.
ასეთ რთულ პირობებში აშენდა ქოლაგირის ციხესიმაგრე, მაგრამ მას ქვეყნის დაცვისათვის სამსახური ცოტა ხანს მოუწია. XIX საუკუნის დამდეგს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ქოლაგირის ციხემ, ისევე როგორც სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანმა თავდაცვითმა ნაგებობებმა, თავისი ფუნქცია დაკარგა.
ქოლაგირის ციხე კვადრატულია და 2000 კვმ ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელი. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრში თითო სწორკუთხა კოშკია.
პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთმანეთის მსგავსია. სამი სართული საბრძოლო-საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითი, სადაც განლაგებულია სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა ეკლესიაა. ქოლაგირის ციხეს აქვს ორი შესასვლელი. ამჟამად ორივე ფუნქციონირებს.
მშენებლებს ციხის მორთვაზეც უზრუნიათ. მთავარი შესასვლელის ფასადებზე ლამაზადაა გამოყვანილი მიჯაჭვული ლომების ბარელიეფები.
ამჟამად, ქოლაგირის ციხესიმაგრეში განთავსებულია მოქმედი დედათა მონასტერი.
ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი უძველესი ქართული ტაძარია, იგი მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას.
ტაძრის ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით, იგი აშენებულია 478-493 წლებში და მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ბუნებრივია ასეთი მრავალმხრივი მნიშვნელობის მქონე ტაძრისადმი მეცნიერთა ინტერესი დიდი იქნებოდა. ბოლნისის უძველესი წარწერები პირველად ივანე ჯავახიშვილმა და აკაკი შანიძემ შეისწავლეს. ივანე ჯავახიშვილმა ისტორიული ცნობების შეჯამების შემდეგ დაადგინა ბოლნისის სიონის წარწერების ზუსტი თარიღი - V-VI საუკუნეების მიჯნა.
ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა - მთავარი ყურადღება შიდა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია. ტაძრის ინტერიერი დატვირთულია ცხოველთა და მცენარეთა ორნამენტებით. ფრინველთა და ცხოველთა ერთ ნაწილს ქრისტიანულ რელიგიაში სიმბოლური დატვირთვა ენიჭება. მაგალითად, ფარშავანგი - სულის უკვდავების განსახიერებაა, ირემი - მორწმუნე ადამიანის სიმბოლოა. აგრეთვე ვხვდებით წარმართულ სიმბოლოებსაც - ხარის თავს, რომელიც რქებს შორის ჩასმული ჯვრითაა "გაქრისტიანებული".
ამ პერიოდში იხვეწება ჯვრის სხვადასხვაგვარი გეომეტრიული გამოსახულება. ამის ერთგვარი ნიმუშია ბოლნური ჯვრის სახელით ცნობილი, წრეში ჩასმული, ბოლოებგაფართოებული ჯვარი.
ბოლნისის სიონი სხვა მხრივაც საყურადღებო ძეგლია. აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, ბოლნური ჯვრის გარშემო შესრულებულია რვასტრიქონიანი წარწერა, რომელშიც იხსენიება მშენებლობის მოთავე დავით ეპისკოპოსი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეორე წარწერა (რომელიც ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ინახება), რომლის თავი და ბოლო დაკარგულია, დადგენილია ბოლნისის სიონის ბაზილიკის აგების ზუსტი თარიღი. ეკლესიის შენება დაუწყიათ ირანში პეროზის (459-484 წწ.) მეფობის მეოცე წელს 479 წელს. მშენებლობა გაგრძელებულა 15 წელიწადს. მესამე წარწერაში კი მოთხრობილია ორი უცნობი პიროვნების მიერ კარიბჭის შებმის ამბავი. წარწერები შესრულებულია ასომთავრულით.
ჟამთა სიავემ და მტრის თავდასხმებმა ბოლნისის სიონსაც სერიოზული კვალი დააჩნია. ტაძარი საფუძვლიანადაა რესტავრირებული. XVII საუკუნეში მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით, აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. XVII საუკუნის ბოლო წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძარი კვლავ შეაკეთა, მოხატა და სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლო მიაშენა.
