ჩერნობილის აფეთქებული ატომური სადგურის ხელში ჩაგდება რაღაში დასჭირდა პუტინს?
ჩერნობილის აფეთქებული ატომური სადგურის ხელში ჩაგდება რაღაში დასჭირდა პუტინს?
უკრაინაზე თავდასხმიდან 15 სთ-ს შემდეგ, რუსეთის არმიის შენაერთებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიპყრეს, რომელსაც არათანაბარ ორთაბრძოლაში რამდენიმე საათი იცავდა უკრაინის ეროვნული გვარდიის დანაყოფი.
ჩერნობილის ზონა არ არის ის სტრატეგიული ობიექტი, რომლის გულისთვისაც თავის შეკვდომა ღირდა, უკრაინას მებრძოლები ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება, მაგრამ გასაკვირი ის გახლავთ, რაში დასჭირდა პუტინს ჩერნობილის სახიფათო ობიექტისთვის ბრძოლა გაემართა.
აშშ-ის დაზვერვის მიერ ერთი თვით ადრე გავრცელებულ ინფორმაციებში, თუ რომელ მიმართულებებს აირჩევდა სავარაუდოდ რუსეთის არმია უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, განსაკუთრებით იყო მითითებული, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან დაძრულ რუსულ საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს სპეციალურად გვერდი უნდა აევლოთ ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისთვის.
მაგრამ, როგროც ხედავთ, პირიქით მოხდა და რუსეთის გენერალიტეტი შეიძლება ამ წუთში სიამაყით უპატაკებს თავის უმაღლეს მთავარსარდალს, რომ ჩერნობილი მათ ხელშია...
ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგური და ქალაქი-მოჩვენება პრიპიატი, მართალია, ბელარუსის სამხრეთ საზღვრიდან ათიოდე კმ-შია და პირდაპირი ხაზით დედაქალაქამდე - კიევამდე მხოლოდ 92 კმ-ია, მაგრამ არსებობს სხვა, შემოვლითი გზები კიევზე იერიშის მისატანად და არა პოტენციურად ძალიან სახიფათო ჩერნობილის ზონაში ბრძოლების გამართვა.
ჩერნობილის ზონა დღეს მართალია ისე აღარაა საშიში რადიოაქტიური გამოსხივებით, როგორც 36 წლის წინ, როდესაც ამ ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა (ოღონდ იქ ბირთვული აფეთქება არ მომხდარა), მაგრამ ძალზე სახიფათოა ავარიაგანცდილ ამ ყოფილ მეოთხე ბლოკზე აღმართული უზარმაზარი სარკოფაგის დაზიანების თვალსაზრისით.
ევროკავშირმა ორ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, რომ ამ დანგრეული ატომური რეაქტორისთვის ახალი, უნიკალური კონსტრუქციის სარკოფაგი გადაეფარებინა... და დღეს მას ვიღაც რუსი ვანია ტანკის ქვემეხიდან ჭურვს ესვრის?
ჩერნობილის სარკოფაგზე სროლისა და მისი სერიოზულად დაზიანების შემთხვევაში „გამოფხიზლდებიან“ დანგრეული რეაქტორისა და შენობის ძირში „მიძინებული“ საშიში რადიონუკლიდები და ისევ ატმოსფეროში „ამოჰყოფენ თავს“, რის შემდეგაც არ დაიწყებენ იმის „გარჩევას“ ვინ ვინ არის - უკრაინის დამცველი, პუტინის აგრესორი, ლუკაშენკოს ყურმოჭრილი მონა თუ გაქსუებული ევროპელი, რომელსაც მხოლოდ „შეშფოთება-აღშფოთება“ თუ ეხერხება სხვის გასაჭირზე...
ჩერნობილის სარკოფაგთან იერიშის მიტანის გამო და იქ ბრძოლების გამართვისთვის წესით „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“-მაგატემ სერიოზულად უნდა დასაჯოს რუსეთი რადიაციული უსაფრთხოების წესების ასეთი უხეში დარღვევისთვის, მაგრამ რა მაგატე, რის მაგატე, ეს მსოფლიო თურმე ჩალით ყოფილა დაფარული და ვისაც ძალა ერჩის, რასაც უნდა იმას აკეთებს, რამდენიც არ უნდა უმტკიცო იმ ბეკეკასავით მგელს - წყალს როგორ აგიმღვრევდი, შენ მდინარის ზემოთ ხარ, მე კი ქვემოთო... საბაბს მაინც გამოგიძებნის.