1936-1939 წლებში ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. უძველესი წარწერის პირი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო, ჩადგეს თავის ადგილას და დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები.
X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
წუღრუღაშენი
წუღრუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ღირსშესანიშნავი ძეგლია. ეს გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ბოლნისის რაიონში. ცენტრალური გზატკეცილიდან იგი თითქმის 10 კილომეტრითაა მოშორებული. ტაძარი მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს დგას.
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში უკაცრიელი ყოფილა. ამ დროს ძეგლს მოერღვა სახურავი, გუმბათის კონუსი და ბევრი სხვა დეტალი.
ტაძრის ამგებისა და თარიღის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. მცირე რამ, რაც ტაძრის ისტორიას გვახსენებს, მისი წარწერებია. ძეგლზე სამი ვრცელი წარწერაა.
ჩვენდა სავალალოდ, არც ერთი წარწერა არ მიუთითებს ზუსტი აგების თარიღსა და ამგების ვინაობაზე. თუმცა, მეცნიერთა აზრით, წარწერებში მოხსენიებული "მეფეთა მეფე გიორგი" ლაშა-გიორგია, ე.ი. ძეგლი აშენებულია თამარ მეფის ძის მოღვაწეობის დროს 1212-1222 წლებში.
XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. იგი ამ დროისათვის უკვე გაუქმებული ყოფილა. „პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“.
ეკლესია გარედან გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება - სწორკუთხაა, შიდა სივრცე კი ჯვრული. შიდა სივრცე უფრო მცირეა და გუმბათის ყელიც აზიდული პროპორციებისა აქვს. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით კი მასზე მოკლე.
ეკლესიის სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვის, ხელი რომ შეეტიოს), სადაც ჩადგმულ ქვაზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ხშირად ვხვდებით როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველთა გამოსახულებებს, ამის ნათელი მაგალითია ბოლნისის სიონის რელიეფური გამოსახულებებიც. ვხვდებით ცხვრის, ხარის, ლომისა და ირმის ფიგურებს, მაგრამ ჯერჯერობით არსად შეგვინიშნავს სახედრის გამოსახულება. წუღრუღაშენის ტაძარზე ამ ცხოველის გამოსახულება ტვირთით შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს, რომ სახედრით ზიდავდნენ ტაძრის მოსაპირკეთებელ ქვებს.
წუღრუღაშენის ტაძარი ბოლნისის ეპარქიას ეკუთვნის და მასში მამათა მოქმედი მონასტერია.
ქვეშის ციხე
ქვეშის ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონის, სოფელ ქვეშის მახლობლად, მდინარე მაშავერას მარცხენა სანაპიროზე.
ქვეშის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა და აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. კლდის თხემი მთლიანად შემოზღუდულია გალავნით. ციხის ერთადერთი შესასვლელია კლდეში გაჭრილი გვირაბი. დღეისათვის შემორჩენილია გვიან შუასაუკუნეებში აგებული კედლები. გალავნის საერთო სიგრძეა 220 მეტრი, სიმაღლე მერყეობს 1-დან 8 მეტრამდე.
ქვეში მდებარეობდა სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეტ-ჯავახეთის გზასაყარზე. ციხესიმაგრე აქ წინაფეოდალური ხანიდან უნდა არსებულიყო. ისტორიული სოფელ ქვეშისა და თავად ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი ეკლესიები, სავარაუდოდ, ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. VII საუკუნის "სომხურ გეოგრაფიაში" მოხსენებულია ქვეშაფორი, ე.ი. ქვეშის ხევი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ქვეში უნდა ყოფილიყო. IX საუკუკუნეში, დმანისის ქალაქად მოხსენიების შემდეგ, ქვეშმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. XII საუკუნის ბოლოს ქვეში ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალს, მსახურთუხუცეს ვარდან დადიანს, მაგრამ 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისათვის მას ქვემო ქართლის სხვა ციხეებთან ერთად ქვეშიც ჩამოართვეს.
სამეფო ხელისუფლებამ ქვეში თორელთა ფეოდალურ საგვარეულოს გადასცა. თორელთა ამ შტომ ქვეშელთა სახელი დაიმკვიდრა. მოგვიანებით ქვეშელები უწოდეს თორელთა განაყოფ შტოს - ჯავახიშვილებსაც, რომლებმაც 1468 წელს მეფისგან გამოისყიდეს თავიანთი ძველი სამამულო - ქვეში. 1573 წელს ქვეშში გამაჰმადიანებული დაუდ-ხანის ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ამ პერიოდში იგი საბარათიანოში შედიოდა. XVI-XVIII საუკუნეებში ქვეშის ციხე საორბელიშვილოს მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო. XVIII საუკუნის 40-იან წლებში სარდალმა და მსაჯულთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა ციხე განაახლა.
დმანისი
დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, თბილისიდან სამხრეთ -დასავლეთით, კლდოვან კონცხზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას.
დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, საეპისკოპოსო კათედრალით.
როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება. ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან სელჩუკებმა დაიპყრეს. იგი 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII საუკუნეებში. შემდეგ ბევრჯერ ქცეულა უცხოელთა თავდასხმის საგნად და საბოლოოდ დაცარიელდა XVIII საუკუნეში. ქალაქი ორი ნაწილისგან შედგებოდა: საკუთრივ ქალაქისაგან (კონცხზე), რომელსაც 13 ჰექტარი ეჭირა და გარეუბნისაგან მის სამხრეთით, ფინეზაურის ორივე ნაპირზე. საგანგებოდ იყო გამოყოფილი ციტადელი. გათხრების დროს აღმოჩნდა ქუჩების ტრასა, ბასტიონები, ხელოვნური მიწისქვეშა გასასვლელები, აბანოები, სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. საეკლესიო ნაგებობათაგან მთავარია VI საუკუნის სიონი - სამეკლესიანი ბაზილიკის ერთი უმთავრესი ნიმუშთაგანი. ლაშა-გიორგის დროს, ეკლესიას დასავლეთის მხრიდან მიაშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე. მასზე საინტერესო წარწერებია. ერთ-ერთში მოხსენებულია მეფე ლაშა-გიორგი. ეკლესიის გვერდით სამრეკლო და უფრო გვიანდელი მცირე ეკლესია დგას. XVI საუკუნიდან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიკური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 1983 წელს შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში აღმოჩნდა მარტორქის კბილი, რომელმაც იმავე წელს ნაპოვნ სხვა ნამარხებთან ერთად საშუალება მისცა მეცნიერებს განესაზღვრათ ამ შრეების გეოლოგიური ასაკი. ნათელი გახდა, რომ დმანისში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ ადრეული ადამიანის ცხოვრების ნაშთებია შემონახული. დმანისში აღმოჩენილი დასავლეთ ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთი 1999 წლამდე ქვედა ყბით იყო წარმოდგენილი. იგი Homo erectus-ის ჯგუფს მიაკუთვნეს. ქვედა ყბა გამოირჩევა არქაული და ევოლუირებული ნიშნების იშვიათი შეხამებით. 1999 წელს დმანისში აღმოჩნდა ჰომინიდის 2 თავის ქალა. ადამიანი, რომელიც დმანისში ცხოვრობდა ევრაზიის ერთ-ერთ უძველეს ჰომინიდადაა აღიარებული. მისი ასაკი 1,8 მლნ წლითაა განსაზღვრული.
ამჟამად, დმანისში ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი თავის ქალების რეკონსტრუქციით "შექმნილ" ჰომინიდებს სახელი დამთვალიერებლებმა შეურჩიეს და მათ მზიასა და ზეზვას სახელით ვიცნობთ. "მოსანათლია" ბოლო წლებში რესტავრირებული გოგონას გამოსახულება...
2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ნინო გძელიძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”